ბათუმს სულ ახლახან შეემატა სივრცე, რომელიც არა მხოლოდ სილამაზეს, ახალ ხარისხს და განსაკუთრებულ ზრუნვას ჰპირდება სტუმრებს – გრანდ ბელაჯიო სპა, გახსნიდან სულ მალე გახდა პოპულარული და თავი შეაყვარა ყველას, ვინც ეწვია. სპაში გატარებული დრო ჩვეულებრივ დღეს განსაკუთრებულად აქცევს.
ბელაჯიო სპას უკან დგას ქალი, რომელმაც დაუღალავი შრომითა და თავდადებით შეუძლებელი შეძლო და მეგობართან საუბრის დროს გაჩენილი იდეა, სულ მცირე ხანში მასშტაბურ პროექტად აქცია – იზა დუმბაძე საუბრობს პროექტზე, რომელიც ქალაქის ჰარმონიის ახალი წერტილი გახდა. როგორ მოვიდა იზა ამ ეტაპამდე, რა ემოცია აკავშირებს ამ სივრცესთან და როგორი გზით იქმნება ძლიერი ქალის წარმატება გაეცანით OK! ბათუმის ინტერვიუში.

ქალბატონო იზა, როგორ დაიბადა სპა გრანდ ბელაჯიოს შექმნის იდეა?
ერთ დღეს მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ვისხედით და ვსაუბრობდით სპა ცენტრის შესახებ, უბრალოდ ვსაუბრობდით, ზოგადად. საუბრის დროს ჩემგან ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა, მომენტალურად ვიგრძენი, რომ ძალიან მომინდა ასეთი ობიექტის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ისიც ვიცოდი, რომ უამრავი რამ იქნებოდა საჭირო ამ პროექტის განსახორციელებლად, შავი კარკასიდან დაწყებული, სტაფის აყვანა, სამუშაო გეგმა, სტრუქტურის შედგენა… არა ვარ რისკიანი ადამიანი და არ მიყვარს ცვლილებები, შესაბამისად, რომ არა ჩემი მეგობრის აღფრთოვანება და შეძახილები, რომ მე თავისუფლად შევძლებდი ამ ობიექტის აწყობას, ალბათ, ვერასოდეს გავრისკავდი ამხელა პროექტის დამოუკიდებლად გაკეთებას.
სპა სივრცე ხშირად ასოცირდება ჰარმონიასთან და სილამაზესთან – პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს სივრცე?
სპა, არის გარემო, რომელიც შექმნილია სხეულის, გონებისა და ემოციების სრული განტვირთვისთვის. ეს სივრცე პირდაპირ კავშირშია ესთეტიკასთან და განტვირთვასთან, სადაც ყოველი დეტალი – განათება, სურნელი, მუსიკა და ფერები მიზნად ისახავს შინაგანი ბალანსის აღდგენას. ძალიან სასარგებლო ფუფუნებაა სპა ცენტრში გატარებული დრო, თუნდაც კვირაში ერთხელ.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის შექმნის პროცესში და როგორ გადალახეთ ის?
რწმენა და გაძლება ყველაზე დიდი გამოწვევა და გამოცდაა. საკუთარ თავს გამუდმებით ვუმეორებდი – „იზა, არ დანებდე მაშინაც კი, როცა შედეგი ჯერ შორსაა“. შიშის, ნდობისა და ეჭვების დაძლევა ყველაზე მთავარია ჩემთვის, რაც ჯერ კიდევ მაქვს, როცა ამ ბარიერს გადავლახავ, დანარჩენი ეტაპები უკვე უფრო მარტივი გახდება.
როგორი კონცეფციით იქმნება სპა გრანდ ბელაჯიო, რა განასხვავებს მას სხვა მსგავსი სივრცეებისგან?
როცა ბელაჯიო სპას რემონტი დავიწყეთ, ჩემს წარმოსახვაში სულ მინდოდა შემექმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანი პირველი მოსვლისთანავე იგრძნობდა შინაგან ჰარმონიას, სიმშვიდეს. ბელაჯიო სპა არის კლასიკურ დეტალებზე გაკეთებელი მყუდრო გარემო, ულამაზესი ფოტოგალერეით, დიდი სიყვარულით შექმნილი ადგილი, იმისთვის, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.

აღსანიშნავია, რომ ინტერიერი ძალიან კლასიკური და დახვეწილია, ცოტა მეტი გვიამბეთ, ვისი დიზაინითაა შექმნილი და რა მომსახურებებს სთავაზობს იგი მომხმარებელს?
Bellagio SPA-ს ინტერიერი შექმნილია კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვე ლაქშერული ესთეტიკის შერწყმით. სივრცის კონცეფცია და ყველა დეტალი ჩემი უშუალო დაგეგმვითა და ხედვით შესრულდა, რათა სტუმარს დახვედროდა არა უბრალოდ სპა, არამედ მაღალი სტანდარტის ველნეს გარემო.
ბელაჯიო სპა მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ სპა-მომსახურებების სრულ სპექტრს. თერაპიულ მასაჟებს, სახისა და სხეულის მოვლის ინოვაციურ პროცედურებს, რელაქს ზონებსა და ინდივიდუალურად მორგებულ ველნეს პროგრამებს. ასევე, ფიტნესის, აერობიკისა და სილამაზის სალონის ზონებს.
ჩემი მიზანია, რომ ბრენდი ბელაჯიო სპა ამ სივრცეში დავამკვიდრო, როგორც ელეგანტურობის, ხარისხისა და გამორჩეული გამოცდილების სიმბოლო. ამისთვის მზად ვარ ყველანაირ გამოწვევას გავუმკლავდე!

რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბიზნესლედი დღეს, საქართველოში?
ბრძოლას და გამარჯვებას. როგორც საკუთარ თავთან, ასევე ბრბოსთან, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის. სამწუხაროდ, იმ რეალობას ვერასოდეს გავექცევით, როცა წარმატების გზაზე მიმავალს თან მოგყვება უაზრო ჭორები, როცა ადამიანების დანახვა ნიღბების გარეშე გვიწევს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რაც უფრო წინ მიდიხარ, წარმატებისკენ, ნეგატივი და შური უფრო მატულობს. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან უმნიშვნელო დეტალებს ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. ჩემთვის პირადად, ნებისმიერი ქალის წარმატება ძალიან დიდი მოტივაციაა. იმედია დადგება ის დღე, როცა ვისწავლით სხვისი წარმატების აღიარებას და გაზიარებას.
თქვენი აზრით, წარმატება უფრო შრომას მოაქვს თუ შინაგან ინტუიციასა და შეგრძნებებს?
21 წლიდან დაუღალავად ვმუშაობ. ზედმეტად ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, ასევე ძალიან პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე. პასუხისმგებლობასთან ერთად მაქვს შინაგანი დისციპლინა საქმის მიმართ, ბევრჯერ ამის გამო საკუთარ სიამოვნებაზე, მეგობრებთან ერთად გართობაზე უარი მითქვამს. არც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი გასართობად და ამას არ ვნანობ, რადგან მაქვს მიზანი, რომელთანაც ახლოს ვარ. შრომის გარეშე ვერანაირ კარიერულ წარმატებას ვერ მიაღწევს ადამიანი.
როგორ ინარჩუნებთ ბალანსს – ხელმძღვანელის სიმკაცრესა და ქალის ნაზ ემოციებს შორის?
ჩემი პირველი გამოწვევა იყო 2010 წელს, როცა დეველოპერული კომპანია „პრომერის“ ოფისის მენეჯერად ამიყვანეს. საინტერესო პროექტების შექმნის თანამონაწილე ვიყავი, იქ ძალიან, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ბატონი ფრიდონისა და ჩემი მეგობრის გოჩა კამკიას წყალობით. ჩვენ ავაშენეთ ბათუმის იუსტიციის სახლი, კასტელო მარი და კემპინსკი. შემდეგ, 7 წელი შერატონში ვმუშაობდი. აქაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შევიძინე. მაქვს ასევე სამწლიანი მუშაობის გამოცდილება ამერიკულ დეველოპერულ კომპანიაში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. და ბოლოს, გრანდ ბელაჯიო, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ორი დეპარტამენტის მენეჯერი გავხდი. ნულიდან დავიწყე ყველაფერი, ორივე დეპარტამენტში იდეალური სამუშაო სტრუქტურა ავაწყვე, საუკეთესო გუნდი შევქმენი.
ჩემი გუნდის წევრებმა იციან, რომ მიყვარს დისციპლინა, პირველ რიგში, საქმის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა შეინარჩუნონ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით უნდა იყვნენ განწყობილი, რათა საქმე ეფექტური იყოს. მაქვს მიდგომის ჩემი ტაქტიკა, რასაც სიმკაცრეს ვერ დავარქმევ. ვარ საკმაოდ ნაზი და მშვიდი, თუმცა ყოველთვის ყველგან ვიწვევ „ხმაურს“.
მოგვიყევით შვილზე, მის წარმატებაზე. თქვენ, როგორც დედას, ყველაზე მეტად რომელი თვისება აღგაფრთოვანებთ მასში?
ეს ჩემთვის ყველაზე სათუთი და ტკბილი თემაა. მყავს ერთი შვილი – სალომე, რომელიც ამერიკაში, ლუიზიანას შტატში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, საქართველოში ეროვნულ გამოცდებზე იმ მიზნით გავიდა, რომ საკუთარი თავი გამოეცადა, თუმცა უკვე ლოიალას უნივერსიტეტში იყო ჩარიცხული. გრანტი მოხსნა. ჩემს შვილზე როცა ვიწყებ საუბარს, ემოციები მიმძაფრდება და გული სწრაფად მიცემს, ისე მენატრება… სალომე ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული გოგოა! ძალიან პრინციპულია და უზომოდ კეთილი. 21-ე საუკუნის უიშვიათესი თინეიჯერია.
რთულია თუ არა ძლიერი ქალისთვის დედობისა და პროფესიული ცხოვრების შეთავსება?
რთული იქნებოდა ჩემთვის, რომ არა ჩემი მშობლები. ზუსტად ეს ორი ადამიანია ვისი წყალობითაც ძლიერი ვარ, როგორც დედა, ასევე წარმატებული და შემდგარი ქალი ჩემს საქმიანობაში.
როგორ ფიქრობთ, რას უნდა მიაღწიოს ქალმა, რომ თავი წარმატებულად ჩათვალოს?
წარმატება არ არის მხოლოდ მატერიალური მიღწევები ან საზოგადოებრივი აღიარება. ვფიქრობ, ადამიანი საკუთარ თავს მაშინ თვლის წარმატებულად, როცა ის ცხოვრობს იმ შინაგან ჰარმონიაში, რომელსაც თვითონ ქმნის. როცა გარეთ ქარიშხალია, მაგრამ შენ მაინც ინარჩუნებ სიმშვიდეს. წარმატებულია ის, ვინც ზუსტად იცის, რატომ დგება ყოველ დილით და რას ემსახურება. და ბოლოს, ადამიანი მაშინ არის წარმატებული, როცა შეუძლია თქვას – მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო.

ქმნით სივრცეს, სადაც სილამაზე და ზრუნვა მთავარია. თავად როგორ ზრუნავთ საკუთარ თავზე, ენერგიასა და სულიერ მდგომარეობაზე?
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, საკუთარი თავის მოვლისთვის განკუთვნილ დროს, რომელიც ყოველ კვირაში მაქვს დაგეგმილი, არაფერში გავცვლი. ვგიჟდები ისე მიყვარს საკუთარ გარეგნობაზე და სხეულზე ზრუნვა. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი რუტინაა. როცა ჩემს სპაში თერაპევტებს ვარჩევდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროფესიონალი, სერტიფიცირებული კადრების პოვნა, რადგან, პირველ რიგში, საკუთარ სილამაზეზე ვფიქრობდი და მერე ჩემს სტუმრებზე, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ბათუმში ვიპოვე ერთადერთი სერტიფიცირებული სპეციალისტი, ჩემი ოქროსხელება ლიკა, რომელიც ბელაჯიო სპაში სახის ბუკალურ მასაჟს აკეთებს. ბუკალური სახის მასაჟი არის უნიკალური, ინტენსიური და ეფექტური ტექნიკა, რომელიც აღადგენს სახის ბუნებრივ სიმშვიდეს და ბალანსს, ხელს უწყობს ბუნებრივ ლიფტინგს და სახეს აძლევს ახალგაზრდულ იერს.
ლიკამ ამიკრძალა ბოტოქსის გაკეთება, რადგან საუკეთესო ბოტოქსი სახისთვის ხელით გაკეთებული მასაჟია, რაც შეეხება ენერგიას და სულიერ მდგომარეობას, ყველამ იცის, რომ ვარჯიში საუკეთესო ანტისტრესია. ამიტომ, ბელაჯიო სპაში ავიღე აერობიკის გაკვეთილები და აქტიური ვარჯიშის განახლებას ვაპირებ.
შთაგონება საიდან მოდის თქვენს ცხოვრებაში, ადამიანები, მოგზაურობა, მუსიკა, ბუნება თუ ყველაფერი ერთად?
ჩემი ერთადერთი შთაგონება, ჩემი შვილია, გაჩენიდან დღემდე…
როგორ ხედავთ გრანდ ბელაჯიო სპას განვითარების ეტაპებს?
ბელაჯიო სპას განვითარების ეტაპს მე ვხედავ როგორც გარდამალ და მნიშვნელოვან ფაზას იქ, სადაც ტრადიციული სილამაზის სერვისი იძენს ჰოლისტურ მნიშვნელობას. დღეს სპა აღარ არის მხოლოდ დასვენების ადგილი, ის არის ბალანსის სივრცე, სადაც ფიზიკური მოვლა ერწყმის ემოციურ და მენტალურ ჰარმონიას. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ადამიანებში სულ უფრო მეტად ჩნდება საკუთარ თავზე ზრუნვის კულტურა. მჯერა რომ ბელაჯიო სპა ძალიან მალე დაიმკვიდრებს უკონკურენტო ადგილს ბათუმში.
იქ სადაც მე ვარ, ყველაფერი საუკეთესო უნდა იყოს.
საშუალება რომ გქონდეთ, თქვენი ახალგაზრდა მესთვის რაღაც რჩევა მიგეცათ, რას ეტყოდით?
იცით, ხშირად მიფიქრია ამაზე და თითქმის სულ ერთი და იგივე პასუხი მაქვს… საკუთარ მეს 25/30 წლის ასაკში ვურჩევდი – იჩქარე!!! სწრაფად იმოქმედე!!! რადგან თითოეული დაუგეგმავი დღე, თითოეული საათი და წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. მას ვეტყოდი, რომ უფრო რისკიანი ყოფილიყო, რომ ყოველი ნაბიჯი და შედეგი გაკვეთილია. ასევე იმას ვეტყოდი – რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი სიმშვიდე და მადლიერებაა, იმისთვის, რაც გაქვს – თუმცა შენ მეტი შეგიძლია!..
რა გინდათ, რომ ადამიანებმა იგრძნონ, როცა გრანდ ბელაჯიო სპას სივრცეში შემოვლენ?
1 ოქტომბერს სატესტოდ გავხსენით სპა, ხოლო 12 ნოემბერს ოფიციალური გახსნის საღამო გვქონდა. გრანდიოზულად დავგეგმე ყველაფერი. დაახლოებით 80 ადამიანი ესწრებოდა გახსნის ცერემონიას. ჩემს ნაშრომზე თითოეული სტუმრისგან უამრავი პოზიტიური შეფასება მესმოდა, „რა ლამაზი და გემოვნებიანია სივრცეა…“, „მართლაც საუკეთესოა ჩვენს ქალაქში…“ და უამრავი მსგავსი რამ… ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.
ასევე, ყველა სტუმარი ვინც ჩვენთან დადის და სხვადასხვა პროცედურებს იკეთებს, მადლობას იხდის გაწეული მომსახურებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, რაც გულს მიჩუყებს და სიხარულის ცრემლებით მივსებს თვალებს. თითოეულმა ჩვენმა სტუმარმა მინდა იგრძნოს და მოიწონოს ჩემი გულწრფელი სიყვარულითა და ემოციით შექმნილი გარემო, რომელიც მათთვის გავაკეთე. ეს იქნება ჩემი გამარჯვება საკუთარ თავთან.

სპა გრანდ ბელაჯიოს ერთ-ერთი განსაკუთრებული სივრცე გარე აუზია, დიდი ტერასით. ხედავთ პოტენციალს, რომ ეს სივრცე თანამშრომლობის ადგილად იქცეს სხვადასხვა კომპანიებისთვის – ივენთების, კორპორატიული შეხვედრებისა თუ თემატური ღონისძიებების დასაგეგმად? და გაქვთ თუ არა უკვე ხედვა, როგორ შეიძლება განავითაროთ ეს მიმართულება?
ჩვენს სპას მართლაც საოცარი გარე აუზის სივრცე აქვს. დიდი აუზი, გაშლილი დიდი ტერასა, ულამაზესი ზღვის და ახალი ბულვარის ხედით. ზაფხულისთვის მაქვს განსაკუთრებული გეგმები გარე სივრცესთან დაკავშირებით. აუცილებლად დაიგეგმება საზაფხულო ივენთები, რაც ძალიან აქტუალურია ზაფხულის სეზონისთვის. ასევე, აუცილებლად ვითანამშრომლებ ნებისმიერ კომპანიასთან, ვინც ჩვენს სპა ტერასაზე რაიმე ღონისძიების დაგეგმვას მოისურვებს.
რას უსურვებთ ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ გზას, იქნებ გვითხრათ თქვენი წარმატების ფორმულა…
როგორ ვუთხრა ახალგაზრდა გოგონებს 24/7-ზე იმუშავეთ, გადადეთ პირადი ცხოვრება გვერდზე და იფიქრეთ მხოლოდ კარიერაზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, წარმატება არ არის მხოლოდ მატერიალური მხარე. ყველაზე დიდი წარმატება იწყება იქ, სადაც გონება მშვიდია და ემოციები კონტროლირებადი. ყველა მანდილოსანს ვუსურვებ იცოდნენ რა უნდათ და რა ახარებთ. ოჯახი, მეგობრები, პირადი ცხოვრება – ამ ემოციური ბალანსის შენარჩუნება ქალისთვის უფრო აუცილებელია.












