აჰა, უკვე მეორედ მხვდა ბედნიერება ქალბატონ ლანასთან ინტერვიუ ჩამეწერა. მასთან მისვლისას, ყველა ჯერზე ისე ვნერვიულობ, თითქოს მისაღებ გამოცდებზე უნდა გავიდე… პირველად რომ შევხვდი, „ოქროს ძაფზე“ მუშაობდა. ახლა, როდესაც მეორედ მივედი მასთან, აღმოვაჩინე, რომ ქალბატონი ლანა ისევ ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც თითქოს იმ „ოქროს ძაფის“ ლოგიკური გაგრძელებაა ასაკშიც, მოდუნების საშუალებას და ბავშვობასთან უხილავი კავშირის გაწყვეტის უფლებას რომ არ გაძლევს. ინტერვიუდან გამოსული მივხვდი, რომ სანამ შაშვის გალობა ისმის, ღმერთია ჩვენი მოწყალე. ჰორიზონტზე კი ჩამავალ მზემდე ჯერ დიდი დროა, რადგან კინორეჟისორის სიცოცხლისადმი სიყვარული და დამოკიდებულება შუადღის მზესავით მწველი და კაშკაშაა. ჰოდა, გაუმარჯოს იმ ბედნიერ დღეს, როცა ლანა ღოღობერიძე გაჩნდა ამ ქვეყანაზე − დიდი ტრაგიზმით, საოცარი შინაგანი სამყაროთი და სიცოცხლის სიყვარულით სავსე შემოქმედი. სხვა დანარჩენს კი OK!-ის ინტერვიუში ამოიკითხავთ.
რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში?
ველოდები „ოქროს ძაფის“ პრემიერას ტოკიოში. იცით, გაოცებული ვარ, როგორი დიდი ინტერესი გამოიჩინეს იაპონელებმა ამ ფილმის, იქ გაჟღერებული ნებისმიერი ფრაზის თუ სიტყვის მიმართაც კი. გარდა ამისა, ინტენსიურად ვმუშაობ ახალ ფილმზე − დედაჩემის შესახებ. რასაკვირველია, ჩემთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც დედაჩემი, რომელიც კინორეჟისორი გახლდათ, იყო საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი, მილიონობით ქალის მსგავსად ისიც ათი წლით გადაასახლეს იმიერპოლარეთში, მისი ფილმები კი იკრძალებოდა. მგონია, რომ ეს საინტერესო თემაა ყველასთვის, რადგან განზოგადების საშუალებას იძლევა. შემდეგ იყო დედას დაბრუნება ცხოვრებაში. ახლახან მისმა ფილმებმა მსოფლიო მოიარა და ძალიან საინტერესო გამოხმაურებებიც ჰქონდა. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც ეს წიგნი − „ვისთვის გალობს შაშვი“, ისე ეს ფილმი იქნება ცხოვრების შედეგი ჩემთვის.
მგონია, რომ დაბრუნებამ აღძრა ფილმის გადაღების სურვილი… დედა-შვილი, მარადიული წყვილი − ეს ფენომენია ყველაფრის საწყისი?
თქვენ ზუსტად ამბობთ ჩემს სათქმელს. დედისა და შვილის ურთიერთობა ყველაზე მყარი და უტყუარია. აქ არ შემოდის არც ამბიციები, არც პირადი გამოცდილება, არც კომპლექსები. სუფთა, ბიოლოგიურად დეტერმინირებული ურთიერთობაა: დედა და შვილი. სისტემას, რომელიც ამას ებრძოდა, სურდა ეს გრძნობები ჩაეხშო ადამიანში. მილიონობით ქალი გასამართლების, ბრალდების წაყენების გარეშე გადაასახლეს, მოსწყვიტეს ოჯახებს, შვილებს, და იქ, სადაც ისინი აღმოჩნდნენ, არავის სჭირდებოდათ, აქ კი, მარტო დარჩენილი შვილები იყვნენ. თუმცა, კავშირი, რომელიც არსებობს და რის გამოც ეს წყვილი მარადიულია, არასდროს წყდება და არ იკარგება. ამას ყველაზე კარგად მაშინ მივხვდი, როცა დედა დაბრუნდა.
თქვენს წიგნს მუდამ გასდევს ლაიტმოტივად: „მოყვრად აქციე მტერი“. ნუთუ ეს შესაძლებელია?
მოყვასის სიყვარული ბევრად ტევადი ცნებაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. აშკარაა, რომ დღეს საქართველოში მოყვასის სიყვარულის საპირისპირო ვნებები მოქმედებს. ჩვენი პოლიტიკოსები კი, ყოველთვის მტრის ხატის დახატვით არიან დაკავებულნი და არა პირიქით − მტრის მოყვრად გადაქცევის სურვილით.
თუ მტერს სინანული არ აქვს, მაინც შესაძლებელია მისი მოყვრად გადაქცევა?
ყველაფერი სინანულის შეგრძნებით იწყება.
რადგან პოლიტიკოსები ახსენეთ, არ შემიძლია არ ჩაგეკითხოთ: სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა თქვენმა ღია წერილმა საზოგადოების ერთ ნაწილს თითქოს გული დასწყვიტა.
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთავარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იყო. პოლიტიკურ პროცესებში დიდი ხანია აღარ ვერევი. მგონია, რომ ასაკი მაძლევს უფლებას მოვუძებნო ინდულგენცია საკუთარ თავს, რადგან ჩემი დრო იწურება და მე აღარ მინდა დარჩენილი საათები თუ წლები შევალიო ამწუთიერ წარმავალ ვნებებს, ანუ იმას, რაც პოლიტიკის არსია.
ბედისწერის გჯერათ?
არსებობს რაღაც ირეალური, რაც არ ვიცით, რასაც ვერ ვიგებთ − გინდ ღმერთი დაარქვით და გინდ აბსოლუტური ძალა (როგორც ჰეგელი უწოდებდა), მაგრამ ეს ძალა ნამდვილად არსებობს, რომელიც ყველაფერს განაგებს. თუმცა თუ ხარ პიროვნება, უნდა შეგეძლოს შეებრძოლო ამ ბედისწერას და ხანდახან დაიმორჩილო კიდეც.
თქვენ ძალიან ბევრჯერ მოგიწიათ ბედისწერასთან შებრძოლება…
რა თქმა უნდა. აბა, რომ წარმოიდგინოთ შვიდი წლის ბავშვი, მარტო დარჩენილი ბიძასთან, მერე იმ ბიძასაც იჭერენ… საოცარი მარტოობის განცდა მქონდა. მამარდაშვილს თუ გავიხსენებთ, ქართულ ისტორიაში არის მხიარული ტრაგიზმი: თან ტრაგიკულია მთელი ჩვენი არსებობა − ქვეყნის, პიროვნების, და თან ამავე დროს არის რაღაც ძალა, სიცოცხლის, სიყვარულის, უბრალოდ, მხიარულების ძალა. აი, ისეთი, ჩვენ რომ შეგვიძლია − მაინც მოვილხინოთ, ვიქეიფოთ. ფიროსმანის ტილოებს თუ გავიხსენებთ, მუდამ ქეიფებია. არადა, იმ დროს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დუქნებში დადიოდნენ, არაფერი საქეიფო არ ჰქონდათ. მაგრამ ხანდახან საჭიროა ქარაფშუტობაც კი, იმისთვის, რომ შექმნილი რთული სიტუაციიდან საკუთარი თავი გამოიყვანო.
ვკითხულობთ თქვენს თარგმანებს ან თქვენს გაშინაარსებულ ლექსებს და გვგონია, რომ თქვენი დაწერილია. პოეზიის ასეთი სიყვარული საიდან მოდის?
ესეც ადრეული ბავშვობიდან მომყვება: „ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი, რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა!“ − სანაპიროზე დედაჩემის ნათქვამი ეს ფრაზა განსაკუთრებული სიმძაფრით მახსოვს და მომყვება ბავშვობიდან. ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი − ჩემს მოგონებებში და ჩვენს სახლში. ჩვენ, იმ ძალიან მძიმე წლებში, გამოსავალი მართლა პოეზიაში ვიპოვეთ და როცა 14 წლის რეზო თაბუკაშვილმა დაწერა: „დღეს სიხარულიც ნაღვლისფერია“, იყო ჩვენი რეალობის გამოძახილი − მიუხედავად იმისა, რომ ნაღვლისფერ სიხარულში ვიცხოვრეთ, ის მაინც სიხარული იყო.
მარტოობის შეგრძნება, რაზეც წიგნშიც საუბრობთ, ჰგავს იმ მარტოდ დარჩენილი ბავშვის შეგრძნებებს, დედა რომ გადაუსახლეს?
მარტოობა ზოგჯერ აუცილებელია. ეს არის საკუთარ თავთან დარჩენის და დაფიქრების საშუალება. ამ დროს შეგიძლია შენი ცხოვრება გაიაზრო. სიბერე თავისთავად ნიშნავს მარტოობას − სხვათა სივრცეში ცხოვრებას. სხვათა შორის, იაპონელები სულ ამაზე მეკითხებოდნენ, ძალიან მოხვდათ ეს სიტყვები. მართლა ასეა. მუდამ მარტოობა საშინელებაა, მაგრამ როცა შენ შეგიძლია მარტოც დარჩე და ამავე დროს ეს ურთიერთობა ვინმეს გაუყო ისე, რომ მარტოც არ იყო, ეს ძალიან კარგია. მეგობრები თითქმის აღარ დამრჩა − აი, ეს კი ყველაზე ტრაგიკული რამაა ამ ყველაფერში. ამ სიცარიელეს არაფერი ავსებს. მაგრამ თავშესაფარს სხვა ურთიერთობებში პოულობ − შვილებთან, შვილიშვილებთან, და ეს ავსებს ცხოვრებას. და, ფიქრი. ოქროს ძაფი რომ გადავიღე, ძალიან მინდოდა ფიქრი ყოფილიყო მოქმედი პირი − ფიქრი, როგორც ემოცია და ფიქრი, როგორც მოქმედება. ეს ყველაფერი ერთად, შეადგენს ადამიანს.
მგონია, რომ თქვენმა წარსულმა შეგქმნათ და თქვენი შემოქმედებაც ამით არის ნასაზრდოები. თავიდან რომ იწყებდეთ, ისევ ამ ცხოვრებას აირჩევდით?
რა თქმა უნდა. ამ მძიმე ცხოვრებას ისევ გავივლიდი, ეს იმდენად ჩემია. სხვათა შორის, არსებობს თეორია: ყოველი შემოქმედის ქმნილება ჩნდება ბავშვობაში გადატანილი ტრავმიდან. ეს მართლა ასეა − თითოეულ ჩემს ფილმში, ჩემს წიგნში, ამის გამოძახილია. რაც უფრო დიდი რყევა გაქვს გადატანილი, სხვა რამეს უფრო მძაფრად აღიქვამ.
და შესაბამისად, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს?
ეს დიდი ცხოვრებისეული სიბრძნეა. მართლა ასეა − რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ეს ფაქტია.
„რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს“… გაუმარჯოს დედამიწაზე ჩვენი გაჩენის ბედნიერ დღეს?..
„და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე“. ცხოვრება მუდმივად ახალი კარის შეღების პროცესია: ერთ კარს კეტავ, მეორეს აღებ. და, თუ იგრძნობ, რომ ამ კარს უკან რაღაც საინტერესო გელოდება, ეს სიცოცხლის ჟინით გავსებს.
დაბოლოს, ეს შაშვი, რომელიც აქ თქვენთვის გალობდა, ჰგავდა თუ არა იმ ჩიტებს იქ, იმიერპოლარეთში, გადასახლებული დედების თავზე რომ გალობდნენ?
კი, ნამდვილად. ეს არის მთელი ჩვენი სამყაროს მეტაფორა. შაშვი გალობს და შენ გევალება ცოტა ხანს გაჩუმდე, ყური მიუგდო შაშვის გალობას. მიხვდე, რომ ასე თავგადაკლულად და გულში ჩამწვდომად, შაშვი გალობს შენთვის. ყველასთვის გალობს. ამის მჯერა გულით და სულით. ზუსტად ის ჩიტები გალობდნენ იქ, იმიერპოლარეთში, თავიანთი სიმღერით თანაგრძნობა რომ გამოუცხადეს უსამართლოდ დატყვევებულ ქალებს. ჩიტები მუდამ გალობენ და მათი გალობა არის შენი სიხარული. პოეზიას და ბუნების სილამაზეს შეუძლია დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს. ამისთვის კი, ხანდახან ისიც საკმარისია, გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვს, რომელიც შენთვის გალობს.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე