პოეზიაა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვან ფერებს სძენს მის ცხოვრებას, ლექსის კითხვის პროცესს რაღაც უცხო და ემოციებით აღსავსე სამყაროში მოგზაურობას ადარებს, სადაც ყოველი ბგერა, ფრაზა, თავბრუდამხვევად საინტერესოა. მის მიერ წაკითხულ თითოეულ ლექსს გულისყურით უსმენენ, ლექსთან გულწრფელმა დამოკიდებულებამ მოუტანა ადამიანების სიყვარული, რომელიც აძლევს ძალას და სტიმულს ახლის ძიებისას. ბავშვობიდან განსხვავებული ენერგეტიკის გოგოს, ურჩიეს სამსახიობოზე ჩაებარებინა, ასეც მოიქცა და მიაჩნია, რომ არის იქ, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ბედნიერია, როცა ცნობენ და სითბოს ჩუქნიან, თვლის, რომ თითოეული ადამიანის მისიაა იცხოვროს ისე, რომ შეძლოს დაიმსახუროს ირგვლივ მყოფთა ნდობა და სიყვარული. OK! ბათუმის სტუმარი ყველასთვის საყვარელი მსახიობი მაკა შალიკაშვილია, რომლის ცხოვრებაშიც დიდი ადგილი უჭირავს ბათუმს, ამიტომაც განსაკუთრებით ეფერება მას.
ბავშვობისდროინდელი კადრები, რომლებიც ყველაზე ხშირად გახსენდებათ… ბებიასთან და პაპასთან ვიზრდებოდი, მათ ოთახში მეძინა სულ. მახსოვს კადრი, ჩემთვის ამ ორ უძვირფასეს ადამიანს როგორ ვყავდი მაგიდაზე შემოსკუპებული, როგორ მირჩევდნენ მზესუმზირას, პატარა თეფშზე მიწყობდნენ და როგორი სიამოვნებით შევექცეოდი. მახსოვს, ნახშირის ფეჩი და პაპაჩემის მოყოლილი ისტორიები, ბავშვობაზე და დიდობაში გადახდენილ ამბებზე, ომში წასვლაზე და ბრძოლებზე. ისეთი ემოციით ყვებოდა, დღემდე მგონია, რომ ეს ყველაფერი ნანახი მაქვს. პაპაჩემი ასევე ბევრს მიყვებოდა მამაჩემისა და დედაჩემის ქორწილზე, ასე მეგონა, რომ მათ ქორწილშიც ნამყოფი ვიყავი. მთელი ბავშვობა ბებიაჩემის საწოლში ვიწექი, დღემდე მახსოვს ბებოს და იმ საწოლის სუნი, რომელიც ხშირად მახსენებს თავს, მენატრება და ფიქრებით მაბრუნებს უკან, ტკბილ ბავშვობაში, სადაც ძვირფასი ადამიანები ცოცხლები მყავდნენ.
განსაკუთრებული ინტერესი…
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში არა ერთ თამაშს ვთამაშობდით, ჩემი თავი მაინც ლექსების კითხვისას მახსოვს. ჩემი მთავარი ინტერესი თავიდანვე პოეზია იყო. მახსოვს, ჩვენს ეზოში, რომელიც ქუჩაზე გადიოდა, როგორ ვკითხულობდი ხმამაღლა ლექსებს და მეზობლები ჩუმად გაივლიდნენ ხოლმე, რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალათ. პროფესიული არჩევანი… ოჯახში მსახიობი არ გვყოლია… მამაჩემი მატყობდა, რომ ჩემი ქცევებით, მოთხოვნილებებით, ინტერესებით, ჩაცმულობის სტილით, გამუდმებით ლექსების კითხვით, აბსოლუტურად ამოვარდნილი ვიყავი იმ სურათიდან, რაც ჩვენს სოფელში ხდებოდა და განვსხვავდებოდი ირგვლივ მყოფი ბავშვებისგან. მამამ, რომელიც ბატონი გივი ბერიკაშვილის მეგობარი იყო, შესჩივლა, რა ვუშველო, რა პროფესია შევურჩიოო. გივი ძიამ შესთავაზა, რომ მის მეუღლესთან, ქალბატონ ლეილა კაპანაძესთან მივეყვანე, რომელიც მეტყველების პედაგოგი იყო. მართლაც, მიმიყვანეს ქალბატონ ლეილასთან, სადაც ჩემი ბედი გადაწყდა – ჩავაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში. ოღონდ, ერთი წელი მოვემზადებოდი, რადგან აუცილებელი იყო დახვეწა. მუდმივად ვცდილობ განვითარებას.
ბედნიერი ადამიანი ხართ, ბუმბერაზი მსახიობების გვერდით მოგიწიათ დგომა, სცენაზე, კინოში…
ეს ნამდვილად, უმნიშვნელოვანესი პერიოდი და მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. იყო დრო, როცა მათთან გატარებული თითოეული წუთით თავს ვიწონებდი, მეტრაბახებოდა, რომ მათთან ერთად ვიდექი გადასაღებ მოედანზე და არამარტო. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი უდიდეს პასუხისმგებლობად იქცა. ახალგაზრდებს, რომლებმაც იციან ვისთან ერთადაც ვიდექი, მინდა იგივე ემოცია ჰქონდეთ ჩემ გვერდით დგომისას. ახლა, ამ გადმოსახედიდან, უფრო მეტად ვგრძნობ რამხელა ბედნიერებაა, რომ ეს ეპიზოდები არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ უფლის.
თუ გახსენდებათ პროფესიული საუკეთესო რჩევა, რაც ოდესმე მიგიღიათ უფროსი კოლეგებისგან…
შეიძლება ასე კონკრეტულად არ მახსოვდეს, მაგრამ რჩევა იყო, რასაც მე ყოველდღიურად ვხედავდი. მაგალითი იყო ჩემთვის ის, თუ როგორ ექცეოდნენ ერთმანეთს, როგორ იქცეოდნენ ეს უდიდესი მსახიობები გადასაღებ მოედანზე, როგორ დამოკიდებულებაში იყვნენ გადამღებ ჯგუფთან, ოპერატორებთან, ასისტენტებთან, გრიმიორებთან, როგორ იქცეოდნენ რეჟისორთან. როგორ ექცეოდნენ უზენაესს, საკუთარ პროფესიას. მე თვალნათლივ ვხედავდი ამ ადამიანების პროფესიონალიზმს, რაც კონკრეტულ რჩევაზე მეტი იყო ჩემთვის. თუ გაქვს საღი გონება და სწორი აზროვნება, აღნიშნული მაგალითებით ბევრ რამეს ისწავლი, თუ არა და, დარჩები იმად, რაც იყავი.
იყო მსახიობი, ნიშნავს…
სცენიდან იქადაგო სიკეთე, სინდისი, ნამუსი, ადამიანებს აჩვენო სწორი გზა… იყო მსახიობი უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის… ვფიქრობ, მსახიობმა ყველა იმ სიტყვაზე უნდა აგო პასუხი, რაზეც სცენიდან საუბრობ. თუ ხარ მსახიობი, შენ უნდა იყო სამაგალითო საზოგადოებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, პროფესიას მთელი არსით შეიგრძნობ და ბოლომდე გააზრებული გაქვს მისი არსი.
საზოგადოება არაერთი როლით გიცნობთ, მაინც, ბოლო პერიოდში თქვენი ერთგვარი დაბრუნება პოეზიით მოხდა…
უკვე აღვნიშნე, რომ ბავშვობიდან მახსოვს ერთ-ერთი კადრი, როგორ ვზივარ ეზოში, მაგიდასთან და ხმამაღლა, მთელი გრძნობით ვკითხულობ ლექსებს. რა თქმა უნდა, ჩემი ლექსებისადმი სიყვარული ყველამ იცის. ჩემს უფროს მეგობართან, ჩემს დედობილთან ლიკა დგებუაძესთან ვიყავი სტუმრად, როცა მას თავისმა მეგობარმა ცისანა ბოცვაძემ დაურეკა და ჰკითხა, ხომ არ იცნობ მსახიობ ქალს, რომელიც მამა ადამ ახალაძის პოეზიის საღამოზე ლექსებს წაიკითხავსო. სხვათა შორის, მამა ადამი ბათუმელია, ბათუმის საპატიო მოქალაქე და ძალიან დიდი ადამიანი. ქალბატონმა ლიკამ, რა თქმა უნდა, ჩემი თავი ურჩია და ასე მოვხვდი მამა ადამ ახალაძესთან. მამაოსთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შემოვიარე, თითქმის ყველა თეატრის სცენაზე დავდგით პერფორმანსი. მამა ადამთან ურთიერთობამ, მისმა დამოკიდებულებამ თითოეული ბგერის, ფრაზის, შინაარსის მიმართ, ლექსის სულ სხვანირად მკითხველად ჩამომაყალიბა, სხვა სიღრმეები მაპოვნინა, დამაფიქრა, განმაცდევინა. თუ არ გაიაზრე თითოეული ბგერა, სიტყვა თუ არ დამუხტე ჭეშმარიტი ემოციით, ისე ახლოს ვერ მივა, ვერ ჩასწვდება და მალამოსავეთ ვერ დაედება ადამიანების გულს.
მაინც, რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია…
გამოსავალს, სიხარულს, სიცოცხლის გაგრძელებას, სიცოცხლის აზრს. ჩემთვის პოეზია ყველაფერია… ცოტა ხნის წინ, უდიდესი ტკივილი განვიცადე, 15 აგვისტოს მამაჩემმა შეწყვიტა სუნთქვა… უკვე ვიცი, რომ წავიკითხავ მამა ადამის ლექსს „ჩემი მამაჩემი“. საოცარი ლექსია, მაგრამ ჯერ ძალიან მტკივა, არ შემიძლია ჩავწერო. ზუსტად ვიცი, როდესაც ლექსს ჩავწერ, ის იქნება ჩემი მკურნალი…
მხოლოდ ერთი ლექსი რომ იყოს…
ვინაც ჰკლავს ბრალი მას, ავაზაკს…
თორემ რა, ბერს მოკლულს, განაძარცვს…
ერს ჯვარცმულს, ტანჯულს, ღვთისა გზასა მდგარს,
ბრალი მას, ბრმა როა და კაცსა ჰკლავს… (მამა ადამ ახალაძე)
ბათუმთან განსაკუთრებული ემოციები გაკავშირებთ…
დღეს რომ აფხაზეთს იხსენებენ და სულ ენატრებათ, ისეთი ლტოლვა და მიუწვდომლობის განცდა მქონდა ბათუმის მიმართ მაშინ, როცა იგოეთში ვცხოვრობდი. მინდა ჩემი ბათუმთან კავშირების შესახებ მოგიყვეთ… ვარ ძალიან პატარა, თეატრალურში ვსწავლობ, პარალელურად ვმოდელობ, ყოველდღე ახალი თავგადასავლის ძიებით გამოცდას ვუწყობ საკუთარ თავს. ამ დროს მოდის ჩემი ახლობელი გოგო, ლიკა ყაზბეგი და მეუბნება, რომ არის ერთი გოგონა, ძალიან ნიჭიერი ბათუმელი დიზაინერი, თაკო მექვაბიძე, რომელიც აკეთებს ჩვენებას და მეკითხება, თუ მიიღებ მონაწილეობასო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ისე გამიხარდა ვერ აღგიწერთ. შევხვდი თაკოს და გავგიჟდი ისე შემიყვარდა ეს გოგო. გავგიჟდი მის საპატარძლო კაბებზე, კუს ტბაზე, მუზაში ჰქონდა ჩვენება, ყველაზე გიჟური, მოკლე საქორწინო კაბა მეცვა. იმ დღის მერე დავმეგობრით და მას შემდეგ, ყოველ წელს, ბათუმში თაკო მექვაბიძესთან ვისვენებდი. ასევე, უკვე მოვყევი ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში და იმაზე, ვინ შემაყვარა და აბსოლუტურად სხვანაირად დამანახა ლექსი, მამა ადამზე, რომელიც ბათუმელია. მერე მოხდა ის, რომ ოჯახი მაქვს ბათუმში. წელს, ძალიან დიდმა პოეტმა, ვახტანგ ღლონტმა მწერალთა კავშირში მომიწყო შემოქმედებითი საღამო, ანუ ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამო გაიმართა ბათუმში, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგს. ასევე, უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ვარ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი. გამოდის, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ამბავი ჩემს ცხოვრებაში ბათუმს და ბათუმელებს უკავშირდება, შესაბამისად, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ქალაქი ჩემთვის.
ინტერესი…
საოცრად მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და სრულიად უცნობ ადამიანებთან საუბარი, მათი პროფილური ისტორიების მოსმენა. დავდივარ და ვაგროვებ ადამიანურ ისტორიებს, ვიდეოებს ვწერ მათთან. ძალიან მიყვარს ეს ხალხი და თქვენი ჟურნალის საშუალებით მოვიკითხავ მათ, ჩემთვის უსაყვარლეს, უბრალო ადამიანებს, მაგრამ ძალიან, ძალიან ბრალიანებს…
მაბედნიერებს…
როცა მცნობენ… ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი, ბედნიერება. ალბათ, ყველა ვყოფილვართ ასე, სახლიდან გამოვსულვარ განცდით, რომ თითქოს არ ვარსებობ, ვარ უვარგისი, არაფრის მაქნისი და უცებ, ვიღაცა მოვა, ფოტოს გადაღება სურს შენთან, მოვა და გაჩუქებს უამრავ სითბოს, სიყვარულს, რასაც წამში მოჰყავხარ ხასიათზე და გიხარია სიცოცხლე.
მინდა აღარ მესმოდეს…
„ამ ქვეყანაში ყველა გაბოროტდა, ყველა გაგიჟდა“, „ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, ცუდ ქვეყანად გადავიქეცით“… მინდა, რომ ყველამ საკუთარ თავში იპოვოს საქართველო, იპოვოს ბოროტი და აღმოფხვრას. სულ ვიღაცა არის დამნაშავე, მე რომ არ ვარ წარმატებული, „აღარ დამთავრდა ირგვლივ ვიღაცა“. მინდა, რომ დამთავრდეს ვიღაცაზე გადაბრალება, ყველამ გაიადამიანუროს საკუთარი თავი, და თუ ყველა ასე მოიქცევა, მაშინ რაღაც გვეშველება, ისე არაფერი.
ტექსტი: ნანა აბულაძე