ინტერვიუ ტელეჟურნალისტ და ბლოგერ თამარ გოგელიძესთან
როგორ გავლენას ახდენს კვება ადამიანზე?
უდიდესს, მთავარს! პრაქტიკულად კვება მართავს ხასიათს, აზროვნებას, ნერვულ სისტემას და საერთოდ, კვების მოდელით ბევრ რამეს იგებ ადამიანზე. დააკვირდით, ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენციებზე ან შეხვედრებზე როგორ იქცევიან, როცა იქვე, ახლოს ფურშეტი ელოდებათ. ჭამის სურვილი ყველანაირ ნიღაბს ხსნის ადამიანს და ხშირად სახესაც კი აკარგვინებს.
ადრე ასე არ ვაკვირდებოდი, მაგრამ რაც დიეტა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში წონის სამართავად, უკვე მეც დავიწყე დაკვირვება. სხვების ჭამის შემხედველმა დაახლოებითი მონახაზი შემიძლია გავაკეთო, როგორები არიან, რომელი სოციუმის წარმომადგენლები, სინამდვილეში ვინ არიან და ახლა ვის თამაშობენ.
ეს გამოცდილებითა და დაკვირვებით მოდის. ქართველებს გვაქვს ერთი უცნაურად სალანძღავ-მოსაფერებელი სიტყვა − „კუდიანი“. მისი განმარტება ყველამ იცის. ჰოდა, როცა ვინმეზე რამეს ვამბობ, კუდიანი ხარო, მეუბნებიან. არადა, მე არაფერ შუაში ვარ, თავად ამხელენ საკუთარ თავს. მე კი, უბრალოდ ამას ხან ვუყრუებ, ხან არა. ასე რომ, დიდი დაკვირვებაა საჭირო, როცა გეზს საკვებისკენ აიღებ. თითოეული ქცევა უნდა გააკონტროლო საკუთარი ორგანიზმისთვის, განწყობისთვის და სხვების თვალში იმიჯისთვის. როცა სულერთია რას მიირთმევ და როდის, თუ საკვებს ეპყრობი, თითქოს სულერთია, მგონია, რომ ისიც არ გრჩება ვალში და შესაფერის „ხურდას გიბრუნებს“, მომატებული წონითა და ორგანიზმის სრული ქაოსით. როცა უკვე დაალაგებ და მოაწესრიგებ კვებას, ორგანიზმიც შესაბამისად გემადლიერება და სასურველ მიზანსაც იოლად მიგაღწევინებს.
რა აზრის ხართ მოდურ დიეტებზე? რამდენად რეკომენდებულია მათი დაცვა სასურველი წონის მისაღებად?
პირდაპირ გეტყვით, გრძელი გზაა. მოჩქარეს მოუგვიანდესო, ზუსტად ასეა აქაც. გამოვცადე და მივხვდი. ბევრჯერ მოვსინჯე მოდური დიეტა და ათმაგი დრო, ენერგია, განწყობა და ფული დავხარჯე, რათა ისევ დამემორჩილებინა სხეულის მდგომარეობა.
ამდენი წლის განმავლობაში მივხვდი იმას, რომ ამ საქმეში ყველაფერი ინდივიდუალურია. ნუტრიციოლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება, ისევე, როგორც ზოგადად, მედიცინა. აქ 2×2 ყოველთვის 4 არ არის. მუდამ სხვადასხვაა. სასაცილოა და არც უნდა აკადრო შენს ორგანიზმს, რომ ვიღაცები გახდნენ ან მოიმატეს, და შენზეც ასევე იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ როცა ასე იქცევი, იქ უკვე შენი ყველანაირი დიპლომი, სტატუსები, ოჯახური მდგომარეობები, ძვირფასი გარდერობი, გამორჩეული მანქანა, აგარაკები და სხვა ათასი, საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად მოგონილი „ხრიკი“ ავტომატურად ქრება. აქ უკვე ხდები ერთი ჩვეულებრივი, გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც აყოლილია ვიღაცებს და აღარ იცის, რა ქნას.
ჩემთვის მოდური დიეტები მიუღებელია. მოდური და სოციალურ ქსელებში გაპიარებული ექიმები − მით უმეტეს.
არაფერს ვეძებ „გუგლში“ და შემდეგ იქაურობით „გამდიდრებული“ ცოდნით არ ვქადაგებ. რატომ დავკარგო დრო „გუგლში“ ბოდიალით, სადაც უმეტესად გაუფილტრავი, გადაუმოწმებელი და უნიჭოდ გამოგონილი ინფორმაციაა? ჟურნალისტიკაში ეს სამეული არაფრით არ შეიძლება − ასე მასწავლეს საუკეთესო პედაგოგებმა და გამოცდილებამაც ასე მაჩვენა. ამიტომ, ჩემისთანა ჟურნალისტს ამით თავის მოტყუება არ ეკადრება.
ჰოდა, რატომ დავკარგო დრო, როცა არსებობენ ყოველივე ამის ისეთი სპეციალისტები, რომელთაც ამის ცოდნის გარდა არაფერი ევალებათ და მხოლოდ ამას სწავლობენ. მუდმივად ვითარდებიან და შეუძლიათ ნებისმიერ შეკითხვაზე გამცენ პასუხი. ბედნიერებაა, როცა მიაგნებ ისეთ ექიმს, რომელიც ადამიანურად, არასამედიცინო სიტყვებით გიხსნის და გასწავლის ყველაფერს. მე 45 წლის ვარ. 30 წლამდე საერთოდ არ მქონდა მოთხოვნილება ხორცი მიმერთვა, 30 წლის შემდეგ კი უდიდესი ადგილი დაიკავა ხორცმა და თევზმა. როდესაც რომელიღაც წვეულებაზე მივდივარ, უკვე ვისწავლე რა შემიძლია მივირთვა ისე, რომ შემდეგ თვითგვემა არ დამეწყოს. ამის ცოდნა არის ყველაზე მთავარი. ჭამა ხომ ყოველდღიური პროცესია და თან დღეში 3-4-ჯერ. ამიტომ, აქ უყურადღებობა არ შეიძლება, არც სხვების მიბაძვით ცხოვრება. მოდა არის რაც გიხდება, რაშიც ინარჩუნებ შენს თავს ბუნებრივად. მოდურ დიეტას ჩემთვის დისკომფორტის გარდა არაფერი მოუტანია. ტყუილად დაკარგული დრო და ფინანსებია.
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ დიეტას დავიწყებთ? არის თუ არა საჭირო გარკვეული ანალიზების ჩატარება?
პირველ ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ რისთვის გვჭირდება დიეტა. რომელ ასაკში გვჭირდება დიეტა. ხშირია შემთხვევა, როცა საკუთარი შვილის ასაკის გოგონები ჩემს თანატოლად გამოიყურებიან. ვხუმრობ კიდეც, ახლა თქვენი წონის გამხელას ჩემი ასაკის თქმა სჯობს-მეთქი. სიმსუქნე მთლიანად აყირავებს ადამიანის გარეგნულ და შინაგან მდგომარეობას. განსაკუთრებით დღევანდელ მოზარდ და 25 წლამდე ახალგაზრდებს. მათ ყველაფერი წინ აქვთ და უკვე ბაზა არ გააჩნიათ, რაზეც დააშენებენ მომდევნო წლებს. ჩემს ბავშვობაში ჰაერიც, კვების მოდელიც, სეზონური დასვენებების კულტურა, გაღვიძება-დაძინებისა და ფიზიკური აქტიურობის სხვანაირი წესები იყო.
ახლა სხვა დროა.
დღეს იმდენი რამ უნდა იცოდე შენს ორგანიზმზე, რომ სხვანაირად ჯანმრთელობა წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა კვებითაა ეს ჯანმრთელობა სარეგულირებელი. ამისთვის აუცილებელია ანალიზების ჩაბარება, რადგან ამაზე უტყუარი და საუკეთესო მთხრობელი ჩვენს შიდა ორგანოებს შორის გაჩაღებულ ყოფა-ცხოვრებაზე არ არსებობს.
ისედაც სასურველია 6 თვეში თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარო კვლევა, რათა შემდეგ რამე დაგვიანებული არ იყოს. ამაზე ძვირფასი ხომ ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ამიტომ პერიოდულად გამოკვლევა არ უნდა მოაკლო შენს ორგანიზმს. თურმე კვებით იმდენი რამის მოწესრიგება შეიძლება, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს. ჭამა არის უდიდესი სიამოვნება. ყველაფერს ყოველთვის ვერ შევჭამთ, ამიტომ უნდა ვისწავლოთ გასინჯვა. მეც დაგვიანებით ვისწავლე ეს ჩემი ნუტრიციოლოგის დახმარებით. ასე უკვე ინტერესი ნაკლებია და ტვინს ყველა გემოზე აწვდი ინფორმაციას. შესაბამისად, მცირე გასინჯვებით უფრო მრავალფეროვნად და მსუყედ ნაყრდები. ეს მოდელი მე ძალიან მომწონს.
როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ადამიანმა სპეციალისტის დახმარებით შეადგინოს მისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კვების რაციონი?
რა თქმა უნდა, ესაა ყველაზე მოკლე და სწორი გზა ორგანიზმის მართვის შესასწავლად. უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტმა უნდა გითხრას, მარტო გაუმკლავდება თქვენი ორგანიზმის მოვლას თუ დასჭირდება სხვა სპეციალისტებიც. ნამდვილად ფუფუნებაა, როცა ამ მხრივაც ზუსტი რჩევის მოცემა შეუძლიათ და არ მოგიწევთ კარდაკარ ექიმებთან ჩამოვლა. სჯობს ერთხელ მაინც შეისწავლოთ ძირფესვიანად თქვენი თავი, ამის გადადება ან წაყრუება არ შეიძლება. მით უმეტეს ახლა, როცა ნაირნაირი დაავადებები იჩენს ხოლმე თავს და არც კი ვიცით, საიდან.
საკუთარი თავის დიდი უპატივცემულობაა, როცა სხვისი მოდელის მორგებას აიძულებ. ეს ორგანიზმზე ძალადობაცაა და სტრესიც, რადგან ვერც იღებ სასურველ შედეგს.
მე მირჩევნია ვიცოდე რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ჩემი ანალიზების პასუხებით ზოგი პროდუქტი გავაქრე, ზოგს პირველად გავეცანი, ზოგი თურმე უმად სჯობს და ზოგის მოხარშვა არაფრით არ შეიძლება ჩემთვის. ეს ეხება კლების პერიოდს, თორემ შენარჩუნებისას ან „ხულიგნობისას“ არ მეკრძალება. იმდენი რამ გავიგე დაავადებებთან კავშირში კვებასთან დაკავშირებით, რომ უკვე თავისით ჩამიჯდა ტვინში და როგორც პირის დაბანაა ავტომატურად აუცილებელი ყოველდღიურად, ეს ცოდნაც ავტომატურად მიტივტივდება და საკვები პროდუქტების საყიდელ სიასაც ადვილად ვალაგებ.
არაჯანსაღი დიეტებით გამოწვეულ რა სახის ტრავმებს ვაწყდებით? და საბოლოოდ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი?
ტრავმებზე და დაავადებებზე სჯობს ექიმებმა ისაუბრონ, მე ამაში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით და მეგობრებზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის მიზნის მისაღწევი გზა, პირიქით − ირთულებთ და იგრძელებთ ამ გზას. მაინც მუდამ მშიერი ხართ, მაინც მუდამ ჭამაზე ფიქრობთ, მუდამ რაღაცას იკლებთ და ეს ისეთი სტრესია, ვერც კი ვაცნობიერებთ. სტრესის დროს კლება პრაქტიკულად გამორიცხულია. პანდემიას ყველაფერს ვერ დავაბრალებთ, მანამდეც არ გვაკლდა სტრესი, მაგრამ „კოვიდმა“ ყველაფერი მოშალა. დღემდე გაურკვეველი შედეგები დატოვა ორგანიზმში, რომლის შესწავლას ალბათ წლები დასჭირდება. ცუდ დროში მოვხვდით. ყველაფრის დეფიციტი და კრიზისია: ემოციის, ინტელექტის, ფინანსური, ადამიანური ურთიერთობების და ა.შ. ეს ყველაფერი ზოგს უნელებს, ზოგს უმძაფრებს კვებით კულტურას. ამას ემატება პრეპარატები, რომლებსაც გასახდომად იყენებენ, თავისით, ისე, რომ არც იციან ორგანიზმის მდგომარეობა. შესაბამისად, დაავადებების მრავალფეროვნებაც იზრდება.
დიდად არც სარესტორნო ხელშეწყობა აქვს ამ მხრივ ადამიანს: გრილზე შემწვარი უნდა იყოს, მზარეულის ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე, უმარილოდ და უცხიმოდ. ასევეა მოხარშულის შემთხვევაში. რადგან ეს ნაწილი ჩვენთან დასახვეწია, ისევ კონტეინერის ამარა რჩება ადამიანი და არ უნდა დაიზაროს საკუთარი თავისთვის. ამას მის გარდა ვერავინ გააკეთებს, თანაც სულაც არაა ეს დღეს სირცხვილი ან უხერხული. ასე ნამდვილად ბევრ დაავადებას ასცდებიან და იქნებიან ყოველთვის მოწესრიგებულნი.
რამდენიმე რჩევა და რეკომენდაცია გაგვიზიარეთ ჯანსაღი კვების რაციონის შედგენასთან დაკავშირებით.
რადგან გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელად მომზადებაც და კარგად ჭამაც, ამიტომ ჩემთვის იოლია გადავანაცვლო პროდუქტები და გემოც აქეთ-იქით ჩემს ჭკუაზე ვათამაშო (ახლა ხშირად ისმის შეფებისგან ეს სიტყვა). თუმცა ამისთვის უნდა ვიცოდე რა მივირთვა და მოვამზადო, როგორ სჯობს ორგანიზმისთვის მისაწოდებლად.
ისედაც უამრავი საფიქრალი გვაქვს და ახლა ამაზე რომ კიდევ არ ვიწვალო, საამისოდ წლებია მყავს ადამიანი, რომელიც კულინარიაში უკვე ლამის მეცნიერივითაა, უყვარს საკუთარი პროფესია, არ ითავსებს ახლოს მდგარ სფეროებს და მუდმივად ვითარდება. უკვე ათი წელია რაც ნატა გაგუას პაციენტი ვარ და მას მერე მოვდივართ ასე, კითხვა-პასუხებითა და მეგობრობით. ძალიან ცოტა მყავს მე ასე, მაგალითისთვის მოსაყვანი ექიმი, მაგრამ საბედნიეროდ, კიდევ კარგი, რომ მყვანან. ნატასთვის სულერთი არ არის, რომ მოგცეს დიეტა და შემდეგ რაც გინდა ის გიქნია.
მახსოვს, პირველად რომ ჩავხედე დიეტას, 25 გრ შავ შოკოლადზე პირდაპირ გამოვუცხადე: რას მეუბნებით, აქედანვე იცოდეთ, რომ 100 გრ მინდა-მეთქი. გამომხედა მშვიდად და მისი მოზომილი იუმორით წყნარად მითხრა: კი, ბატონო, 200 გრამიც შეგიძლია, მაგრამ დაკლებით ვერ დაიკლებ და ისე ისიამოვნე, რამდენიც გინდაო.
ამ დამოკიდებულებამ ისე მიშველა, მალევე შეეჩვია ტვინი 25 გრამს და მერე ისიც დავივიწყე. წყალი ჩემს ცხოვრებაში პრაქტიკულად ნატამ შემომატანინა და დალევის წესებიც მასწავლა. ცოდნა უნდა ყველაფერს, თორემ ასე წყლის დალევას რა უნდა? მიჭირდა ჭიქით და აღმოვაჩინე, რომ ბოთლით უფრო ადვილია, ან წვენის მოსაწრუპი მილით. ხილი, რომელსაც საღამოობით მივირთმევდი, თითქოს გემრიელი ვახშმის ნაცვლად და უფრო ვიმატებდი, შუადღისას გადმომიტანა და შედეგმაც არ დააყოვნა. ჩემი შვილი სპორტსმენია და მას ცოტა მოსამატებელი კვება სჭირდება. ისე კარგად აუხსნა რა და როგორ, მე ამაზე წვალება აღარც მიწევს, თავად იცის უკვე ყველაფერი, მე მხოლოდ რასაც მეტყვის იმას ვუმზადებ. დღეს ინდივიდუალური მიდგომა არის ყველაზე მთავარი და გამართლებულიც. ამიტომაა საჭირო ანალიზების პასუხები, რომ კონკრეტული ორგანიზმის არქიტექტურა ზუსტად ააწყოს. გამოვცადე კონვეიერივით ექიმებიც, რომლებმაც მეც, ჩემს შვილსაც და კიდევ რამდენიმეს ერთნაირად ამოგვიბეჭდა და ეს რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინეთ. ასე გახშირდა, სამწუხაროდ. ნუტრიციოლოგია ხელოსნობა არაა, რომ უყურო და ისწავლო, ეს მთელი ხელოვნებაა და მუდამ ცვალებადი. პომიდორი თურმე ახლა ხილად მიიჩნევა… გადავირიე, რანაირად ხდება ასე, მაგრამ ხდება და ეს მე არ მეხება. ჩემი საქმეა, ამის გაგების შემდეგ, საღამოობით პომიდორი ამოვიღო და სადილად გადავაბრძანო. მთავარია ამის მცოდნე და მთქმელი ადამიანი არსებობდეს, მიაგნო და ენდო. შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. უკვე საერთოდ აღარ მიჭირს კვებითი შეზღუდვა, მაგრამ ესეც გამოცდილებიდან მივიღე. დაიმახსოვრეთ: თუ ვერ ვარჯიშობთ, ცურავთ ან ცეკვავთ, მაშინ აუცილებლად უნდა იაროთ ფეხით 45 წუთი მაინც. უამისოდ გაგიძნელდებათ კლება და შემდეგ სურვილიც გაგიქრებათ.
დაანებეთ სხვების რჩევებისა და „გუგლში“ ვარსკვლავების დიეტების ძებნას თავი, პატივისცემით მოექეცით თქვენს სხეულს და სხვის „გამონაცვალ“ დიეტებს ნუ აკადრებთ, როცა თავისუფლად შეიძლება ის მიაწოდოთ, რისი მიღებაც მას სურს. შემოიყვანეთ თქვენს ცხოვრებაში ნუტრიციოლოგი, რათა თქვენ მაგივრად იფიქროს რა გჭირდებათ ჯანმრთელობისა და სასურველი გარეგნობისთვის. თქვენ უბრალოდ გახდით მისი შემსრულებელი და ნახავთ, როგორი ორმხრივი სტიმული ექნება თქვენს ტვინს. ეს იმხელა აზარტია, თან იმდენ ცოდნას იღებ შენ შიგნით დამალულ სამყაროზე, რომ უდიდესი რამაა, რაც კი შეიძლება გაუკეთო საკუთარ თავს საშვილიშვილოდ. რაც უნდა ვიყიდოთ, რა თანხაც უნდა გადავიხადოთ, როგორც უნდა გვიყვარდეს, ჩემთვის ყველაზე მაგარი „შმოტკა“ არის სიგამხდრე. მერე უკვე, თუ გნებავს ჯვალოც შემოიცვი − მაინც ფორმაში ხარ.
გამოიყენეთ ეს ზაფხული, მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული, მოამზადეთ თქვენი ორგანიზმი გამოსაზამთრებლად და შემდეგ შეხვდით ბედნიერად ისევ ნანატრ გაზაფხულს. მთავარია ნუტრიციოლოგი გყავდეთ და ხანდახან მაინც შეავლებინეთ თვალი თქვენს ჯანმრთელ სხეულსა და ორგანიზმზე.