„OK! ბათუმის“ სტუმარი მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელია, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველა ახალი გამოწვევა არის გამოცდილება, რაც უნდა მიიღო და მთელი პასუხისმგებლობით შეეცადო აღებული ვალდებულების ღირსეულად შესრულებას. ბათუმში ორი წლის წინ ჩამოვიდა, თუმცა ამბობს, რომ საკმარისად გაიცნო ეს ქალაქი და თამამად შეუძლია თქვას, რომ ის დიდი პოტენციალის მქონე მომავლის ქალაქია, რომელიც წლიდან წლამდე მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის. დიპლომატიაში, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არაერთწლიანი გამოცდილების მაგალითით მიიჩნევს, რომ წარმატების ერთგვარი გასაღები დაუღალავ შრომაშია, გუნდური პრინციპით მუშაობაში, სადაც ყველას ერთნაირად სჯერა გამარჯვების.
ბატონო მამუკა, უფრო კონკრეტულად მოგვიყევით მულტიმოდალური ტერმინალის საქმიანობაზე…
მულტიმოდალური ტერმინალი მინერალური სასუქების გადაზიდვით არის დაკავებული, რომელიც ცენტრალური აზიიდან მოდის, ჩვენი ტერმინალის გავლით კი სხვადასხვა მიმართულებით მიემგზავრება. ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, ასევე ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. რამდენიმე გემი ინდოეთის მიმართულებითაც გავიდა.. ძალიან გვახარებს ის, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავით საქართველოში, ვინც ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი ნულიდან შექმნა.
მართალია, ჯერ ორი წელია გასული, რაც აღნიშნული ტერმინალი არსებობს ბათუმში, თუმცა საინტერესოა, განვითარების რა ეტაპები გაიარეთ…
ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი მსოფლიოში გიგანტი, ლიდერი ამერიკული კომპანია „ტრამმოა“, რომელიც დაკავებულია სასუქების შესყიდვითა და რეალიზაციით. თავიდანვე, როცა მწარმოებლებმა ცენტრალურ აზიაში გაიგეს, რომ ასეთი მსხვილი კომპანია იყო დამფუძნებელი, ასევე, ჩვენი კორიდორი იყო საკმაოდ მიმზიდველი, ხელსაყრელი და უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ყველაფერი საინტერესოდ განვითარდა, მივიღეთ დიდი მხარდაჭერა და დღემდე სულ წინ და წინ მივიწევთ. მულტიმოდალური ტერმინალი, როგორც მოგახსენეთ, ორი წელია ფუნქციონირებს და აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგი შედეგები აქვს ტვირთის მომსახურების მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინალში დასაქმებული ადამიანების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი კადრია, რაც თავიდანვე დამფუძნებლების მთავარი მოთხოვნა იყო. მიხარია, რომ ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აღნიშნული მიმართულებით დასაქმებაშიც გამოიყენებენ.
როგორია ორგანიზაციის სამომავლო გეგმები…
გეგმები ბევრი გვაქვს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კომპანიას, ჩვენი მიზანიც ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. გვსურს მომავალში უფრო მეტ ტვირთს მოვემსახუროთ. ჩვენი ქვეყანა მართლაც ძალიან მიმზიდველია იმისთვის, რომ უფრო მეტი ტვირთი შემოვიდეს, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას გამოიწვევს.
რას მოაქვს წარმატება?
პირველ რიგში, ბევრ შრომას, რაზეც, ჩემი აზრით, რეალურად არის დამოკიდებული ადამიანის წარმატება. ასევე, გუნდური მუშაობის პრინციპს. მოხარული ვარ, რომ გუნდი, რომელთანაც ახლა ვმუშაობ, გაერთიანებულია ერთი პრინციპით, – მთელი ძალისხმევა ჩადოს იმაში, რომ მომავალში ტერმინალი უფრო და უფრო განვითარდეს. ერთი ადამიანი არ ქმნის პროდუქტს, პროდუქტს ქმნის მთელი გუნდი და მათი ერთობლივი მუშაობა. მნიშვნელოვანია, აქ დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი მიიჩნევდეს, რომ კომპანიის წარმატება ასოცირდება მის პირად წარმატებასთან. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციებს და ვიაროთ მხოლოდ წინ.
როგორ აფასებთ ბათუმის პოტენციალს?
მიმაჩნია, რომ ბათუმს ყველა მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. დავიწყებ იმით, რომ ძალიან შემიყვარდა ეს უნიკალური და საერთაშორისო ქალაქი, რომელშიც ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. ხაზგასასმელია, რომ ბათუმი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მზარდი ქალაქია. თვალსაჩინოა, თუ როგორ მოიმატა ბოლო წლებში სხვადასხვა ბიზნესაქტივობამ. ბევრმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა. მიმაჩნია, რომ ბათუმს აქვს დიდი შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრი, სადაც მოხდება უფრო მეტი წარმოების განვითარება. ვფიქრობ, ბათუმი 5 წელიწადში ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არამარტო ტურისტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც თავისი ფულის სარფიანად დაბანდება სურს.
თქვენთვის საყვარელი ქუჩა და ადგილი ბათუმში.
ძალიან მიყვარს ძველ ბათუმში ფეხით სიარული, სადაც უამრავ საინტერესო შენობას აღმოაჩენ. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქუჩაა მემედ აბაშიძის ქუჩა, სადაც ხშირად ვსეირნობ და ვგრძნობ ბათუმის სულს, ხასიათსა და ემოციას. ასევე, ვფიქრობ, ყველას მოსწონს და მათ შორის მეც, ბათუმის ბულვარში სეირნობა. ამ ქალაქში მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც შეიძლება ჩამოჯდე, ყავა დალიო მეგობრებთან ერთად და დადებითი ენერგიები მიიღო.
აჭარული კერძებიდან რომელს გამოარჩევდით?
საქართველო იმითაც არის მდიდარი, რომ ყველა კუთხეს თავისი ხასიათის, ადამიანების, წეს-ჩვეულებების გარდა, კულინარიაც გამოარჩევს. რა თქმა უნდა, აჭარულ ხაჭაპურს გამოვარჩევ, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ასევე, ჩემთვის აღმოჩენა იყო სინორი, რომელიც ადრე არ მქონდა გასინჯული და ძალიან მომეწონა.
რამდენად იცნობთ მაღალმთიან აჭარას?
ვერ ვიტყვი, რომ კარგად, თუმცა კურორტ გოდერძიზე ვიყავი ახალ წელს ოჯახთან ერთად და მოვიხიბლე იქაური ბუნებით. ასევე ნამყოფი ვარ ქედისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში. მართლაც საოცარი ბუნებაა მაღალმთიან აჭარაში, სადაც ძალიან ალალი და მშრომელი ხალხი ცხოვრობს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აჭარა ტურისტული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო კუთხეა, ამიტომაცაა, რომ მას წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
დიდ დროს დავუთმობდი…
მოგზაურობას ოჯახის წევრებთან ერთად. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობასთან ერთად, უფრო მეტს ვიმოგზაურებდი საკუთარ ქვეყანაშიც, რათა უფრო მეტი ადგილი მენახა და შემესწავლა. ასევე, ძალიან მიყვარს ნარდის თამაში, რომელსაც სიამოვნებით დავუთმობდი მეტ დროს, რომ მქონდეს ამის საშუალება.
ბოლოს რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება.
ზოგადად, თითქმის ყველა ქვეყანა თავისებურ შთაბეჭდილებას გიტოვებს, თუმცა ბოლოს რაც მომეწონა და აღფრთოვანებული დავრჩი, იყო ინდონეზიაში – ბალი, სადაც ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი. სილამაზით, ბუნებით, ადამიანებით, კულტურით, კულინარიით, ყველაფრით მოვიხიბლეთ და დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით საქართველოში. ასევე ძალიან მოგვეწონა საბერძნეთის არაჩვეულებრივი კუნძულები.
საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?
ალბათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი როგორც დიპლომატი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცხოვრებაში…
ოჯახის შექმნა…
გაგვაცანით ოჯახის წევრები…
მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი შვილები ამერიკაში ცხოვრობენ, ჩემი მეუღლე კი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში, ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. იმის გამო, რომ ოჯახის ყველა წევრი სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებით, შეკრებას წელიწადში მხოლოდ რამდენიმეჯერ ვახერხებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ის პერიოდი იყოს საინტერესო და დასამახსოვრებელი.
რომელი ჟანრის მუსიკას უსმენთ…
გააჩნია რა ხასიათზე ვარ. მუსიკას ვუსმენ ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მელომანი ვარ.
ნივთი, რომელსაც სულ ატარებთ…
საქორწინო ბეჭედი და საათი.
რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების ფორმულად?
ჩემი წარმატების ერთ-ერთი ფორმულა ისევ და ისევ ჩემი ოჯახია, ჩემი მეუღლისა და შვილების მხარდაჭერა. ჩვენ ერთმანეთს ძალასა და ენერგიას ვაძლევთ იმისთვის, რომ წარმატებულები ვიყოთ, ვიბრძოლოთ უფრო მეტი წინსვლისა და განვითარებისთვის. მადლობელი ვარ მშობლების, რომლებმაც თავის დროზე ხელი შემიწყვეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავსულიყავი და მესწავლა, რაღაც პერიოდი მეცხოვრა და მემუშავა იქ. რამაც საბოლოო ჯამში მომცა საშუალება, სხვანაირად გადამეფასებინა ბევრი რამ და მიმეღო დადებითი შედეგი, ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ.
სულიერი სიმშვიდე მოაქვს…
სულიერად მშვიდად ვარ, როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან ჯანმრთელად, თავს კარგად გრძნობენ. ეს ყველაფერი ავტომატურად აისახება ჩემს ემოციებსა და განწყობებზე.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე