განათლებით ინჟინერსა და პროფესიით ჟურნალისტს ის აზრი, რომ ოდესმე თავად ყოფილიყო რომანის ავტორი, ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ გაუჩნდა… „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო რომანია. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, აფრთხილებდნენ, რომ ლიტერატურულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ადვილი არ არის. თუმცა ამას არ შეუშინებია, რომანი დასრულებისთანავე გამომცემლობებს გაუგზავნა, დაინტერესებაც მალევე მოჰყვა და წიგნი დაიბეჭდა. მკითხველისგან კომპლიმენტები მიიღო,
შემდეგ კი ნომინირებული იყო „საბაზე“ – საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ჟურნალ OK! -ის ლიტერატურის, საკუთარი წიგნის, მკითხველისა და თანამოაზრეების შესახებ ირაკლი მაჩიტაძე ესაუბრა.
ირაკლი, უპირველესად, გაეცანით ჩვენი ჟურნალის მკითხველს.
განათლებით ინჟინერი ვარ. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. თუმცა 22 წლის ვიყავი, როდესაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და მას მერე ჟურნალისტიკისთვის არ მიღალატია. მეგობრებთან ერთად ტელეკომპანია „რიონში“ და საქართველოს მეორე არხზე მუსიკალურ გადაცემებს ვაკეთებდი. შემდეგ, როდესაც კერძო რადიომაუწყებლობის საკანონდებლო საფუძვლები შეიქმნა, FM რადიოკომპანია დავაარსეთ და აგერ უკვე თითქმის 30 წელია, რაც რადიო „ძველ ქალაქს“ ვხელმძღვანელობ – დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საინფორმაციო ანალიტიკურ, გასართობ გადაცემებს და ხარისხიან მუსიკას ვთავაზობთ.
რა ადგილი უჭირავს ლიტერატურას თქვენს ცხოვრებაში?
კითხვა ყოველთვის მიყვარდა. ვკითხულობდი ყველაფერს, კლასიკით დაწყებული, სათავგადასავლო ლიტერატურით დასრულებული. მგონია, რომ კარგი გემოვნება მაქვს და ჟანრის მიუხედავად, ხარისხიან ლიტერატურას ადვილად გამოვარჩევ ხოლმე. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც გახარებულმა მამამ სახლში ჯემალ ქარჩხაძის „მდგმური“ მოიტანა, ჩემმა დეიდაშვილმა დაწერაო – ამაყად გვითხრა. „მდგმური“ ქარჩხაძის სადებიუტო რომანია და ბუნებრივია, მაშინ თითქმის არავინ იცნობდა. მახსოვს, საკმაოდ დიდხანს ვუვლიდი გვერდს, ვფიქრობდი, რომ დიდების საკითხავი წიგნი იქნებოდა. შემდეგ წავიკითხე და გავგიჟდი, ისე მომეწონა. ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, ყველას წავაკითხე…
დღემდე ბევრს ვკითხულობ. ვცდილობ, საქმის კურსში ვიყო, რა ხდება მსოფლიო ლიტერატურაში და მათ შორის ქართულში. ლიტერატურას დღეს ბევრი კონკურენტი ჰყავს. კინო, სერიალები, ათასგვარი ანიმაცია და სოციალური ქსელები. ყველა ეს საშუალება უკვე გამზადებულ, სხვის მიერ მოფიქრებულ და შექმნილ ვიზუალს გვთავაზობს. მაგრამ მხოლოდ ნამდვილი, კარგი წიგნი ქმნის იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც შენს ცნობიერებაში იბადება.
„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ თქვენი სადებიუტო რომანია. გვიამბეთ წიგნის შესახებ. სად ვითარდება მოქმედება და ვინ არიან თქვენი რომანის გმირები?
მოქმედება საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება. თუმცა მოთხრობილი ამბავი ისეთია, შეიძლებოდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარიყო. რომანის გმირები ჭკვიანი, ენერგიული და ამბიციური ადამიანები არიან. ისინი ცდილობენ ცხოვრების პასიური დამკვირვებლები არ იყვნენ და მათ ირგვლივ არსებული სამყარო შეცვალონ, უკეთესი გახადონ, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიც მათ ესმით და წარმოუდგენიათ. წიგნი ჟანრობრივად დეტექტივისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებსაც შეიცავს და როგორც ამბობენ, ძალიან საინტერესოდ, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მკითხველების დიდი ნაწილის შეფასება.
„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ – რატომ ეს სახელწოდება?
სიკვდილის ლურჯი ეკრანი, იგივე Blue Screen of Death სინამდვილეში ძალიან ცნობილი „მიმია“ და ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნახავს. ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა, Windows, აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. ალეგორიულად, ასეთი რამ ჩვენც, ანუ ადამიანებსაც გვემართება. როდესაც სიტუაცია ისე რთულდება, რომ მისი გადაწყვეტა ჩვენს ძალებს აღემატება. ასეთ დროს ტვინიც თითქოს „იჭედება“, ან „ეკიდება“ და საჭიროა ჩვენი აზროვნების, ნერვული სისტემის რესტარტი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, წიგნის გამოცემამდე ჩანახატებს და მოთხრობებს წერდით. რა ან ვინ იყო წიგნის შექმნის მოტივატორი?
ის აზრი, რომ ოდესმე მე თვითონ ვყოფილიყავი რომანის ავტორი, ბევრი წლის წინ გამიჩნდა. ჩემი რამდენიმე მოთხრობა თუ ჩანახატიც დაიბეჭდა 90-იანი წლების ჟურნალებსა და გაზეთებში. თუმცა ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და მიმაჩნდა, რომ ჯერ ადრეა, საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ გამაჩნია. ამასობაში დროც გავიდა. მოტივატორებად ოჯახის წევრები და მეგობრები მყავდნენ. მათ წრეში ხშირად მომიყოლია სხვადასხვა ამბავი, ზოგი თავს გადახდენილი, ზოგი სხვისგან მოსმენილი, ზოგიც მოგონილი. ჰოდა, ხშირად უთქვამთ კიდეც, კარგი იქნება, თუ დაწერო. საბოლოოდ, წლების შემდეგ, ისევ დავუბრუნდი ამ იდეას და რამდენიმე წლის წინ დავბეჭდე ერთი მოთხრობა, რომელსაც, ჩემდა გასახარად, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ამან შემაგულიანა კიდევაც.
როდესაც რომანზე მუშაობდით, რა მოლოდინი გქონდათ და როგორ მიიღო მკითხველმა წიგნი?
ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, ძალიან ზოგადი წარმოდგენა მქონდა რაზე და როგორ დამეწერა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ მინდოდა, ჩემი რომანის გმირები საშუალო ფენის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რომლებიც სხვებისგან იმით გამოირჩეოდნენ, რომ არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვით. ამბავი კი უნივერსალური უნდა ყოფილიყო არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ თანაბრად გასაგები და აქტუალური ნებისმიერი ქვეყნის თუ კონტინენტის წარმომადგენლისთვის. ასევე, ვცდილობდი, არ ჩავკეტილიყავი რომელიმე ლიტერატურული ჟანრის ჩარჩოში.
მოლოდინებს რაც შეეხება… არ მგონია, არსებობდეს ავტორი, რომელიც მკითხველის დადებით შეფასებებს გულისფანცქალით არ ელოდება. გამოქვეყნების შემდეგ წიგნი თითქოს საკუთარ, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და მისი წარმატება თუ წარუმატებლობა უამრავ, მათ შორის შემთხვევით ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.
სხვათა შორის, მეუბნებოდნენ, რომ ლიტერატურულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ადვილი არ არის. ჩემს შემთხვევაში კი შესაძლოა, დაგვიანებულიც იყოს. თუმცა ამას არ შევუშინებივარ, რომანი დავასრულე და გამომცემლობებს დავუგზავნე. საბედნიეროდ, მალევე მოჰყვა დაინტერესება, მათ შორის „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან“, რომელთანაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გამოვიდა. მიხარია, რომ წიგნი კარგად იყიდება. შემდეგ იყო ნომინირება „საბაზე“ – საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ასე რომ, შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.
როგორ დაახასიათებდით ქუთაისელ მკითხველს?
გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, ქუთაისელების უმეტესობა დინჯი ხალხია. კრიტიკა ზრდილობიანად, მოზომილად იციან, თუმცა არც ზედმეტი შექებით გაგანებივრებენ. ჩემი რომანის გამოქვეყნების შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ მეგობრების და ნაცნობების – ქუთაისელების შეფასებაზე ვღელავდი. როდესაც უმეტესმა მათგანმა მითხრა, მოთხრობილმა ამბავმა ძალიან დამაინტერესა და ოდესმე გაგრძელებასაც თუ დაწერ, სიამოვნებით წავიკითხავო, შედარებით დავმშვიდდი. მგონი, არ უნდა იყოს ცუდი კომპლიმენტი.
ჩვენი ქალაქი თავისი ისტორიითა და ტრადიციებით ყოველთვის გამოირჩეოდა. გასულ წელს ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა ლიტერატურის მიმართულებით. თქვენ როგორ გესახებათ ახალი კულტურული იდენტობის შექმნა?
ქართული კულტურა, მათ შორის ლიტერატურაც, ყოველთვის ღია და აქტუალური იყო დანარჩენი სამყაროსთვის. იგი ვერასდროს ეტეოდა ვიწრო, ეთნიკურ ჩარჩოებში და გლობალურობის ამბიცია ჰქონდა. ტყუილად არ ვართ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა, რომელიც მკითხველს დღემდე აოცებს მასშტაბითა და უნივერსალურობით. რუსთაველის კალამს, მგონი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში პირველი გლობალისტური ნაშრომი ეკუთვნის და გასაოცარია, რომ ეს ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეა – ეპოქა, როდესაც ადამიანები საკუთარ, ვიწრო ნაჭუჭში არიან ჩაკეტილი და სხვა ხალხებთან ურთიერთობას ენობრივი, რელიგიური, კულტურული თუ გეოგრაფიული ბარიერები უშლის ხელს.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქართული კულტურა მის კუთვნილ და ბუნებრივ ადგილს, მსოფლიოს ავანსცენას დაუბრუნდა. ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარიცაა და გამოწვევაც.
ვისურვებდი, რომ ქართველი მწერლების ნააზრევი რაც შეიძლება ბევრი, მილიონობით ადამიანისთვის იყოს გასაგებიც და საინტერესოც. რაც შეეხება ქუთაისს, იგი ყოველთვის ევროპული ქალაქი იყო და არის, მისი საკუთარი, ძალიან ავთენტური ხიბლით და ცხოვრების რიტმით. ქუთაისი არასდროს უჩიოდა ენერგიული, უზომოდ ნიჭიერი და კარგი გაგებით ამბიციური ხალხის სიმცირეს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. რაც შეეხება ჩვენს კულტურულ იდენტობას, იგი მესახება როგორც ღია, ტოლერანტული, თანამედროვე. ამავე დროს ორიგინალური და დანარჩენი სამყაროსთვის საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ეს სურვილები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
ირაკლი, რამდენიმე თვის წინ მეუღლე დაგეღუპათ, რამაც დიდი გულისტკივილი გამოიწვია მოქალაქეებში, კოლეგებსა და მეგობრებში. იყო თუ არა ქეთი ბერძენიშვილი თქვენი თანამოაზრე? გვიამბეთ მის შესახებ.
ერთად თითქმის მეოთხედი საუკუნე გავატარეთ. ვიყავით არამარტო ცოლ-ქმარი, არამედ კოლეგები და რაღაც თვალსაზრისით თანამებრძოლებიც. ერთმანეთს იდეალურად ვეწყობოდით. ქეთი საოცრად ენერგიული, კომუნიკაბელური და სოციალურად აქტიური ადამიანი იყო. მე უფრო ფლეგმატური და გარკვეულწილად ინტროვერტიც ვარ. ეს განსხვავება ჩვენს ურთიერთობას კიდევ უფრო ჰარმონიულს ხდიდა. რასაკვირველია, თანამოაზრეები ვიყავით. ფუნდამენტურ საკითხებზე ერთნაირი შეხედულებებითა და ერთნაირი ღირებულებითი სკალით. მისი გარდაცვალება არა მარტო ჩემთვის და ოჯახისთვის იყო ტრაგიკული მოვლენა, არამედ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელი ქალაქისთვის.
როგორია სამომავლო გეგმები? უნდა ელოდოს საზოგადოება თქვენს მეორე წიგნს?
ქეთის დაკარგვამ ჩემი გეგმები და მოლოდინები თავდაყირა დააყენა. მიუხედავად ამისა, არ ვკარგავ იმედს, რომ ძალას მოვიკრებ და მკითხველი კიდევ იხილავს რაიმე ნაწარმოებს ჩემი ავტორობით. რაღაც იდეები მაქვს და ვნახოთ, რა გამოვა.
დაბოლოს, რას ეტყოდით ჩვენი ჟურნალის მკითხველს გზავნილის სახით?
არ მიყვარს დიდაქტიკური შეგონებები. თუმცა ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობამ საკუთარი ძალების ირწმუნოს. აქ, ამ ქვეყანაში დააგროვოს საკუთარი სოციალური კაპიტალი და ის აკეთოს, რაც მოსწონს და კარგადაც გამოსდის. ამ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული მგონია.
ტექსტი: მარიამ ირემაძე