„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. ერთ-ერთი გავრცელებული კარდიოლოგიური რისკის შემცველი დაავადება ობსტრუქციული ძილის აპნოეა. ძილის აპნოე არის სერიოზული პათოლოგია, რომლის დროსაც ხდება სუნთქვის განმეორებადი ხანგრძლივი გაჩერება, რაც იწვევს ძილის დარღვევას, სისხლში დროებით ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და ნახშირორჟანგის რაოდენობის გაზრდას. ძილის ამ გავრცელებული დარღვევის შესახებ რამაზ ბათავანი − „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გვესაუბრება.
უპირველესად, გაგვეცანით. გვიამბეთ, რამ გამოიწვია თქვენი პროფესიისადმი დაინტერესება?
მედიცინაში მკურნალობის მუდამ ახალი ტექნოლოგიები და მეთოდები ინერგება. ამის მიუხედავად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რატომ ხდება, რომ ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სწორედ ამ დაავადების გართულებებით ამთავრებს სიცოცხლეს? მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები უდავოა − დაავადების ადრეულ პრევენცია არის ის, რასაც შეუძლია მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. სწორედ ამ გარემოებას დაედო საფუძვლად ჩემი არჩევანი − დავუფლებოდი ექიმის პროფესიას. 30 წელზე მეტია ამ მიმართულებით ვმუშაობ. ამ პერიოდში ბევრი სიახლე და მიღწევა დამკვიდრდა კარდიოლოგიის დარგში.
გვესაუბრეთ, რომელი ასპექტია ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში?
ჩემი ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკის განმავლობაში ბევრ ადამიანს დავეხმარე, მაგრამ ამ გზაზე რამდენ წარმატებასაც უნდა მიაღწიოს ექიმმა, პაციენტის გარდაცვალება და მასთან დაკავშირებული გულისტკივილი არასოდეს გახდება უბრალო სტატისტიკა. გულწრფელად გეტყვით − რთულია, როდესაც მძიმე სენით დაავადებული, უიმედო პაციენტის ახლობლებს, რომლებიც იმედით შემოგყურებენ, თვალებში შეხედო და აუხსნა სამწუხარო ამბავი. მერწმუნეთ, ეს ჩვენი პროფესიის ყველაზე რთული მომენტია. მით უფრო, როდესაც იცი − ამ პაციენტს რამდენიმე წლით ადრე რომ შეხვედროდი, დაავადების პრევენციით, მის გადარჩენას შეძლებდი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პაციენტი დაგვიანებით მიდის ექიმთან, როდესაც მდგომარეობა ძალიან რთულდება. ამიტომ ჩვენს პროფესიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადრეულ ეტაპზე დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, რომლის მიღწევა შესაძლებელია ექიმთან დროული ვიზიტით და ჯანმრთელობისთვის საშიში, ხშირად მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების შემცირებით.
თქვენი დაკვირვებით, წლების განმავლობაში რამდენად იცვლება კარდიოლოგია?
საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი კარდიოლოგიური კლინიკები, სადაც შესაძლებელია მაღალი დონის მკურნალობის ჩატარება. კარდიოლოგია, ისევე, როგორც სხვა სამედიცინო დარგები, მუდმივად ვითარდება, რაც აისახება სამკურნალო პროცესის სრულყოფაზე, პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაზე.
პაციენტებთან ურთიერთობა რამდენად მარტივია? როგორი მიდგომებით ცდილობთ მათ დამშვიდებას და ნდობის მოპოვებას?
პაციენტებთან ურთიერთობისას მარტივი პრინციპით ვხელმძღვანელობ: ვცდილობ წუთით მაინც წარმოვიდგინო ჩემი თავი მათ ადგილას და მოვექცე ისე, როგორ მოპყრობასაც მე ვისურვებდი სხვა ექიმისგან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის გასაგებ ენაზე დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. თანამედროვე მედიცინაში ფართოდ ინერგება ახალი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიები, რაც ზოგჯერ ექიმსა და პაციენტს შორის უშუალო ურთიერთობის გარკვეულ დეფიციტს აჩენს. ამიტომ მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის საკმარისი დროის დათმობა, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები.
ერთ-ერთი გავრცელებული კარდიოლოგიური რისკის შემცველი დაავადებაა ობსტრუქციული ძილის აპნოე. გვიამბეთ ამის შესახებ. რა სახის სიმპტომებს მოიცავს იგი?
ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს რბილი სასა, ნაქი და ხახის კუნთები ძილის დროს დუნდება, რაც იწვევს სასუნთქი გზის ნაწილობრივ დახშობას და ხმაურიან სუნთქვას, პერიოდული ხანმოკლე პაუზებით. ჩვეულებრივ, ასეთი პაციენტები ძილის დროს ხვრინავენ და დილით იღვიძებენ გამოუძინებლობის შეგრძნებითა და ზოგჯერ თავის ტკივილით. ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს ორგანიზმს უმცირდება ჟანგბადის მიწოდება, რაც იწვევს განგაშის ჰორმონების გამოთავისუფლებას სისხლში. თავის მხრივ, ეს რთავს რიგ საპასუხო მექანიზმებს, იზრდება სუნთქვის ცენტრის აქტივობა. პერიოდული გამოღვიძებები განაპირობებს ქრონიკულ დაღლილობას, მოთენთილობას, გამოუძინებლობასა და სიფხიზლის მოდუნებას.
რა და რა ტიპის ძილის აპნოე არსებობს?
ძილის აპნოე სხვადასხვა სახისაა: ობსტრუქციული, ცენტრალური და შერეული ტიპის. ობსტრუქციული ძილის აპნოე ყველაზე გავრცელებული ძილის დარღვევაა. საშუალო ასაკის მამაკაცების დაახლოებით 34%-ს, ხოლო ქალების დაახლოებით 17%-ს ძილის ამ დარღვევის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები აქვთ. ობსტრუქციული ძილის აპნოე არასაკმარისად არის დიაგნოსტირებული. საშუალო და ხანდაზმულ ასაკში მისი გავრცელება რასის/ეთნიკური წარმომავლობის, სქესისა და სიმსუქნის ხარისხის მიხედვით იცვლება.
გვიამბეთ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე და დაავადების რისკ-ჯგუფებზე.
ობსტრუქციული ძილის აპნოეს დადგენილ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს მამრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი და სიმსუქნე. 690 ადამიანის პოპულაციაზე დაფუძნებული კოჰორტული კვლევით გამოვლინდა, რომ წონის 10%-იანი მატება იწვევს ობსტრუქციული ძილის აპნოეს ინდექსის (ე.წ. აპნოე-ჰიპოპნოეს ინდექსის) 32%-ით მომატებას. კიდევ უფრო ძლიერი კორელაცია არსებობს ობსტრუქციულ აპნოეს, წელის გარშემოწერილობასა და კისრის ზომას შორის.
რა სახის გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას? არის თუ არა საშიში ძილის აპნოე?
ობსტრუქციული ძილის აპნოე, სხვა პათოლოგიური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, ზრდის გულის კორონარული არტერიების დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიების (მათ შორის, წინაგულთა ფიბრილაციის) და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.
ობსტრუქციული ძილის აპნოე, როგორც თანმხლები დაავადება, ხშირია და აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების დაახლოებით 30%-იდან 50%-ს. დაავადების სიხშირე კიდევ უფრო მაღალია რეზისტენტული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომელთა 80%-ს აქვს ძილის აპნოე.
ობსტრუქციული ძილის აპნოე 2-ჯერ ზრდის კორონარული არტერიების (გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვები) დაავადების განვითარების რისკს.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
ობსტრუქციული ძილის აპნოეს საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირება ხდება სტაციონარული მრავალარხიანი პოლისომნოგრაფიის ან ბინის პირობებში სომნოგრაფიის გამოყენებით.
შესაძლებელია მკურნალობით დაავადებისგან სრულად გათავისუფლება?
ობსტრუქციული ძილის აპნოეს სამკურნალოდ გამოიყენება ავტომატური გახანგრძლივებული დადებითი წნევის პორტატიული სასუნთქი აპარატები, პირის ღრუს დამჭერი სპეციალური მოწყობილობები და სასუნთქი გზების ნეიროსტიმულაცია. ამასთან ერთად, რეკომენდებულია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სხეულის წონის კორექცია, სწორი კვება, რეგულარული და ზომიერი ფიზიკური აქტივობა და რაც მთავარია, ექიმის დანიშნულებისა და რჩევების ზედმიწევნით შესრულება. ეს შესაძლებელს გახდის ამ დაავადებისგან თავის სრულად დაღწევას.
დაბოლოს, რას ურჩევდით თქვენს პაციენტებს?
პაციენტებს, უპირველესად, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვურჩევ სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმთან ვიზიტი დაგეგმონ. დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების წინაპირობაა.
web: https://www.newhospitals.ge/ka/
ტელ: 032 2 190 190
მის: კრწანისის ქ. 12, 0162 თბილისი
ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი
ფოტო: ალექსეი სეროვი