გვინდა ჟურნალ OK! ბათუმის მკითხველს სამი არაჩვეულებრივი, წარმატებული და ძლიერი ქალბატონი გავაცნოთ. კლინიკა „ლაზერ მედის“ დამფუძნებელი ინგა შველიძე, ამავე კლინიკის წამყვანი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი თამთა შავიძე და ესთეტკოსი ინექციური კოსმეტოლოგიის დარგში, მარიამ შავიძე. დედა და შვილები, რომლებიც წლებია სილამაზისა და ესთეტიკის ინდუსტრიაში თავიანთ ღირსეულ სიტყვას ამბობენ. თითოეულისთვის საამაყო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლოა ნდობა, რომელსაც საზოგადოება უცხადებს. მიაჩნიათ, რომ აღნიშნულის მიზეზი მომსახურების მაღალი ხარისხი და სტანდარტია, ასევე მეგობრული, უშუალო ურთიერთობები, რომელიც კლინიკაში მისულ თითოეულ ადამიანთან აკავშირებთ. OK! ბათუმის ფურცლებიდან, კიდევ უფრო ახლოს გაეცანით თითოეულის საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა თუ ინტერესებს.
ინგა შველიძე „ლაზერ მედის“ დამფუძნებელი
ბედნიერია, რომ შესაძლებლობა აქვს თავი იმ საქმეს მიუძღვნას, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს და რომლის გარეშეც წუთსაც ვერ ძლებს. კიდევ უფრო ბედნიერია, თავის წამოწყებულ საქმეს, რომ მისი შვილები ღირსეულად აგრძელებენ და ენთუზიაზმს არ იშურებენ „ლაზერ მედის“ აქამდე მიღწეული ხარისხის თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწიონ.
როგორ დაიწყო „ლაზერ მედის“ ისტორია და როგორ განვითარდა…
„ლაზერ მედი“, როგორც ესთეტიკის სამედიცინო ცენტრი, 2008 წელს დავაარსეთ. იდეის გაჩენისთანავე მივხვდით, რომ გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ევროპული დონის მომსახურებასა და ხარისხს შესთავაზებდა საქართველოს დასავლეთ რეგიონს. დასავლეთის იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდისთვის იქ არც ერთი ესთეტიკური ცენტრი არ არსებობდა. ვიყავით პირველები, ვინც იმერეთის ბაზაზე საზოგადოებას ესთეტიკური მომსახურების ფართო სპექტრი შევთავაზეთ. რას თვლით „ლაზერ მედის“ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად…
„ლაზერ მედის“ უკან ძალიან დიდი ოჯახი დგას, სწორედ ერთობლივმა ძალამ და მოტივაციამ განაპირობა „ლაზერ მედის“, როგორც ბრენდის, წარმატება. იყო პირველი დასავლეთ საქართველოში რთული მისიაა, თუმცა, მგონია, რომ ამ დავალებას საკმაოდ კარგად გავართვით თავი. 14 წელი ინარჩუნებდე მოთხოვნას ბაზარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ და იმსახურებ მომხმარებლის ნდობას. „ლაზერ მედის“ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ვთვლი ჩვენს კვალიფიციურ და ყურადღებიან პერსონალს, ვინც მრავალი წელია ადამიანების სილამაზისა და ჯანმრთელობის სამსახურში დგას.
რა განცდაა, როცა შვილები პროფესიულად დედის გზას აგრძელებენ და თვითონაც საქმის პროფესიონალები არიან…
როცა მათ ვუყურებ, სიამაყის განცდა მეუფლება. შვილები ჩემი ძალაა. ბედნიერი ვარ, რომ ის რესურსი, რაც მათ განათლებაში ჩავდე, ასმაგად მიბრუნდება უკან. არაფერია იმაზე კარგი და სასიამოვნო, უყურებდე შენი შვილები როგორ ირჩევენ შენს პროფესიას, როგორ ღირსეულად მიყვებიან შენს განვლილ გზას, და კიდევ უფრო მეტად ცდილობენ განვითარდნენ და განავითარონ „ლაზერ მედის“ საქმიანობა. მჯერა ჩემი შვილების შესაძლებლობების, ვიცი, რომ ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ჩვენი კლინიკის წარმატებებისთვის.
როგორია „ლაზერ მედის“ სამომავლო გეგმები, რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლებისთვის?
„ლაზერ მედი“ კვლავ სიახლეებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს. სულ მალე კლინიკის ახალი ფილიალი გაიხსნება თბილისში, რომელსაც, ჩემი უმცროსი ქალიშვილი, მარიამი ჩაუდგება სათავეში. მჯერა, როგორც თამთა, მარიამიც არაჩვეულებრივად გაართმევს ყველაფერს თავს და თბილისის „ლაზერ მედიც“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დანარჩენ რეგიონებში. რა თქმა უნდა, „ლაზერ მედი“, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი და ხარისხიანი სერვისით მოემსახურება მომხმარებელს და ამავდროულად უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ. თამთა შავიძე, „ლაზერ მედის“ წამყვანი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
ბათუმში 5 წლის წინ ჩამოვიდა, თავდაპირველად ღელავდა, არ იცოდა როგორ მიიღებდა ქალაქი, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. ყოველთვის იცოდა, რომ დედის პროფესიას აირჩევდა, რადგან მისთვის დედა დღემდე რჩება ყველაზე ლამაზ, შრომისმოყვარე, მებრძოლ და მისაბაძ ადამიანად. რომელი თვისება უსვამს მის სიძლიერეს ხაზს, რა პროფესიის იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ექიმი და რომელ ცნობილ ვარსკვლავს ისურვებდა „ლაზერ მედის“ სახედ – წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.
იყო ექიმი, გრძნობდე პაციენტების სიყვარულსა და ნდობას, ნიშნავს…
იყო ექიმი, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ თეთრი ხალათი მცმოდა და ექიმი ვყოფილიყავი, ოღონდ რა სპეციალობით, ზუსტად არ მქონდა განსაზღვრული. აღნიშნული მიმართულების არჩევაზე დედამ და ოჯახის ტრადიციამ, ანუ „ლაზერ მედმა“ იქონია გავლენა და ასე აღმოვჩნდი სილამაზისა და ესთეტიკის საოცარ სამყაროში, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ესთეტიკური მედიცინა მაძლევს შესაძლებლობას წვლილი შევიტანო იმაში, რომ ადამიანები უფრო მიმზიდველად, ბედნიერად და თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს. ჩემი და პაციენტების ურთიერთობა მინდა ცალკე აღვნიშნო, ეს არის ნამდვილი ხელოვნება და ენერგიის უშრეტი წყარო ჩემთვის. თითოეული პაციენტი ინდივიდუალურია და შესაბამისი მიდგომა სჭირდება. ყველა მათგანისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ და, რა თქმა უნდა, ვუზიარებ ჩემს გამოცდილებასაც.
თვისება, რომელიც თქვენს სიძლიერეს უსვამს ხაზს… პირველ რიგში, საქმის უკიდეგანო სიყვარული. მუდმივად ვცდილობ განვვითარდე, წინ წავიდე, ინოვაციები შევთავაზო ჩემს პაციენტებს, გავიარო საზღვარგარეთ ტრენინგ-კურსები, და როგორც „ლაზერ მედის“ ერთ-ერთი სლოგანი გვეუბნება, ავუწყო ფეხი დროს. ასევე, ძალიან მიზანსწრაფული ვარ, რაც, სხვათა შორის, 17-18 წლიდანვე განმივითარდა. როცა დედას ვუყურებდი, რამხელა შრომას დებდა „ლაზერ მედში“, დავისახე მიზნად, რომ მეც მებრძოლი ხასიათით შევხვედროდი თითოეულ გამოწვევას, მხარში ამოვდგომოდი ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრდისა და განვითარებისთვის იბრძვის. დავისახე მიზნად, რომ მის მიერ გაკვალულ გზაზე ყოველთვის ღირსეულად ვიარო, და მჯერა, რა სირთულეც არ უნდა შემხვდეს, ყოველთვის მეყოფა ძალა გადავლახო და გავიმარჯვო.
თავგადასავლების მაძიებელი…
ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ყოველ ჯერზე ვცდილობ ახალ-ახალი შეგრძნებებით ავივსო. არ მიყვარს რუტინული მოგზაურობა, მხოლოდ დასასვენებლად რომ მიდიან. ძირითადად, საინტერესო თავგადასავლები მიზიდავს, ადრენალინია ეს ყველაფერი ჩემთვის. მიყვარს სხვადასხვა ისტორიული და საინტერესო ქალაქების, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, იქაური კულტურისა და ადათ-წესების სიღრმისეული გაცნობა. შვეიცარია იყო ქვეყანა, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ალპების ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებებს ვერ აღვწერ, ეს საოცარი შეგრძნება იყო, ჯერარგანცდილი. ძალიან მისტიკურია ჩემთვის შვეიცარია, შეგრძნება მაქვს, რომ ქუჩები ვიღაცამ დაალაგა და წავიდა, ისეთი სიმშვიდეა, თითქოს ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავ, შეგიძლია მოუსმინო.
როგორ ფიქრობთ, რა არის როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული ზრდისთვის აუცილებელი…
მიზანდასახულობა. მიმაჩნია, რასაც დაისახავ მიზნად, სწორხაზოვნად უნდა იარო მისკენ, მებრძოლი უნდა იყო და შრომისმოყვარე. და, რა თქმა უნდა, განათლებაა უპირველესი, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა. თითოეულმა ჩვენგანმა თუ არ ვიზრუნეთ იმ სფეროს განვითარებაზე, რომელშიც ვმოღვაწეობთ, ერთ ადგილზე გავიყინებით. არ უნდა დანებდე არც ერთ გამოწვევას, მოძრაობაშია გზა ხსნისა.
ხუთი წელია რაც ბათუმში „ლაზერ მედს“ ჩაუდექით სათავეში, როგორ მიგიღოთ ბათუმმა…
თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ქალაქის შეცვლა, სრულიად სხვა გარემოში ჩამოსვლა. არ დაგიმალავთ, მქონდა გარკვეული შიში იმისა, როგორ მიმიღებდა ქალაქი, ხალხი, როგორ შევეგუებოდი ამ მნიშვნელოვან სიახლეს. ჩამოვედი თუ არა, თავით გადავეშვი საქმეში და ზუსტად ორ თვეში აღმოვაჩინე, რომ ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ბათუმი არის გული. ძალიან მიყვარს საღამოობით ბულვარში ველოსიპედით სეირნობა. როცა თვალებს ვხუჭავ და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედს მივაქროლებ, სადაც ძალიან ახლოს არის ზღვა და ირგვლივ უამრავი პალმაა, ზუსტად მაშინ ვგრძნობ ბათუმის გულისცემას, სურნელს, და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჩემია. გულისამაჩქარებლად ლამაზია ყოველი მზის ჩასვლა ამ ქალაქში, ყველაზე ლამაზ პეიზაჟს ხატავს ბათუმი ამ დროს.
რომ არ ყოფილიყავით ექიმი…
აუცილებლად მეცმებოდა თეთრი ხალათი, ოღონდ ვიქნებოდი მზარეული. ძალიან მომწონს, ერთ-ერთი ჩემი გატაცება კულინარიაა, სამზარეულოში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ…
მშვიდობა. მინდა რომ ჩვენი შვილები მშვიდ და ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ.
რჩევა ქალბატონებს…
ესთეტიკური მედიცინა ბოლო წლებში ძალიან წინ წავიდა, საბედნიეროდ, როგორც ქართველმა ქალბატონებმა, მამაკაცებმაც დაიწყეს თავის მოვლა. რა თქმა უნდა, ეს დიდ ძალისხმევასთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ადამიანებმა უკვე იციან, რომ სწორად შერჩეული კლინიკა, პროფესიონალი ექიმი და პროცედურა, უდრის მათ მუდამ ფორმაში ყოფნას. ქალებს ვუსურვებ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ თავს, მოუარონ. შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არიან და მაშინ, უფრო მეტი სილაღე და ბედნიერება დაისადგურებს მათში. მინდა, რომ ყველა ქალი საქართველოში ბედნიერი, ლამაზი და რეალიზებული იყოს.
მარიამ შავიძე, „ლაზერ მედის“ ექიმ-ესთეტიკოსი
სულ მალე, თბილისში, „ლაზერ მედის“ ახალ ფილიალს ჩაუდგება სათავეში, მართალია გრძნობს, რომ უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნის, გამოცდილების, რაც აქამდე დააგროვა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და კავკასიის უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდგომ, არაერთ ცნობილ ქართველ თუ უცხოელ პლასტიკურ ქირურგთან და ესთეტიკოსთნ გაიარა პრაქტიკა, აიმაღლა კვალიფიკაცია, რაც უქმნის განცდას, იყოს მყარი და უშიშარი თავის გადაწყვეტილებაში. მართალია მცირე ასაკიდანვე უყურებდა დედას კლინიკაში თუ რა პროცედურებს ატარებდა, თავდაუზოგავად როგორ შრომობდა, თუმცა ამას ფუნდამენტური გავლენის მომხდენად არ თვლის. მხოლოდ საკუთარ თავში სრულად გააზრებისა და დარწმუნების შემდგომ გადაწყვიტა პროფესიულად გაყოლოდა დედისა და დის გზას. რაში პოულობს თავისუფლებას, როგორ მამაკაცს შეუძლია მისი გულის მოგება, და როგორია მისი სამომავლო გეგმები – გაეცანით მარიამ შავიძის ინტერვიუს OK! ბათუმის ფურცლებიდან.
სულ მალე ჩაუდგებით სათავეში „ლაზერ მედის“ ფილიალს, რომელიც თბილისში გაიხსნება…
დღეს დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად. ვიყო ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად იწყებს თავის საქმეს, უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ, ვიაზრებ, რომ არ უნდა დავწიო ის თამასა, რომელიც დედამ და ჩემმა დამ აქამდე შექმნეს. ეს ძალიან რთულია, თუმცა მაიმედებს ის, რომ ბავშვობიდან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით სავსე ვარ. ვთვლი, აუცილებლად მივაღწევ მიზანს.
რატომ უნდა აირჩიონ „ლაზერ მედი“…
პროფესიონალიზმის გარდა, ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია გემოვნება. კარგი ესთეტი ვერ იქნები თუ კარგი გემოვნება არ გაქვს. სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია და თითქოს რაღაც სტანდარტებს მორგებულიც, მაგრამ, თუ ექიმს არ აქვს პროფესიული აღქმა და გემოვნება, უზადო განათლებაც რომ ჰქონდეს, ვერასდროს მიაღწევს მაღალ შედეგს. უნდა განვაცხადო თამამად, რომ ინგაც, თამთაც და მეც ამ მხრივ, ჩვენი მომხმარებლისგან ხშირად ვიმსახურებთ კომპლიმენტებს.
რა არის თავისუფლება თქვენთვის…
რეალურად, თავისუფლება არის ყველაზე შემზღუდველი რამ. მიმაჩნია, რომ საკუთარ თავს ისე უნდა მოექცე, როგორც უფალი მოგექცეოდა და გახდე შენი თავის უფალი. ამ ეტაპზე, რაშიც მე თავისუფლებას ვპოვებ, ეს ცეკვაა, აფხაზეთის სახელმწიფო აკედემიური ანსამბლის მოქმედი მსახიობ-მოცეკვავე ვარ. ცეკვა ქმნის ემოციათა ზღვას და გაძლევს საშუალებას გამოხატო საკუთარი თავი, შენი სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობა. ცეკვა მათავისუფლებს ყოველგვარი უარყოფითისგან და ყოველ ჯერზე, ახალ და უკეთესს ფიქრებს შობს ჩემში. ზოგადად, არ მესმის ადამიანების, ვისაც შეხება არ აქვთ ხელოვნებასთან, ეს წარმოუდგენელია ჩემთვის.
კიდევ უფრო მეტი მოგვიყევით ცეკვაზე და მის ძალაზე…
5 წლიდან არამხოლოდ ვცეკვავდი, ვოკალშიც ვმეცადინეობდი, ფორტეპიანოზე დაკვრასაც ვსწავლობდი და ხატვას ვეუფლებოდი, მრავალმხრივ დატვირთული ვიყავი. თუმცა, წლების მატებასთან ერთად, რაღაცების დათმობა მომიწია, ცეკვა კი გახდა ის, რაც სულ ჩემთან იყო და, ალბათ, სულ იქნება. ცეკვა სულისა და გონების სალბუნი და საკურნებელია, განსაკუთრებით ქართული ცეკვა, მანტრაა ფაქტობრივად, თუ მას ფლობ და ყველა ნერვით განიცდი.
რა არის ის, რაც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანებთ და ლამაზ ემოციებს იწვევს თქვენში?
ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა დაინახოს მცირე ბედნიერებები მის ირგვლივ. ჩემი ოჯახის წევრების დანახვა, მათი ღიმილი და დილის მოკითხვა, ეს უდიდესი სიმშვიდის მომნიჭებელია ჩემთვის. თუ პირად ემოციებზე ვისაუბრებთ, ბედნიერებაა იცნობდე და ფლობდე საკუთარ თავს, იყო სულ თვითგანვითარებაში, ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის არის, სხვა ადამიანებს მიანიჭო ბედნიერება, რაღა თქმა უნდა, უპირობოდ და უანგაროდ.
როგორია შეყვარებული მარიამი… როგორი უნდა იყოს მამაკაცი, ვინც თქვენს გულს მოინადირებს?
პირად ცხოვრებაზე საუბარი საკმაოდ ინტიმური და სესნიტიურიც მგონია, თუმცა რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, არ ვარ ის გოგო, რომელიც სიყვარულისთვის თავს დაკარგავს. ცხადია, რადიკალურად იცვლება მაგ დროს ქალის ბუნება, მაგრამ აზროვების უნარსა და რეალობის აღქმას არასდროს ვკარგავ. ისე, ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი ვარ, ოღონდ სხვა არ უნდა ხედავდეს ამას. თვისება, რომელიც უნდა ჰქონდეს მამაკაცს, გულწრფელობაა, ასევე, ურთიერთპატივისცემა. არამხოლოდ ჩემთან, სხვებთან ურთიერთობაშიც… და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იუმორის გრძნობა.
რამდენიმე წლის შემდეგ…
ზოგადად, მეოცნებე არ ვარ, არც კოშკებს ვაგებ. თუ პრაგმატულად შევხედავ ამ ამბავს, ასეთი დასაწყისი მყარი მომავლის კარგი საწინდარია, ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ მოწინავეთა რიგებშიც უნდა ვიდგე. აქაც, ქვაკუთხედი ისევ დედაჩემია, ალბათ, პირველი მიზანი მისი იმედების გამართლება და სულის შთაბერვაა. სანამ ამ სფეროში ოფიციალურად გადავწყვეტდი შემოსვლას და შევუერთდებოდი „ლაზერ მედის“ გუნდს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, მაგალითად, ჩემი დის მსგავსად, ღია ადამიანი არ ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ისევ პროფესიონალიზმი დამეხმარება პაციენტებთან მეგობრული და საინტერესო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ვისურვებ, ხუთი და ათი წლის შემდეგ „ლაზერ მედი“ არათუ საქართველოში იყოს ცნობილი, კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზეც გავიდეს.
ტექსტი: ნანა აბულაძე