თიკასთან ინტერვიუს ჩასაწერად განსაკუთრებით ვემზადებოდი. 4შვილის დედობას და NBA-ს ჩემპიონ გუნდში მოთამაშე კალათბურთელის ცოლობას განსაკუთრებული უნარი სჭირდება – რომ იმ დროს. როდესაც აშშ-ში მადლიერების დღე აღინიშნება, ხოლო ამ დღეს მთელი ოჯახი ისვენებს და სახლშიც ფუსფუსია, დრო ინტერვიუსთვისაც გამონახო. თუმცა თიკამ ეს მოახერხა, ერთი კი არა, რამდენიმე ფოტოსესიაც დაგეგმა და ინტერვიუსაც საკმაოდ დიდი დრო დაუთმო.
თიკა ერთი შეხედვით ულამაზესი გოგოა. ზაზამ იგი 10 წლის წინ გაიცნო, მალევე დაქორწინდნენ და ახლა უკვე 4 შვილი ჰყავთ – ორი ბიჭი და ორი გოგო. „ერთი შეხედვით“ იმიტომ ვთქვი, რომ სილამაზის მიღმა დაინახავთ თიკას, რომელიც ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებული, თბილი და დახვეწილი ადამიანია. ზაზას და მას სწორედ ის საერთო თვისება აქვთ, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტადაა დაფასებული პიროვნებაში – თავმდაბლობა და ადამიანების მიმართ სიყვარული.
როდესაც ზაზასთან პირველად მომიწია კომუნიკაცია, მართალი გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ადამიანები, რომლებიც კარიერაში თავის მაქსიმუმს აღწევენ, შეიძლება ასეთი მარტივი კომუნიკაციის უნარით გამოირჩეოდნენ. პირველად ზაზას სწორედ მაშინ ვესაუბრე, როდესაც „ვორიორსი“ NBA-ის ჩემპიონი გახდა. ჩვენი საუბარი რომ დასრულდა, მივხვდი – ძალიან შორი დისტანციიდან NBA-ის ჩემპიონი კი არა, უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი მესაუბრებოდა. უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელსაც ყველაფერი, ალბათ, იმიტომ გამოსდის, რომ უპირველესად ასეთი კარგი ადამიანია.
წელს, ზაფხულში, 7 აგვისტოს ზაზა ფაჩულიამ საქართველოს დიდი საჩუქარი უძღვნა – თბილისში NBA-ის თასი ჩამოიტანა. უამრავი დაიწერა ამ თემის ირგვლივ. მართლაც ფასდაუდებელია ზაზას ღვაწლი საქართველოსთვის. გარდა იმისა, რომ ზაზა პირველი ქართველია, რომელიც NBA-ის ჩემპიონი გახდა, თავადაა ადამიანი, რომელმაც არ დაივიწყა, საქართველოს დროშით მივიდა NBA-ის ფინალზე, ხოლო შემდეგ უკვე ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა: მოედნის შუაგულში იდგა ზაზა ფაჩულია, რომელიც მთელ მსოფლიოს ამცნობდა – მე ქართველი ვარ და ეს ჩემი ქვეყნის დროშაა. წუთებში მოედო ეს კადრები მთელ პლანეტას, ხოლო მხრებზე დროშამოსხმული ზაზა კიდევ ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც პატრიოტიზმის დიდი გამოვლინება.
ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა –
თიკამ საოცრად გულწრფელად ისაუბრა ზაზაზე და ბავშვებზე, ოჯახზე. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. ამასთან, ერთ მცირე ნიუანსს მინდა გავუსვა ხაზი. დეტალს, რომელიც მგონია, რომ მთავარია ჩემს დღევანდელ რეალობაში – თიკამ მოგვიყვა, რომ ზაზა ბავშვებს შრომის სიყვარულს აჩვევს. ამ მიზეზით მათ უხდებათ მატჩებზე სიარული და იქ მუშაობა – ისინი აწესრიგებენ დარბაზს, კალათბურთელებს წყალს და პირსახოცებს აწვდიან… ერთი სიტყვით, დამხმარე პერსონალად მუშაობენ თამაშის მიმდინარეობის დროს. ბავშვებისთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ამ ეტაპზეც კი იცოდნენ და აფასებდნენ შრომას, რომლის გარეშე, როგორც ზაზა მუდმივად აღნიშნავს, ადამიანს არაფერი გამოსდის.
თიკა, პირველ შეკითხვას თქვენი და ზაზას ერთობლივი ცხოვრების შესახებ დაგისვამთ. მოგვიყევით რამდენიმე წინადადებით, ვინ არის თქვენთვის თქვენი მეუღლე?
ძალიან რთულია ერთ წინადადებაში, ისე რომ ბანალურად არ ჟღერდეს, ჩამოვაყალიბო, ვინ არის ზაზა ჩემთვის, მაგრამ შევეცდები ვუპასუხო. როდესაც 10 წლის განმავლობაში გიხარია თითოეული დღის გათენება, ხოლო მის ყოველ ჩამოსვლას ისევ ისე ელოდები, როგორც პირველად; როდესაც არ გინელდება გრძნობა, პირიქით – გგონია, რომ დღეს უფრო გიყვარს, ვიდრე გუშინ; როდესაც ფიქრობ – აქამდე როგორ ცხოვრობდი მის გარეშე, და ყოველი დღის მადლობელი ხარ, ეს არის ზაზა ჩემთვის. ასევე ძალიან მეამაყება თავისი მიღწევებით და იმით, რომ არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, არამედ მუდამ ცდილობს განვითარდეს სხვადასხვა კუთხით.
ალბათ, რთულია ასეთი მასშტაბის სპორტსმენის ცოლობა…
სირთულეები ნამდვილად ახლავს, მაგრამ მე იმდენად მიყვარს სპორტის ეს სახეობა, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. 10 წლის განმავლობაში სულ 5 თამაში თუ მაქვს გამოტოვებული. ასევე აქტიურად ვუყურებ სხვა გუნდებსაც. ზაზა ამაყობს, რომ ასე კარგად გავერკვიე და უკვე აზრსაც მეკითხება ხოლმე. გავიმეორებ: ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ის ჩემი მეუღლეა. ყველაზე ძალიან ერთმანეთის გარეშე გვიჭირს, მაგრამ კალათბურთი დროებითი პროფესიაა და ეს ორივემ კარგად ვიცით. როდესაც ზაზა კარიერას დაასრულებს, მე, ალბათ, არანაკლებ დამწყდება გული.
თბილისში ზაზას ვიზიტის დროს – მაშინ, როდესაც „ტელეიმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვა მიმდინარეობდა, როდესაც ზაზამ საქართველოს თასი წარუდგინა და მადლობა გადაუხადა მთელ ქვეყანას მხარდაჭერისთვის, კალათბურთელის გვერდით არ იმყოფებოდა მისი მეუღლე – თიკა ალავიძე-ფაჩულია, რომელიც, როგორც ახლა თიკა გვიყვება, საავადმყოფოში აღმოჩნდა – მეოთხე შვილზე ფეხმძიმობის ბოლო დღეებში. ამის შესახებ კი ზაზამ არაფერი იცოდა…
ზაზა ფაჩულია („ტელეიმედის“ პირდაპირი ჩართვისას): „10 წლის წინ გავიცანი ადამიანი, რომელიც ზუსტად ერთ წელიწადში გახდა ჩემი მეუღლე. სამწუხაროდ, თიკა დღეს აქ არ არის, მაგრამ ახლა ტელევიზორში გვიყურებს. ზის თიკა ჩემს ორ ბიჭთან ერთად ამერიკაში და ტელევიზორში გვიყურებენ. თიკა, მინდა გითხრა, რომ შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი. გმირი ხარ ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ რამდენიმეს გამოვყოფდი: გმირი ხარ, რომ სამი ულამაზესი შვილი მაჩუქე. გმირი ხარ, რომ მეოთხე შვილს ველოდებით უკვე დღედღეზე და, ალბათ, ხვდებით მიზეზს, რატომაც არ არის აქ თიკა. გმირი ხარ, იმიტომ, რომ 10 წელია მიძლებ. მოგეხსენებათ, სპორტსმენის ცოლობა ნამდვილად არ არის იოლი, ძალიან რთულია. გმირი ხარ, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შენ ძალიან გაგებით ეკიდები, რომ მე ყოველ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მიწევს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა, თამაში, და ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით კი დღევანდელ სიტუაციაში, როცა შენ უფრო გჭირდება ჩემი მანდ ყოფნა და შენ გვერდით ყოფნა… შენ ამას ყველაფერს გაგებით მოეკიდე და ხვდები, თუ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ეროვნულ ნაკრებში თამაში. დაბოლოს: ვიტყოდი, რომ გმირი ხარ, იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, ყველანაირად ხელს მიწყობ, რომ მე გავაკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ოჯახის შემდეგ – ვითამაშო კალათბურთი, და ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. საოცრად მენატრებით სამივე, თითქმის ოთხივე, უზომოდ მიყვარხართ“.
პირადად ჩემზე უდიდესი ზემოქმედება მოახდინა ზაზას გამოსვლამ. ირგვლივ მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. გვიხაროდა ყველას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ მეუღლეს ასეთ სიტყვებს ეუბნებიან მილიონიანი აუდიტორიის წინ. როგორ შეხვდით ამ მიმართვას? სად იყავით მაშინ?
სამწუხაროდ, მე ვერ ვუყურე პირდაპირი ეთერით, რადგან საავადმყოფოში მოვხვდი და ეს მან არ იცოდა. დღე, რომელზეც, ალბათ, მუდამ ოცნებობდა, არ მინდოდა მისთვის როგორღაც გამეფუჭებინა. მეგობრები მწერდნენ და ამან კიდევ უფრო ემოციურად იმოქმედა. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ყველაფერი კარგად დამთავრდა, ვუყურე ზაზას და ძალიან ბევრი ვიტირე.
4 შვილი და ზაზას ასეთი დატვირთული გრაფიკი… როგორია თქვენი ერთი დღე?
ალბათ, ძალიან დატვირთული. აქაურ მანძილებს თუ ჩავთვლით, მე მთელი დღე საჭესთან მიწევს ყოფნა. მეც და ზაზასაც უზომოდ გვიყვარს, როდესაც ბოლომდე ჩართულები ვართ ბავშვების განათლებასა თუ სკოლის გარე აქტივობებში. ასევე, თუ თამაშია, აუცილებლად ზაზაზე ვარ დამოკიდებული. მას ძალიან უყვარს დისციპლინა – საათობრივი კვება, ვარჯიში, ძილი… სხვაგვარად, ამ სფეროში ვერაფერს მიაღწევდა. უკვე ისე გავითავისე მისი განრიგი, რომ თუ მეტყვით საათს, გეტყვით იმ მომენტში რას აკეთებს. ბევრს, ალბათ, ჰგონია, რომ მოსაბეზრებელია ასე ცხოვრება, მაგრამ მე ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს. წელს, როდესაც ჩემპიონი გახდა და მოედანზე მისალოცად ჩავედი, ხმა ვერ ამოვიღე, ისე ვტიროდი… მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს შვილებს კალათბურთი ძალიან უყვართ. ბიჭები ძალზე მონდომებულები არიან, მაგრამ მე და ზაზა არ ვაძალებთ – თვითონ გადაწყვიტონ. განათლება მართლაც ბევრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ გადმოსახედიდან, მამის კვალს სურთ გაყვნენ და ეს, ჯერჯერობით, კარგად გამოსდით. თან საოცარ გარემოში იზრდებიან – გაუმართლათ, რომ ყოველდღე უყურებენ უდიდეს სპორტსმენებს და ეძლევათ საშუალება, ბევრი რამ ისწავლონ მათგან. როცა სკოლაში არ არიან, ზაზას ყოველთვის მიჰყავს თან და ამუშავებს – ბიჭებს ევალებათ მოედანზე ყოფნა, წყლის, ბურთის, პირსახოცის მიწოდება. ამისთვის ზაზას მთავარი მწვრთნელის – სტივ კერის უზომოდ მადლობელი ვარ. იგი საოცრად აფასებს ოჯახს და ოჯახურ ურთიერთობას. მარიამმაც გვთხოვა კალათბურთის თამაში, მაგრამ ჩვენ თავი შევიკავეთ – ამჟამად ჩოგბურთით და დრამის წრით შემოიფარგლება.
თქვენი საყვარელი გართობა – როდესაც ბავშვებთან ერთად სადმე მიდიხართ, და როდესაც მათ გარეშე ხართ. როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თუ არა ცოლ-ქმრისთვის დრო, როდესაც მხოლოდ ორნი რჩებიან?
ბავშვებთან ერთად გართობის გარდა, მე და ზაზას ასევე ძალიან გვიყვარს მარტო სადმე წასვლა და საამისოდ ყოველთვის გამოვძებნით ხოლმე დროს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ცოლ-ქმრისთვის განმარტოება და ისეთი დროის გამონახვა, რომელიც მხოლოდ ორ ადამიანს გვეკუთვნის. საყვარელი გართობა კი ერთად სამოგზაუროდ წასვლაა. ასევე ხშირად დავდივართ თეატრში, ბალეტზე, ოპერაში, კონცერტებზე, თამაშებზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ახლა შობა-ახალ წელზე მოგვიყევით. როგორ ხვდება თქვენი ოჯახი შობას და ახალ წელს? არის რაიმე ტრადიცია, რომელიც საქართველოდან მოგყვებათ? რა არის თქვენი აზრით აუცილებელი ასეთ დღეებში?
ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახალ წელს თამაში ჰქონია და დღესასწაულს ჰაერში, ფრენისას შეხვედრია. წელს ერთად ვიქნებით და ტრადიციულად, შინ შევხვდებით. აუცილებლად გავაკეთებთ გოზინაყს. ორივეს ძალიან გვიყვარს ჩვენი საახალწლო ტრადიციები და გვენატრება ახალი წელი საქართველოში. მეკვლეები, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები იქნებიან!
ტექსტი: ნინო ჯიბლაძე
ფოტო: Getty Images, ზაზა ფაჩულიას არქივი