მიაჩნია, რომ ადამიანი მაშინ არის ძლიერი, როცა ის შინაგანად თავისუფალია, როცა აქვს შესაძლებლობა, პრინციპულად მიჰყვეს არჩეულ გზას და ყველა გამოწვევა გამოცდილებად აქციოს. „OK! ბათუმის“ სტუმარი მრავალფუნქციური კომპლექსის Batumi View გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირმა ქამადაძეა. ფიქრობს, რომ წარმატება მუდმივ განვითარებას მოაქვს, სწორ კომუნიკაციას, შედეგი კი მყარი საძირკველია, რომელზეც ჯანსაღი ურთიერთობები შენდება. აღნიშნულ კომპანიას ბედი 2017 წელს დაუკავშირა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ცდილობს მთელი ენერგია ჩადოს საქმეში, რომელიც უყვარს და მიიჩნევს, სადაც გულწრფელობაა, შეუძლებელია არ დაიმსახურო მომხმარებლის ნდობა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს, კონკურენტუნარიანი გარემოს ფონზე.
იყო ძლიერი ქალი, ნიშნავს…
აღიარო საკუთარი შეცდომები, ერთდროულად იყო ქალი-დედა, ქალი-დიასახლისი, ქალი-საკუთარი პროფესიით რეალიზებული, მომთხოვნი, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და მერე სხვების მიმართ. თუმცაღა, ვფიქრობ, ის, რომ ქალი მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, სულაც არ არის საკმარისი წინა პირობა იმისთვის, რომ ის ძლიერ ქალად მივიჩნიოთ… ქალის მთავარი სიძლიერე არის მის ხასიათში, თავისუფლების ხარისხში, დამოკიდებულებაში გარშემო მყოფების მიმართ.
მოგვიყევით პროექტზე Batumi View. როგორ დაიწყო თქვენი კავშირი აღნიშულ პროექტთან, რა ეტაპები გამოიარეთ დღემდე…
2017 წელს დავიწყე Batumi View გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობა. მოვხვდი საოცარი ადამიანების გუნდში, სადაც ჩემი კარიერის განსხვავებული ეტაპი დაიწყო. საწყის ეტაპზე ყველაზე რთული, ალბათ, ის იყო, რომ კომპანიის დამფუძნებლებისთვის პირველი პროექტი გახლდათ საქართველოში და სრულიად უცხო იყო მათთვის ბევრი დეტალი, რომლის განმარტებაც მუშაობის პროცესში მიწევდა. ჩემი ხელმძღვანელობითა და არაჩვეულებრივი გუნდის ჩართულობით, დღეს უკვე Batumi View პროექტის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ყველაზე მეტად მიხარია კმაყოფილი მომხმარებლები, რომლებთანაც უკვე ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.
წარმატება მოაქვს…
მუდმივ განვითარებასა და შრომას. არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალი და საყვარელი საქმის პოვნა. რადგან, თუ არ მოგწონს ის, რასაც აკეთებ, ვერასდროს შეძლებ მის სრულფასოვნად შესრულებას.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, როგორია მათთან გატარებული თავისუფალი დრო…
მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, ნიკო და ანდრია. მე და ჩემს მეუღლეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, ამიტომაც, ვცდილობთ თავისუფალი დრო ერთად გავატაროთ. ხშირად ვსეირნობთ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. ძალიან მინდა ბავშვებმა ნაკლები დრო გაატარონ ტექნიკასთან, გაჯეტებთან და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. ჩვენს ოჯახში ყველა ერთმანეთს მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ.
არაერთ ქვეყანაში მოგზაურობთ, ეცნობით იქაურ კულტურას, ხელოვნებას, არქიტექტურას. რომელმა მათგანმა მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება…
მოგზაურობა მუდამ ჩემი ცხოვრების დევიზი იყო. 18 ქვეყანაში მიმოგზაურია და უამრავი შთაბეჭდილება მიმიღია, მაგრამ განსაკუთრებულად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში საუდის არაბეთი. გადმოვდგი თუ არა აეროპორტიდან ფეხი, მივხვდი, რომ ჩემთვის სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. საოცარი კონტრასტებისა და განუმეორებელი კოლორიტის მქონე ქვეყანაა, განსხვავებული ტრადიციებითა და მრავალი უცხო კერძით. სულ ორჯერ ვიყავი ამ ქვეყანაში. პირველად ჯიდაში და წელს დედაქალაქში, ერ-რიადში. წილად მერგო პირადად მენახა საუდის არაბეთის პრინცი სულთან ბინ აბელ აზიზი, რომელმაც ძალიან საინტერესო შეხვედრა მოაწყო უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებისთვის. ყოველ წელს ეს ქვეყანა უფრო და უფრო თანამედროვე ხდება, სხვათა შორის, აქ დავძლიე სიმაღლის შიში და ცათამბჯენ Kingdom Tower-ის 99-ე სართულზე ავედი.
გამოცდილება, რომელიც მსურს გავაზიარო…
მაქვს 12-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, კერძოდ, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. 2011 წლიდან ვხელმძღვანელობდი აჭარაში პირველ უცხოურ სამშენებლო საინვესტიციო პროექტის გაყიდვებს. ამის შემდეგ მიწევდა მუშაობა ყველაზე ახალ, ლამაზ და მრავალფუნქციურ პროექტებზე, ძირითადად, უცხოელ ინვესტორებთან, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდიდა ჩემს პროფესიულ განვითარებას. საფუძვლიანად შევისწავლე 4 უცხო ენა, რაც მეხმარებოდა მომხმარებელთან კომუნიკაციისას. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ვაგრძელებ განვითარებასა და გამოწვევებთან გამკლავებას. იმ ადამიანებს, ვინც ახლა კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფება, მინდა ვუთხრა, შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება. მთავარია გიყვარდეს შრომა, იყო მიზანდასახული და გჯეროდეს საკუთარი თავის.
როგორია სილამაზის თქვენეული აღქმა…
პირადად ჩემთვის სილამაზე ასოცირდება ხელოვნებასთან, ბუნებასთან, უბრალოებასთან, რომელიც ყველაზე დიდი სილამაზეა ადამიანში.
მთავარი საყრდენი…
ჩემი ოჯახი, რომელიც მუდმივად მიწყობს ხელს, მაძლევს ძალასა და მოტივაციას არასოდეს დავნებდე. სწორედ ოჯახის დამსახურებაა, რომ დღეს ჩემს პროფესიაში შემდგარი და წარმატებული ვარ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, ვფიქრობ, ამდენს ვერ შევძლებდი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი მშობლების მხარდაჭერა, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან, მეხმარებიან ბავშვების აღზრდაში.
როგორია Batumi View-ის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები…
ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო ბრენდ „ქრაუნ პლაზა“, (Crowne Plaza)-ს სასტუმრო „ბათუმი ვიუ“-ს პროექტის მეოთხე ბლოკის ნაწილში გაიხსნება. სასტუმროში 259 სასტუმრო ნომერი, ღია აუზი, სპა, რესტორანი, ქლაბ ლაუნჯი და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. მომავალში კომპანია უფრო გრანდიოზული პროექტების განხორციელებასა და უძრავი ქონების საქართველოს ბაზარზე ფეხის მყარად მოკიდებას გეგმავს.
ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას…
ჩემს გარდერობში მოიპოვება ყველა სტილის ტანსაცმელი – ჯინსები, კაბები, კლასიკური სამოსი, გააჩნია განწყობას. ზოგადად, ძალიან მიყვარს ფერადი ტანსაცმელი. ჩემი სუსტი წერტილი ფეხსაცმელები და ჩანთებია. ტანსაცმელის წარმომავლობას პრინციპულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია თავი კომფორტულად ვიგრძნო.
ბათუმი და ემოციები, რომელიც ამ ქალაქს ახლავს თქვენთვის…
ყოველგვარი ბანალურობის გარეშე, ეს არის ქალაქი, სადაც გაღვიძება გიხარია. მქონია შანსი, მეცხოვრა საზღვარგარეთ, თუმცა არა, მე მიყვარს ჩემი ქალაქი. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ბათუმელი ვიქნები და თუ შემეკითხებით, თუნდათ 10 წლის შემდეგ, სად ვხედავ ჩემი შვილების მომავალს, აუცილებლად იმავეს გიპასუხებთ. ზოგჯერ, დატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვერ ვიაზრებთ, რაოდენ ლამაზ გარემოში ვცხოვრობთ. ზღვის სურნელი გაღვიძებისას, საუზმე ძველი ბათუმის ულამაზეს ქუჩაზე, გასეირნება ბულვარში, საღამოს ხარისხიანი მუსიკის მოსმენა მეგობრებთან ერთად კარგ რესტორანში, და მზის ჩასვლით ტკბობა ყოველ საღამოს. განა შეიძლება ინატრო სხვაგან ცხოვრება?
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე