ფიქრობს, რომ მუსიკა ძალაა, რომელსაც ადამიანის შინაგანი სამყაროს, სულიერების გაშიშვლება შეუძლია, განიჭებს ღვთიურ თავისუფლებას, უნარს, რომლითაც შეგიძლია მისწვდე მსმენელის გულს, ფიქრს, ემოციას და არაერთი კითხვა გააჩინო მათში. პატარაობიდანვე ეზიარა მუსიკის სამყაროს, როგორც თავად ამბობს, გაუმართლა, რომ დაიბადა ოჯახში, სადაც მუსიკით სუნთქავენ, რომ არის ისეთი დიდი მუსიკოსის შვილი, როგორიც ვაჟა ტუღუშია. უყვარს როცა სცენაზე იმპროვიზაციას სთავაზობს მსმენელს, სწორედ ამით იკვეთება ინდივიდუალიზმი… შეგიძლია, ერთი ისეთი ბგერა იპოვო, რომელიც კონკრეტულ მომენტში გამოხატავს შენი, როგორც მუსიკოსის ხასიათს, იმას, რისი თქმაც გსურს შენი მუსიკით ადამიანებისთვის, სამყაროსთვის.
რა როლს თამაშობს მის ცხოვრებაში მუსიკა, როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ეყვარება და რომელ სიმღერას უძღვნის ადამიანებს, სამყაროს – გაეცანით OK! ბათუმის ინტერვიუს მუსიკოს გიორგი ტუღუშთან.
პირველი ნაბიჯები და ემოციები, რომელიც მუსიკას უკავშირდება…
ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით 6-7 წლის, როცა მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანეს, სადაც ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა დავიწყე. თუმცა, ჯერ ვერ ვხვდებოდი ეს მუსიკასთან საბოლოოდ დამაკავშირებდა, თუ არა. რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გიტარისკენ უფრო მიმიწევდა გული და ასე დაიწყო ჩემი და გიტარის სიყვარული, სიყვარული, რომელიც იმდენ სულიერ საზრდოს და ენერგიას მაძლევს, ვფიქრობ, არასდროს გამინელდება. მახსოვს, ადამიანებისგან პირველი დადებითი ემოციებიც, როცა ექსკურსიაზე პირველად წავიღე გიტარა და ჩემთვის, სახლში გაკეთებული სიმღერები მოვასმენინე. ძალიან მოეწონათ, ვიგრძენი გულწრფელი ემოციები, ამან მიბიძგა, რომ უფრო სიღრმისეულად მეკეთებინა ის, რაც ირგვლივ მყოფებსაც სიამოვნებას მიანიჭებდა. იმ დღემ დიდი როლი ითამაშა, გავაგრძელე გიტარაზე დაკვრა და სიმღერა.
პროფესია და შემდგომი წლები…
ოჯახის წევრებს ჰქონდათ სურვილი მუსიკასთან ერთად დავვუფლებოდი ტექნიკურ პროფესიას, შესაბამისად, სკოლასთან ერთად, დავდიოდი კოლეჯში, სადაც ვსწავლობდი სტომატოლოგიას, კბილის ტექნიკოსის მიმართულებით. დავამთავრე კიდეც, გამოცდილებაც მივიღე, ძალიან კარგ და ახლო მეგობართან, გოგიტა გოგუასთან კლინიკაში L-denti-ში გავდიოდი პრაქტიკას. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი მეგობარი მამუკა დევაძე მოვიდა და მითხრა, ერთად დაგვეკრა ერთ-ერთ კაფე-ბარში, სიხარულით დავთანხმდი. მაშინ 17 წლის ვიყავი. მახსოვს, ჯერ მამაჩემის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ დავუკარი, ისე მოეწონათ, პირველივე მოსმენაზე გვითხრეს, რომ დავრჩენილიყავით მათთან და დაგვეკრა. ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი.
კლინიკაში რომ დავბრუნდი, ეტყობა ისეთი ბედნიერი ვიყავი, აღტაცებით ვყვებოდი ამ ყველაფერზე, მითხრეს, შენ აქ დამბრუნებელი აღარ ხარო და გზა დამილოცეს იმ არაჩვეულებრივ ლაბირინთებში სამოგზაუროდ, რომელსაც მუსიკა ჰქვია. მართლაც, ჩემთვის სიმღერასთან დაბრუნება სიცოცხლის პოვნას ნიშნავდა, ნამდვილად ჩემი იყო. ჩემმა მეგობარმა და იმ კაფე-ბარმა, იმ ადამიანებთან ერთად, დიდი როლი ითამაშეს, რომ ბოლომდე ჩავძირულიყავი მუსიკალური სამყაროში და მიმეღო უდიდესი სიამოვნება. მქონია მომენტები, როცა დავღლილვარ, მაგრამ მუსიკა იმდენად მრავალფეროვანია, იმდენ შესაძლებლობას იძლევა, ვხვდები, ამის გარეშე ვერასდროს გავძლებ. დროდადრო მუსიკის სხვადასხვა ჟანრში მიწევს გარკვევა, სიახლეების პოვნა, ეს ყველაფერი მაძლევს იმის ფუფუნებას, რომ არ მოვიწყინო იმით, რასაც ვაკეთებ და, ამავდროულად, ყოველთვის საინტერესო ვიყო მსმენელისთვის.
იყო დიდი მუსიკოსის ვაჟა ტუღუშის შვილი, ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, თქვენ შეძელით და საზოგადოების სიყვარული დაიმსახურეთ, როგორც გიორგი ტუღუშმა, როგორ მოახერხეთ ეს…
როდესაც ცხოვრობ დიდ ადამიანთან, შესანიშნავ მუსიკოსთან ერთად, როდესაც მისი ცხოვრების ნაწილი ხარ, ამას რაღაც პერიოდი ვერ აღიქვამ, ვერ აცნობიერებ როგორ გაგიმართლა. თუმცა, მერე და მერე, როდესაც ასაკი გემატება, პროფესიონალი ხდები, მეტად აფასებ იმ შესაძლებლობას და უნარებს, რასაც მამაჩემი აკეთებდა მაშინ, და აკეთებს დღესაც. ისეთ ასაკში მომიწია მუსიკასთან კავშირი, მართალი გითხრათ, ვერ აღვიქვამდი მამაჩემის სიძლიერეს, მისი მუსიკის სიმაღლეს. არ მქონდა იმის შიში და განცდა, რომ რაღაც არ გამომივიდოდა, უბრალოდ, ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა გამეკეთებინა. თუმცა დღეს, უკვე 27 წლის ვარ და კარგად ვაცნობიერებ რამდენად დიდი როლი ითამაშა მამამ ჩემი მუსიკალური გემოვნების და ზოგადად, ადამიანად ჩამოყალიბებაში. მიხარია და მეამაყება ვაჟა ტუღუშის შვილობა, მაგრამ იმის გააზრებაც მაბედნიერებს, რომ შევძელი ადამიანებს ვუყვარდე როგორც გიორგი ტუღუში, მუსიკოსი, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია შექმნას ღირებული მუსიკა, და ის ემოცია, რასაც მუსიკაში დებს, ზუსტად მიიტანოს მსმენელამდე. ჩემი და მამას ურთერთობას ორი მხარე აქვს, არის მომენტები, როცა ძალიან თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს პასუხისმგებლობები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და ვცდილობ, რომ ორივე შემთხვევაში ეს ყველაფერი არ გადავიდეს ჩარჩოებიდან, არც ჩარჩოში იყოს მოქცეული. არ ვიცი იდეალური როგორია, მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ იდეალურთან ახლოს არის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ შორის არსებობს.
რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა, რა ემოციებს გაძლევთ, რომელსაც შემდგომ სამყაროს უბრუნებ…
ზუსტად, აღნიშნულ თემაზე ვესაუბრობდი, რამდენიმე დღის წინ, ჩემს პატარა ძმას, საბა ტუღუშს, ძალიან საყვარელ, ნიჭიერ ბიჭს, რომელიც მუსიკას ეუფლება, უკიდეგანო წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. ვეუბნებოდი, რომ მუსიკა ხელოვანი ადამიანისთვის არის ღვთიური საშუალება თავისი სათქმელი, პროტესტი იქნება ის, სიყვარული, თუ ნებისმიერი რამით ნაკარნახევი ემოცია, მუსიკის საშუალებით გამოუშვას ისე, რომ არავის ეჩხუბოს, არაფერი მოიპაროს, არავინ დააზარალოს. ვეუბნებოდი, რომ ჩემს პატარა სტუდიაში, რომელიც სახლში მოვაწყვე, არ დამისრულებია, შემიძლია ყოველი დღის ემოცია მუსიკით მოვყვე, გავიდე ჩემი სხეულიდან, როგორც სული და ამ მდგომარეობას გარედან შევხედო, გავაანალიზო რა მოხდა, და რა ხდება ჩემს თავს. ვფიქრობ, თითოეული გადადგმული ნაბიჯი, ადამიანებისგან მიღებული პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობა, ყოველთვის იტრიალებს ჩვენში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაწილია. მაგრამ, საბედნიეროდ, ხელოვან ადამიანებს გვაქვს იმის შესაძლებლობა ეს ყველაფერი მუსიკაში მოვაქციოთ, მუსიკით გავანგრიოთ ყველა ბარიერი, მუსიკით ვთქვათ ჩვენი სათქმელები, რომელიც ხანდახან შეიძლება გასაგები იყოს ვიღაცისთვის, ხანდახან კი სრულებით გაუგებარი. საინტერესოობა და ინდივიდუალიზმი, ვფიქრობ, სწორედ ამაში მდგომარეობს.
გაქვთ საავტორო მუსიკა, როგორია წერის პროცესი…
ცხოვრებაში არის ძალიან კარგი, პოზიტიური და ნეგატიური მომენტები, რაც გავსებს ემოციით, გაფორიაქებს და იბადება რაღაც ახალი ნოტი, ახალი ბგერა, ჟღერადობა, რომელსაც იმახსოვრებ, უსმენ და ცდილობ განავითარო. სხვათა შორის, ტელეფონი მეხმარება ამ ყველაფერში. მაგალითად, უცებ მომწონებია მუსიკალური არანჟირება, ჩამიწერია და მერე მიმიქცევია ყურადღება. შეიძლება შემდეგი მოსმენისას ისე არ აღვფრთოვანებულვარ, როგორც თავდაპირველად, მაგრამ რადგან რაღაც ახალი ემოცია გამოიწვია ჩემში, ახლებურად ამანთო, თაროზე ვინახავ, იმ განცდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მივუბრუნდები. ამჟამად, ძალიან ბევრი მუსიკალური მონახაზი მაქვს დაგროვილი, და სტუდია, რომელზეც მოგახსენეთ, ვფიქრობ, მომცემს შესაძლებლობას რაღაც ახალი მუსიკალური ფურცელი გადავშალო, რომელზეც ბევრი საინტერესო ამბავი დაიწერება. არაერთი საავტორო სიმღერა მაქვს, თუმცა არ შემიძლია მათი ყველა იმ სივრცეში გაჟღერება სადაც ვუკრავ. ჩემს სიმღერებს მხოლოდ მაშინ ვასრულებ, როცა მსმენელთან უშუალო კავშირს ვგრძნობ.
სივრცეები ბათუმში, სადაც თავს შემოქმედებითად თავისუფლად გრძნობთ…
ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ასეთი სივრცეა ქალაქში, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ადგილები, სადაც შენს შინაგან სამყარო გადმოსცემ, პოულობ ადამანებს და მათთან სწორ კავშირებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ასეთი სივრცე ჩემთვის ოყო „სორო“ ბარი, შემდეგ იყო „ხე“ ბარი, სადაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, ასევე არის „ალკო სივრცე“, სადაც რაღაცნაირად ვგრძნობ უშუალო კავშირს მსმენელთან, სადაც არ არის რაიმე ტიპის შეზღუდვები. არის ბათუმში ისეთი ადგილები, სადაც ბათუმელ მუსიკოსებს და არამარტო მათ, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი მუსიკა გაუზიარონ ადამიანებს. ჩემთვის „ფაზენდაც“ ძალიან კარგი სივრცეა, კარგად ვგრძნობ თავს. ალბათ, არ მიწყენს არავინ, თუ ვინმე გამომრჩა. მზად ვარ ყველა იმ სივრცეში დავუკრა, სადაც ჩარჩოებს არ გიწესებენ, სადაც იციან კარგი მუსიკისა და მუსიკოსის ფასი.
სასიამოვნო სიახლე…
არაერთი სასიამოვნო სიახლე გვაქვს, დავიწყებ ავთო აბესლამიძის პროექტით, რომელსაც ჰქვია „ავტოსტოპი“, სადაც მე, ავთო, უნიჭიერესი დრამერი და მუსიკოსი ნიკა აბაშმაძე, კლავიში გიორგი ჟვანია, ბას გიტარა გიორგი კომახიძე, ბექები ინგა საყვარელიძე და ანა ნაგერვაძე ვართ გაწევრიანებული. საინტერესოა მათთან მუშაობა, ერთმანეთისთვის სიახლეების გაზიარება, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გზრდის და განვითარებს. წინ არაერთი საინტერესო გეგმაა, რომელსაც, მჯერა, ერთობლივად განვახორციელებთ. ასევე, მინდა გითხრათ მეორე ბენდზე, რომელსაც ჰქვია „ჩემი ბენდი“ და რომელიც ასევე ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტდა. აღნიშნული ბენდის სოლისტია, ძალიან კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდა, ბექა გოგიჩაიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი ხმის ტემბრი აქვს და ამავდროულად წერს საავტორო სიმღერას. ძალიან ნიჭიერი დრამერია ნიკა აბაშმაძე, ასევე ძალიან კარგი მუსიკოსია გიორგი ჟვანია, ბასგიტარა გიორგი კომახიძე, მე ელექტროგიტარა, ზოგჯერ კი იმის ფუფუნებაც მაქვს, რომ ჩემი რეპერტუარიდან შევასრულო სიმღერები. ვფიქრობ, ამ ორი ბენდის ჩამოყალიბებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსმენელს საინტერესო და ხარისხიანი მუსიკა შევთავაზოთ.
მუსიკალური ექსპერიმენტი, რომელმაც ახალი და საინტერესო ემოცია დაბადა თქვენში…
„ჩემს ბენდთან“ ერთად ვუკრავდი ერთ-ერთ სივრცეში, ჩვენ შემდეგ დიჯეის უნდა გაეგრძელებინა დაკვრა, როცა დაკვრა დაიწყო, სპონტანურად მომინდა ავყოლოდი ჩემი ელექტრო გიტარით. საოცარი სინთეზი შედგა, იქ მყოფ საზოგადოებასაც გადაედო ეს სიამოვნება. სწორედ ეს არის მუსიკის ძალა, დადგება დრო და აუცილებლად იგრძნობ იმ უშუალო კავშირს, რომელიც პოზიტიური ენერგიიდან მოდის. არასდროს მიფიქრია ელექტრონულ მუსიკასთან სინთეზი ასე მაგარი თუ გამოვიდიდა, მაგრამ ამ ექსპერიმენტმა, იმპროვიზაციამ სცენაზე, ახალი ემოციები და იდეები გააჩინა ჩემში.
ჯაზი, როგორც სულიერი საზრდო…
ჯაზზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, ჩემში იმდენად ძლიერია მისი სიყვარული. თანამედროვე ჯაზის და მისი წამყვანი ჯაზმენის ჯონ მაკლაფლინის ფანატი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ის დაახლოებით 80 წლის არის, უსერიოზულესი, უმაღლესი რანგის ჯაზს უკრავს. ფიუჟენი დაარქვა თავის მიმდინარეობას ჯაზში, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობით, იქაური კულტურის გაცნობით მიღებული ემოციებით და აერთიანებს რამდენიმე მუსიკალურ მიმდინარეობას. ჩემი აზრით, ჯაზი ის მუსიკაა, სადაც თუ შეაღწევ, აღარ გესმის ის ხმაურიან მუსიკად. შინაგანად უნდა იცოდე, გრძნობდე თითოეული ბგერის შინაარსს, რომ მიიღო უდიდესი სიამოვნება. ჯაზი და კლასიკა, არიან მუსიკის მაცოცხლებელი გული და სული.
ქალაქი, რომელიც მრავალფერი ემოციით გავსებთ…
ძალიან ბევრჯერ მითქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ ვერ ვხედავ ჩემს თავს სხვაგან, რადგან იმდენად კომფორტულად ვგრძნობ ბათუმში თავს, მიმაჩნია, რომ ეს ბედნიერება საკმარისია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი ვარ და შეიძლება მომიწიოს სხვა გარემოში ჩემი სულიერების ძიება, მაინც, ხანგრძლივი დროით ბათუმის გარდა ვერსად ვიცხოვრებდი. ამ ქალაქში ჩემთვის ძალიან დიდ როლს თამაშობენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან და პოზიტიური ენერგიით მავსებენ. ძალიან მუსიკალური და ჟღერადია ბათუმი და მე ის ძალიან მიყვარს. ძალიან მაგარი მუსიკოსები გაზარდა ბათუმმა, ზრდის და მჯერა მომავალშიც გაზრდის. შემოქმედებითი სულის ქალაქში ვცხოვრობთ, რომელსაც უნდა მოვუაროთ და თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ.
დედის რჩევები…
მართლა გამიმართლა, რომ ვარ ისეთი ქალბატონის შვილი, როგორიც რუსუდან ბაჩილავაა. ალბათ, ყველა შვილს უყვარს და პატივს სცემს თავის დედას, ყველა მათგანს ჰგონია, რომ დედამისი ყველაზე ლამაზი და კეთილი ქალია დედამიწის ზურგზე, მაგრამ დედაჩემი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია, რომლის სიყვარული, მეგობრობა, მაძლევს ძალას და სტიმულს, რომ ვიყო იმაზე უკეთესი ხვალ, ვიდრე დღეს ვარ. დედაჩემი პროფესიით მუსიკოსია, შესაბამისად, როგორც მამაჩემი მაძლევს მუსიკალურ რჩევებს, ასევეა დედაც. ვცდილობ, თუ რამეს ვქმნი, აუცილებლად მოვასმენინო დედას და გავითვალისწინო მისი რეკომენდაციები. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მეგობარი, რომლის უანგარო სიყვარულის ყველაზე მეტად მწამს.
როგორია შეყვარებული გიორგი ტუღუში
რაღაც კუთხით ფანატიკოსი. თუ მიყვარს, ბოლომდე ვეშვები ამ ემოციებში. შეყვარებული გიორგი ტუღუში ცხოვრობს მომავლის ფიქრით, იმით, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც არის იმ დროისთვის, ან ვისთან ერთადაც მომავალში იქნება.
როგორი უნდა იყოს ის ქალი, რომელიც აღგაფრთოვანებთ?
ადამიანი, რომელთან ერთადაც ვიქნები და დავიმსახურებთ ერთმანეთის სიყვარულს, აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი. არ ვფიქრობ, რომ გოგო, რომელიც ჩემ გვერდით იქნება მაინცდამაინც მუსიკოსი უნდა იყოს, შეიძლება კარგი მათემატიკოსი იყოს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ესმოდეს მუსიკა, გრძნობდეს რას და რა ემოციით ვმღერი. ვფიქრობ, უფრო გამიადვილდებოდა ურთიერთობა თუ მუსიკა გაგვაერთიანებდა. მართალია ახლა არ ვარ შეყვარებული, მაგრამ როცა ვიყავი, მაშინ არაერთი კომპოზიცია შევქმენი, და როცა რაღაც ნაღდი იქმნება, ის აწმყოშიც კარგად მოქმედებს შენს მუსიკაზე. წარსულის ლამაზი ემოციები შეიძლება გახდეს იმის ინსპირაცია, რასაც ახლა და ამჯამად ქმნი.
რა იქნება ხვალ…
ძალიან ბერჯერ მიფიქრია მაგაზე, მომავალზე ფიქრები დიდ როლს თამაშობს ადამიანში, ხანდახან მეშინია კიდეც, თუმცა ეს ბუნებრივია, რადგან არ იცი ხვალ რა გამოწვევის წინაშე დაგაყენებს ცხოვრება. ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ხვალაც, ზეგაც და სულ, ჩემს თავს მუსიკაში ვხედავ.
სიმღერა, რომელიც სულ თქვენთანაა…
შემიძლია ამ სამყაროს მივუძღვნა მობის კომპოზიცია Natural Blues, რომელიც სულ ჩემთანაა და მავსებს…
ტექსტი: ნანა აბულაძე