უდიდესი პასუხისმგებლობაა წარმოადგენდე უცხოეთში შენს ქვეყანას – მიაჩნია OK! ბათუმის სტუმარს, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლევან დიასამიძეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 20 წელზე მეტია საქართველოს სამსახურში დგას და როგორც ამბობს, ეამაყება, რომ შეუძლია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს. განსაკუთრებით უყვარს ბათუმი, ადგილი, სადაც მისთვის ძვირფასი ადამიანები და მოგონებები ცხოვრობენ, ადგილი, რომელსაც თავის ნავსაყუდელს უწოდებს და თვლის, რომ, მხოლოდ ბათუმს შეუძლია აგავსოს ისეთი ენერგიებით, რომელიც მთელი წელი საგზლად გაგყვება. რას ეტყოდა ემიგრანტებს, რისი სჯერა ყველაზე მეტად, რომელი ქვეყნიდან განხორციელდება პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 16 ოქტომბრიდან, საქართველოს რომელ კუთხეს დაათვალიერებინებდა და რომელ კერძს დააგემოვნებინებდა სტუმრებს – აღნიშნულ კითხვებზე პასუხი OK! ბათუმის ინტერვიუში წაიკითხეთ.
მოგონება, რომელში დაბრუნებაც გსურთ…
გენიალური ფრანგი მწერალი ამბობს, „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“… ჩვენ ბავშვობაში ვიძენთ ყველა იმ თვისებას, რომელთა მეშვეობით უნდა გავიაროთ ცხოვრების რთული გზა. ბავშვობა ადამიანის ხასიათის მთავარი სამჭედლოა, როცა სამშობლოს და მოყვასის სიყვარულს ვსწავლობთ, მეგობრებს ვიძენთ, როცა გვიყალიბდება მორალი და ვხვდებით რა არის სინდისი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთელი ბავშვობის პერიოდი წარუშლელი მოგონებაა, მოგონება, სადაც ყველა ჩვენგანს სურს დაბრუნება…
გზა, პროფესიულ ლაბირინთებში…
მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ სადაც, მიღებული იყო, რომ მშობლებმა უკეთ იციან – რა პროფესია უნდა აირჩიოს შვილმა. შესაბამისად, თავიდანვე შეგუებული ვიყავი, რომ ოჯახის სურვილით იურისტი უნდა გავმხდარიყავი. თუმცა, ბავშვობიდან უფრო გეოგრაფია, ისტორია, პოლიტიკა მაინტერესებდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ოჯახის სურვილი დამეკმაყოფილებინა და ამ გზით მოვმხვდარიყავი იმ გზაზე, რომელიც ჩემს ინტერესებთან მიმიყვანდა. ბოლო წელი იყო აბიტურიენტობის, როდესაც გავიგე, რომ უნივერსიტეტში „საერთაშორისო ურთიერთობების“ ფაკულტეტი გაიხსნა. რამდენიმე თვე იყო დარჩენილი მისაღებ გამოცდებამდე, როდესაც ოჯახში ჩემი პირველი „ხმამაღალი“ განცხადება გავაჟღერე: არ მინდა „სამართალმცოდნეობა“, მინდა „საერთაშორისო ურთიერთობებზე“ ჩავაბარო. ჩემდა გასაკვირად, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. აი, ასე უცებ, სულ, ალბათ, 3 თვე იყო დარჩენილი, შევცვალეთ გადაწყვეტილება და მოვხვდი სასურველ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე. შემდეგ იყო სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის შემდეგ, პრაქტიკულად, ყველა დიპლომატიური საფეხური გავიარე.
იყოთ საქართველოს ელჩი მოლდოვაში, წარმოადგენდეთ თქვენს ქვეყანას, ნიშნავს…
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოადგენდე უცხოეთში შენს ქვეყანას. რაც შეეხება მოლდოვას, ამ მშვენიერ ქვეყანაში გერმანიიდან გადმოვედი, სადაც, მრავალი წელი, სხვადასხვა თანამდებობაზე, ჩვენს სამშობლოს წარმოვადგენდი. მოლდოვაში გადმოსვლამდე არასოდეს მქონია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება. თუმცა, საინტერესოა, რომ მოლდოვაში გადმოსვლისას სახლში დაბრუნების განცდა დამეუფლა. მოლდოველები ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია. ბევრი რამ აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. ჩემი მისიის პერიოდში, პირველ რიგში, ცხადია, შევეცდები ხელი შევუწყო საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. მოგეხსენებათ, საქართველოს და მოლდოვას ხანგრძლივი და მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს, გვაქვს საერთო ინტერესები და მისწრაფებები. ერთად გავდივართ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას, რომელსაც, ცხადია, კოორდინერებული ქმედებითა და ინტენსიური თანამშრომლობით უფრო სწრაფად და ეფექტურად გავივლით. ორივე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება გახდება საწინდარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და მოლდოვას შორის თანამშრომლობა არა მარტო სამთავრობო, არამედ რეგიონების, ქალაქების, სკოლების, უნივერსიტეტების, კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზეც ხორციელდებოდეს და ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, კულტურა და სპორტი ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. ამავდროულად, ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ულამაზეს საქართველოს მომავალში უფრო მეტი მოლდოველი ესტუმრება. შესაბამისად, მოლდოვურ მხარესთან უკვე იქნა მიღწეული შეთანხმება პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესახებ. 16 ოქტომბრიდან დაიწყება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კიშინიოვსა და თბილისს შორის. გარდა ამისა, ორივე ქვეყანას უდავოდ აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საელჩოს საქმიანობაში. მოლდოვაში ჩემი მისიაში ყოფნის დევიზია: „მეტი მოლდოვა საქართველოში და მეტი საქართველო მოლდოვაში“.
გაგვაცანით თქვენი ოჯახი… როგორ ატარებთ თავისუფალ დროს…
მყავს სამი ქალიშვილი. უფროსი, კესო, 20 წლისაა და ამჟამად თბილისში „თსუ“-ში „საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე“ სწავლობს. კესომ საბავშვო ბაღის და სკოლის პერიოდი გერმანიასა და ავსტრიაში გაატარა, მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში სამშობლოში მოინდომა სწავლის გაგრძელება. შუათანა, ბარბარე, 14 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი, მართა, 12-ის, ამჟამად ცხოვრობენ და სწავლას აგრძელებენ გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში დაიბადნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ, ისინი არ კარგავენ სიახლოვეს ქართულ გარემოსთან და კულტურასთან. მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო თავად გააკეთონ არჩევანი, დაისახონ მიზანი და თვითონვე მიაღწიონ მას.
მოვლენა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა თქვენში…
ძალიან ტურბულენტურ პერიოდში მოუწია ჩემს თაობას ცხოვრება, ბევრი მოვლენის მომსწრენი გავხდით, რაც, ცხადია, დიდ გავლენას ახდენდა ჩვენი ხასიათის, მიზნებისა და ცხოვრების გზის ფორმირებაში. ჩემთვის ყველაფერი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან დაიწყო. შემდეგ, როგორც იცით, დამოუკიდებლობის მოპოვება, ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამოქალაქო ომი, რევოლუცია, 2008 წლის აგვისტოს ომი… თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყველაფერმა გაგვაძლიერა კიდეც.
როგორია თქვენი წილი ბათუმი…
ბათუმი ბავშვობაში მაბრუნებს. ბათუმში მყავს ბავშვობის მეგობრები, სკოლა… ბათუმს უკავშირდება ბებია, ბაბუა – მოკლედ, აქ გავატარე ჩემი ბავშვობა. ბათუმი არის ჩემთვის მთავარი ნავსაყუდელი, სადაც მუდამ გელიან და შეგიძლია ნებისმიერ დროს მიხვიდე და ღუზა მშვიდად ჩაუშვა, დაისვენო და ახალი ენერგიით დაუბრუნდე საქმეს. თამამად და გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმი შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტია და მსგავსი სილამაზის ქალაქი შავი ზღვის აუზში არ არსებობს.
თავისუფლება არის…
ალბათ, ბანალურად გამომივა, მაგრამ მაინც ასე ვიტყოდი, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია ადამიანისთვის. თვითონ სიტყვა თავისუფლებაში დევს უკვე მისი დეფინიცია. მხოლოდ თავისუფალ ქვეყანაში შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს პიროვნული თავისუფლება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ მალე ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას სწორედ თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა ჩაუდგება სათავეში. ჩვენი ვალია მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. აქვე, დიდი აკაკი წერეთლის სიტყვებს მოვიშველიებ: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“.
საინტერესო გატაცება, ჰობი…
ფეხბურთი – ოღონდ დროის უქონლობის გამო პასიური გულშემატკივრის როლი მოვირგე.
ცხოვრება ჰგავს…
ცხოვრებაში რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ცხოვრება ჰგავს ექოს, ის ყოველთვის უკან გიბრუნებს იმას, რასაც ამბობ და აკეთებ… და აუცილებელია მიზანი, რაზეც უნდა გვქონდეს სწორება და რისკენაც მუდმივად უნდა ვისწრაფოდეთ.
წიგნი, რომელშიც გადახვიდოდით საცხოვრებლად…
განსაკუთრებით ისტორიულ წიგნებზე შევაჩერებდი ყურადღებას. ბავშვობის ოცნება იყო საქართველოს ყველა ეპოქაში მემოგზაურა. დიაოხი და კოლხადან დაწყებული ყველა საუკუნის საქართველოში ვისურვებდი ყოფნას.
ემიგრანტებს ვეტყოდი…
ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ თითოეული მათგანი საზღვრებს მიღმა ჩვენი ქვეყნის სახეს წარმოადგენს და საქართველოს დესპანები არიან. უაღრესად დიდია ჩვენი დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის ცნობადობისა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო ამაღლებაში. მეორე მხრივ, ადრე თუ გვიან, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ უცხოეთში, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს და უცხოეთში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ.
ის, რაზეც ყველაზე ხშირად გიფიქრიათ…
საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერი ცდილობს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. ევროპულ ოჯახში, რომლის ჩამოყალიბებაში, გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, ბერძნებთან და რომაელებთან ერთად, ჩვენც დიდი წვლილი მიგვიძღვის. ეს მისი უდიდებულესობა ქართველი ერის არჩევანია და შეუქცევადი პროცესია. მხოლოდ ევროპაში აქვს დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს არსებობის და გადარჩენის შანსი. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით მალე მივაღწევთ სანუკვარ მიზანს.
მნიშვნელოვანი შეფასება, რომელიც თქვენს ქვეყანაზე და კულტურაზე უთქვამთ თქვენთვის…
ჩვენი ევროპული არჩევანის დისკრედიტირების მიზნით, არაკეთილმოსურნენი ხშირად იგონებენ ათასგვარ სისულელეს ევროპაში არსებული მოლოდინების შესახებ. გერმანიაში მუშაობის პერიოდში გამოვყოფდი ფედერალური კანცლერის შეფასებას, რომელიც ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჩვენ ვართ უნიკალურები ჩვენივე კულტურით, ხელოვნებით, ისტორიით და ტრადიციებით…. და ევროპაში უნდა შევიდეთ სწორედ ისეთები, როგორებიც ვართ.
უცხოელ სტუმრებს საქართველოს რომელ კუთხეს დაათვალიერებინებდით და რა კერძს დააგემოვნებინებდით…
ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები. აჭარა ჩემთვის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. აჭარული სამზარეულოს შედევრი ჩემთვის მსოფლიოში აღიარებული აჭარული ხაჭაპურია.
მჯერა…
წარმატებული ქართული სახელმწიფო არის ყველა ჩვენგანის მშვიდობიანი, უსაფრთხო ცხოვრების გარანტი და საფუძველი. მჯერა, საქართველოს გამარჯვების, მჯერა, რომ მავთულხლართები ჩამოიშლება და გამყოფი კედლები დაინგრევა, მჯერა ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსი!!!
ტექსტი: ნანა აბულაძე