მანათობელი გოგრები, შავი კატები, თეთრზეწრიანი მოჩვენებები და საშინელებათა ფილმები ჰელოუინის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ბევრი ამერიკელისთვის ეს დღე პირველ რიგში, ცნობილი ადამიანების დეფილეს უკავშირდება. ის შეიძლება Met Gala-ს შევადაროთ, რადგან მსახიობები, მოდელები, მუსიკოსები და ინფლუენსერები მთელ შემოქმედებით ენერგიას ყველაზე ორიგინალური და დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმის შექმნისკენ მიმართავენ. ამ პროცესში მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები სიამოვნებით ერთვებიან. საკმარისია Dolce & Gabbana-ს მიერ კიმ კარდაშიანისა და მისი ქალიშვილისთვის შექმნილი 2023 წლის ჰელოუინის კოსტიუმები გავიხსენოთ ან 2022 წელს, ჟან-პოლ გოტიეს დახმარებით კაილი ჯენერის ლეგენდარული გარდასახვა ფილმის „ფრანკენშტეინის პატარძალი“ მთავარი გმირად.
წარმოგიდგენთ ჰელოუინის 10 საუკეთესო კოსტიუმს, რომელიც აღფრთოვანებასთან ერთად ცოტაოდენ შიშსაც იწვევს.
- შერი კლეოპატრას კაბით. 1988 წელი

1988 წლის 31 ოქტომბერს მომღერალ შერს ორმაგი დღესასწაული ჰქონდა: ჰელოუინის წვეულება მისი პირველი სუნამოს, Unhibited-ის პრეზენტაციას დაემთხვა. ღონისძიება ნიუ-იორკში, სასტუმრო Century Paramount-ის თავზე მდებარე ღამის კლუბ Diamond Horseshoe-ში გაიმართა, სადაც შერი ეგვიპტელი დედოფლის – კლეოპატრას იმიჯით მივიდა.
ლუქი ცნობილმა დიზაინერმა ბობ მაკიმ შექმნა. შავი ბადისა და ვერცხლის ძაფებით შეკერილი კაბა ქსოვილზე ნაკეცების ილუზიას ქმნიდა. დიზაინერმა შერის სავიზიტო სტილი – შიშველი მუცელი შეინარჩუნა.
- ქეით მოსი მორტიშა ადამსის კაბით. 2012 წელი


ჰელოუინი ადამსების ოჯახის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენს ნაკრებში მათი ყოფნა აუცილებელი იყო. 2012 წლის ჰელოუინზე ბრიტანელმა სუპერმოდელმა, ქეით მოსმა მორტიშას როლი მოირგო. ის წვეულებაზე მეუღლესთან, მუსიკოს ჯეიმი ჰინსთან ერთად მივიდა, რომელიც გომესად გარდაისახა.
- რიანა კუ ნინძა რაფაელის როლში. 2014 წელი


2014 წლის ჰელოუინზე რიანამ თავისი ეპატაჟურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა – ნიუ-იორკის ღამის კლუბში ის რაფაელად გადაცმული გამოცხადდა. მომღერალმა კანის შესაღებად მწვანე საღებავი გამოიყენა, ტანზე ოქროსფერი კომბინეზონი მოირგო, ფეხზე ყავისფერი ფეხსაცმელი ჩაიცვა, ხელში კი Louis Vuitton-ის ჩანთა დაიჭირა. ჰელოუინის ეს ლუქი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
- ჯოშ დიუამელი და ფერგი — კარლ ლაგერფელდი და შუპეტი. 2015 წელი


2015 წლის ჰელოუინის წვეულებაზე მომღერალი ფერგი და მისი მეუღლე, მსახიობი ჯოშ დიუამელი თითქმის უკანასკნელები მივიდნენ და ეს გასაკვირი არ არის – მათი ლუქები და მთლიანად გარეგნობა სრულყოფილებამდე იყო დამუშავებული. ჯოშის მიერ განსახიერებული კარლ ლაგერფელდი საოცრად რეალისტური გამოვიდა: თეთრი პერანგი, ჭაღარა პარიკი, სათვალე და ყინულივით ცივი გამომეტყველება. მის გვერდით შუპეტი – ლაგერფელდის საყვარელი კატა იდგა: გამჭვირვალე კაბა, ბეწვის კუდი, მოსასხამი და კატის ყურები.
აღსანიშნავია, რომ პირველი, ვინც კარლ ლაგერფელდად გარდასახვა გადაწყვიტა, მისი კოლეგა რობერტო კავალი იყო. თუ ჯოშ დიუამელისა და ფერგის მიზანი დიდი დიზაინერის ხსოვნისთვის პატივის მიგება იყო, კავალიმ კოლეგას აშკარად დასცინა – ორი დიზაინერის მტრობის შესახებ მოდის სამყაროში ყველამ ყველაფერი იცოდა.
- ჰაიდი კლუმი ჯესიკა რაბიტის როლში. 2015 წელი


გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი ჰელოუინის ნამდვილი დედოფალია. 2015 წელს ის ფილმის „ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი“ გმირად, ჯესიკა რაბიტად გარდაისახა. სრული მსგავსებისთვის მოდელმა ხელოვნური დუნდულები, მკერდი და სახის პლასტიკური გრიმი გამოიყენა და მაინც, მას შემდეგ რაც 2022 წლის ჰელოუინზე ჭიაყელად გადაიქცა, უკვე აღარაფერი გვიკვირს..
- ორლანდო ბლუმი და კეტი პერი – ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი. 2016 წელი

ქეით ჰადსონის წვეულებაზე ეს ვარსკვლავური წყვილი დაცვის კორტეჟით მივიდა და ამის მიზეზიც ჰქონდა. 2016 წელს კეტიმ და ორლანდომ პოლიტიკურ თემაზე ხუმრობა გადაწყვიტეს და გადამტერებული პოლიტიკოსების – ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის იმიჯები მოირგეს. ცნობისთვის, თითქმის 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი ერთმანეთს დაშორდნენ. ეს უკანასკნელი ამჟამად კანადის ყოფილ პრემიერს – ჯასტინ ტრუდოს ხვდება.
- The Weeknd და ბელა ჰადიდი – ბიტლჯიუსი და ლიდია, 2018 წელი


2018 წელს ჰაიდი კლუმის ყოველწლიურ წვეულებაზე ამერიკელი მომღერალი აბელ ტესფაიე, სასცენო სახელით ცნობილი, როგორც The Weeknd და ბელა ჰადიდი ფილმი ბითლჯიუსის გმირების ლუქებით მივიდნენ. მათი მსგავსება ფილმის გმირებთან იმდენად ზუსტი იყო, რომ ყველა გაოცდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის პარიკი და მაკიაჟი ახალგაზრდა უაინონა რაიდერის გარეგნობას ზუსტად იმეორებდა.
ცნობისთვის, The Weeknd და ბელა ჰადიდი ჰოლივუდის ვარსკვლავურ წყვილებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. წყვილი ერთად ყოფნის მანძილზე არაერთხელ დაშორდა და ურთიერთობა ისევ განაახლა. აბელ ტესფაიემ საყვარელ ქალს არაერთი სიმღერა მიუძღვნა თავისი ალბომებიდან, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, საბოლოოდ, წყვილი ერთმანეთს დაცილდა.
- ემილი რატაკოვსკი – დემის მურის სახით. 2020 წელი


2020 წელს, მას შემდეგ, რაც ემილიმ პირველ შვილზე ფეხმძიმობის შესახებ გამოაცხადა, საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა. მისი ჰელოუინის ლუქი შთაგონებული იყო დემის მურის ლეგენდარული ფოტოსესიით ჟურნალ Vanity Fair-ისთვის. ცნობილი ფოტო ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ენი ლეიბოვიცმა 1991 წელს გადაიღო, როცა დემი მეორე ქალიშვილზე იყო ორსულად. ემილი თეთრ პერანგში, შავ საცვალსა და მაღალ ქუსლებზე, ოქროსფერ საყურეებთან და დემის სტილის პარიკთან ერთად პოზირებდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მოდელს და მის კინორეჟისორ მეუღლეს სებასტიან მაკლარდ ბეარს შვილი – სილვესტერ აპოლო ბეარი 2021 წელს შეეძინა.
- კაილი ჯენერი – ფრანკენშტეინის საცოლე. 2022 წელი


კაილი ჯენერი ჰელოუინისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. მაგალითად, 2024 წელს მან სამი განსხვავებული გარდასახვა წარმოადგინა და თითოეულისთვის საკუთარი ფოტოსესია მოაწყო. ყოველ წელს მასთან ერთად ფოტოსესიაში მისი და, კენდალიც მონაწილეობს. დებმა უკვე გააცოცხლეს ბავშვობის ფოტოები, მოირგეს ფილმის „ბეტმენი სამუდამოდ“ გმირების როლები და „ლიზი მაგუაიერის“ პერსონაჟებად გარდაისახნენ, თუმცა ყველა დროის საუკეთესო ლუქად მაინც 2022 წლის გარდასახვა რჩება. ამ წელს კაილიმ ელზა ლეჩესტერის როლი მოირგო, რომელმაც 1935 წლის ფილმში ფრანკენშტეინის საცოლე ითამაშა. შავ-თეთრმა ფოტოებმა სრულად ასახა ძველი საშინელებათა ფილმის ატმოსფერო, ხოლო კოსტიუმი თავად ჟან-პოლ გოტიემ შექმნა.
- ჰეილი ბიბერი – კარმენ ელექტრა. 2023 წელი


ჰეილისთვის ჰელოუინი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. შარშან ის და ჯასტინ ბიბერი ჰელოუინს შვილთან ერთად შეხვდნენ და ანიმაციის „Kim Possible“-ის გმირებად გარაიქცნენ -ჰეილი მთავარი გმირი იყო, ჯასტინი – მისი მეგობარი რონი, ხოლო პატარა ჯეკმა თხუნელა რუფუსი განასახიერა.
2023 წლის ჰელოუინზე ჰეილიმ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა – მან ფილმიდან „ძალიან საშიში კინო“ კარმენ ელექტრას ლუქი გააცოცხლა. მოდელმა რამდენიმე მთავარი სცენა ზუსტად და ჰელოუინის სტილში განახორციელა.
ასევე დაგაინტერესებთ












