„ეს ჯილდო ეძღვნება ჩემს ნატანჯ სამშობლოს, რომელიც შევიწროებულია, მაგრამ მალე აღდგება!“ − ეს სიტყვები დავით ფირცხალავას ეკუთვნის, რომელიც მან ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოთქვა და ფილმისთვის „დიდი შესვენება“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.
ფილმი „დიდი შესვენება“ ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი სურათია, რომლის სიუჟეტი სკოლაში, 13 წლის შემდეგ, ყოფილი თანაკლასელების გარშემო ვითარდება და ის, რაც ფილმში ხდება, ჩვენ ყველას გამოგვიცდია. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც ან დაჩაგრულად გვიგრძნია თავი ან თავად გავმხდარვართ მჩაგვრელი. მთავარია ამ ყველაფრიდან სწორი დასკვნების გამოტანა შევძლოთ, გვეყოს ძალა პატიებისთვის − საკუთარი თავისა და სხვისიც.
ფილმის მთავარი სათქმელიც სწორედ ესაა. არ გავბოროტდეთ და ვიპოვოთ გზა სიკეთისკენ. სურათის ყველა პერსონაჟიც ამ გზას გადის − გზას სინანულამდე, პატიებამდე, გათავისუფლებამდე.
დავით ფირცხალავას მხატვრული ფილმი ახლა „ოსკარისთვის“ ემზადება და დეკემბრის ბოლოს, საბოლოო შერჩევის შემდეგ გახდება ცნობილი, მოხვდება თუ არა ფილმი „ოსკარის“ მოკლე სიის ნომინანტებს შორის.
მანამდე კი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ინტერვიუს დათასთან და ფილმის მთავარ სამ გმირთან. ეს იყო ინტერვიუ, რომლის დასრულების შემდეგ ცხადად დავინახე მთავარი − სიკეთე აუცილებლად იმარჯვებს ბოროტებაზე. უბრალოდ, გული უნდა გქონდეს ღია და თავისუფალი ამ სიკეთის მისაღებად.
დათა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. რა იყო „დიდ შესვენებამდე“?
2011 წელს დავამთავრე მაგისტრატურა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (კოტე ჯანდიერის ჯგუფი). სპეციალობით ვარ დრამატურგი, ტელე-კინოდრამატურგი. რეჟისორობაზე არ მიოცნებია, ბავშვობაში უფრო ფეხბურთელობა მინდოდა…
2014 წელს ჩემსავე სცენარით გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“. ფილმს გარკვეული წარმატებები ხვდა წილად, გახდა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული. ამის შემდეგ უფრო თამამად გადავწყვიტე, რომ საკუთარი სცენარის მიხედვით თავად გადამეღო სრულმეტრაჟიანი ფილმი. ასე დაიწყო „დიდი შესვენებაც“, რომელიც ჯერ იყო პიესა და თეატრში იდგმებოდა, მაგრამ მე მას ყოველთვის უფრო კინოდ ვხედავდი, ვიდრე სპექტაკლად. ეს აზრი ჩემში დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწიფდებოდა და 2020 წელს დავიწყეთ გადაღება.
ჩემი მთავარი მიზანია, როდესაც მაყურებელი ნახავს ფილმს, დაფიქრდეს და გაიხსენოს საკუთარი წარსული. ფილმი ისეთ თემას ეხება, რომელიც ყველას გამოგვივლია: ეს არის სკოლის პერიოდი, პირველი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გარემო, სადაც ყველა ცდილობს თავის დამკვიდრებას და ძალიან ბევრი უნარი, თვისება, ტკივილი თუ სიხარული მოგვდევს ამ პერიოდიდან. თუ ჩემი ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელი აიღებს ტელეფონს და თავის კლასელს ან ძველ მეგობარს დაურეკავს, ესე იგი ფილმი შედგა.
მოგვიყევით ფილმის შესახებ.
„დიდი შესვენება“ ყოფილი თანაკლასელების ამბავია, რომლებიც სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ სკოლაში იკრიბებიან ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით, რომ დალიონ, გაერთონ, ძველი დრო გაიხსენონ…
შეხვედრის ინიციატორი არის ციცი, რომელსაც თამაშობს შაკო მირიანაშვილი. სიუჟეტში თავიდანვე ჩანს ეჭვი და ნელ-ნელა ეს ეჭვი უფრო მყარდება, რომ შეხვედრის ინიციატორს აქვს შურისძიების ფარული მოტივაცია მის თანაკლასელ გუგას მიმართ, რომელსაც გიორგი შარვაშიძე თამაშობს. ციცის პერსონაჟს უნდა, რომ წარსულში ჩადენილი სისასტიკეების გამო პასუხი მოსთხოვოს გუგას და თითქოსდა საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემებისა და წარუმატებლობების სათავეს სწორედ საკუთარ თანაკლასელში ხედავს.
ფილმში ყველა გმირს თავისი გზა აქვს: ერთი მხარე არის ციცის პერსონაჟის ხაზი. ის ცდილობს, გუგას წყობიდან გამოყვანას, რომელიც ბავშვობაში მჩაგვრელი იყო, და პასუხების მიღებას. მეორე მხარე არის გუგას პერსონაჟი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია თავის წარსულს, ცდილობს მის დამალვას, მისგან გაქცევას, თავის თავსაც ვერ იღებს ისეთ სასტიკს, როგორიც იყო და როგორც კი დაპატიჟებენ თანაკლასელების შეკრებაზე, მაშინვე უჩნდება ეჭვი, რომ აპირებენ მის გასამართლებას. ამას ემატება მესამე გმირი, სანდრო კალანდაძის სახით, რომელიც ორივესგან დაზარალებულია. ფილმის სიუჟეტი ძირითადად სკოლაში ვითარდება, ძალიან მძიმე და ბასრი დიალოგების ფონზე.
ბულინგი დღეს ძალიან აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. როგორ უნდა გადარჩეს მოზარდი, რომ არც მჩაგვრელი იყოს და არც დაჩაგრული?
ბულინგი ყოველთვის იყო. მუდამ იყვნენ დაჩაგრულები და მჩაგვრელები, ახლა, უბრალოდ, ფორმები შეიცვალა, შინაარსი იგივეა. მე საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მოსმენა. შეიძლება მოზარდის პროტესტები და მისი თუნდაც არასწორი საქციელები იყოს მშობლის ან საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და გარკვეული დეფიციტის აღსადგენად. მშობელი უნდა ეცადოს წარმოიდგინოს საკუთარი თავი შვილის ტყავში და მისი თვალებით გაიხედოს. შეიძლება მზად ვიყოთ მოსასმენად, ვუთხრათ კიდეც − „გისმენ, აბა მომიყევი“, მაგრამ არ გვესმოდეს მისი. ჩართულობა შვილის ცხოვრებაში, მოსმენა და რაც მთავარია, გაგება − ესაა ყველაზე მთავარი. შეიძლება შვილს დაუთმო ნახევარი საათი, მაგრამ ღირებული უნდა იყოს ეს ნახევარი საათი, გათიშო ყველაფერი და რეალურად მართლა მასთან იყო.
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ახლა სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშე ვიდექით. შესაძლოა შინაარსში ვემთხვეოდეთ, მაგრამ ფორმები აბსოლუტურად სხვადასხვაა.
შესაძლოა მოზარდი თვითონ არ მოვიდეს შენთან, მაგრამ შენ მიხვდე როდის სჭირდება მას საუბარი, მოსმენა, გაგება, მხარდაჭერა. ამაში ვხედავ მე გადარჩენის გზას.
კინო შეკითხვებს უნდა ტოვებდეს თუ პასუხებს უნდა სცემდეს?
ეს დამოკიდებულია იმ მომენტში მაყურებლის განწყობაზე. შეიძლება მას იმ მომენტში აბსოლუტურად არ სჭირდებოდეს შეკითხვები და პასუხები, და სჭირდებოდეს უბრალოდ იმედი. კინო უნდა იყოს სასარგებლო. შეკითხვებს გაუჩენ, ემოციურად დამუხტავ თუ „შეაყანყალებ“, ეს უნდა იყოს სარგებლის მომტანი.
ჩემი პროგრამა მინიმუმი ეს არის − მავნე არ იყოს.
კინო იქნება ეს თუ სხვა რამ, ყოველთვის ვცდილობ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკეთო.
დღეს ისეთი გმირების ეპოქა დადგა, რომლებიც ყველანაირი სირთულის მიუხედავად, მაინც მყარად დგანან, მაინც წინ მიდიან. უმიზეზო იმედი კი არა, საკუთარი გამოცდილებით გამყარებული იმედი სჭირდება მაყურებელს. დანარჩენს თვითონ იფიქრებს.
მთავარია ადამიანმა შენი ტკივილები, შენი პრობლემები შენსავე გამოცდილებად, საკუთარ ძალად აქციო.
ჩვენ ყველანი რაღაცისთვის გავჩნდით. როდესაც გავიგებთ რისთვისაც გავჩნდით, შემდეგ ამ ჩვენს ტრავმებს, ტკივილებს, პროტესტს, ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ და ყოველივეს საკუთარი სახელი დაერქმევა.
რა არის ფილმის მთავარი სათქმელი?
მიტევებასა და სინანულს აქვს ძალიან დიდი მაცოცხლებელი მნიშვნელობა. მართლმადიდებლურად თუ შევხედავთ, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს წინამორბედი არის იოანე ნათლისმცემელი, რომელიც სინანულს ქადაგებს: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“. იოანე ნათლისმცემელი სინანულის მოძღვრად იწოდება. სინანული არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მორალური უფლება აღუდგება ღმერთთან ურთიერთობის. სინანულითა და მიტევებით თავისუფალი გული ხდება ძალიან დიდი სიკეთეების მიმღები. სინანულს მაცოცხლებელი ძალა აქვს, დიდი ენერგია შემოდის შენში და გგონია, რომ თავიდან, სუფთა ფურცლიდან იწყებ ცხოვრებას.
ჩემს თაობას, რომელ თაობაზეც არის ეს ფილმი, ძალიან ბევრი დაგვიგროვდა ერთმანეთისთვის და საკუთარი თავებისთვისაც მისატევებელი. ბევრი დაგვრჩა ადამიანებს ერთმანეთისთვის საპატიებელი.
ყველაფერი წარმავალია, გრჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები, ესაა ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი.
გააზრება, სინანული და მიტევებაა ჩემი ფილმის მთავარი სათქმელი.
რომელი ეტაპია ახლა ქართულ კინოში?
მგონია, რომ ადამიანები, რომლებმაც ფილმები უნდა გადაიღონ, ჯერ კიდევ მოსასვლელნი არიან ქართულ კინოში.
დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მალე გამოღვიძებას მოვესწრებით და ერთ-ერთი წამყვანი სფერო იქნება ხელოვნება, კონკრეტულად − კინო. კინოს სხვა გამოცდილება სჭირდება, მხოლოდ თეორიის კარგად ცოდნა არ ყოფნის. ესაა ყოფითი გამოცდილება, ცხოვრებისეული გამოცდილება, ტკივილით მოსული გამოცდილება. იმიტომ ხდება ხოლმე, რომ თითქოს ყველაფერი კარგია კინოში, მაგრამ არ გჯერა, ვერ შეგეხო.
„დიდი შესვენება“ სამსახიობო ოსტატობის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია. საოცარ მსახიობებს შევხვდი, აბსოლუტურად ცარიელებს სიყალბისგან.
გიორგის თვალებში არის ის იდუმალება, რომელიც საოცრად საინტერესო იყო ჩემთვის. ის არის მსახიობი, რომელსაც ძალიან დიდი და „მძიმეწონიანი“ გამოცდილება აქვს. სანდრო ჩემი მეგობარია, რომელიც ძალიან ანთებულია და გარდასახვის საოცარი ნიჭი აქვს. შაკოც უზომოდ დიდ დამაჯერებლობას ფლობს, იმიტომ, რომ აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. როდესაც ვწერდი სცენარს, აქ მყოფი სამივე მსახიობი უკვე მყავდა წარმოდგენილი.
ვფიქრობ, სულიერი ტანჯვით მოპოვებული გამოცდილების მქონე ადამიანებმა უნდა აკეთონ კინო. მჯერა, რომ ბევრი მათგანი მოვა ქართულ კინოში, ვინც მართლა გამოაღვიძებს და უკეთესს გახდის ამ სფეროს.
რა მოხდება, თუ?..
რა მოხდება, თუ „დიდი შესვენების“ ნახვის შემდეგ თანაკლასელები დაურეკავენ ერთმანეთს და გამართავენ ბანკეტებს. სიმართლის ლაპარაკია მთავარი, სიმართლე სჭირდება ხალხს.
სანდრო კალანდაძე, მსახიობი
„ჩემი გმირი არის დავით ფოჩხუა. ეს გახლავთ ბიჭი, რომელიც სკოლაში ცეკვავდა, მაგრამ თავის დიდ სიყვარულს − ცეკვას თავი დაანება და კონტრაქტით წავიდა ერაყში, სადაც დაიჭრა და მიეჯაჭვა ეტლს. მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, იგი არ გაბოროტდა, პირიქით − ამ ყველაფრიდან რაღაც ისწავლა და აღმოაჩინა თავის თავში.
ფილმის დასაწყისში ჩემს გმირს ჰგონია, რომ თავისუფალია და სწორ გზაზე დგას, თუმცა შემდეგ ისე ვითარდება მოვლენები, რომ ხვდება − მთავარი საპატიებელი აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რა სირთულეც უნდა შეგხვდეს ცხოვრებაში, ამ სირთულეშიც შეეცადო დაინახო პოტენციალი და იპოვო სინათლე.
ასეთი მძიმე გამოცდილება, როგორიც ჩემს პერსონაჟს აქვს, მე არ მქონია ცხოვრებაში, მაგრამ მსახიობობაც ამიტომ მიყვარს − როლზე მუშაობის დროს შეგიძლია ჩაიგდო თავი საკუთარი გმირის კონდიციაში და შიგნიდან რეალურად იგრძნო მისი ტკივილი.
შესაძლოა, მთელი ცხოვრება ჩვენი პრობლემების სხვებზე დაბრალებაში გავატაროთ და ვთქვათ, რომ დაჩაგრული ადამიანი ვარ და ყველა ჩემი წარუმატებლობა სხვისი ბრალია, მაგრამ მთავარია ოდესმე მიხვდე, დაინახო, იგრძნო, გეტკინოს, აპატიო, გაპატიონ და შენი ტკივილები შენსავე გამოცდილებად გარდაქმნა“.
გიორგი შარვაშიძე, მსახიობი
„მე და ჩემს გმირს ბევრი საერთო გვაქვს, ძალიან დიდ კავშირს ვხედავ ჩემი გმირის ცხოვრებასა და ჩემს ცხოვრებას შორის. ხანდახან იმდენად დიდს, რომ განცალკევებაც კი მიჭირს.
ჩვენ, ახალგაზრდებს, ყველას საერთო ტკივილი გვაქვს და ამას ცხადად ვგრძნობ. შენი, როგორც მსახიობის, პროფესიონალიზმი, ღრმავდება მაშინ, როდესაც უფრო და უფრო მეტად გესმის ადამიანების სატკივარი, შემდეგ გაცილებით კრიტიკულად უყურებ საკუთარ თავს და ხვდები − იმისთვის ხარ, რომ ადამიანებს რაღაცები დააძლევინო, შეაძლებინო, აფიქრო…
განსაცდელი, რომელიც კინოში ჩვენს პერსონაჟებს უდგას, მხოლოდ მათი არ არის − ჩვენ გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი შესაძლოა ახლა ზუსტად იმავე პრობლემის წინაშე იყოს.
ძალიან მიამიტურად, ბავშვურად მჯერა, რომ მთელი ჩვენი მონდომება, 27 თუ 28 უძილო ღამე იქნება ღირებული, საჭირო, სასარგებლო და ადამიანების 1%-ს მაინც დაეხმარება იპოვონ უკეთესი გზა, და ეს უკეთესი გზა მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის გზაა.
ჩემი აზრით, წარსულს ვერ დაივიწყებ. ჩემი გმირი დაჟინებით ცდილობს ამას, მაგრამ რაც უფრო შორს გარბიხარ, მით მეტად მოგდევს წარსული. ჩემი გამოცდილებითაც ასეა: უნდა შემოუშვა ფიქრები, რომელსაც გაურბიხარ; უნდა იფიქრო წარსულზე, მიიღო და თვალი გაუსწორო მას, და დიახ − უნდა მოგხვდეს კიდეც, თუ მოსახვედრია, გეტკინოს, აპატიო, გაპატიონ და დაასრულო.
ყოველთვის გვაქვს გზა, რომ რაღაცები შევცვალოთ. მთავარია არ გავბოროტდეთ, მთავარია ნაბიჯი გადავდგათ“.
შაკო მირიანაშვილი, მსახიობი
„ვფიქრობ, მსახიობის მთავარი მისიაა, ემოციები ჯერ შენში გამოიძახო, გააცოცხლო, იგრძნო და შემდეგ ამ ემოციებში ამყოფო მაყურებელი. გეტკინოს ისე, რომ მასაც ეტკინოს, იგრძნოს, რომ მარტო არაა, მასავით ან მასზე უარესად არის ვიღაც. ესაა კარგი მსახიობის მისია. ემოციურ გზაზე ისე ატარო მაყურებელი, რომ რაღაცებზე მაღლა დააყენო ან რაღაცებზე ცხადად შეახედო, და თუ აქედან დასკვნებსაც გამოიტანს, მერე რაიმეს შეცვლის, ეს არის საუკეთესო ვარიანტი.
ფილმში ჩემი გმირი არის შეუმდგარი, წარუმატებელი ბიჭი, რომელიც ყველა თავის უბედურებას სხვას აბრალებს. ყველაფერი, რაც მას ცხოვრებაში არ გამოუვიდა, სხვისი ბრალია − ოჯახის, უბნის, მეუღლის, თანაკლასელების, სკოლის…
ასე ვთქვათ, უარყოფითი გმირი ფილმის განმავლობაში გადის კეთილ გზას, შეკრებაზე მიდის იმ მოტივით, რომ შური იძიოს, მაგრამ გზის ბოლოს თავის თავსაც აპატიებს და მასაც, ვისშიც საკუთარი პრობლემების სათავეს ხედავდა.
როგორც სიკეთე, ისე ბოროტებაც ადამიანური ბუნებაა. უარყოფითი აზრებიდან, რომლებიც გაწუხებს, მნიშვნელოვანია სწორი დასკვნები გააკეთო და შენს თავზე უფრო მაღლა დადგე.
ხშირ შემთხვევაში მჩაგვრელი გაცილებით დიდ გასაჭირშია − ის ხომ ვიღაცაზე გაბატონებით ცდილობს თავის დამკვიდრებას… მასაც სჭირდება გაგება. შეიძლება შენ გვნებს, მაგრამ პარალელურად, ვიღაცას ძალიან კარგს უკეთებს. ასეთი ადამიანი თავის თავს ყველაზე მეტად ვნებს. მათთან ყოველდღიური შრომაა საჭირო, მათ სჭირდებათ თანადგომა, მხარდაჭერა და იმის გაგება, რომ ისინი გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე თავად ჰგონიათ.
ფილმი არ არის იმაზე, თუ რა ცუდია ჩაგვრა. ფილმი იმის შესახებაა, როგორ არ გაბოროტდე და როგორ არ აიცრუო გული ცხოვრებაზე“.
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: მაკა მეგრელიძე
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ლოკაცია: IQ Studio