„თუ გინდა, შეგიძლია“ − კანტის ეს სიტყვები ჩვენს რესპონდენტს ყველაზე მეტად შეესაბამება. OK!-ის სტუმარია ქალი, რომელიც ყველა მარცხს საკუთარი გამოცდილებისა და ზრდისთვის იყენებს. ქალი, რომელმაც საინტერესო გზა გაიარა და ამ გზის გავლისას შეძენილ გამოცდილებას ახლა სხვებს უზიარებს. ძლიერი ქალი − ჯეი ოქროპირიძე, ქოუჩი და Jay’s Laboratory-ს დამფუძნებელი.
რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ქოუჩი?
ქოუჩი არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ გიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ყველა იმ რეცეპტს, რაც შეიძლება წარმატებისთვის დაგჭირდეს. ქოუჩინგი − ეს არის პროფესიული პარტნიორობა მომხმარებელთან, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე, ეხმარება კრეატიულად მიუდგეს ფიქრის პროცესს. ქოუჩი ეხმარება მომხმარებელს, დაისახოს ისეთი მიზნები, რომლებიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე აქტუალურია, მაქსიმალურად ხსნის პირად და პროფესიულ პოტენციალს. იყო ქოუჩი, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და აუცილებელია, გქონდეს მდიდარი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში. სხვაგვარად შეუძლებელია, ადამიანს სწორი რჩევა მისცე. ამ დროს ადამიანის პრობლემა იმდენად უნდა გაითავისო, რომ ბოლომდე შეიგრძნო. უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, აქ ინდივიდუალური მიდგომაა აუცილებელი. ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქოუჩინგის დროს. ქოუჩინგი არის რჩევებისგან თავისუფალი ზონა, ქოუჩი ინარჩუნებს მომხმარებლის პიროვნების მთლიანობას და ფოკუსირდება იმაზე, რომ ცხოვრების რომელიღაც ასპექტში განხორციელებული ცვლილებები იყოს უფრო მასშტაბური და აისახოს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ასპექტზე, არამედ მთლიანად გააუმჯობესოს მისი ცხოვრება. აუცილებელია ქოუჩმა ადამიანს არჩევანის საშუალება მისცეს და სწორი, ჯანსაღი დისკუსია მართოს, რომელიც გამორიცხავს მომხმარებლის აზრის უარყოფას, ან დაკნინებას.
სად გადის ზღვარი ფსიქოლოგსა და ქოუჩს შორის?
ქოუჩს აუცილებელია ჰქონდეს ფსიქოლოგიური განათლება − ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში, თუმცა მე ვარ ქოუჩი. ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, ქოუჩი არ ეძებს ღრმა ტრავმებს ან ბავშვობის პერიოდის გავლენას ადამიანზე. ქოუჩი გასწავლის, როგორ წარმართო შენი პიროვნული და კარიერული ცხოვრება, როგორ იყო წარმატებული ადამიანი, გიზიარებს გამოცდილებასა და იარაღებს, რომლებიც თავად გამოიყენა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ქოუჩი მომხმარებელთან ერთად ეძებს გზას, მიაღწიოს მიზანს.
ფსიქოლოგია არის აბსოლუტურად განსხვავებული და უფრო ღრმა დარგი, რომელიც მოითხოვს წარმოუდგენელ გამოცდილებასა და ცოდნას. უილიამ ჯეიმსის განსაზღვრების თანახმად, ფსიქოლოგია არის მეცნიერება გონების შესახებ.
ფსიქოლოგთა კვლევები გვეხმარება ერთმანეთისგან გავარჩიოთ შინაგანი სუბიექტური ინფორმაცია და ობიექტური ფაქტები, ანუ განსხვავება ჩვენს წინასწარ შექმნილ რწმენებსა და მეცნიერულ ჭეშმარიტებას შორის. ეს იმდენად ღრმა თემაა, ნაკლებად მჯერა რამდენიმე წელი ეყოს ადამიანს იმისათვის, რომ ფსიქოლოგის სტატუსი ატაროს.
თუ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მან ფსიქოლოგს უნდა მიმართოს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კარგ ფსიქოლოგს ხშირ შემთხვევაში შეუძლია იყოს კარგი ქოუჩი, მაგრამ კარგი ქოუჩი იშვიათად შემხვედრია ასევე ძლიერი ფსიქოლოგი.
როდის დაინტერესდით ქოუჩობით?
მახსოვს, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და დიდი დელეგაცია გვესწრებოდა შავი ზღვის უნივერსიტეტში და ჩემმა ლექტორმა სიტყვით გამოსვლა მთხოვა. გამოსვლის შემდეგ მითხრა, რომ ძალიან გულწრფელი და ბუნებრივი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ამ გამოსვლის დროს ემოციების მართვა ძალიან მიჭირდა. როგორც კი მოვრჩი გამოსვლას, ჩემმა ლექტორმა მირჩია: „წადი რამდენ ქვეყანაშიც შეძლებ, იცხოვრე, იმუშავე, დააგროვე ზღვა გამოცდილება. იყავი მიმტანი, დამლაგებელი, მენეჯერი, დირექტორი… მინდა, შეიგრძნო ყველა ადამიანის განცდა და საქმის მიმართ მათი დამოკიდებულება“. ეს იყო ოქროს რჩევა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ხედვა, დამოკიდებულება, პიროვნება.
პირველად როდის წახვედით საზღვარგარეთ?
როგორც მოგახსენეთ, „ოქროს რჩევა“ მივიღე და გავითვალისწინე. ჩემი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მატერიალური სიდუხჭირე არასოდეს ყოფილა, დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მქონოდა საუკეთესო განათლება და ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, წარმატებული ადამიანი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის აკონტროლებდა არ გავთამამებულიყავი. ის ხაზგასმით მეუბნებოდა, რომ მე ყველაფრისთვის ჩემით უნდა მიმეღწია.
14 წლისა გაცვლითი პროგრამით პირველად წავედი თურქეთში, სადაც მივხვდი, რომ „მოვიწამლე“. მას მერე 15 ქვეყანაში ვიყავი. ვსწავლობდი და პარალელურად ვმუშაობდი.
შავი ზღვის უნივერსიტეტში დავამთავრე ამერიკათმცოდნეობის და PR-ის ფაკულტეტები. შემდეგ დუბაიში გადავედი, სადაც ვსწავლობდი და პარალელურად ვმუშაობდი გაყიდვების სფეროში; შემდეგ იყო სალალაჰი, სადაც სასტუმრო „ჰილტონში“ ვმუშაობდი მარკეტინგის სფეროში; შემდეგ − ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის ფაკულტეტი, და ბოლოს, Oxford College − საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებისა და ინგლისური ენის კურსები. აქტიურად ვერთვებოდი სხვადასხვა პროექტში, პარალელურად კი ბევრს ვმუშაობდი.
როგორც ხედავთ, ლექტორის რჩევა პირნათლად შევასრულე. ყველა სამუშაო ადგილი ახალ ცოდნას მაძლევდა ადამიანების შესახებ. ვსწავლობდი მათ ფსიქოტიპს, ვაკვირდებოდი ემოციებსა და ქმედებებს, ვაკვირდებოდი მათ ეგოს. ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველდღიურად ვაგრძელებ დაკვირვებას და სწავლას. ეს ამოუწურავი სფეროა.
როგორ ფიქრობთ, რამ გაგზარდათ ყველაზე მეტად კარიერულ გზაზე?
რა თქმა უნდა, შეცდომებმა და დისციპლინამ. იმისთვის, რომ იყო კარგი ქოუჩი და ისაუბრო ბიზნესზე, წარმატებაზე, მოტივაციაზე, წარმოუდგენელია მანამდე არ იცოდე, რა არის მარცხი. დიახ, შეცდომები გზრდის, ხოლო დისციპლინა – მთავარი ფორმულაა გამარჯვებისთვის.
ბიზნესი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში დავიწყე. სწორედ ამიტომ, როცა მეუბნებიან: „ჰო, მინდა, მაგრამ ძალა არ მაქვს…“ − ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს მარტივია − მოატყუო საკუთარი თავი, რომ არ შეგიძლია. ეს ზუსტად ვიცი, რადგან თავად გავიარე, თავად მეგონა ასე. დისციპლინა − სწორედ ეს დამეხმარა. და თუ მე ეს შევძელი, რა თქმა უნდა ყველას შეუძლია. ჩემი მიზანი არ არის კრიტიკა, განსჯა. უბრალოდ ვცდილობ ის ძალა ვაპოვნინო ადამიანებს, რომელიც თავად ვიპოვე.როცა ნამდვილად გინდა, აუცილებლად მიაღწევ. მთავარია, საკმარისად გინდოდეს და გწყუროდეს. თუ საკმარისად გაწუხებთ პრობლემა, მას უპირობოდ მოაგვარებთ!
რას ეუბნებით ყველაზე ხშირად ქალებს, რომლებიც თქვენ მოგმართავენ დასახმარებლად?
ყოველდღიურად შემომდის ასობით შეტყობინება და ზარი. მწერენ, რომ მენტალურად, მატერიალურად ძალიან ცუდად არიან. ამ პატარა ქვეყანაში უამრავი უბედური ქალია. პირველი, რასაც ვეუბნები, არის It’s Okay to Not Be Okay… მე შენთან ვარ. დიახ, მე განვიცდი ყველა მათგანს შეგრძნებების დონეზე. ეს არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნით გამყარებული რჩევები. მე ვყოფილვარ ღარიბიც, მდიდარიც, წაქცეულიც, ბედნიერიც… ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დღეს შემიძლია სხვა ქალებს გავუზიარო საკუთარი გამოცდილება და ვაჩვენო გზები, რომლებიც თავად გავიარე. განსაცდელი მხოლოდ მაძლიერებდა და არასდროს მაბოროტებდა. სწორედ განსაცდელმა გააკეთილშობილა ჯეი. არაფერი შეედრება იმას, რომ შეგიძლია ადამიანის ცხოვრება უკეთესისკენ შეცვალო. ამაზე დიდი ბედნიერება და თავისუფლება არ არსებობს; მეტიც − ყველაზე დიდ ადრენალინს ამ დროს განვიცდი.
როგორ უმკლავდებით ამდენ ემოციას, სხვისი ტკივილის გაზიარებას?
ერთია, როცა უსმენ, მეორეა − როცა გტკივა. მაქსიმალურად ვცდილობ მათ ყოველთვის ჰქონდეთ ჩემთან მარტივი წვდომა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მქონია შემთხვევები, როდესაც ემოციები მანგრევდნენ და ბოლომდე მთრგუნავდნენ, მაგრამ არ ვნებდებოდი, რადგან ვიცოდი, რომ მე ბევრ ქალს ვჭირდებოდი. რთულია, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ თავად ვმუშაობ ფსიქოლოგთან ემოციების უკეთ დაბლოკვის პროცესზე. სხვანაირად არ გამოდის.
მგონი მოვიდა დრო, Jay’s Laboratory-ზეც ვისაუბროთ…
უპირველესად, ეს არ არის ინგლისურის ცენტრი. ეს არის ლაბი, სადაც ყველაფერი პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ემოციებით ისწავლება. მას სიკეთის გარემოს ვუწოდებთ. ეს სწავლების მეთოდია, რომელიც არ მოითხოვს საწერ და საზეპირო დავალებებს.
ჩემი მიზანი იყო პრაქტიკოსობა და სწავლების სიამოვნებად გარდაქმნა. აქ სტუდენტებს მარცხის უფლება აქვთ, აქ არ ტარდება ტიპური გაკვეთილები. ეს უფრო სპექტაკლს ჰგავს, სადაც მონაწილეები და დამსწრე საზოგადოება ჩართულნი არიან სასიამოვნო პროცესში.
ფსიქოლოგიური გათვლებით გვაქვს მთელი მეთოდი აწყობილი. ვამბობ ხოლმე, სტუდენტს უნდა თუ არა, ლექტორები ჰიპნოზს ვუკეთებთ და აუცილებლად ვაღწევთ შედეგს. ლაბი არ არის ორიენტირებული მონეტიზაციაზე, ძალიან ბევრი დაფინანსებული სტუდენტი გვყავს.
ლაბი უდავოდ არის სიკეთის კომპანია. ძალიან მინდა ყველამ იცოდეს, რომ ლაბი არ არის ჯეი, ლაბი არის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ჩვენთან მუშაობს და არანორმალურ ენერგიას გასცემს. რომ არა ისინი, დღეს ლაბი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ასეთი ადამიანები მართლაც სანთლით საძებარნი არიან.
თავიდანვე გაამართლა ამ მეთოდმა საქართველოში?
რა თქმა უნდა, არა. თავიდან სტუდენტებისგან ვიღებდით შენიშვნას, რატომ არ გვაძლევს დავალებებს, რატომ არ გვაქვს საზეპიროები, თუმცა გამოვიყენე სასაცილო იარაღი და განათლება ვაქციე ადრენალინად. შედეგი სახეზეა − პირველი თვის დახურვისთანავე საოცარ შედეგებს მიაღწიეს. მოხდა წარმოუდგენელი რამ, იმდენი ზარი და შეტყობინება იყო… ყველას ლაბში უნდოდა სწავლა… ახლა თამაშ-თამაშით სწავლობენ ინგლისურს, და არა მხოლოდ… იძენენ სხვადასხვა უნარს.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის შემქმნელი მქვია.
ტექსტი: მაიკო წერეთელი
ფოტო: ალექსეი სეროვი