OK! MEN-ის სტუმარია ქართველი მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული.
„შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიაშენო?
ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არა აქვს…“
ბატონო ბესიკ, როგორ ფიქრობთ, რით აღაფრთოვანებთ მკითხველს?
სიმართლე გითხრათ, ამაზე არასოდეს მიფიქრია. არც მკითხველზე მიფიქრია. პოეზია მუდამ იყო ჩემში, ბავშვობიდან ვწერდი, ლექსის წერის ზნენი აღმომაჩნდა, − ასე ამბობდნენ ჩვენში და ასე გამოვიდა, რომ პოეზია, წერა იქცა ჩემი ცხოვრების მთავარ წესად და ზნედ.
ერთია კიდევ − თუ ადამიანი ნამდვილია, ის აუცილებლად იქნება ნამდვილი პოეტი, ნამდვილი მწერალი, მას აუცილებლად მიიღებს მკითხველი. მეც, ალბათ, ასე დამემართა − არასოდეს ვატყუებ ჩემს მკითხველს.
სათქმელი არ მელევა − ესაა მთავარი.
ლექსის წერის ზნენი რომ არ გქონოდათ, ვინ იქნებოდა ბესიკ ხარანაული?
მე, მაგალითად, არაფერში ვვარგოდი, ვგულისხმობ ყოფით საქმეებს, რომელიც დაკავშირებულია სოფლის ცხოვრებასთან: ხვნა, თესვა, ბარვა… მეტყობოდა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ნიჭი არაფერია იმასთან, რაც ის უკუღმართობა უნდა გქონდეს. მაგალითად, იყვნენ ნიჭიერი პოეტები, ძალიან ნიჭიერებიც იყვნენ, მაგრამ უკუღმართები, ისეთი, როგორიც იყო გალაკტიონი, არავინ იყო. „უკუღმართობაა“ ის სიტყვა, რაც ზუსტად აღწერს გალაკტიონს, მაგრამ თუ მაინც მკითხავ, გალაკტიონი მეტია თუ ნიკოლოზ ბარათაშვილი, მე გეტყვი, რომ ბარათაშვილი. ბარათაშვილი დაუტეველია, შეუცნობელია, ძალიან დიდია…
იყო პოეტი, მწერალი, ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა.
ტრადიციულმა წერამ ისე უნდა დაგღალოს, რომ დაიწყო შენთვის ძებნა, ძიება. წვალებით მიდიხარ ამ გზაზე. არაა მარტივი. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ზუსტად ის იყო, რომ ტრადიციულმა წერამ დამღალა, ძებნა დავიწყე, რთულ გზაზე ვიარე, მაგრამ მივაგენი. ძიების პროცესი დღესაც გრძელდება, მუდამ გრძელდება…
„რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ,
და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო,
ერთ მოწყენაში ორჯერ ვერ შეხვალ,
ვერც სიყვარულში,
და ახალი განსაცდელი უნდა ეძიო“.
თქვენს შემოქმედებაში რა როლი აქვს პრემიებს, ჯილდოებს?
პრემიები სოციალური აღიარებაა. გიხარია ადამიანს ეს აღიარება − შენც ხომ ამ სოციუმის ნაწილი ხარ და მოაქვს აღიარებას გარკვეული ემოცია, სიხარული. არ უნდა დამალო კაცმა ეს სიხარული. გვიჭირს ადამიანებს სიხარულის გამოხატვა, არადა, რა მარტივია − უბრალოდ, არ უნდა დამალო.
მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს არც ერთი პრემია არ მოუციათ ჩემთვის. არცერთი! მე ყოველთვის ვცდებოდი მათ. ასე ამბობდნენ, ეგო კაი კაცია, არაფერს იტყვის, ის შეგვჭამს და იმას მივცეთო. უცნაური მიზეზია, ხომ?.. მაგრამ ხშირად იყო ეს მიზეზი.
ბოლო დროს დავიწყე „ფეისბუქში“ ჩემი ლექსების გამოქვეყნება. ვხედავ, რამდენი ადამიანი მკითხულობს, მკითხველის გემოვნება მართობს, კავშირი არ გაქვს მათთან, მაგრამ რაღაცნაირად, თითქოს მათი სუნთქვაც კი გესმის, მათ გულისცემას გრძნობ.
სხვათა შორის, უმეტესი მათგანი ქალია. მამაკაცები იშვიათად, უმეტესად ქალები არიან მკითხველები. საბოლოოდ კი, პრემიაზე ფიქრი-არ ფიქრი არაა მთავარი. თუ ნიჭიერია კაცი, რაზეც უნდა იმაზე იფიქროს. მთავარია დაწეროს, შექმნას…
„ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი ტკივილებისთვის,
როგორ არ ჰყოფნის დიდ საქმეებს ერთი ცხოვრება,
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი წვრილმანებისთვის“.
როგორ უნდა დააღწიოს თავი ლიტერატორმა გარკვეულ გავლენებს და დარჩეს თავისუფალი, თვითმყოფადი შემოქმედი?
გავლენები აუცილებელია, გავლენების გარეშე ყოფნა ნიშნავს შეფასების გარეშე ცხოვრებას. როდესაც ნიჭიერ ადამიანს წავიკითხავ, იმწუთას მიჩნდება წერის სურვილი. ეტყობა, ამ დროს ჩემი „მე“ ამბობს − მე?.. გავლენაა ეს? თუ გავლენაა, მაშინ მშვენიერი გავლენა ყოფილა. გავლენა რომ არ იყოს, ამდენი ხალხი კი ვერ დაწერდა. მე როცა ახალ ნაწარმოებს ვკითხულობ, მინდა მისგან რაღაც ვისწავლო. ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდამ რაღაცას სწავლობდეს. ამ ასაკშიც კი, თუ რამე ახალს არ ვისწავლი, უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის.
შეიძლება თუ არა ლიტერატურა იყოს ბრძოლის, პროტესტის იარაღი?
მწერალი მუდამ იბრძვის, მუდამ აპროტესტებს − ვსაუბრობ პოეზიაზე. მთელი პოეზია პროტესტია, მთელი შექსპირი პროტესტია, მთელი გალაკტიონი პროტესტია. ადამიანის არსება ხომ თავიდან ბოლომდე პროტესტია. ახლა საზოგადოება ძალიან ინდიფერენტულია, ძალიან აგრესიულია, ერთ ფეხის დაცდენა და ჩაგქოლავენ, ერთი წაბორძიკება და − გადაგივლიან. ადამიანური აგრესია, წესით, კომფორტმა უნდა მოკლას. აგრესია მოქვს პრობლემებს, გაჭირვებას, უიმედობას… კოლექტიური აგრესიაა ყველაზე საშიში, ახლა რასაც ვუყურებ…
გარემო მოქმედებს შემოქმედებაზე. მწერლის შემოქმედება ხშირად პასუხია, გამოძახილია იმ ყოფის, სადაც ის ცხოვრობს. ვერ გაექცევი და ვერ დაემალები ამ ყოფას… ცვლილებებია საჭირო…
„რისთვის უნდა ნეტა ადამიანს ამდენი ტვირთი,
არა სჯობია, ცარიელი თვალებით იაროს,
რომ ყველაფერი, რასაც ნახავს, თავისი იყოს;
ის ხომ არც დამნაშავე დაიბადა და არც მართალი,
მაშ რატომღა ილტვის ორივესკენ?
ყველაფერი იყიდება, ვიყიდები მეც,
მყიდულობ თუ არ მყიდულობ, მოდი, ხმა გამეც…“
როგორ ფიქრობთ, რა მოაქვს ცვლილებებს და თქვენ როგორ ხვდებით მათ?
სამყაროში ყველაფერი იცვლება, ცვლილების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრობდე ადამიანი. სხვათა შორის, ქალებს მოაქვთ ძალიან დიდი ცვლილებები, ყოველთვის ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ყველაფერია ქალში, ეგეთია ქალის ზნენი… ქალებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქართველოსთვის… ყოველთვის ასე იყო და ასეა ახლაც. რთული როლი, ძალიან რთული. ქალი თავისი არსებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე მამაკაცი, ქალი უბრალოდ არ ჩანს ამ თავის დიდ საქმეებში…
ხშირად გამიგონია, როდესაც ამბობენ: „ქალებო, ჩვენ უნდა ვქნათ ყველაფერი იმისთვის, რომ გავუტოლდეთ კაცებს“. კაცებს კი არ უნდა გაუტოლდეთ, უნდა გაასწროთ, ათასჯერ უნდა გაასწროთ! კაცი რა არის, რომ იმას გაუტოლდე? კაცს კი არა, შენს სიმაღლეს უნდა დაეწიო, შენსას უნდა გაასწრო…
ყველაფერი წინ მიდის, იცვლება, საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, საუკეთესო, უნდა დაჯდე და ისწავლო მათგან, მოუსმინო. ღია უნდა იყო ადამიანი ცვლილებებისთვის, ისე ვერ განვითარდები, ვერ გაიზრდები…
თავისუფლება ტვირთია?
მოდი ასე ვთქვათ, ადამიანს უნდა სიმშვიდე − ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. წარმოიდგინე, ზიხარ და უყურებ წინ გარემოს, იქ ათასი რაღაც გეჩხირება თვალებში, ცოდვაში ვარდები, ათას წვრილმანზე ნერვიულობ, ათას რამეზე ფიქრობ, გეგმავ…
სიმშვიდეს თუ მოიპოვებ, თავისუფლებაც ეგ არის. აი, ამ წვრილმანებისგან გათავისუფლებაშია თავისუფლება, მერე კიდე სხვა წვრილმანები შემოგესევიან, ისინიც უნდა მოიშორო და ნელ-ნელა გაივლი ამ გზას და მიხვალ თავისუფლებამდე… უწონადობამდე… თავისუფლება ჩვენს ხელშია, უნდა მოერიო ამ წვრილმანებს და გამოხვიდე მათგან თავისუფალი.
თავისუფლება კარგავს მის ნამდვილ ბუნებას, როდესაც ის ხდება მოწოდებითი, ხელოვნური… კი, თავისუფლებაც და სამშობლოც, ორივე ტვირთია, მძიმე საზიდი ტვირთი.
სამშობლო კაცის ღირსებაა. თავისუფლება გზა არის ადამიანისკენ.
„მე არა ვცრუობ, ადამიანობას რომ მინდა დავეხსნა,
რომ ტყვედ ავყავარ, აგერ, უკვე ოთხმოცი წელი,
მაგრამ ვინ ვიყო, რომ გამოვალ ამ ტყვეობიდან?
ვინ ვიქნები, ადამიანობას რომ დავეხსნები?
თავისუფალი რომ ვიქნები ოთხმოციათასი წელი?“
სიყვარული?..
სიყვარული არის ცხოვრების მთავარი სიკეთე, სურვილი − აი, ეს არის ზუსტი დახასიათება იმისა, რასაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ.
„ო, რა ცოტა ხარ, შენ, ყველაფერო,
რამაც მე უნდა მომინელო, უნდა გამთელო,
დილავ, დღევ, ღამევ, სიყვარულო, სხვა რა
ვაკეთ რო…
ო, რა ცოტა ხარ, რა ბევრი ხარ, შენ, ყველაფერო!“
საიდან მოდის შთაგონება? სად ივსებით იმისათვის, რომ შემდეგ ფურცელზე დაიცალოთ?
ინსპირაცია და შთაგონება შეიძლება მიიღო ყველაფრისგან, ოღონდ ამ დროს შენ უნდა იყო ცარიელი… მაგალითად, დილით არის საუკეთესო შესაძლებლობა, იყო ცარიელი და მაშინ უკვე რაღაც გაიშრიალებს, რაღაცას დაინახავ, რაღაცას იგრძნობ. არასოდეს იცი, რა იმოქმედებს, არასოდეს არ იცი, რას დაგაწერინებს დილა. ცარიელი როცა ხარ, ავსებ ფურცელს… მუდამ იმას ვცდილობ, დილით ძალიან ფრთხილად გავიარო ეს გზა, რათა არაფერმა დაარღვიოს ჩემი სიცარიელე… თორემ მერე უკვე ვეღარ აუდიხარ. მერე უკვე, როცა გავა რამდენიმე საათი და წერას ასრულებ, გრძნობ, რომ ცარიელი იყავი და ადგილი გქონდა…
როგორ ფიქრობთ, რა ასწავლეთ თქვენს შვილებს ყველაზე მთავარი და რას ეტყოდით მომავალ თაობას?
მე ყოველთვის, მთელი ცხოვრება ვცდილობდი, შვილებთან ტოლ ენაზე მესაუბრა, მათთვის თანასწორ და გასაგებ ენაზე, თანასწორად მოვქცეოდი. არასოდეს მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია შვილი ჩემს მოვალედ. შეცდომაა ეს, როცა ასე მიაჩნიათ მშობლებს, დიდი შეცდომა. როგორც პიროვნებას, ინდივიდს, ისე უნდა სცე შვილს პატივი. შვილისთვის კიდევ მე მიმაჩნია, რომ ღმერთის მერე მამაა. ძალიან დიდი როლი აქვს მამას შვილის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი როლი.
მე მიყვარს ახალგაზრდები. პირიქით, ჩვენს თავებს ვეტყოდი, რომ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს და ვისწავლოთ მათგან. ახალგაზრდებო, არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვას. უნდა გაბედოთ. გაბედეთ და ყველგან წახვალთ!..
„სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ბარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან“.
როდესაც უკან იყურებით, ამ გადმოსახედიდან როგორ აფასებთ თქვენს განვლილ ცხოვრებას?
მე უფრო ლმობიერი ვარ საკუთარი ცხოვრების მიმართ, ვიდრე ცხოვრება იყო ჩემ მიმართ. მე უფრო პატივს ვცემ მას, ვიდრე ის მე.
არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი, რომელიც მარტივი საცხოვრებელი იქნებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი კაცი ვარ, და ბედნიერი ვიქნები, ვიდრე სათქმელი არ დამელევა…
„შენ უკვე ისეთ ზღურბლზე გადახვედი
და უკვე ისეთ დროში შეაბიჯე,
როცა გიჩნდება ახალი ხიფათი:
ყოველი შენი სიტყვა − ანდერძს არ ემსგავსოს“.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი