სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ „გუმბათი ჰოლდინგი“ ჭავჭავაძის გამზირზე #33-ში გაყიდვების ახალი სივრცე გახსნა. კომპანია 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და ამ დრომდე 4 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი აქვს, თუმცა 8-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ეს სათავო ოფისისგან დამოუკიდებელი პირველი სივრცეა, სადაც პროექტებით დაინტერესებულ ადამიანებს გაყიდვების გუნდი კომფორტულ და მყუდრო გარემოში დახვდება. ამჟამად ოფისი „ვაკე რეზიდენსით“ დაინტერესებულ მომხმარებლებს ემსახურება.
კომპანიის მიზანია მომხმარებელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს − ისე, როგორც საკუთარ სახლში იგრძნობდა. ბინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ემოციასთან და ამასთანავე, რაციონალურ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ამ დროს თავი მშვიდად იგრძნოს.
დიზაინზე კომპანიის არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა − თამარ ქოჩიაშვილმა იმუშავა. თამარს აქვს ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. ევროპულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარა იმაში, რომ „გუმბათი ჰოლდინგის“ გაყიდვების სივრცე კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტური ყოფილიყო.
თამარ, მოკლედ მოგვიყევით გაყიდვების ახალი სივრცის შესახებ. რა იყო თქვენი მთავარი პრინციპი მუშაობის პროცესში?
„ვაკე რეზიდენსის“ გაყიდვების ოფისში მოსულ სტუმარს დახვდება სხვადასხვა სივრცე, როგორიცაა მომსახურების არეალი, მინი-ლობი და შეხვედრების ოთახი. თითოეულ სივრცეს თავისი დატვირთვა აქვს.
მუშაობის პროცესში მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ჩვენი კომპანიის ღირებულებები და გამოგვეყენებინა ადგილობრივი ბაზრის ეკოლოგიურად სუფთა მასალები და ავეჯი. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რადგან კომპანიის გუნდის თითოეული წევრი ჩართული გახლდათ, ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრს და საბოლოოდ, შეიქმნა სივრცე, რომელიც არის ძალიან კომფორტული, არა მხოლოდ თანამშრომლებისთვის, არამედ თითოეული სტუმრისთვისაც.
აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელთა ჩართულობით და ერთობლივი ძალებით მივიღეთ შედეგი, რომელსაც ახლა ხედავთ.
როგორ იწყებთ პროექტზე მუშაობას? ითვალისწინებთ თუ არა დამკვეთის გემოვნებას?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნა იყო ძალიან ზოგადი: უნდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც იქნებოდა ოფისი და ასევე, ექნებოდა შინაური სიმყუდროვე; თითოეულ ადამიანს, რომელსაც ბინის შეძენის სურვილი ექნებოდა, წინასწარ შეჰქმნოდა განცდა, თუ როგორი სტილის იქნებოდა მისი საცხოვრებელი სივრცე.
ზოგადად კი, არქიტექტურისა და ინტერიერის პროექტებზე მუშაობისას საკმაოდ დიდი დრო ეთმობა ამოცანის შესწავლას. თუ საპროექტო დავალება კარგად არის გაწერილი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან წარმატებული პროექტისთვის სწორედაც რომ აუცილებელი პირობაა საპროექტო დავალების სწორად შედგენა. ვცდილობ, დამკვეთის სურვილები და ხედვა მაქსიმალურად გავითვალისწინო და მოვარგო არქიტექტურისა და დიზაინის „ჩარჩოებს“. არის რაღაცები, რაც ობიექტურად უკეთესია, ფუნქციურად უფრო ეფექტიანია და ამ შემთხვევაში სჯობს დამკვეთს აუხსნა გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ეცადო, დაარწმუნო შენი პოზიციის სიმართლეში. საბოლოო ჯამში, პროექტის მომხმარებელი არის დამკვეთი და არა დიზაინერი, ამიტომ ის კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს იმ გარემოში, რომელსაც ქმნი. ასევეა კომპანიის შემთხვევაშიც − აუცილებლად ვითვალისწინებ კორპორაციულ იმიჯს, ბრენდს, brandbook-ს, ფერებსა და სტილს, რომლებსაც ვარგებ ინტერიერის ფერებსა და სტილს.
რა განსხვავებაა, როცა არა საკუთარი ბინის, არამედ სამუშაო სივრცის მოწყობაზე მუშაობთ? მაგალითად, უშუალოდ „გუმბათი ჰოლდინგის“ გაყიდვების ოფისზე ვისაუბროთ.
კომპანიის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივეა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ფაქტორი და ადამიანების მრავალმხრივი გემოვნებაა გასათვალისწინებელი. ბინის შემთხვევაში, თუ ერთი ან რამდენიმე ადამიანის გემოვნებას, ცხოვრების სტილსა და ა.შ. ითვალისწინებ, ოფისის შემთხვევაში, თითქმის ყველა გემოვნების ადამიანის მოთხოვნები და სურვილებია გასათვალისწინებელი. ამავდროულად, აუცილებელია, შეინარჩუნო კორპორაციული სტილი და იმიჯი, ბრენდის ისტორია, ხედვები, ფილოსოფია და მას მოარგო სამიზნე აუდიტორიის მთელი რიგი მოთხოვნები. ამ დროს ორივე მხარის ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული, ისე, რომ როცა მომხმარებელი შენთან არის, მას თავი კომფორტულად აგრძნობინო, ხოლო როცა დატოვებს ამ სივრცეს, ყოველთვის ახსოვდეს ის გარემო და ემოცია, რაც იქ ყოფნისას კომპანიამ შეუქმნა.
ვხედავ, ძალიან ლამაზი დეკორი გაქვთ შერჩეული. რა დეტალებს გამოყოფდით ინტერიერში?
მთავარი, რაც გვინდოდა, ოფისი ყოფილიყო მყუდრო, სახლისთვის დამახასიათებელი საინტერესო და კონცეპტუალური დეკორით, სადაც მოსულ სტუმარს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნება დაეუფლებოდა. ვფიქრობთ, ასეთიც გამოვიდა. ადგილზე ბევრ თანამედროვე, ხელნაკეთ, საინტერესო ნივთს ნახავთ. ამავე სივრცეშია ჩვენი მიმდინარე პროექტის − „ვაკე რეზიდენსის“ მაკეტი, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის ბინის არჩევას. აქვე ნახავთ საქართველოს რუკას, რომელზეც ჩვენი უკვე დასრულებული და მიმდინარე პროექტებია დატანილი. დარწმუნებული ვარ, სულ მალე კიდევ რამდენიმე ლოკაცია დაემატება.
თაროებზე განთავსებულია თემატური ლიტერატურა თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის, სამშენებლო საკითხების შესახებ. გამჭვირვალე ავზებში/დოქებში გამოყენებულია აგურისა და ბლოკის მინიატიურები. ყველა ეს დეტალი და დეკორაცია ერთობლიობაში ქმნის ძალიან საინტერესო გარემოს და ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს, ბინის არჩევის გარდა, ხვდება სივრცე, რომელსაც სიამოვნებით ათვალიერებს. გარემოს შექმნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის არომა-მარკეტინგს. ოფისში შემოსვლისთანავე იგრძნობთ ზღვის ნოტების ჰაეროვან სურნელს, რომელიც ქმნის სიმშვიდის, დასვენებისა და ჰარმონიის შეგრძნებას, რაც ჩვენს მომხმარებელს აუცილებლად პოზიტიურად დაამახსოვრდება.
რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ინტერიერში და რის მიხედვით არჩევთ ამა თუ იმ ფერს?
ძალიან მნიშვნელოვანია განწყობის თვალსაზრისით სწორი ფერების შერჩევა, მით უფრო მაშინ, როდესაც პროექტი იქმნება საზოგადოებრივი დანიშნულებით. ამ დროს ვითვალისწინებთ ადამიანების ზოგად დამოკიდებულებას ფერების მიმართ, ასევე − კონკრეტული პიროვნების.
ფერის ტონების არჩევა, ასე ვთქვათ, mood board-ის შექმნა, ერთ-ერთი საწყისი და საინტერესო პროცესია. გაყიდვების სივრცისთვის შეირჩა ორი ძირითადი ფერი: მუქი მწვანე − ბუნებრივი სიმწვანის, მშვიდი და მყუდრო ფერი. ბუნებრივი ხე − კაკალი, და ნარინჯისფერი − ჩვენი კორპორაციული ფერი − სიცოცხლის, ბედნიერების ფერი. ინტერიერში ფერები დალაგებულია „სიმძიმის“ მიხედვით.
ყველაზე „მძიმე“, მუქი ფერით იწყება იატაკი, შემდეგ კედლები − მწვანის ორი ტონი და თეთრი, ხოლო ჭერი არის ყველაზე ღია − თეთრი.
საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეებში ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რათა ადამიანს არ შეექმნას დახუთულობის ან დაუცველობის შეგრძნება. მაგალითად, თუ იატაკი არის ღია ფერის, ხოლო ჭერი მუქი, ძალიან რთულია ასეთ სივრცეში გაჩერება, რაიმეზე თავისუფლად ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი სივრცე მაქსიმალურად მორგებულია ადამიანებზე, რათა მათ დახვდეთ სასიამოვნო გარემო, რომელიც არ არის ზედმეტად გადატვირთული და არც სრულად მინიმალისტური ეთქმის.
რა სახის მასალებია გამოყენებული ინტერიერში?
რაც შეეხება მასალებს, შერჩეულია ნატურალური ხე − კაკალი და კორეანის ქვა. ინტერიერში გამოყენებული საღებავი ეკოლოგიურად სუფთაა. ზოგადად, უპირატესობას ვანიჭებ კონკრეტული პროექტისთვის ხელნაკეთ/სპეციალურად დამზადებულ ნივთებს და ავეჯს. ისეთს, რაც სხვა პროექტში არ შეგხვდება. ოფისის ავეჯი, კაკლის ხის შპონის მაგიდები, თაროები, ჩემი დიზაინით არის გაკეთებული სპეციალურად ამ პროექტისთვის.
რა არის ზოგადი ტრენდები? როგორია თქვენთვის იდეალური სივრცე?
ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული ტრენდების გათვალისწინება. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ვერ დავარღვევ გეგმარებისას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ და ვქმნი ამა თუ იმ სივრცეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ პროექტს ეტყობოდეს უშუალოდ ჩვენი, როგორც მშენებლობასა და არქიტექტურაში წლების გამოცდილების მქონე კომპანიის, ხელწერა და არ იყოს მხოლოდ ტენდენციებს აყოლილი, რაც ისედაც ხშირად გვხვდება ჩვენ გარშემო.
მზის მიმართ ბინის/პროექტის მდებარეობა განსაზღვრავს შემდეგი შიდა ფუნქციების განაწილებას: იქ, სადაც ადამიანი რამდენიმე საათს ატარებს, არ შეიძლება მზე დღის არცერთ მონაკვეთში არ უყურებდეს. შიდა სივრცეები ფუნქციურად უნდა იყოს გამართული. ვცდილობ წარმოვიდგინო ხოლმე ჩვეულებრივი დღე, რომელსაც ატარებს იქ ადამიანი: რას აკეთებს, როგორ მოძრაობს სივრცეში, რა საჭიროებისთვის რომელ ტრაექტორიას ასრულებს. ასე ლაგდება დასაგეგმი სივრცეების ერთმანეთთან კავშირიც. ჩემთვის იდეალური გარემო არის მხოლოდ ფუნქციურად საჭირო ნივთებით აღჭურვილი დიდი სივრცეები, მეტი მზის სინათლითა და ბუნებრივი ვენტილაციით.