„რთულია, მაგრამ უნდა გაარღვიო ყველა ჩარჩო, უნდა შეძლო იყო თავისუფალი“ – ფიქრობს მხატვარი კახა ნიჟარაძე, რომელიც მუდმივად მოგზაურობს, პირველ რიგში საკუთარ თავში დაეძებს ახალ ემოციებს, ფერებს, რომლებითაც ზუსტად მიიტანს ყველა სათქმელს ადამიანებამდე. ძიებისა და საკუთარი თავის განვითარების პროცესმა გადააწყვეტინა საზღვარგარეთ წასულიყო, სადაც უფრო ახლოს გაეცნობოდა თანამედროვე ხელოვნებას, შეიგრძნობდა იქაური კულტურული ცხოვრების მაჯისცემას. წლებია ჟენევაში მოღვაწეობს, ხატავს და ახალგაზრდებსაც ასწავლის ხატვას, მიაჩნია, რომ შემოქმედ ადამიანს არაფერი აძლევს სტიმულს ისე, როგორც ახალგაზრდებთან საუბარი, მათი ქაოსური ხედვების გაზიარება. ბავშვობიდანვე ხატავს, სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი არასდროს ჰგონია, რადგან, იმდენად სიღრმისეული და მრავალწახნაგოვანია მისთვის მხატვრობა, შეუძლებელია მისგან მოგვრილ სიამოვნებას, ბედნიერების ქარიშხალს, ვნებას, სევდას თუ სიხარულს, ადვილად დააღწიო თავი და იფიქრო სხვა პროფესიაზე. დრო მალე გადის, უნდა გამოიყენო თითოეული წუთი და შეიგრძნო ყველა ის ფერი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას ჯერ არგანცდილი ემოციებით დაგახვიოს თავბრუ, მიაჩნია მხატვარს. სწორედ ასე თავბრუდამხვევად იკვეთებიან ადამიანები, ამბები მისი ნახატებიდან, რომლებიც ხელს გჭიდებენ, გსვამენ იმ გემში, რომელიც სულ პირველად დახატა და გამოგზაურებენ აბსტრაქტულ-ფიგურანტული კონტურებით შექმნილ საოცარ სამყაროში. განსაკუთრებით უყვარს ბათუმის ზღვა, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა… ენატრება ბულვარი, თავისი მაგნოლიებით, რომელიც, ბუნებით შემოქმედს, სულ სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადაისროდა ხოლმე და უჩენდა მორიგი ტილოს შექმნის იდეას. OK! ბათუმის სტუმარი ჟენევაში მცხოვრები ბათუმელი მხატვარი კახა ნიჟარაძეა, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ეფერება ბათუმს, ფიქრობს, რომ აუცილებლად დაუბრუნდება მშობლიურ ქალაქს, რომლის მსგავს ემოციებს სხვაგან ვერსად იღებს.
პირველი შეხება მხატვრობასთან…
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. მახსოვს, მამის ნაყიდი პირველი ფლომასტერებით გემი დავხატე, ასე დაიწყო ჩემი საინტერესო მოგზაურობა მხატვრობაში. მამიდა ხატავდა, ბიძაც, ჩემს მშობლებს ძალიან ბევრი მხატვარი მეგობარი ჰყავდათ, რომლებიც იკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენთან სახლში. სწორედ მათ მირჩიეს ბოლომდე გავყოლოდი ხატვას, რადგან მათივე შეფასებით, ძალიან კარგად გამომდიოდა. ასე, ნელა-ნელა განვითარდა ჩემი ცოდნა, როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით.
წავედი რომ…
გამეფართოებინა ჩემი ხედვა, ახლოდან შემეგრძნო როგორ მუშაობენ, რას ეძებენ და პოულობენ თანამედროვე მხატვრები. მოგეხსენებათ, ინტერნეტი არ იყო მაშინ, შესაბამისად, არ შეგვეძლო მათი ნამუშევრების დათვალიერება, არადა ძალიან მაინტერესებდა. ბევრი აღარ მიფიქრია, განვითარების სურვილმა წამიყვანა უცხოეთში.
როგორი იყო ახალ გარემოსთან შეგუებისა და პროფესიული განვითარების პროცესი…
ყოველთვის მიყვარდა სიახლეებთან პირისპირ დგომა, 29 წლის ვიყავი საზღვარგარეთ რომ წავედი საცხოვრებლად. ძალიან მესიამოვნა ახალი სამყარო, მოგზაურობა, მართალია ადვილი არ იყო, მაგრამ, ვერ ვიტყოდი, რომ ძნელი იყო… მგონი ამ ცხოვრების გზას ყველა გადის, აქაც და იქაც… უცხოეთში იმიტომ წავედი, რომ ქართული ხელოვნება გამევრცო თანამედროვე ხედვით, რაც ნამდვილად იყო საჭირო მაშინაც და ვფიქრობ, დღესაც აუცილებელია. ძალიან მალე გადის დრო, არ შეიძლება გაჩერება, მუდამ ძიებისა და ახლის აღმოჩენის პროცესში უნდა იყო.
განსაკუთრებული ნოსტალგია იცის მშობლიურმა კუთხემ, ქვეყნამ, რა გენატრებათ ხოლმე ყველაზე მეტად…
რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველო მენატრება, ჩემი მშობლიური ბათუმი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ის ურთიერთობები მენატრება, რომელიც ვთვლი, რომ განსაკუთრებული იყო. არ ვამბობ, რომ ჟენევაში ადამიანებმა არ იციან ურთიერთობა, უბრალოდ, იქ სხვანაირი ღირებულებები, ფასეულობები აქვთ. ჩემი მეგობრები მენატრება საქართველოში და მათთან საათობით საუბრები. ასევე, მენატრება ქართული სამზარეულო. ხინკალი მენატრება ხშირად, კარგი აჭარული ხაჭაპური, ხარჩო, ქაბაბი და, რა თქმა უნდა, ღვინო, რომელიც საუკეთესო გვაქვს. იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ ქართული ღვინო მართლაც უნიკალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ქვევრში დაყენებულ ღვინოს არაფერი შეედრება.
შინაგანი თავისუფლება თუ არ აქვს შემოქმედ ადამიანს, მისი შემოქმედება ვერ გახდება ყველასათვის გასაგები. რა არის თავისუფლება და როგორ გამოხატავთ მას თქვენს შემოქმედებაში…
ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს – სწორად მივდივარ? ხომ არ დავკარგე თავისუფლება, თუ ისევ თავისუფალი ვარ? და მაქვს პასუხი, კი, დღეს მე ვარ თავისუფალი, მაგრამ მინდა კიდევ უფრო მეტად თავისუფალი ვიყო. რთულ პროცესს გადის ადამიანი იმისთვის, რომ არ დაკარგოს თავისუფლება, რადგან, ხშირად ლოგიკური ჭკუა, რომელიც ირთვება ჩვენში, გვართმევს თავისუფლებას, მას წარსული მოაქვს… შემოქმედი ადამიანი კი ინტუიციით მუშაობს, ინტუიცია მომავალია…
საუბარი ფერებით…
ვლაპარაკობ ფერებით, ფორმებით, ვფიქრობ, სადღაც ადვილიც არის, იმიტომ რომ, მე შემიძლია აბსტრაქტულად გადმოვცე ამბავი, ისე, ვერავინ შემეკამათოს. ნამუშევარი თუ სწორად არის გაკეთებული, ის ყოველთვის იწვევს ზუსტ ემოციებს, გააჩნია რამდენად იყავი ხატვის პროცესში ალალი. გულწრფელი ემოციები ყოველთვის პოულობს თავის გზას ადამიანების გულამდე, ფიქრამდე.
თქვენი ნახატების დათვალიერების შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რა ემოცია ეუფლებათ ადამიანებს…
სულიერი სიმყუდროვის… ყოველთვის მინდა ადამიანებმა, რომლებიც ჩემს ნახატებს ათვალიერებენ, თვალი ვერ მოსწყვიტონ, იმოგზაურონ იმ სამყაროში, რაც ნახატში მაქვს აღწერილი. ჩემთვის მთავარი ესთეტიკაა. ტილოსთან როცა ვიწყებ მუშაობას არასდროს ვიცი რას გავაკეთებ, ვირჩევ რაღაც ფერებს, ვაკეთებ ხაზებს და მერე ვაშენებ, ეს ყველაფერი კი ინტუიციიდან მოდის. ჩემს ნახატებში თავისუფლებას ვაძლევ მაყურებელს, რათა თვითონ დაასრულოს აზრი, ჰქონდეს ინტერპრეტაციის საშუალება, მიიღოს საჭირო კითხვებზე პასუხები…
ჭიქა ღვინოსთან ერთად, რომელ მხატვართან ისურვებდით საუბარს…
სიმართლე გითხრათ, აქამდე ამაზე არ მიფიქრია.. რატომღაც მგონია, რომ მათთან საუბარი წამართმევს თავისუფლებას, ყურს დავუგდებ მათ საუბრებს და შესაძლოა ჩემი შემოქმედებითი ფიქრი მათსას დაემსგავსოს. მგონია, რომ აბსოლუტურად შენს თავს უნდა გაჰყვე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არ მოექცე ზეგავლენის ქვეშ. არის ზეგავლენები და მეც მემართება ხშირად, მაგრამ ვიბრძვი, ვცდილობ და საბედნიეროდ ვიმარჯვებ.
მხოლოდ ერთი ფერი რომ იყოს სამყარო, რომელი იქნებოდა ის. ყველაზე მეტ ემოციას, ვნებას, რომელი ფერი სძენს თქვენს შემოქმედებას…
ცისფერი მიყვარს ძალიან, ბევრი თავისუფლებაა მასში… ცაა ჩემი და ზღვა…
ჰობი…
საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.
რომელ ფერთა გამაა ბათუმი?
ბათუმი ორია ჩემთვის, არის მზიანი ბათუმი, როგორც დღეს, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, და არის ცოტა რუხი, მოცისფრო, ბათუმი. ორივე ძალიან მიყვარს. ბათუმს მრავალფეროვანი ემოციები მოაქვს ჩემში…
შემოქმედებითი დუღილის პროცესში, რა როლი აქვს სიყვარულს, ოჯახს…
ოჯახი, რა თქმა უნდა, ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ როდესაც ვმუშაობ, მე ცალკე ვარ, ყველასგან და ყველაფრისგან შორს… ჩემი მეუღლე იტალიელია, ექიმია, საინტერესო ხედვები აქვს. მისი ესთეტიზმი განსხვავდება ჩემი ესთეტიზმისგან, სწორედ ამიტომაა ჩვენი ურთიერთობა საინტერესო.
როგორია თქვენი მომავალი, თქვენს წარმოდგენაში…
ჩემს წარმოდგენებში, ყოველთვის ბათუმში ვბრუნდები და აქ განვაგრძობ ხატვას. დავასრულებ ჩემს საქმეებს იქ, და შემდეგ აქეთ დავბრუნდები. შეიძლება ილუზიაა ეს დაბრუნება ჩემთვის, მაგრამ დაბრუნება და მშობლიური ემოციები აუცილებლად მჭირდება. თუ არ მუშაობ, აქტიური თუ არ ხარ, არ სჭირდები არავის იქ, ყველა ურთიერობა თითქოს ფორმალურია. ამიტომ, უნდა დავუბრუნდე იმას რაც ჩემია, და რაც მე ვარ…
იქ, ჟენევაში, ახალგაზრდებს ასწავლით ხატვას, როგორია მათთან ურთიერობა…
მე თვითონ ბევრს ვსწავლობ მათგან, მსიამოვნებს მათთან ლაპარაკი, ხატვა, ძალიან მაინტერესებს მათი ხედვები. კომუნისტების პერიოდში მაქვს სამხატვრო აკადემია დამთავრებული, ეს ჩაკეტილი სამყარო იყო, სულ სხვა აღზრდა გვქონდა და დიდი დრო დამჭირდა, რომ გამერღვია ეს ჩარჩოები. აუცილებელია წინ წავიდეთ, ახალგაზრდები გვაძლევენ ამისთვის ახლებურ შემართებას. თუ გვინდა განვითარება, ყველა ჩვენი ნაბიჯი და ძალისხმევა აუცილებლად ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ახალგაზრდებში ვხედავ იმედს, ხვალინდელი უკეთესი სამყაროსი და მჯერა, თუ მათ მივცემთ თავისუფლებას, აუცილებლად იქნებიან პროგრესულები.
ხატვის პროცესი ჰგავს…
მედიტაციას შევადარებ ხატვის პროცესს, რაღაც სხვა განზომილებაში გადადიხარ, რომელიც, ტკივილთან ერთად, სიამოვნებასაც განიჭებს. ხატვისას ვცდილობ კონცენტრაცია გავაკეთო იმ ნივთზე, ან იმ სიბრტყეზე, რაზეც უნდა ვიმუშაო, რომ სხვა აზრებმა არ წამიშალოს სისუფთავე, სისუფთავე ჩემი დინების… როცა ვმუშაობ ვითიშები ყოველდღიური ფიქრისგან, ვისვენებ, ვფიქრობ, ასეა მუსიკაშიც, მწერლობაშიც.
მუსიკა…
აადვილებს ფიქრს…
მე…
დავბრუნდები საქართველოში…
ტექსტი: ნანა აბულაძე