როგორც ამბობს, ყველაფერი ერთმა მისტიკურმა დღემ თავდაყირა დააყენა, როცა კანის იახტების ფესტივალის ბილეთი იყიდა და ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯა. მაშინვე გადაწყვიტა, რომ იქ იყო მისი ადგილი. ახალგაზრდა ვეტერინარის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჯერ 68 კილოგრამი დაიკლო, მერე ბევრი იშრომა და წარმატებამაც არ დააყოვნა. დღეს გიორგი ჩიკვაიძე Azimut Yachts Georgia-ს მმართველი და Azimut Benetti Group-ის VIP-გაყიდვების მენეჯერია იტალიასა და საფრანგეთში. უყვარს მუსიკა, მეგობრობს ჯორჯ ბენსონთან და მიაჩნია, რომ მადლიერების გრძნობის გარეშე სამყაროში არაფერი გამოდის.
მისტიკური დღე
ეს იყო 7 წლის წინ, როცა კანის იახტების ფესტივალზე მოვხვდი, როგორც ტურისტი და ეს აღმოჩნდა გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში. პროფესიით ვარ ვეტერინარი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი. იმ დროს პროფესიით გატაცებული ბედნიერი პუტკუნა ვიყავი − 126 კგ-ს ვიწონიდი. პირველი დანაზოგით სამხრეთ საფრანგეთის ნახვა გადავწყვიტე. კანის იახტების ფესტივალზე ვყიდულობ ვიზიტორის ბილეთს და ვხვდები სამყაროში, რომელიც მანამდე მხოლოდ ფილმებში მენახა. იქ მივხვდი, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებ ჩემს ცხოვრებაში, როგორც საკუთარ ქვეცნობიერს უნდა. ამოვარჩიე ყველაზე დიდი სტენდი, მივედი და ვკითხე, თქვენთან მუშაობას როგორ იწყებენ-მეთქი. პასუხიც არ გამცეს. ძალიან მეწყინა. ამას შეესწრო ბრენდმენეჯერი ფრანჩესკო ბორომეი, მაშინ მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი, რომელმაც მითხრა, რომ შესაძლებელია ამ კომპანიაში მუშაობა, უბრალოდ, არსებობს აკადემია, რომელიც უნდა გაიარო. რჩევაც მომცა, რადგან ეს Luxury-კლასის ბიზნესია, დიდ ყურადღებას აქცევენ ადამიანის ესთეტიკურ მხარესო. მივხვდი, რომ აქცენტი ჩემს გარეგნობაზე გაამახვილა. ერთ წელიწადში დავბრუნდი კანის იახტების ფესტივალზე 68 კილოგრამით ნაკლები − ნავარჯიშევი, შეცვლილი ფორმით და იმ ადამიანს თავი გავახსენე. რომ დამინახა, გადაირია და მითხრა, ყოველგვარი გასაუბრების გარეშე მე ვიქნები შენი წარმდგენი აკადემიაშიო. ამას მოჰყვა „აზიმუტის“ აკადემია, ჩემი პირველი დასაქმება − სტუმრებს ვხვდებოდი. შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობის გაყიდვების აგენტებთან ასისტენტად ვიყავი მიმაგრებული და ორი წლის თავზე ვთხოვე წარმომადგენლობის გაკეთება საქართველოში, რაც არცთუ იოლი გახლდათ. იმ დღეს ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მისტიკური დღე იყო. ძველი გიორგი თითქოს გარდაიცვალა და დაიბადა ახალი. მანამდე რაც იყო, წაიშალა. თითქოს დრო გაჩერდა.
ბავშვობა
ბავშვობაში მინდოდა ყველაზე ცნობილი ვეტერინარი ვყოფილიყავი. მყავს იშვიათი ჯიშის ავსტრალიური ჩიტები, ფრანგული ბულდოგი, თევზები. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცხოვრება ამ მიმართულებით წავიდოდა. მუდამ მაქსიმალისტი ვიყავი, მუდამ ვოცნებობდი. ვიცოდი, წარმატება მოვიდოდა. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, მუშაობა მინდა და სამსახური არ არისო. 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი და იმდენი რამ გამოვიარე: აკვარიუმს ვწმენდდი, 20 ლარს მიხდიდნენ, ვამრავლებდი ლაბრადორებს და ლეკვებს ვყიდდი. არც ერთი წუთით არ დამიკარგავს უკეთესი მომავლის იმედი. თუ ადამიანი სწორად ოცნებობს, ქვეცნობიერი ისე ალაგებს მის ოცნებებს, შემდეგ ხვდება, რომ ეს ზუსტად ის სცენარია.
საჭირო დროს საჭირო ადგილას
სამყარო კანონზომიერია, ყველა ადამიანს რამდენიმეჯერ აძლევს შანსს. წლებს პოზიტიურ გამოცდილებასთან ერთად მოაქვს ნეგატიურიც, რაც რეზისტენტულს გვხდის გარკვეული სიტუაციების მიმართ. ხასიათის მთავარი შტრიხები მაინც უცვლელი დარჩა. მუდამ მახსოვდა მამაჩემის ნათქვამი: „თუ რაიმეს დააშავებ, შენი მოსაგვარებელი იქნება“. თავიდან არ მესმოდა, მაგრამ ამან თავისი როლი შეასრულა ჩემს ჩამოყალიბებაში.
იმდენი იმედგაცრუება და ბარიერი იყო წარმატების ამ გზაზე, რომ ბევრი, ალბათ, თავს დაანებებდა. არ გვქონდა კაპიტალი. 2018-ში კომპანიის პრეზენტაციის ფული არ გაგვაჩნდა, კრედიტი ავიღე და მე და ჩემმა ორმა ძმამ გავაკეთეთ, ვიარეთ ლილოში ხალიჩებზე, დეკორაცია ჩვენი ხელით დავამზადეთ.
როგორც კი ვიფიქრებ, რომ ეს არის ჩემი დამსახურება, იმ მომენტში დასრულდება ყველაფერი. მადლიერება მთავარი პრინციპია, რაც ადამიანის გზას განსაზღვრავს. თუ მადლიერების გრძნობა არ გაქვს სამყაროს მიმართ, არ შეგიძლია არც სიყვარული და ვერც ბედნიერი იქნები.
სასურველი სასიძო
არ მაქვს მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება. იყო წარსულში რაღაცები, რამაც ჩემზე გავლენა მოახდინა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ახლა საქმეზე გახლავართ კონცენტრირებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ დასაბალანსებელი იქნება ეს ენერგიები, პატარაც აღარ ვარ… როგორი თავდაჯერებულიც უნდა იყოს კაცი, ის ქმნის სამეფოს, სადაც ორი ტახტია − მეფისა და დედოფლის. როცა დედოფლის ტახტი ამდენ ხანს თავისუფალია, რთულდება ხოლმე შესაბამისი ადამიანისათვის ამ ტახტის დათმობა.
იდეალისტი და მაქსიმალისტი ვარ. მეუღლე უნდა იყოს ძალიან კარგი მეგობარი. უნდა ესმოდეს ჩემი არცთუ იოლი ხასიათის. ვარ საშინლად ეჭვიანი, ძალიან მესაკუთრე, რაც ადამიანებს ხშირად თავისუფლებას უზღუდავს. ქალს აბსოლუტურად უნდა ჰქონდეს გათავისებული, რომ ჩემს სამეფოში უნდა იყოს დედოფალი, რომლის უკან დგას მეფე.
გართობა
გართობა და დასვენება დიდი ხანია, ჩემს ცხოვრებაში აღარ არის. საქმე, რომელიც განიჭებს სიამოვნებას, დასვენებაც არის. მუსიკა მიყვარს და ყველაფერს აბალანსებს. ადამიანები, რომელსაც მთელი ბავშვობა ვუსმენდი, ახლა ჩემი დამკვეთები და კონტრაქტორები არიან. მაგალითად, ჯორჯ ბენსონი, ჯეი ზი, ბიონსე. ბენსონი მონაკოში გავიცანი 31 ივლისს, როცა გავხდი 31 წლის. იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
გეგმები
ვერ ვიტყვი, რომ იდეალური მაგალითი ვარ ვინმესთვის, მაგრამ ჩემი ცხოვრების თაიმლაინზე არის ისეთი საკვანძო ნიუანსები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს ვინმემ, ვინც ამ გზას ადგას.
როცა არსებობს მიზანი, არავითარ შემთხვევაში ფარ-ხმლის დაყრა არ შეიძლება. იმდენი იმედგაცრუება, იმდენი ჩავარდნილი მოლაპარაკებაა ჩვენს ისტორიაში… მგონია, არ არსებობს მიზანი, რომელსაც დაისახავ და არ გამოგივა. ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. იმდენ ენერგიას გამოვიმუშავებ ყოველდღე, დაძინებას ვადარებ გარდაცვალებას და დილას − დაბადებას. ვცხოვრობ დღევანდელი დღით. დილით რომ ვიღვიძებ, ვიცი, რომ ასე დავიბადე დილით და საღამოს გარდავიცვლები. იმხელა ენერგიაა, ხანდახან მგონია ცეცხლი მიკიდია.
როცა საქართველოში წარმომადგენლობა გავაკეთეთ, გვეუბნებოდნენ, პირველი ორი წელი სასაცილოდ არ ეყოფათ ამ კომპანიის გამოჩენა, შემდეგი ორი წელი ვიღაცები გარისკავენ იახტის შეძენას, შემდეგი ერთი წლის თავზე 5-6 იახტა გექნებათ გაყიდული, შემდეგ დაიწყებენ დიდი იახტების შეძენას. ზუსტად ასე მოხდა. ჩვენი კომპანია არ აშენებს მხოლოდ იახტებს, არამედ ქმნის ამინდს ამ ინდუსტრიაში. პანდემია არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში იყო გაყიდვების მომატების გადამწყვეტი ფაქტორი. წარმოება უცხოურია, ძირითადი ქარხნები გვაქვს იტალიაში. ვფლობთ 6 შვილობილ ბრენდს. ჩვენთან მოსული ადამიანი უკან არ მიდის.
ახლა გავყიდეთ საქართველოში ყველაზე დიდი − მილიონი ევროს ღირებულების იახტა. აქამდე იყო გაყიდული 11, წელს სეზონზე გაიყიდა კიდევ 4 იახტა, რომელიც სიდიდით უდრის დანარჩენ 11-ს.
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ახალი იახტკლუბის მშენებლობის პირობები და თარიღი. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სწრაფი გზაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ გამოცდილებას, რომელიც ევროპიდან მოგვყვება, მთლიანად მოვახმართ ქვეყნის განვითარებას. ერთ, საშუალო ზომის იახტაზე მოდის 10 დასაქმებული ადამიანი. ვაგრძელებთ ახალი იახტების ჩამოყვანას. ძალიან გაზრდილია მოთხოვნა.
გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ. მუდამ ერთი კადრი მიტრიალებს გონებაში: მე, ასაკში, როგორ ვტკბები საქართველოს კურორტებზე განვითარებული იახტების ინდუსტრიით.