კავეა პლუსზე „ცვალებადი ნიშნების“ მეორე სეზონი დაიწყო, სერიალი, რომელიც მცირე დროში ძალიან შეიყვარა მაყურებელმა; სერიალი, რომელიც სტუდენტების ცხოვრებაზე, მათ თავგადასავლებსა და პრობლემებზე ღიად გვიყვება. „ცვალებადი ნიშნები“ „კავეა პლუსისა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, გაუს თანამშრომლობით შეიქმნა და ნამდვილად შეძლო და მოახერხა მთავარი, მაყურებლამდე მათთვის გასაგები ენით მიეტანა პრობლემები, გამოწვევევი, დილემები, საკუთარი თავის ძიებები, ყველაფერი ის, რაც ამ თაობას აწუხებს. სერიალი ახერხებს არა მხოლოდ თინეიჯერებს, არამედ უფროს თაობასაც დაანახვოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდში დგომა, მხარდაჭერა, განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. მე-2 სეზონი ახალი ისტორიებითა და ახალი პერსონაჟებითაა სავსე, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. ჩვენ კი ტრადიციულად ექსკლუზიური უფლებით გთავაზობთ ინტერვიუს თაობის გამორჩეულ და საყვარელ მსახიობ ირაკლი კვირიკაძესა და მე-2 სეზონის ახალ სახესთან, თინა დალაქიშვილთან.
ირაკლი კვირიკაძე
თეატრში გაზრდილი ბავშვი…
როდესაც მსახიობობა მომინდა, პატარა, დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი. დედაჩემი მუშაობდა თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლების დეკორატორად, მეც სულ თან დავყვებოდი, ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი, მაგალითად, ერთი სპექტაკლი 30-ჯერ ვნახე. ფაქტობრივად, იქ გავიზარდე და ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში თეატრი, კინო, მხატვრობა.
შემდეგ მხატვრობა მომინდა, არქიტექტორობა და რაღაც დროის მანძილზე ვსწავლობდი კიდეც ამ მიმართულებით, მაგრამ 19 წლისამ თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე. ერთ წელიწადში კი მივხვდი, რომ რაღაც მეტი მჭირდებოდა და ამერიკაში წავედი.
პირველი როლი
პატარა ვიყავი, როცა სალომე კობახიძის სადიპლომო მოკლემეტრაჟიან ფილმში ბავშვის როლი ვითამაშე, შემდეგ იყო Tbilisi, I Love You, ნოველებად დაყოფილი ფილმი და ერთ-ერთ ნოველაში მეც მომიწია მონაწილეობამ. ამას მოჰყვა „მძევლები“. ზუსტად „მძევლების“ გადაღების დროს მივხვდი, რომ სამუდამოდ ამ სფეროში დავრჩებოდი. ეს გახლდათ ძალიან საპასუხისმგებლო როლი და ყველაზე დიდი გამოცდილება. ყველაზე დიდი რესურსი, რაც კი რამეში ჩამიდია, ამ ფილმში იყო. რამდენადაც დამღლელი გახლდათ ენერგიის გაცემა, იმდენად ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ვიმუშავე ყველაზე მაგარ რეჟისორთან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის მსახიობთან მუშაობა.
ევროპის ამომავალი ვარსკვლავი
„მძევლებიდან“ 1 წელიწადში ჩემს ცხოვრებაში მოხდა პირველი დიდი აღიარება, როდესაც ბერლინში „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის” პრიზით დამაჯილდოეს.
მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ის შრომა და სიყვარული, რომელიც მუშაობაში ჩავდე, რაღაც მხრივ დამიფასდა. მივხვდი, რომ მსახიობობაზე მეტად არაფერი არ მიყვარს.
ტყუილია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ არ აქვს მისთვის მნიშვნელობა დაფასებას და აღიარებას. მთლიანად მაყურებლის შეფასებაზეა დამოკიდებული შენი კარიერა, წარმატება და იმის თქმა, რომ ეს არ აინტერესებს, ძალიან არაგულწრფელია. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა რამ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, – ჩემი შინაგანი განწყობა, პრიორიტეტები… პრიზი ნამდვილად არ არის მთავარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აღიარება გაძლიერებს, წინსვლაში გეხმარება, ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ზოგადად, როდესაც რაღაც გიფასდება, ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.
„ცვალებადი ნიშნები“
თუ ადრე მეგონა, რომ პოპულარული ვიყავი, „ცვალებადი ნიშნების“ დროს ვიგრძენი, მართლა რა არის პოპულარობა. ის ძირითადი სეგმენტი, თინეიჯერები, რომლებიც უყურებენ „ცვალებად ნიშნებს“, კიდევ სხვა გამოხატვის ფორმებით გამოირჩევიან, როგორც წესი, თავს არ იკავებენ და დღეს ქუჩაში რომ გავდივარ, მართლა ვგრძნობ რას ნიშნავს, იყო ცნობილი.
პროდიუსერი მაიკო სიხარულიძე სპეციალურად ჩამოვიდა ამერიკაში, შემხვდა, მომიყვა ყველაფერს, სცენარი გამაცნო. გარდა იმისა, რომ ძალიან მინდოდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და აქ რაღაცის გაკეთება, სერიალმა ზუსტად ამის საშუალება მომცა, ჩამოვსულიყავი საქმით და არ ისე, სახლში, ოჯახის და მეგობრების სანახავად.
ჩემი აზრით, ასეთი ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტი არც შექმნილა აქამდე და ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ, რომ მეც მისი ნაწილი ვარ.
„ცვალებადი ნიშნების“ მთავარი მიზანი, ჩემი აზრით, ისაა, რომ მაყურებელს დაანახვოს ის ტაბუდადებული თემები, რაზეც აქამდე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. რა პრობლემები აქვს ამ თაობას, როგორ ჭრიან ამ პრობლემებს, როგორ უმკლავდენიან. ვინც ახლა სადღაც იმავე პრობლების წინაშეა, ნახოს, რომ მარტო არ არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, ასე გარედან შეხედოს იმას, რასაც შვილთან მიმართებაში ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს.
წლების მერე ჩემზე მინდა თქვან…
მინდა თქვან, რომ კარგი მსახიობია, ძაალიან კარგი მსახიობი. დღეს კი ჩემთვის მთავარია ყოველდღე ჩემს გუშინდელ დღეზე უკეთესი ვიყო.
თინა დალაქიშვილი, მხატვარი, მსახიობი, მოდელი…
პროფესიით მსახიობი არ ვარ, დამთავრებული მაქვს სასულიერო აკადემია, ლანდშაფტის დიზაინი. ერთხელ ანუკა მურვანიძემ ჟურნალ „ანაბეჭდისთვის“ მაკიაჟი გამიკეთა და ფოტოები გადამიღეს. ასე, მოდელის ამპლუაში გამიცნო პირველად საზოგადოებამ.
შემდეგ კიდევ იყო სხვადასხვა ფოტო და სარეკლამო გადაღებები. პირველი კინოროლი მერგო ფილმში „სეზონი“, შემდეგ იყო „მძევლები“, სადაც თინას როლი შევასრულე. ეს გახლდათ საუკეთესო გამოცდილება, საუკეთესო რეჟისორითა და საუკეთესო პარტნიორით. ყველაფერი, რაც კი შეიძლება არაპროფესიონალმა ან პროფესიონალმა მსახიობმა ინატრო, „მძევლებში“იყო.
ამ როლით ყველაზე მეტად გამიცნო მაყურებელმა. ბუნებით ინტროვერტი ვარ და არ მომწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება ეს ძალიან არადამახასიათებელი თვისებაა მსახიობისთვის, მაგრამ მე ხომ არც კი ვარ მსახიობი.
დღეს ჩემი ყოველდღიურობა არის ხატვა. მე და ჩემს მეგობარს გვაქვს სახელოსნო, სკულპტურებს ვაკეთეთ, ვხატავთ, აქ გვაქვს შემოქმედებითი თავისუფლება. კინოდან შემოთავაზებები ბევრია, მაგრამ ზედმიწევნით ვარჩევ, ძალიან, ძალიან უნდა მომეწონოს სცენარი, პროექტი, რომ მუშაობას დავთანხმდე.
„ცვალებადი ნიშნები“
როდესაც შევხვდი „ცვალებადი ნიშნების“ პროდიუსერს და ვისაუბრეთ, შემდეგ მივწერე ირაკლის, რომ მისი აზრი მომესმინა. ის ისეთი აღფრთოვანებით მელაპარაკა მთელ ჯგუფზე, რეჟისორზე, მსახიობებზე, რომ მივხვდი, უნდა დავთანხმებოდი და, ალბათ, ეს გადაწყვეტილება ყველაზე სწორი იყო, რაც მიმიღია. დღეს უკვე ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი მქვია და საუკეთესო პარტნიორი მყავს ირაკლის სახით, მართლა ოცნების პარტნიორია, რომელიც სულ მეხმარება და გვერდში მიდგას.
სერიალში მე ვასრულებ ელენეს როლს, რომელიც გაუს ლექტორია. ყველა უნივერსიტეტს რომ ჰყავდეს ასეთი ლექტორები, სწავლა გაცილებით სასიამოვნო და სახალისო იქნებოდა. ელენე მაქსიმალურად ცდილობს ყურადღება გაამახვილოს აზროვნებაზე, – თავისუფალ აზროვნებაზე, შემოქმედებით აზროვნებაზე.
ამ როლის მთავარი სათქმელი, ალბათ, ისაა, რომ განათლების სისტემაში აუცილებლადაა საჭირო ცვლილებები, სწავლება უნდა გახდეს უფრო საინტერესო და სასიამოვნო, უნდა შეიცვალოს ის ძველებური მიდგომები, რითიც ჩვენც გვასწავლიდნენ და ახლაც ასწავლიან.
ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ვიზაჟი: ინგა შონია
ლოკაცია: IQ Studio