თუ ჩემზე ამბობენ, ძალიან კარგი ექიმი და თან კარგი ადამიანიაო, ეს არის უდიდესი კომპლიმენტი
ექიმობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ერთ დღესაც, სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. მარინა მამალაძის იმდროინდელი სურვილი, შეეცვალა სტომატოლოგის პაციენტებთან მიდგომა, შესრულებულია. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანს არა მხოლოდ თავისი პროფესია, არამედ პაციენტებიც ძალიან უყვარს. პროფესიული არჩევანის გაკეთებიდან დიდი დრო გავიდა და მრავალი წელია თვითონ ასწავლის ახალგაზრდებს სტომატოლოგიას. ერთდროულად ლაღი, ძლიერი, გულისხმიერი და საოცარი ხიბლის მქონე ქალი გვიყვება თავისი წარმატების ამბავს.
ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორსა და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის „უნიდენტის“ დირექტორს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტს, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) საქართველოს სექტორის რეგენტს, პროფესორ მარინა მამალაძეს.
ქალბატონო მარინა, დავიწყოთ თავიდან, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
სოლოლაკში, ტიპურ თბილისურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების პერიოდში სტომატოლოგიაზე არ ვოცნებობდი, ინგლისური ენის მასწავლებლობა მინდოდა, თუმცა, ერთ დღეს კბილი ამტკივდა და სტომატოლოგთან მივედი. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი ვიზიტი სტომატოლოგიურ კლინიკაში, რამაც ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა. წარმოუდგენელია ალბათ, სტომატოლოგთან სამკურნალოდ მისულ ადამიანს გაგიჩნდეს რაიმე სხვა აზრი, გარდა იმისა, რომ არ გეტკინოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა. მახსოვს, როგორ გამოვედი იმ ყოვლად უსახური კლინიკის უსახურ მისაღებში ხელში ინგლისური ენის სახელმძღვანელოთი. უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ სტომატოლოგობა მსურდა. დღეს რომ ვუფიქრდები, თუ რა მოხდა იმ დღეს, ვხვდები, რომ სასტიკად არ მომეწონა კლინიკის მოუწესრიგებელი ჰოლი, ის, რომ არცერთი პაციენტი არ იჯდა პრივატულ გარემოში. ერთ დიდ ოთახში ხუთი ექიმი ერთად იღებდა პაციენტს. არც სუნი არ მომეწონა იქ – სპეციფიკური სტომატოლოგიური მასალების სუნი და, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმ კლინიკაში ჩემთვის უცნობი, მაგრამ მაგიური გარემო იდგა. სტომატოლოგობამდე ბევრი მაკლდა, მაგრამ ოცნებაში ჩემი მომავალი სამუშაო გარემო სულ სხვაგვარად წარმოვიდგინე: პატივსაცემი და კომფორტული სივრცე, სადაც მათ კიდევ დაბრუნება მოუნდებოდათ. ცხადია, ეს ყოველივე სკოლის მოსწავლის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ემოციური ფიქრები იყო, რადგან ოცნების რეალიზაციამდე წინ გრძელი, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა მელოდა.
ჩემს გადაწყვეტილებას ჩემი ოჯახი მძიმედ შეხვდა, ეს მათთვის დიდი სიურპრიზი იყო, ძნელი იყო ამ ტრანსფორმაციის გაგება, მიღება – მით უფრო, ჩემს გვარში არავინ იყო ექიმი, თანაც სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. მიუხედავად ოჯახის ამ განწყობისა, მაინც ჩავაბარე სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე და წარჩინების დიპლომითაც დავამთავრე. ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ვიტყვი: წარმატება ყოველთვის მახლდა თან – სკოლაში, უნივერსიტეტში, ასპირანტურაში სწავლისას და შემდგომაც. ძალიან კარგად ვსწავლობდი, თუმცა ხალისიანი თბილისური ცხოვრებითაც ვცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისამ შევქმენი ოჯახი და 19 წლისას უკვე შვილი მყავდა, მაინც შევძელი დამებალანსებინა პირადი ცხოვრება და კარიერა. ყოველთვის მქონდა სიცოცხლის ხალისი და მისი უკიდეგანო სიყვარული.
საიდან იწყება თქვენი კარიერული გზა?
ზუსტად იმ დღიდან, როცა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტმა შანსი მომცა, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მის სასწავლო სივრცეში დავეტოვებინე. ამის შემდეგ მოსკოვში დავამთავრე ასპირანტურა. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ თბილისში დავბრუნდი და იმ დღიდან აქტიურ სამედიცინო საქმიანობასთან ერთად, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა როგორც ასისტენტ პროფესორმა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნა, ვიტყოდი, რომ ნაყოფიერად გამოვიყენე. პროფესიული დახელოვნება და სამეცნიერო კვლევა აშშ-ში, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში სადოქტორო დისერტაციის დაცვით დასრულდა.
მტკიცედ მწამს, რომ სტომატოლოგიის მასწავლებელი, პირველ რიგში ,მაღალი კომპეტენციის მქონე ექიმი უნდა იყოს. პირველმა სწორედ მან უნდა უჩვენოს მომავალ ექიმს, თუ რა და როგორ უნდა აკეთოს, საკუთარი მაგალითით ასწავლოს პაციენტებთან კომუნიკაცია, სტუდენტებთან ერთად მართოს კლინიკური სიტუაციები და საჭიროების შემთხვევაში გამოასწოროს კიდეც ზოგიერთი ხარვეზი. ჩემს მეხსიერებას სწორედ ასეთი პროფესორები შემორჩნენ. ამიტომ მათ არა მარტო ჩემი პროფესიის, არამედ ცხოვრების მასწავლებლებადაც მივიჩნევ. მას შემდეგ, რაც ექიმობა გადავწყვიტე, ამ „საქმეში“ იდეალის ძებნაში ვიყავი. კარგა ხანია ეს იდეალი ვიპოვე – დიდი ექიმი და დიდი მასწავლებელი, უძლეველი და უნიკალური ფიცის ავტორი ჰიპოკრატე.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო წარმატებული შენს სფეროში?
უპირველესად, საჭიროა კარგი აკადემიური განათლება. ექიმს ძლიერი საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, მუდმივად უნდა გრძნობდე ახალი ცოდნის შეძენის აუცილებლობას და ყველაფერს აკეთებდე ამისთვის. უნდა ფლობდე ერთ უცხოურ ენას მაინც. თანამედროვე მიღწევების გაცნობისა და მათი დანერგვის გარეშე წარმატება ან არ მოვა, ან ძალზე ხანმოკლე იქნება. ექიმს უნდა შეეძლოს ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი მოსმენა, დარწმუნება, ემპათია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოლეგებთან ურთიერთობის უნარს და კონსულტირების კულტურას. ექიმს ამშვენებს მკაფიო და გამართული მეტყველება, ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის ანალიტიკურ აზროვნებას. ზემოთქმულს სტომატოლოგიასა და მედიცინის ბევრ დარგში ზუსტი პრაქტიკულ-კლინიკური უნარების ფლობაც ემატება. ამ ყველაფერთან ერთად ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჟინი, რომ შეძლებს პაციენტისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებასა და დაავადებაზე გამარჯვებას.
ჩამოსათვლელად თითქოს ბევრია, მაგრამ ჩვენ მედიცინაზე ვსაუბრობთ, დარგზე, სადაც შეცდომა ან სისუსტე განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქმება და სავალალო შედეგები მოაქვს, წარმატება და თავდადება კი სიყვარულითა და პატივისცემით გაჯილდოებს. ტყუილად კი არ მთავრდება ჰიპოკრატეს ფიცი სიტყვებით: „ამ ფიცის პირუთვნელი შესრულებისთვის მომეცეს ბედნიერება ცხოვრებაში, სიხარული – ოსტატობაში და დიდება – ხალხში“.
რისგან იღებთ მოტივაციას?
როდესაც სახელმძღვანელო „ოპერაციული ოდონტოლოგია“ დავწერე, მას წავუმძღვარე: „ვუძღვნი ჩემი მასწავლებლების ნათელ ხსოვნას და ჩემი შთაგონების წყაროს – ჩემს მოსწავლეებს“. მე ახალგაზრდებთან ვმუშაობ და ვგიჟდები მათზე. ყოველი ახალი თაობა სჯობს წინას, და ეს ასეც უნდა იყოს! ყოველი წინა თაობა უნდა ხედავდეს და აფასებდეს ახალს. მათ მოაქვთ სტილი, ენერგია, სურვილები, ნოვაცია, მოაქვთ სიცოცხლით ტკბობის ნეტარება და, რა გასაკვირია, რომ ისინი ჩემს შთაგონებასა და მოტივატორებს წარმოადგენდნენ.
რა გაბედნიერებთ?
ვცდილობ წვრილმანებით დავტკბე და არ ვიყო უმადური. სიცოცხლე თავად დიდი საჩუქარია და მისით მუდამ აღფრთოვანებულნი უნდა ვიყოთ. არ ღირს, მხოლოდ გრანდიოზული ჩანაფიქრების განხორციელების შემდეგ დაგვეუფლოს ბედნიერების გრძნობა. მაგალითად, ბედნიერი ვიყავი, როდესაც ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენას დავესწარი და ჩვენი დასი არა მხოლოდ დიდებულად მომღერალი და მოცეკვავე, არამედ ლამაზად ჩაცმულიც ვიხილე. მახარებს შეყვარებული წყვილების დანახვა, გამართული ქართულით მოსაუბრე ხალხის მოსმენა და მათი ნაწერის კითხვა. მაბედნიერებს ჩემი შვილებისა და მოსწავლეების მიღწევები, ჩემი მეუღლის კეთილდღეობა, ჩემი ქვეყნის წარმატება, ჩემი დროშის ფრიალი.
რა არის თქვენი გატაცება?
გატაცებული ვარ მხატვრობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში განათლება არ მიმიღია, ბევრ ადამიანს შევეჯიბრები მხატვრობის ცოდნაში. ვცდილობ წელიწადში ერთხელ მაინც შევიძინო ნახატი, მინდა ჩემს შვილიშვილებს დარჩეთ ჩემგან.
ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?
ერთის გამორჩევა ძალიან მიჭირს. ვგიჟდები ლადო გუდიაშვილის ხაზებზე, რადიშ თორდიას ფერების სინაზეზე და რუსუდან ფეტვიაშვილის სითამამეზე.
ძალიან ბევრი რეგალია გაქვთ, რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
მასწავლებლობა, ჩემი დარგის (და არამარტო) მასწავლებლობა. მასწავლებლობის ხელოვნებას ბევრ ქვეყანაში დიდხანს ვეუფლებოდი. კვეხნით არ ვიტყვი, მაგრამ სიამოვნებით და სიამაყით აღვნიშნავ, რომ ქართულ სტომატოლოგიაში მოსწავლეთა რაოდენობაში ვერავინ დამეწევა.
რას ეტყოდით ქალებს, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
თავის სიცოცხლეში ადამიანი ორჯერ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს. პირველად, როცა პროფესიას ირჩევს და მეორედ – ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. ამ კუთხით გამარჯვებაც და მარცხიც ჩვენი „დამსახურებაა“. ორივე შემთხვევაში წარმატება სწორ არჩევანზეა დამოკიდებული, მაგრამ პროფესიაში წინსვლისთვის ახალგაზრდას ხელშეწყობაც სჭირდება. როდესაც ოჯახი ახალი შექმნილი გაქვს, შვილი გყავს, სწავლობ და კარიერის აწყობას ცდილობ, ოჯახის მხარდაჭერა აუცილებელია. ამ დროს მხოლოდ დროის სწორი განაწილება არ არის საკმარისი, რეალური დახმარებაა საჭირო. მე მადლიერი ვარ, რომ თავის დროზე ჩემი მიზნების განხორციელებაში მხარში ამომიდგნენ და თავისუფლება მომცეს. რას ვეტყოდი გოგონებს? გამახარებს თქვენი წარმატებები, თუმცა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ მაშინ იქნებით ძლიერნი, როცა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ისწავლით.
სამომავლო გეგმები
მე ვარ მუდმივად მოსწავლე. ამ სტატუსში თავს გაცილებით ლაღად ვგრძნობ. მსიამოვნებს პროფესიული და აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაც და მათში მონაწილეობაც. უსწრაფესი ტემპით განვითარებად სტომატოლოგიაში ამ სტილში ცხოვრება აუცილებელიცაა და სასიამოვნოც. ყველა ჩემი გეგმა აკადემიურ და საექიმო საქმიანობას უკავშირდება. ამ მიმართულებებში კი უამრავი სიახლეა. ასე, რომ ვირჩევ და ვახორციელებ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ყველაზე საჭიროსა და საინტერესოს.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი