ბავშვობიდან შთააგონეს, რომ შეუძლებელი არაფერია და პრობლემის გადასაჭრელად გზა ყოველთვის არსებობს. პროფესიად იურისტობა აირჩია, რათა უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლოს და ადამიანის უფლებები დაიცვას. დიდი სურვილის, დროის მენეჯმენტისა და დაუღალავი შრომის შედეგად ახერხებს სხვადასხვა სფეროში წარმატებული იყოს. მისი ხელმძღვანელობით, საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანიამ „ქაფრინა“ 2018 წლიდან არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. როგორც მენეჯერი, ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ მოლაპარაკებას აწარმოებს. ყოველ ხუთშაბათს კი „რადიო კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში უძღვება ყოველკვირეულ საავტორო რუბრიკას „შენი უფლებები“ და მსმენელს მათი უფლებების შესახებ საჭირო ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ საერთაშორისო დეველოპერული კომპანიის საქართველოს ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრსა და აღმასრულებელ დირექტორს, იურისტ გვანცა ჟორჟოლიანს.
გვანცა, დავიწყოთ სულ თავიდან, რატომ გადაწყვიტეთ იურისტობა?
მამა მყავდა პროფესიით იურისტი. წლების განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა. შემდეგ კი სახელმწიფო დაზღვევის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ჩემთვის იურისტობა ბავშვობიდან მამასთან საინტერესო საუბრებს უკავშირდება, ის ბავშვისთვის გასაგებ ენაზე მიყვებოდა სხვადასხვა სიტუაციურ შემთხვევას და ყოველ ჯერზე ინტერესდებოდა, მე როგორ გადავჭრიდი არსებულ პრობლემას. ერთად ვმსჯელობდით და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. ეს იყო ერთგვარი ლოგიკური, ძალიან საინტერესო თამაში, რომელმაც დიდი გავლენა იქონია საკუთარი აზრის დაფიქსირების, ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მთავარია აღმოვაჩინო პრობლემაში ზუსტი წერტილი და სწორი გათვლებით, სამართლიანად ვიმოქმედო პრობლემის აღმოფხვრამდე.
რამდენად განაპირობა თქვენმა პროფესიამ თქვენი კარიერა?
იურისტობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მუშაობა სადაზღვევო აგენტად დავიწყე. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლა თავდაჯერებულობას მმატებდა პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებში. შემდეგი სამსახური არასამთავრობო ორგანიზიას უკავშირდება. სეგმენტი, რომელზეც ვმუშაობდით, ნორვეგიულ მისიასთან ერთად, პენიტენციური სამსახური იყო. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი „რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია მსჯავრდებულებში“. 3 წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში პატიმრების საქმეებს ვსწავლობდი, ვეძებდით საქმის ახალ მასალებს, რომელიც სასჯელის ვადის შემცირებაში დაეხმარებოდათ. ევროკავშირის დაფინანსებით აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ციხეში რეაბილიტაციის პროექტები დავნერგეთ. იურისტები და ფსიქოლოგები მუდმივ რეჟიმში ვხვდებოდით მსჯავრდებულებს, რათა მათთვის მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. კანონპროექტებთან წვდომა, კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, საერთაშორისო ნორმატიული აქტების შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობასთან იმპლემენტაცია – ეს გამოცდილება მომცა ექვსწლიანმა მუშაობამ პარლამენტში. ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი. სწორედ ამ პერიოდში მოეწერა ხელი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს იყო უდიდესი სამუშაო გამოცდილება. ჩემი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების შედეგია, რომ მე დღეს საერთაშორისო კომპანიაში მენეჯერის პოზიციას ვიკავებ.
რა არის თქვენს პროფესიაში მთავარი?
ჩემთვის იურისტობა ნიშნავს აღვასრულო კანონის უზენაესობა და მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე დავიცვა ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ უფლებები შეელახა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ყველასთვის მაღალი ეთიკური პრინციპებით ვხელმძღვანელობ და ვიცავ კონფიდენციალურობას. ვცდილობ გულისყურით მოვისმინო და გავიაზრო ადამიანის გასაჭირი. კონსულტაციისას დეტალურად ვუხსნი, რაშია პრობლემის არსი და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. ჩემი გამოცდილება მეხმარება, სწორად შევიმუშაო სამოქმედო სტრატეგია. ამასთანავე, მუდმივად ორიენტირებული ვარ განვითარებაზე, რადგან სამართალმცოდნეობა დინამიკური სფეროა. სამართლებრივი მოვლენები მუდმივად იცვლება და კომპეტენციაც მუდმივად საჭიროებს განახლებას. იურისტობისთვის არაა საკმარისი კანონმდებლობის ცოდნა, ეს არის ლოგიკური აზროვნების, მუდმივი სწავლების, სწორი მენეჯმენტისა და სტრატეგიის შემუშავების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება დავიცვათ ადამიანის უფლებები. და თუ პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს, ჩემი მიზანია ვიპოვო ახალი გზა.
თქვენი ხელმძღვანელობით საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანიამ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა, გვესაუბრეთ ამის შესახებ.
საერთაშორისო დეველოპერული კომპანია „ქაფრინა“ 2018 წელს დაარსდა საქართველოში. კომპანია ჰოლდინგ „ფარაგოსტარის“ შვილობილია, რომელიც მსოფლიოს 6 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში დაფუძნებისთანავე, განხორციელდა 7.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება სამშენებლო და უსაფრთხოების სისტემების სექტორში. თბილისში, ვაშლიჯვარში, აშენდა პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი CAPRINA TOWERS, რომელიც 18 და 15-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებსა და კომერციულ სივრცეებს მოიცავს. 2 წელიწადში მიმდებარედ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას დავასრულებთ. მუშაობა საერთაშორისო კომპანიაში საკმაოდ შრომატევადია. პირველად „ქაფრინასთან”, როგორც ბიზნესმრჩეველს, მქონდა შეხება. სამეთვალყურეო საბჭო მთლიანად უცხოელი მენეჯერებით იყო დაკომპლექტებული და ჩემი მთავარი მისია „ქაფრინას“ ე.წ. ქართულ კალაპოტში მოქცევა გახლდათ. ძალიან მალე მივიღე შემოთავაზება, გავმხდარიყავი კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი, რასაც დაუფიქრებლად დავთანხმდი, ეს იყო ახალი გამოწვევა და თავგადასავალი.
თქვენ, როგორც მენეჯერი, ყოველდღიურად არაერთ მოლაპარაკებას აწარმოებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა გამოწვევებს აწყდებით ყველაზე ხშირად?
საერთაშორისო ჰოლდინგი, რომლის წევრიც ჩვენი კომპანიაა, წარმოდგენილია ჩინეთში, ესპანეთში, კანადაში, ლუქსემბურგში, ირანსა და ომანში. საქართველოში მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად მასალების, დანადგარებისა და საჭირო ინვენტარის იმპორტს სწორედ ჩვენი ჰოლდინგის სხვადასხვა ქვეყნის ოფისების დახმარებით ვახდენთ. თანამედროვე სავაჭრო ბაზრის მთავარი ფუნქციაა, იყიდო პროდუქტი ხელსაყრელ ფასად და ფასთან შესაბამისი იყოს ხარისხიც. ამიტომ ჩემი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, მთავარი მიზანია, ვაწარმოო მოლაპარაკებები ქარხნებთან, რათა სასურველი ხარისხის პროდუქტი ხელსაყრელ ფასად მივიღო და შეთანხმებების საფუძველზე შევკრათ დაცული ხელშეკრულება, რომ კომპანია არ აღმოჩნდეს წამგებიან პოზიციაში. ამაში კი ყველაზე მეტად ჩემი პროფესია მეხმარება.
ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც დროის სხვაობაა საქართველოსა და, მაგალითად, ჩინეთს შორის. ხშირად მოლაპარაკებები ღამის საათებში მიწევს, რაც განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი კომპანიის მეორე მიმართულება სამეთვალყურეო, სახანძრო და დაცვის სისტემებია. გავიმარჯვეთ თბილისის მერიის ტენდერებში და სამეთვალყურეო კამერებით აღვჭურვეთ ლეონიძის ბაღი, ორბელიანის მოედანი, ვილნიუსის პარკი და მრგვალი ბაღი. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საცავი.
საქართველოში ქალი მენეჯერები რა გამოწვევებს უმკლავდებიან ლიდერულ პოზიციებზე მოსახვედრად?
სტერეოტიპი, რომ ქალი მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე საკმარისად კარგად ვერ იმუშავებს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს. ქალებისთვის უფრო რთულად მოსაპოვებელია ხელმძღვანელობის ნდობა, იმის დამტკიცება, რომ იმსახურებს მაღალ პოზიციასაც და მაღალ ჰონორარსაც. ერთადერთი, რაც ამას შეგვიძლია დავუპირისპიროთ, თავდაუზოგავი შრომაა, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ფასდება. მე გამიმართლა, რომ მოვხვდი საერთაშორისო ჰოლდინგში, სადაც ეს სტერეოტიპი უკვე დამსხვრეული იყო. არ ვიყავი ორიენტირებული იმაზე, რომ ვინმესთვის რამე დამემტკიცებინა. ჩემი მოვალეობების შესასრულებლად ბევრი ვიშრომე, რაც დამიფასდა კიდეც.
თქვენ ყოველ ხუთშაბათს „რადიო კომერსანტის“ ეთერში საავტორო რუბრიკა „შენი უფლებები“ მიგყავთ, უფრო ვრცლად გვესაუბრეთ აღნიშნულ რუბრიკაზე, რა იყო მისი შექმნის მიზანი?
ყოველდღიური სამსახურებრივი მოვალეობების პარალელურად, ვახერხებ ვაკეთო ის, რაც მიყვარს და რაზეც გული შემტკივა – ახლობლებს, თანამშრომლებს, გავუწიო კონსულტაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებით. ბევრისთვის იურიდიული ენა არ არის ადვილად აღსაქმელი, ამის გამო შესაძლოა საკუთარი უფლებების დაცვა ვერ მოახერხონ. მე კი ეს ამოსავალი წერტილი მგონია. ამიტომ გამიჩნდა იდეა, ყველაზე აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე უფრო საჯაროდ მესაუბრა. რუბრიკის მომზადება ისეთ სანდო მედიაში, როგორიც „კომერსანტია“, სასარგებლოდ მეჩვენა, ამის დასტურია მსმენელის მყისიერი ჩართულობაც. პირდაპირ ეთერში არაერთი კითხვა შემოდის, მსმენელი აქტიური გახდა სოციალურ ქსელშიც. ვცდილობ, პრაქტიკული რჩევები მოქალაქეებს გასაგებ, მარტივ ენაზე გავუზიარო.
როგორც ვისაუბრეთ, არაერთ სფეროში აქტიურად მუშაობთ, როგორ ანაწილებთ დროს?
ამ კითხვაზე მარტივად გიპასუხებთ – კარგი გუნდი, სწორად განაწილებული ფუნქციები და გამართული მენეჯმენტი საშუალებას მაძლევს დრო ოპტიმალურად გადავანაწილო. რა თქმა უნდა, თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად ჩემს ორ შვილს დავუთმო.
რას მოაქვს წარმატება?
დავესესხები როდი ჯინსს, რომელიც ამბობდა: „წარმატების საიდუმლო მარტივია: გარკვეული დროის განმავლობაში იშრომე, მოთმინებით და თავდაუზოგავად იღვაწე, შენი წარმატების განუხრელად გჯეროდეს და უკან არასოდეს დაიხიო“. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს ხელში უჭირავს წარმატების გასაღები, მთავარია მუდმივი განვითარება, ბრძოლისუნარიანობა და საკუთარი თავის რწმენა.
ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?
ვფიქრობ, რომ ჩემმა მშობლებმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადეს ჩემში. მათ შთამაგონეს, რომ შეუძლებელი არაფერია. და არ არსებობს პრობლემა, რომელსაც გამოსავალს ვერ მოუძებნი, მთავარია საკუთარი შესაძლებლობების გვჯეროდეს. მოტივატორი ჩემი მშობლები არიან, განვითარებისკენ კი ჩემი შვილების გამო მივისწრაფვი. რადგან ვასწავლო წარმატების მთავარი არსი: თავდაუზოგავი შრომით ყოველთვის მიიღწევა სასურველი შედეგი.
სამომავლო გეგმები…
უახლოეს მომავალში ჩვენ ახალ, ინოვაციურ სამშენებლო პროექტს დავიწყებთ თბილისში. დიდ დიღომში ავაშენებთ ათსართულიან პრემიუმ კლასის, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც დედაქალაქისთვის სრულად ინოვაციური იქნება. ექსტერიერიცა და ინტერიერიც აღჭურვილი იქნება ე.წ. ჭკვიანი სისტემებით. მობინადრეებს მობილური ტელეფონით შეეძლებათ მართონ სახლის ელექტროსისტემა. ჩართონ გათბობა, გამორთონ კონდიციონერი, გადაწიონ ფარდა და ა.შ.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი