რა გავლენა აქვს პროპაგანდას საზოგადოებაზე? როცა ამ გრძელსაცეცებიან ძალაზე ვლაპარაკობთ, სად უნდა ვეძებოთ 21-ე საუკუნეში ის, თუ არა ციფრულ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებმა განსაკუთრებულად მასობრივი და ძლიერი გახადა პროპაგანდა. როგორია ციფრული პროპაგანდა და მისი გავლენა საზოგადოებაზე – ამ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემაზე ველაპარაკეთ ციფრული კომუნიკაციებისა და ციფრული მარკეტინგის ექსპერტს – დოდი ხარხელს. აუცილებლად წაიკითხეთ დოდისთან ინტერვიუ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ საკითხზე ღრმად დაგაფიქრებთ და ასევე ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
დოდი, თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით.
ჩემი საქმიანობის ძირითადი სფერო არის ციფრული კომუნიკაციები და ციფრული მარკეტინგი. მთელი ჩემი საქმიანობა ტრიალებს ინტერნეტის ირგვლივ და მედიის წარმომადგენლებს, კომპანიებს, სხვადასხვა ორგანიზაციას ვეხმარები, ხმა მიაწვდინონ საკუთარ აუდიტორიას. ორგანიზაციებს ვუწერ ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიებს. ასევე, ვარ ლექტორი „ჯიპაში“, ციფრული მარკეტინგის განხრით.
მოდი, გადავიდეთ ჩვენი საუბრის მთავარ თემაზე. მინდა გკითხოთ, როგორც დარგის ექსპერტს, რამდენად დიდი როლი აქვს ციფრულ სამყაროს და ციფრულ ტექნოლოგიებს პროპაგანდის გავრცელებაში საზოგადოებაზე. რამდენად კარგად მუშაობს პროპაგანდა ციფრულად?
ძალიან მიხარია, რომ ეს თემა აირჩიეთ ჟურნალის ამ ნომრის მთავარ მიმართულებად. პროპაგანდა სულ არსებობდა და საუკუნეებს ითვლის, მაგრამ ციფრულმა სამყარომ მას ბევრად გრძელი ხელები მისცა. თუ ძველად ინფორმაციის გავრცელების საშუალება გაზეთი და ტელევიზია იყო, ახლა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მილიონობით ადამიანს მისწვდეს სმარტფონის საშუალებით, ყოველგვარი დაბრკოლების და შუამავლების გარეშე. დღეს ძალიან კარგად არის დაგეგმილი პროპაგანდის გავრცელება. განსაკუთრებით საინტერესოა ამის დაკვირვება, როცა ის პლატფორმები, რაც საქართველოში აქტუალურია – ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი, გადავიდნენ სიახლეების, სოცქსელების პოსტების ქრონოლოგიურად დალაგებიდან (როგორც ადრე იყო) სხვა მოდელზე. ახლა ახალი ალგორითმით მეტად გაიზარდა პროპაგანდის გავლენა. დღეს ჩვენს ფიდებზე ვხედავთ იმას, რასაც ალგორითმი ჩვენთვის საინტერესოდ მიიჩნევს. უზღვავი ინფორმაციიდან ალგორითმი ირჩევს ჩვენთვის იმას, რასაც ჩვენგან და ჩვენი გარემოსგან, წრისგან ყველაზე დიდი გამოხმაურება აქვს. ამიტომ ჩვენს ფიდში მოხვდება ის, რაც კონკრეტულად ჩვენი ინტერესის სფეროშია. პროპაგანდისტულ მესიჯებს ერთი თვისება აქვს: ისინი ყოველთვის ძლიერი ემოციის გამომწვევია. ეს შეიძლება იყოს ბრაზის, აღშფოთების ან სიხარულის ემოცია. ჩვენც, როგორც წესი, ინტერაქციაზე შევდივართ იმ სიახლეში, რომელიც იწვევს ამ ძლიერ ემოციას. ნეიტრალური შინაარსის პოსტები, თუ დააკვირდებით, ნაკლები რეაქციებით და კომენტარებით გამოირჩევა. საკუთარ თავს თუ დააკვირდებით, თქვენც, და ზოგადად ადამიანები, უმეტესად რეაგირებენ იმაზე, რაც ძალიან მოსწონთ ან ძალიან არ მოსწონთ. ასეთი სკანდალური სიახლეები, როგორც წესი, აგროვებენ ბევრ გაზიარებას, კომენტარებს, რეაქციებს და შესაბამისად, სწვდება კიდევ უფრო მეტ აუდიტორიას. შემდეგ ალგორითმი, რომელიც იმახსოვრებს ჩვენს რეაქციებს, გვთავაზობს ისევ მსგავსი სახის და რადიკალური ემოციის გამომწვევ პოსტებს. ამიტომაც ბევრ ადამიანს მართლა აქვს აღქმა, რომ სამყარო შავ-თეთრია, ეს რადიკალური განწყობები დიდ პოლარიზაციას იწვევს საზოგადოებაში: არსებობენ შენიანები და არსებობენ მტრები. ეს არის საუკეთესო ნიადაგი ნებისმიერი პროპაგანდისტული მესიჯისთვის.
ასე გავხდით თანამედროვე ადამიანები გაცილებით მეტი პროპაგანდის მიმღებლები, ვიდრე მანამდე ვიყავით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აწყობს, პირველ რიგში, ონლაინპლატფორმებს და სოცქსელებს, როგორც ბიზნესს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეს მომხმარებელი ონლაინინტერაქციაში. ეს ძალიან ართულებს ციფრულ პროპაგანდასთან ბრძოლას.
რას იტყვით თანამედროვე ციფრული პლატფორმების მავნებლურ წევრებზე, ე.წ. ტროლებზე – გამოგონილ ანგარიშებზე, რომლებიც ყოველთვის რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან?
ასობით და ათიათასობით ყალბი ანგარიშები არსებობს, რომლებიც ალტერნატიულ რეალობას ქმნიან. რაიმე ნიუსის ქვეშ უამრავი ერთმანეთის მსგავსი კომენტარი დაგხვდებათ, ალბათ შეგინიშნავთ, უმეტესობა ყალბი ანგარიშითაა დაწერილი და ამაში უამრავი ფული და რესურსი იხარჯება. შედეგად შეიძლება ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ამდენი ადამიანი მართლა არის, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკოსის მხარდამჭერი, სინამდვილეში კი შეიძლება ერთი რეალური ადამიანი წერდეს ათეულობით ყალბი ანგარიშიდან. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და პროპაგანდის დიდი ძალაა.
ძალიან ხშირად ონლაინრეალობას და გარეთ არსებულ რეალობას შორის დრამატული სხვაობაა, მაგრამ იმდენად ძლიერად მუშაობს ონლაინპროპაგანდა, რომ ბევრი ადამიანისთვის ურთულესია ჭეშმარიტების მოძებნა, თუ რა ხდება სინამდვილეში.
რა გამოსავალი არსებობს იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ამ პროპაგანდას, ილუზორულ სამყაროს და გავიგოთ, რა არის რეალობა. როგორ უნდა აირიდოს მასამ პროპაგანდა?
ძალიან რთულია. ფეისბუქს ჰყავს ფაქტის შემმოწმებლები (Fact Checker). მათი გუნდი ამოწმებს ინფორმაციის ნამდვილობას. რადენად ეფექტიანია მსგავსი ბრძოლა, ჯერ კიდევ სადავოა. ახლა META-მ გადაწყვიტა, რომ ფაქტ-ჩეკერები ჩაანაცვლოს სხვა მექანიზმით, რომლის საშუალებითაც არა ერთ ცენტრალიზებულ სამსახურს შეეძლება ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმება, არამედ თავად საზოგადოებას ექნება ეს ბერკეტი, როცა ბევრი ადამიანი დაარეპორტებს კონკრეტულ ინფორმაციას.
პროპაგანდასთან საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და კრიტიკული აზროვნება. ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ და გაიაზრონ, სანამ რამეს დაიჯერებენ და დეზინფორმაციის მსხვერპლები აღმოჩნდებიან. გახსოვთ ალბათ, იყო დრო, როცა ვარსკვლავების დაფოტოშოპებულ ფოტოებს ვუყურებდით და გვჯეროდა, რომ მართლა ისეთები იყვნენ, არაბუნებრივად გლუვი კანით და არაადეკვატურად იდეალური ნაკვთებით. მერე გავთვითცნობიერდით და მივხვდით, რომ ეს ყველაფერი რეალობისგან შორსაა. იგივე გზა უნდა გაიაროს ხელოვნური ინტელექტის გენერირებულმა მასალებმა, რომლითაც დღეს სავსეა ინტერნეტსივრცე და დღეს ძალიან რეალურად გამოიყურება. მაქსიმალური, რაც შეიძლება გავაკეთოთ თავდასაცავად, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი თავის ინფორმირებულობა და იმის გააზრებაა, რომ ჩვენც პროპაგანდის ჯაჭვის ნაწილი ვართ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი მედიების მხარდაჭერას, რომელიც არ ცდილობს სკანდალური ფაქტებით პროპაგანდის გავრცელებას და აშუქებს ობიექტურ ფაქტებს. მათ ძალიან უჭირთ ამ ალგორითმის პირობებში აუდიტორიამდე მიღწევა. კარგია, როცა ვაზიარებთ, ვაკომენტარებთ, ვაფიქსირებთ აქტივობას მათ ციფრულ არხებზე. ძალიან ძნელია ამ ხმაურში მათი ხმის გავრცელება.
რომელია ყველაზე მასშტაბური პროპაგანდისტული პლატფორმა ქართულ რეალობაში?
ამწუთას ფეისბუქია. აქ არის აკუმულირებული აქტიური პოლიტიკურ-სოციალური დისკუსიის მოყვარული საზოგადოება, მაგრამ უკვე შარშან ტიკტოკი გახდა მეორე აქტიური პლატფორმა საქართველოში და გადაასწრო ინსტაგრამს. მისი ალგორითმი ცოტა განსხვავებულია, იქ ინტერაქცია მეტად არის სენსაციურობასა და ემოციურობაზე დამოკიდებული. თანაც ფეისბუქზე თუ რაღაც გზა მაინც არსებობს, რომ ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო და ნამდვილობა დაადგინო, მისი სახელი, გვარი, შესაძლოა საქმიანობა და ა.შ., ტიკტოკზე ბევრად დიდი შესაძლებლობაა ყალბი ანგარიშებისთვის, პერსონიფიკაცია იქ ნაკლებია. გარკვეული დრო ტიკტოკი ჯენზების – ახალგაზრდა თაობის პლატფორმად მიიჩნეოდა, დღეს შეიცვალა მდგომარეობა და ძალიან დიდი წვდომა აქვს ტიკტოკს, მათ შორის, რეგიონებში. დრამატულად გაიზარდა მისი პოპულარობა და მომხმარებელთა ასაკი. არსებობს რუმინეთის მაგალითიც, სადაც 2024 წელს ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდწილად სწორედ ტიკტოკის ხარჯზე (მოგვიანებით არჩევნების შედეგები გაუქმდა და ხელახალი არჩევნები 2025 წლის მაისში ჩაინიშნა). ტიკტოკზე კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ პროპაგანდის მსხვერპლები არ აღმოვჩნდეთ, რადგან კიდევ უფრო ჭკვიანი ალგორითმი აქვს, რომელიც მთლიანად ერგება მომხმარებლის გემოვნებას და ემოციებს. ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა: ერთი ხედავს, რომ მაგალითისთვის, აქციაზე 300 ადამიანი დგას, ხოლო მეორე თვალნათლივ ხედავს, რომ იქ 100 000 ადამიანია. ძალიან ძნელია რეალობის დაჭერა ორივე მხარისთვის, რადგან ორივე დარწმუნებულია თავის სიმართლეში და ერთმანეთთან მისასვლელი გზა აღარ აქვთ. ეს პლატფორმები და პროპაგანდა სწორედ ამაზე მუშაობს, რომ უფრო დააშოროს ორი მხარე. თუმცა, როცა ეს მხარეები ერთმანეთს რეალობაში ხვდებიან, ძალიან იშვიათად, რომ ეს დაპირისპირება რელობაშიც იმავე სიმწვავით გაგრძელდეს. რეალობაში არც იმავე ემოციებს გამოხატავენ და არც იმ სიტყვებს ეუბნებიან ადამიანები, რასაც სოცქსელებში უწერენ ერთმანეთს.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე