გაეროს კალენდრის მიხედვით, მთელ მსოფლიოში 1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ხშირად გვსმენია − „ასაკი მხოლოდ ციფრებია“. რა თქმა უნდა, ადამიანი ნებისმიერ ასაკში უნდა ვითარდებოდეს, წინ მიდიოდეს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდეს მასზე ახალგაზრდებს. უფროსი ადამიანების ღვაწლი და გამოცდილება, მათი პოტენციალის რეალიზება, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჰარმონიული განვითარებისთვისა და ეკონომიკის ხელშეწყობისთვის. უკეთესი საზოგადოების მშენებლობისთვის აუცილებელია ყველა ასაკის ადამიანის სრულფასოვანი თანამშრომლობა და თანამონაწილეობა. და ჟურნალმა OK! გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შეგახვედროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ასაკი დაბრკოლება კი არა, ახალი გამოწვევების მიღებისა და ახალი მიზნების მიღწევის საშუალებაა. პროექტი განხორციელდა „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით.
„ლიბერთი“ და 60+ საზოგადოება დიდი ხანია ვმეგობრობთ. ისინი ძირითადად ჩვენი მომხმარებლები არიან და მათი საჭიროებები კარგად ვიცით – გვიყვება „ლიბერთის“ CSR და კომუნიკაციების მენეჯერი − ნინი ბუკია.
როგორ დაიწყო „ლიბერთისა“ და ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი უფროსი თაობის დაახლოება?
საჯარო ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში კომპიუტერის შესწავლის უფასო კურსები გავხსენით. პირობა − მოსწავლეები 60+ უნდა ყოფილიყვნენ. საპილოტე პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რის შედეგადაც მთელ საქართველოში 7-მდე კლასი გავხსენით და ჯამში 1500-ზე მეტმა უფროსი თაობის წარმომადგენელმა კომპიუტერით სარგებლობა ისწავლა.
აქედან წამოვიდა ძალიან ბევრი იდეა: ტანგოს ღია გაკვეთილები, ქართული ცეკვის კურსები თეა დარჩიასგან, ცხობა, ძერწვა, ვარჯიში… ძალიან კარგად მივდიოდით და დაიწყო პანდემია.
„კოვიდი“ თქვენთვის, ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს 60+ საზოგადოებას უქმნიდა…
„კოვიდი“ მართლაც დიდი გამოწვევა იყო. პანდემიამ ჩაგვკეტა ყველა. ყველაზე მოწყვლადი კი 60+ ჯგუფი აღმოჩნდა. შესაბამისად, მათი უსაფრთხოდ შინ ყოფნა მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენთვის. ყველა offline-აქტივობა online-პლატფორმაზე გადავიტანეთ და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის უამრავი კურსი შევქმენით: ძერწვის, ცხობის, ავეჯის რესტავრირების კურსები და სხვ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ლიბერთი“ უკვე სამი წელია პარტნიორობს გაეროს მოსახლეობის ფონდ UNFPA-სთან. სწორედ მათთან ერთად და მათთან პარტნიორობით გვერდით დავუდექით რუსთავისა და ქუთაისის 60+ კლუბებს, ჩავატარეთ საინტერესო აქტივობები. რა თქმა უნდა, UNFPA-სა და „ლიბერთის“ ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.
დღეს რა არის „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება?
„ლიბერთიმ“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად განათლება აირჩია და სწორედ განათლება, ცოდნის გაზიარება, გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება − ის მიმართულებებია, რაზეც ლიბერთის CSR-ი გვინდა ავაშენოთ. აქედან გამომდინარე, წელს ვფიქრობთ, რომ 60+კლუბებში ძალიან ბევრ საინტერესო ლექციას ჩავატარებთ, ჩვენ კი მათთან ერთად სწავლითა და მათთან ურთიერთობით ცხოვრების უამრავ პასაჟს შევიცნობთ…
ვამაყობთ, რომ ამ პროექტის სულისჩამდგმელები ვართ ჩვენ, რომელთა უკან უამრავი საინტერესო პროექტი დგას და იბრძვის გადარჩენისთვის, რწმენისთვის, გამარჯვებისთვის, ანშლაგისთვის.
მარიკა დარჩია – საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ჩვენს დროში ძალიან იმატა აქტიური ადამიანების რიცხვმა შუახნის ასაკობრივი ჯგუფში და ამ ადამიანებისთვის უამრავ რამეზე ფიქრობს მთელი მსოფლიო. ფიქრობს, როგორ დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან, რათა ჰქონდეთ განცდა, რომ ღირსეულად ატარებენ იმ ასაკს, რომელშიც არიან.
გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, რომელშიც ასევე აქტიურად ჩართულია ბიბლიოთეკების გაერთიანება, ვამზადებთ პროექტს, სახელწოდებით 60+ რომლის პრეზენტაცია მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში შედგება.
პროექტს 60+ ჰყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი. ეს არის თაობა+ და ვფიქრობ, იყო მხოლოდ ბებია და მხოლოდ დიასახლისი, არაა საკმარისი და მეტიც − ცოტათი სევდიანია. მათ აქვთ უნარი, რომ გაგიზიარონ, გასწავლონ. ძალიან ბევრი რამ შესაძლოა ერთმანეთისგანაც ვისწავლოთ, ძალიან ბევრ რამეს შეიძლება სულ სხვანაირად შევხედოთ, მათი დახმარებით.
ასეთი კლუბები იძლევა შესაძლებლობას, რომ დაემატოს გარკვეული მათთვის საინტერესო აქტივობები, მაგალითად, ხატვის საათი, რომელსაც ქეთი მატაბელი გაუძღვება; მუსიკის დრო, რომელსაც ია შუღლიაშვილი გაუძღვება; იყოს სპეციალური აქტიური ვარჯიშები შესაბამის ასაკთან და შესაძლებლობებთან, რომლის საშუალებითაც გაივარჯიშებენ სახსრებს, ხერხემალს და გახდებიან უფრო აქტიურები.
პროექტს 60+ ვამზადებთ ძალიან დიდი გულისყურით და მონდომებით, ვემზადებით, რომ წლის ბოლომდე ვნახოთ, რა სურვილები და აზრები წამოვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც კლუბში გაერთიანდებიან. ვფიქრობ, მათგან ძალიან საინტერესო იდეებს მივიღებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა, რომ ახალგაზრდებიც იყვნენ კლუბში და კლუბის ცხოვრებაში ჩართულები, რათა არ მოხდეს თაობებს შორის წყვეტა.
აღმოჩნდა, რომ ბევრ ქალაქში უკვე არსებობს ასეთი კლუბები. მაგალითად, წნორში არის გაერთიანება „ასაკი+“ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ასევე, ვფიქრობ, შეიძლება ამ ადამიანებისგან მომავალში მივიღოთ სხვადასხვა დარგის ექსპერტები. ძალიან ბევრი მათგანი შესაძლოა ახლა პენსიაზეა, მაგრამ მათი ცოდნა და გამოცდილება ძალიან მაღალია. არიან მეცნიერები, იშვიათი პროფესიის ადამიანები და ა.შ. მათგან უნდა მივიღოთ საჭირო მასტერკლასები.
ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს ასაკი არის საჭირო, რომ ამ ასაკშიც უნდა ვიყოთ აქტიურები, დაინტერესებულები და ისეთები, რომ ცხოვრება იყოს მეტად ხალისიანი და სასიამოვნო.
ქეთევან მატაბელი − მხატვარი
დიდი გზა გაქვს გავლილი და დიდი გამოცდილებით შედიხარ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ამ სიახლეშიც მუდამ უნდა განვითარდე, მუდამ უნდა გაიზარდო… ჰო, მადლიერების შეგრძნება და სიყვარულის გრძნობა არის მთავარი. არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ აქ ყველაფერი მთავრდება, რადგან სიკვდილის შემდეგაც ყველაფერი იწყება ისევ თავიდან. მთავარია იცოდე, რის გაკეთება გინდა, რა მისია გაქვს. ყოველ დილით, მზე რომ ამოდის და საღამოს ჩადის, მადლიერი უნდა იყო, იმიტომ, რომ ღამეს დღე ყოველთვის მოსდევს და პირიქით. მიზანი უნდა გქონდეს, რომელიც სიცოცხლის ძალით გავსებს. მუდამ უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ სიკეთისთვის გაიმარჯვო.
გია გუგუშვილი − მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორი
ერთხელ, ჩემმა მეგობარმა თქვა, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებაო. მომეწონა. ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, აღმოჩნდა − რაც უფრო გემატება ასაკი, მით ბევრი რამ გაცილებით საინტერესო ხდება. „მანამდე“ და „მერე“ უფრო საინტერესოა. ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ემოცია, ცოდნა − შენ უკვე შეგიძლია გასცე და როცა იცი, რომ ის, რაც აქამდე მოიპოვე, უნდა გასცე ახალგაზრდებისთვის. შენ ხელახლა იბადები, ხელახლა ქმნი საკუთარ სამყაროს. ეს არის მუდმივად განახლებადი პროცესი, რომელსაც ახალგაზრდებმა უნდა ჩაუდოთ საფუძველი.
ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ვაგრძელებთ და ჩვენ ვიბადებით − ყველაფერს თავიდან ვიწყებთ ყოველდღე და აქ. წლები მხოლოდ ციფრებია. ეს არის შეუქცევადი პროცესი − გუშინ არ არსებობს, ხვალე ხვალეზე ზრუნავს. თუ ჩვენ დღეს დავიხარჯებით ბოლომდე, ჩვენი „ხვალ“ იქნება მშვენიერი… და ჩვენ ისევ შეგვიძლია ყველაფერი დავიწყოთ თავიდან.
თამარ ცაგარეიშვილი − ჟურნალისტი, ტელეწამყვანი
ასაკი ცარიელი ციფრებია, რომელთა გახსენებაც, ყოველ ჯერზე განცვიფრებს. რეალურ ვნებათა დაცხრომაა. გალაკტიონის აღწერილ უკანასკნელ სიყვარულს ჰგავს, რომელიც „…არ უხმობს ქარიშხლიან, უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს…“ ასაკის სიმშვენიერე გარინდებაშია. მეტს ფიქრობ საკუთარ შეცდომებზე, მეტის დათმობა შეგიძლია, მეტად გიჩნდება სხვისი გაგების, მიტევების სურვილი. გიმძაფრდება მონატრების შეგრძნება, მეტი სითბო, სენტიმენტი ჩნდება: „ეს ის ჟამია, როდესაც გინდა, დაჯდე, დაწერო ბოლო წერილი, თუმცა სასწაულს კვლავ ელი ციდან და განვლილს ბევრად სჯობს დარჩენილი…“
სიყვარული, ცნობისმოყვარეობა, სწავლის სურვილი, ოცნება, გაფრენის სურვილი; „გაზაფხულების“ გამონახვა კანონზომიერი „შემოდგომისას“; წაფილოსოფოსება, და რაც მთავარია, საქმე − ხანდაზმულობის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებია. ნებისმიერი საქმის კეთების დროს, დრო თითქოს გაჩერებულია და წლებიც არ გემატება. ისრები სირბილს იწყებს შესვენების დროს…
„ჩემი ასაკი იცვლება იმისდა მიხედვით, რა ასაკის ადამიანთან ვურთიერთობ“! არ დაბერდები, თუ შეგიძლია პატარასთან პატარა იყო, ახალგაზრდასთან ახალგაზრდა, ხნიერთან − ხნიერი. ბედის ირონიით დროის ფასს ასაკში ვიგებთ − მაშინ, როცა ყველაზე ცოტა დრო გრჩება. ამიტომაც ეს დრო წვრილმან სისულელეებზე არ უნდა დავხარჯოთ.
გრიგოლ ჩიგოგიძე − „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი
ბედნიერი კაცი ვარ: მყავს საყვარელი ცოლი და შვილები. მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს. 65 წელია, რაც „პიონერფილმში“ ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება მასთან არის დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როცა ვხედავ როგორ ნაყოფს ისხამენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც „პიონერფილმში“ მიიღეს პრაქტიკული ცოდნა. როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ასაკი მხოლოდ ციფრები ხდება. რა თქმა უნდა, ხანდახან თავსაც გახსენებს და მიუხედავად იმისა, რომ გულზე სამი შუნტი მადევს, გეტყვით, რომ გული მაინც არ ბერდება. და იცით, როდის არ ბერდება? როცა მუდამ ქმედებაში ხარ.