მწერალთა სახლის კედლები უამრავი ადამიანის ისტორიას ინახავს… საოცარი ინტერიერი და ულამაზესი ეზო, რეზიდენცია და სამუზეუმო სივრცეები ერთნაირად ხიბლავს მის სტუმრებს. იყო რთული დღეები, დაპირისპირება, თვითმკვლელობა… ბევრი ღალატიც ახსოვს ამ კედლებს, მაგრამ ვფიქრობ, რამაც გადაარჩინა მწერალთა სახლი, ეს ქართული ლიტერატურისა და კულტურის უკვდავებაა. ამ ყველაფერზე კი, ვრცლად ვსაუბრობთ მწერალთა სახლის დირექტორთან, ნატაშა ლომოურთან.
მახსოვს, ბოლო ინტერვიუ 2019-ში ჩავწერეთ. მოდი, თავიდან არ დავიწყოთ და მოგვიყევით, რა გაკეთდა ბოლო წლებში მწერალთა სახლში?
ჩვენი ინტერვიუს შემდეგ, მალევე დაიწყო ჩვენთან დიდი არეულობა: გააუქმეს მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი. მახსოვს, საზოგადოების მხრიდან დიდი სოლიდარობა იყო − გამომცემლები, მწერლები და უბრალოდ, ჩვენი გულშემატკივრები, ყველანი გაერთიანდნენ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ გავიტანეთ ის, რაც გვინდოდა და ამ ამბებს წიგნის ცენტრი შეეწირა. დღეს, წიგნის ცენტრის ამ ფუნქციასაც მწერალთა სახლი ითავსებს. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე − ქართული ლიტერატურის წარმოჩენა საზღვარგარეთ, ქართული მწერლობის თარგმნა. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ხელშეწყობას და ჩართულობას. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს უაღრესად წარმატებული მონაწილეობა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ევროინტეგრაცია იყო. კულტურამ გაუსწრო პოლიტიკურ პროცესებს, სწორედ ამიტომ ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება გაგრძელება.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს დღეს ლიტერატურის სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული?
დღეს, ძალიან დიდი აქცენტი უნდა იყოს გამახვილებული ქართული ლიტერატურის თარგმნაზე. მჯერა, რომ ჩვენი მწერლობა საქართველოს სავიზიტო ბარათია. უმბერტო ეკოს სიტყვებია: „ევროპის ენა არის თარგმანი“, და ეს მართლაც ასეა. თარგმანზე გადის ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის კულტურული გზა, და არამხოლოდ ევროპული. ეს გაძლევს საშუალებას მსოფლიოს გააცნო საქართველო ყველაზე დადებითი კუთხით. შარშან, ნოემბერში პირველად ვიყავით მექსიკაში, გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველოს ეროვნული სტენდით წარვდექით და ამხელა კულტურის, ლიტერატურის, ესპანური ენის მფლობელ ქვეყანაში, ისეთი ინტერესი გამოიწვია ამ პატარა საქართველომ, სიმართლე გითხრათ თვითონ რომ არ ვყოფილიყავი, შესაძლოა არც დამეჯერებინა. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი მწერლის წაყვანა მოვახერხეთ და მათთან ყველა შეხვედრის დროს დარბაზები გადავსებული იყო. ეს ნიშნავს, რომ ინტერესი ქართული ლიტერატურის, კულტურის მიმართ ძალიან დიდია, მაგრამ ამას სჭირდება ხელშეწყობა. ის, რომ ესპანურ ენაზე მხოლოდ ერთი წიგნი გვაქვს გადათარგმნილი, ძალიან დასანანია.
მსოფლიოს დიდი ინტერესი აქვს ქართული ლიტერატურის მიმართო, აღნიშნეთ. წიგნის ბაზრობები არის ერთ-ერთი გზა, რათა ეს ინტერესი გამოვლინდეს, თარგმანები უკვე შემდეგი ეტაპია. როგორია თქვენი მუშაობის სტილი ამ მიმართულებით?
წლიდან წლამდე ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხით. ვხვდებით სხვადასხვა გამომცემელს, ვამზადებთ საცდელ თარგმანებს, ვატარებთ მთარგმნელთა გადამზადების ვორქშოპებს, ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე და ფესტივალებზე. შემდეგ უკვე იწყება უცხოელი აგენტებისა და გამომცემლების დარწმუნება, რომ თარგმნონ ქართველი ავტორები. მწერალთა სახლში გვაქვს საგრანტო პროგრამა უცხოელი გამომცემლების დასაფინანსებლად, მაგრამ დღეს, ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით განაცხადების ნახევარსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. თავიდან ჩვენი გამოწვევა იყო გამომცემლების დაინტერესება, მაგრამ ახლა, როცა ინტერესი დიდია, ერთიმეორეზე საუკეთესო პროექტები გვრჩება დაფინანსების მიღმა.
უცხოელი გამომცემლების მოზიდვის დიდი რესურსი გვაქვს, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი კონტაქტები ამის საშუალებას იძლევა. ამ სფეროში ინვესტიციიდან მიღებული შედეგი არის ძალიან თვალნათელი და ხელშესახები. ჩვენ ყველას გვახსოვს, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, როგორ ჩამოდიოდნენ საქართველოში ტურისტები ნინო ხარატიშვილის „ბრილკას“ კვალდაკვალ…
მუზეუმების კუთხით რა ხდება მწერალთა სახლში?
გავხსენით დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი და თითქმის მზად არის რეპრესირებული მწერლების მუზეუმიც. ეს ბოლო ორ წელიწადში, პანდემიის პირობებში მოხდა.
სარაჯიშვილის მუზეუმის მნიშვნელობაზე თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, ვინ გახლდათ დავით სარაჯიშვილი და რა იყო ამ ადამიანის როლი საქართველოს ისტორიაში. რომ არა დავით სარაჯიშვილი, დღეს ჩვენ სულ სხვანაირი საქართველო გვექნებოდა (ბევრად უარესი). ამ მუზეუმით ჩვენ, ერთი მხრივ, პატივი მივაგეთ მის მემკვიდრეობას და ამავდროულად მივეცით მას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქციაც, რადგან საკუთარი ისტორიისა და ტრადიციის არცოდნის გარეშე, ყველაფერი ფუყეა და ზემოდან ვერაფერს დააშენებ. ახლა უკვე არსებობს მყარი საფუძველი და თამამად შეგვიძლია ვაკეთოთ თანამედროვე პროექტებიც. ყველანაირად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ სახელოვნებო სფეროში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო მასშტაბით. ამ ისტორიული მემკვიდრეობის და თანამედროვეობის შერწყმა არის ისიც, რაც განსაკუთრებით იზიდავს იმ უცხოელ მწერლებს, რომლებიც ჩვენ გვსტუმრობენ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა თუ სარეზიდენციო პროგრამების დროს.
1918 წელს სარაჯიშვილის სახლი იყიდა აკაკი ხოშტარიამ − საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა; 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებისთანავე, ხოშტარია მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და ამით სრულდება ამ სახლის ისტორიის ერთი თავი. ამის შემდეგ იწერება მისი ახალი ისტორია: 1921 წლის 28 თებერვალს, რევკომმა სახლი მწერლებს გადასცა. რატომ მისცეს ბოლშევიკებმა ეს სახლი მწერლებს? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის მცდელობა არის რეპრესირებული მწერლების მუზეუმი.
მწერალთა სახლი დღეს აერთიანებს…
ლიტერატურულ სახლს, სამუზეუმო სივრცეს კვლევითი კომპონენტით, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, ფესტივალებს, გამომცემლების ფორუმებს და მთარგმნელთა ვორქშოპებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და ამიტომაც ხიბლავთ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს ეს ადგილი.
ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშე დღეს დგას მწერალთა სახლი…
ყველაზე მეტად გვაკლია ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჩვენი საერთაშორისო პროექტებისა და მთარგმნელობითი პროგრამების სფეროში. დღეს ცოტა მეგულება სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც ასეთი წარმატებით ხორციელდება კერძო სექტორთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა და ინვესტიციების მოზიდვა; მწერალთა რეზიდენცია და ორი მუზეუმი ამის საუკეთესო მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ორგანიზაცია ვართ, გვაქვს უნიკალური მოწყობა: ისტორია, ტრადიცია, განვითარება, განათლება − ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და მგონია, რომ ამ ბაზაზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბის კეთება შეიძლება, თუმცა აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: ალექსეი სეროვი