დღევანდელ ჩვენს რესპონდენტს სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის სფეროში 18-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ სფეროში მუშაობა მისთვის საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. პანდემიის შემდგომ 6-მდე სასტუმროს გახსნაში მონაწილეობდა, პარალელურად კი სწავლა და განვითარება არ შეუწყვეტია. დისტანციურ რეჟიმში დაეუფლა არომათერაპიას და 2 წელზე მეტი იმუშავა ბრიტანულ-ჩეხურ კომპანიაში, რომლის ფილიალის საქართველოს ბაზარზე დაარსებასა და განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. კომპანია BTL აწარმოებს დანადგარებს ესთეტიკური მედიცინისთვის, რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინისთვის. ჯულია გვიყვება გზაზე, რომელიც გაიარა და გვიზიარებს პროფესიულ რჩევებს.
ჯულია მგელაძე: უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კომპანია, სადაც მიმუშავია, ძალიან მეამაყება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კომპანია „რადარს“. ჩვენ ერთობლივად ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშავეთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში შევქმენით საინტერესო სასტუმრო ლოკაციები და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, რათა ადგილობრივი კადრები შევინარჩუნოთ.
პანდემიის პერიოდში სასტუმრო „მეფე გორგასალი“ დავხურეთ, თუმცა პარალელურად არ შემიწყვეტია საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება. ვისწავლე დისტანციურად ამერიკასა და რუსეთში არომათერაპია, 650-ზე მეტი სახეობის ეთერზეთით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, ადამიანების განწყობის შეცვლა, დადებითი ენერგიების მოზიდვა. სიამოვნებით ვატარებ არომადიაგნოსტიკას და ვეხმარები ადამიანებს განწყობის შეცვლაში, მათთვის სასარგებლო ბუნებრივი ეთერზეთების შერჩევაში.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მივიღე საინტერესო გამოცდილება „ტოტალ შარმის“ კლინიკებში, როგორც დირექტორის მოადგილემ.
როგორ ხედავთ სამედიცინო ტურიზმის მომავალს?
უპირველესად, მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ გარემოს და შევქმნათ მაქსიმალურად ეკომეგობრული გარემო, ეს მზოგავი ტურიზმის განვითარების საფუძველია. ჩვენი მიზანია, სტუმარს დავანახვოთ, რომ მათი სურვილების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გარემოს უსაფრთხოება, ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, რათა რესურსები არ ამოიწუროს ადრე თუ გვიან.
ჩემს ინტერესის სფეროს დაემატა ველნესი, Anti Aging და სამედიცინო ტურიზმი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების ინტერესი მხოლოდ დასასვენებლად ან სხვა ქვეყნის კულტურის სანახავად მოგზაურობა არ არის. დღეისათვის ძალიან ტრენდულია დასვენება გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების მიზნით. ამისათვის სწორად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, ადამიანის ეგრეთ წოდებული ანამნეზი და საჭიროებები, დაიგეგმოს ადამიანის განრიგი, დასვენების ადგილიც შეირჩეს, შესაბამისად, ჰიგიენური ნორმები, რეაბილიტაციისათვის გარემო პირობები და კვების რაციონი. ეს ყოველივე ქმნის სრულფასოვან სერვისს. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ჩამოდის პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად, სტომატოლოგიურ კლინიკაში თუ anti-age პროგრამაზე.
ვფიქრობ, საქართველოს აკლია ისეთი ტიპის სასტუმროები, სადაც დახვედრიდან გაცილებამდე ადამიანის სწორ გაჯანსაღებაზე ზრუნავენ და ყველა დეტალი გათვლილია. ჩემი ოცნებაა ველნესი, ეკომეგობრული სასტუმროს შექმნა, თავისი სპეციალისტებით, რეაბილიტოლოგებით, ნუტრიციოლოგებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული.
როგორია თქვენი მართვის სტილი?
ჩემი მართვის სტილი სპეციფიკურია. ყოველ ჯერზე დიდი ძალისხმევის ხარჯვა მჭირდებოდა, რათა ინვესტორი დამეყოლიებინა ჩემ მიერ შეთავაზებულ მართვის მეთოდებზე. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თანამშრომლების ძალიან სწორად შერჩევა, სწავლება და შემდგომ ხარისხის მოთხოვნა. ყოველთვის მივესალმები გამოუცდელი ადამიანების აყვანას, ასაკიანი ადამიანების აყვანას და მათთან ბევრ მუშაობას, სწავლებას და მათი უნარების გაუმჯობესებას.
ზოგადად, მიყვარს როდესაც ჩემი გუნდის წევრები ბედნიერები არიან, რადგან ასეთი თანამშრომლები ზუსტადაც რომ აბედნიერებენ სტუმრებს თუ ვიზიტორებს. უბედური და უკმაყოფილო ადამიანი არც იღიმება და არც გადასცემს დადებით აურას არავის, ეს ზოგადად აისახება ბიზნესგარემოსა და თანამშრომლებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მენეჯმენტმა, მათ შორის, იზრუნოს თანამშრომლის შრომის დაფასებასა და მის გაბედნიერებაზე.
ნებისმიერი თანამშრომელი უნდა ფლობდეს და იცნობდეს თავისი სასტუმროს თუ რესტორნის კერძების გემოს, სულ მცირე იმისთვის, რომ იყოს თავდაჯერებული მომსახურების გაწევისას, უკეთ აუხსნას და მოახდინოს პროდუქტის/შეთავაზების პრეზენტაცია, შექმნას დადებითი განწყობა/ემოცია შეთავაზების გარშემო და აუმაღლოს სტუმარს კეთილგანწყობა – დამუხტოს იგი დადებითი ემოციით.
მიყვარს თანამშრომლებთან კომუნიკაცია, ხშირად ვატარებ თათბირებს გუნდთან ერთად პრობლემების/სუსტი მხარეების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზების დასახვის და გაცემული დავალებების შესრულების ეფექტიანობის გადამოწმების მიზნით. ჩემთვის არ არსებობს თანამშრომლების რანგის მიხედვით გარჩევა, ყველა თანამშრომელი ფასეული და კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასტუმროსთვის.
ხშირად ვურჩევ თანამშრომლებს, რას უყურონ, რას მოუსმინონ და წაიკითხონ, რათა გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები. ვუხსნი, რა არის მათი სუსტი მხარეები და რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ დაძლიონ სირთულეები და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.
ასევე, მაქვს ჩემი სამოტივაციო პროგრამები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ვცდილობ ყოველთვის დავნერგო სიახლეები, გავხადო სამუშაო პროცესი დინამიკური, შევქმნა ერთიანობის, გუნდურობის და გულწრფელობის ჯაჭვი.
მარტივად რომ ვთქვა, არ ვთამაშობ, არ ვატყუებ, ვგულშემატკივრობ როგორც საქმეს, ისე ყველა თანამშრომელს და იმავენაირად ვითხოვ გულწრფელობას და საქმისადმი ერთგულებას, გულშემატკივრობას!
რა რჩევებს მისცემდით ქართველ მენეჯერებს?
მინდა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და წლების მანძილზე დაგროვილი მოსაზრებები, როგორ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომელსაც ვაწყდებით მენეჯერების, ინვესტორებისა თუ ზოგადად სისტემის რეგულირების მხრიდან. ასევე ის მოსაზრებები, რომელიც, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს გაუმჯობესებას და თავიდან აგვაცილებს კადრების გადინებას, როგორც ტურიზმის სფეროდან, ისე ქვეყნიდან.
მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიას. თუ ეს სფერო არ იცი და ხელს ჰკიდებ ასეთ ბიზნესს, კადრებს იყვან და იმედს უცრუებ, გაქვს არასწორი და არაჯანსაღი მენეჯმენტი (ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, სტუმრებზეც აისახება, მათაც გაუცრუებ იმედებს), საბოლოოდ დააზარალებ როგორც ბიზნესს, ისე ქვეყნის იმიჯს.
არავის არ ვმოძღვრავ, უბრალოდ, ვაზიარებ უამრავი წლის გამოცდილებას. მეც ოდესღაც რეცეფციის პოზიციიდან დავიწყე და მივედი სასტუმროს სფეროში გენერალური მენეჯერის თანამდებობამდე. მადლიერი ვარ თითეული წამის და წუთის, რომ საკუთარ და სხვის შეცდომებზე ვისწავლე. ვნახე, თუ როგორი არ უნდა იყო! ასევე ვნახე, თუ როგორი უნდა იყო!
რჩევა არის მარტივი, – შექმენით ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემო თანამშრომლებისა და სტუმრებისათვის. მოექეცით თანამშრომელს ისე, როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ, ნუ გაუკეთებთ სხვებს, თანამშრომლებს იმას, რაც არ გინდათ, გაგიკეთონ თქვენ; მოიშორეთ კომპლექსები, იყავით ებრალოები და უშუალოები ყველა თანამდებობაზე, რადგან ღმერთისთვის ყველა ერთი ვართ და ერთნაირად დავიბადეთ, ყველანაირი სტატუსების, რეგალიების გარეშე! არც „შანელი“ გვეცვა და არც „დიორი“, ამიტომ იყავით ადამიანები და აკეთეთ ის, რაც იცით – თუ არ იცით, ჯერ ისწავლეთ და მერე დაიწყეთ საქმიანობა. ან იდეის დონეზე თუ ფიქრობთ სასტუმროს ან რაიმე მომსახურების სფეროს ობიექტის გახსნას, სულ მცირე, გაიარეთ კონსულტაცია და გაიზიარეთ ჯანსაღი რჩევები. ნუ აწინაურებთ ნაცნობობით, ნუ აიყვანთ სამსახურში, მომსახურების სფეროსა თუ გაყიდვებში ახლობლობით, რადგან ეს უდიდესი დემოტივაციაა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, წლებია გემსახურებიან და სულ აქვთ იმის იმედი, რომ თქვენ მათ დაინახავთ, დააფასებთ და დააწინაურებთ. შემდეგ მიდიან და 1 კადრის ნაცვლად 3 ადამიანის აყვანა გჭირდებათ (რიგ შემთხვევებში აღმოჩნდება, რომ ის ერთი სამის საქმეს გიკეთებდათ თურმე და არ აფასებდით), გენგრევათ სტრუქტურა და ისევ გგონიათ, რომ ყველაფერი კარგადაა? ბედნიერ თანამშრომელს შეუძლია ბევრი ბენეფიტის მოტანა კომპანიისთვის, ეს ყოველთვის გახსოვდეთ. იცოდეთ, რომ თქვენი ბიზნესი გულითადი თანამშრომლების მხრებზე დგას! ამიტომ დააფასეთ, რომ დაგაფასონ და დაიმსახურეთ პატივისცემა!
რა თვისებები უნდა ჰქონდეს მენეჯერს?
უნდა იყო ლიდერი, იყო გუნდთან ერთად და არამხოლოდ „ზემდგომი“. უნდა ასწავლო, ცოდნა გაუზიარო და განავითარო. მე არ მეშინია, თუ ხვალ ჩემი თანამშრომელი ჩემზე უკეთესი გახდება, პირიქით, ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა. უამრავ ადამიანს დავხმარებივარ სრულიად უანგაროდ სამსახურის დაწყებაში, განვითარებაში, თუმცა იმასაც ველოდი, რომ ბევრს ეს არ ახსოვს და არც არაფერს ველოდები. სიამოვნებას მანიჭებს, როცა ვხედავ, როგორ ვითარდება ადამიანი. ყოველგვარ ბიზნესზე, ფულსა თუ შემოსავლებზე მაღლა ჯერ დგას ადამიანი!!! იყავით ისეთი ხელმძღვანელები, რომ სამუშაო სივრცის ფარგლებს გარეთ არ შეგრცხვეთ თქვენი დაქვემდებარებულის თუ თანამშრომლის ნახვა! დიახ, მიუთითეთ შეცდომებზე და მიეცით მიმართულება და არამხოლოდ შენიშვნა. ასწავლეთ ისე, რომ მიიღოთ შედეგი! შემდეგ უკვე 1-2 ნაბიჯით გაეცალეთ და აწარმოეთ მონიტორინგი და დატკბით თქვენი შექმნილი გარემოთი.
რა გეხმარებათ მიზნის მიღწევაში?
შრომა, რწმენა, გულწრფელობა, მუდმივი ზრუნვა საკუთარი თავის განვითარებაზე, თავდაჯერებულობა, რაც გამოცდილებამ მომცა. მაქვს უამრავი იდეა, გეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.
რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?
აუცილებლად დაგიბრუნებდით კითხვას – ეს რა არის? ფაქტობრივად, არ მაქვს თავისუფალი დრო, მაქვს მცირე განტვირთვის მომენტები ჩემს ოჯახსა და შვილებთან ერთად.
ასევე, დიდი ხანია ვმუშაობ საინტერესო წიგნზე, რომელიც ვფიქრობ, 9-10 თვეში დასრულდება. დროის სიმცირის გამო ვერ ვუთმობ ბევრ დროს, რომ დასრულებამდე მივიყვანო.
ღამე, დილაობით ძალიან ადრე, 06:00-ზე მომენტებად, მატარებელში, თვითმფრინავში ვმუშაობ წიგნზე, რომელიც იქნება სამოტივაციო, იუმორისტული და რეალური ქეისებით თუ ისტორიებით დახუნძლული. ჰოტელიერებისა და ინვესტორებისთვის საინტერესო მესიჯები იქნება გაზიარებული. ზოგადად მიყვარს კითხვა, სიმშვიდე, მზე, კლასიკური მუსიკა, თეატრი, ფსიქოლოგია და არომათერაპია.
სამომავლო გეგმები
უახლოესი გეგმა არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტის, სასტუმრო „მეფე გორგასლის“ გახსნა, რომელიც ისევ უმასპინძლებს სტუმრებს და ბევრ ლამაზ, ემოციურ დღეს აჩუქებს თითეულ ვიზიტორს. სულმოუთმენლად ველოდები ჩვენს ტერასაზე საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვას, საუკეთესო, თბილი გუნდის დაკომპლექტებას, რადგან ამ სასტუმროზე ყველას მხოლოდ დადებითი და საუკეთესო ემოციები ჰქონდა, ყველას უყვარდა ჩვენთან თანამშრომლობა, სტუმრობა, ჩვენი კერძების დაგემოვნება და გულწრფელი ემოციების მიღება. სასტუმრო „მეფე გორგასალი“ ივლისიდან დაბრუნდება და ყველას ვთხოვ მხარდაჭერას, როგორც კოვიდის დროს დაზარალებულ საუკეთესო ობიექტს. მოიყვანეთ თქვენი ტურისტები, სტუმრები იქ, სადაც იწყება თბილისი და სადაც სიყვარულია!
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 3 სხვადასხვა ადგილას ვსწავლობ სოციალური მედიის ტრენდებს, მარკეტინგულ თავისებურებებს სტუმარმასპინძლობის თუ სერვისის სფეროში და მჯერა, რომ მოვა დრო, როცა მხოლოდ ამ მიზნით მომმართავენ სასტუმროები და სხვა მომსახურების სფეროდანაც, რადგან 18-წლიანი გამოცდილება ყველა ეტაპზე, ყველა დეპარტამენტში ცოტას არ ნიშნავს. სოციალურ მედიაში, ციფრულ მარკეტინგში უმნიშვნელოვანესია სწორი მესიჯების, სწორი ემოციები წამოწევა – ეს უნდა იცოდე! ეს არ არის მხოლოდ სწორად რეკლამის დაგეგმარება და დაზეპირებული ფრაზებით საუბარი პარტნიორებთან. დიახ, ფოტოს გადაღებაც სწორად უნდა დაგეგმო და პროდუქტიული უნდა იყოს თითოეული გაზიარებული ინფორმაცია. დიახ, ინფორმაცია, რომელსაც აწვდი მომხმარებელს, ჯერ შენ უნდა შეისწავლო, დაიჯერო, შეიყვარო და ტექსტი მერე დაწერო. ეს არ არის მხოლოდ copy writing, ეს ხელოვნებაა, დაწერო ვინმეზე ან რომელიმე ბრენდზე. ისევ და ისევ, ყვლაფერი გამოდის საუკეთესო იქ, სადაც სიყვარულია! ამიტომ სულ მალე აქაც შევიტან ჩემს მოკრძალებულ წვლილს!
ტექსტი: სოფიო მალანია