სამყარო ხანდახან ისეთ ემოციას გვიგზავნის, რომელიც საერთოდ გვცვლის შინაგანად, ცვლის ჩვენს დამოკიდებულებებს და შესაძლოა ცხოვრებასაც კი. სწორედ ასე დაიწყო მარინა ცირიკაშვილის ახალი ცხოვრება იმ დღიდან, როცა ოჯახში პატარა გერმანული ნაგაზი, ჩაკი, გამოჩნდა. ჩაკიმ არა მხოლოდ მათ ოჯახში შემოიტანა სიხარული და ფერები, არამედ თავად გახდა ინსპირაცია იმ საქმისთვის, რომელსაც დღეს OK! ბათუმის სტუმარი, შპს ჯიდიემჯის დამფუძნებელი მარინა ცირიკაშვილი მთელი გულით ემსახურება.
„ჩაკის“ სახელით გახსნილი ვეტერინარული კლინიკა უკვე ხუთი წელია ბათუმში ცხოველების დაცვისა და მოვლის სიმბოლოდ იქცა. აქ ყველაფერი სიყვარულით იწყება – ყოველი ვიზიტი, ყოველი დიაგნოზი და ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე.
ამბობს, რომ ჩაკისთან ერთად ისწავლა მთავარი – როგორ უნდა უსმენო მათ, ვინც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს გაგრძნობინებს. და სწორედ ამ გრძნობაზე აშენდა კლინიკა, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და თბილ ადგილად ითვლება ბათუმში – სადაც პროფესიონალიზმი, ემპათია და სიყვარული ერთ მთლიანობადაა ქცეული.
როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ცხოველებთან და როგორ გაჩნდა იდეა, რომ ამ სიყვარულისთვის პროფესიული სახე მიგეცათ?
ცხოველებთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო ძაღლით, სახელად ჩაკი, რომელიც უმცროსი შვილის მონდომებით მოვიყვანეთ ოჯახში. ის იყო გერმანული ნაგაზი – გამორჩეული თვისებებით. მაშინ ბათუმში სულ რამდენიმე ზოო მაღაზია არსებობდა, ამიტომ, თვითონ გადავწყვიტე მქონოდა ყველაფერი ცხოველების მოვლისთვისა და კვებისთვის. თანდათან, ცხოველების სიმრავლემ და პირადმა გამოცდილებამ ვეტერინარიის მოთხოვნა გააჩინა და გავხსენი საკუთარი კლინიკა.
ამბობთ, რომ ოჯახში თქვენი ოთხფეხა მეგობრის, ჩაკის მოსვლით დაიწყო ყველაფერი… მოგვიყევით მასზე, როგორც ახალი სიცოცხლისა და ენერგიის შემომტანზე.
ჩაკი ჩვენს ცხოვრებაში სპონტანურად გაჩნდა, საერთოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და სამყარო უფრო ფერადი გახადა. მჯერა, რომ ძაღლები დედამიწაზე ანგელოზებად არიან მოვლენილნი და არავის უყვარს ადამიანი ისე, როგორც მათ. მხოლოდ სიყვარულს ითხოვს შენგან, თავად კი სიცოცხლესაც დათმობს შენთვის.
რა იყო მთავარი ბიძგი, რამაც კლინიკა „ჩაკის“ დაარსება გადაგაწყვეტინათ?
ხუთი წლის წინ, კლინიკის გახსნის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ჩაკის სამედიცინო პრობლემების გამო იძულებული ვიყავი თბილისის ვეტერინარული კლინიკებისთვის მიმემართა, რაც უდიდეს დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. მივხვდი, რომ უამრავ ძაღლს სჭირდებოდა სამედიცინო მომსახურეობა, რასაც დედაქალაქის გარდა ვერსად იღებდნენ.
იმ პერიოდში, როცა კლინიკა გახსენით, რამდენად რთული იყო ასეთი ნაბიჯის გადადგმა ბათუმში?
ურთულესი ეტაპები გავიარე, შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა, მაშინ როცა კლინიკის გახსნა გადავწყვიტე, ძალიან რთული მოსაპოვებელი იყო თითოეული ნივთი, რომლითაც უნდა აღმეჭურვა გარემო. გავიარე ვეტინჟინერიის კურსი, რათა ყველაფერი შემეგრძნო, რაც დაკავშირდებულია ამ პროფესიასთან. თავიდან სულ ერთი ოთახით (კაბინეტი) დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობარმა, პროფესიონალმა ვეტერინარმა, ნატალია სტეცენკომ. მაშინ მე დირექტორიც ვიყავი, მედდაც, ასისტენტიც…
როგორია დღეს ვეტერინარული კლინიკა „ჩაკი“ – რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?
დღეს კლინიკა „ჩაკი“ არის ადგილი, რომლის იმედიც ყველა ოთხფეხა მეგობარს შეიძლება ჰქონდეს. ახლა დიდი ოჯახი ვართ და ვქმნით საუკეთესო გარემოს ჩვენი მომხმარებლებისთვის. კლინიკა სთავაზობს: მაღალი ხარისხის ამბულატორიულ და ქირურგიულ მომსახურებას, ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ, ასევე ულტრასონოგრაფიულ კვლევებს. ჩვენ გამოგვარჩევს მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, საუკეთესო მომსახურება და მეგობრული გარემო, სადაც ყველა ერთ დიდ შეკრულ გუნდად ვმუშაობთ.
რა არის თქვენი მთავარი პრინციპი ცხოველებთან მუშაობისას – პროფესიონალიზმი, ემპათია, პასუხისმგებლობა თუ ყველაფერი ერთად?
რასაკვირველია, ყველა ერთად. ჩვენი, როგორც კომპანიის, ასევე გუნდის მთავარი ღირებულებაც ეს არის – ცხოველის და ადამიანის სიყვარული, თანადგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გაიხსენეთ ყველაზე ემოციური შემთხვევა, რაც ყველაზე მკაფიოდ დაგამახსოვრდათ ამ საქმიანობაში?
ბევრი სევდიანი თუ სახალისო შემთხვევა შეიძლება გავიხსენო, თუმცა ერთს გამოვყოფდი. ისტორია ეხება უსახლკარო ძაღლს, რომელსაც მანქანამ გადაუარა, მიიღო ურთულესი ტრავმები (წაერთვა უკანა კიდურებში, მოძრაობის უნარი); რექსის ისტორია განსხვავებულია, რადგან დავინახე როგორ შეცვალა ძაღლმა ადამიანების ცხოვრება და ადამიანების სიყვარულმა გადაარჩინა ის სიკვდილს. ამ გზაზე უამრავი სირთულე შეხვდათ, თავდაპირველად არ უფიქრიათ ძაღლის სახლში წაყვანა, მაგრამ ნელ-ნელა ძაღლის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ბოლოს წაიყვანეს სახლში, მათ ყოველდღიურად დაჰყავდათ ხელით რექსი კლინიკაში, მეოთხე სართულიდან ჩამოჰყავდათ ხელით ეზოში, პატრონმა გარე ლიფტიც კი დააყენა კორპუსზე, რათა ძაღლი რამდენიმეჯერ მაინც ეტარებინათ სუფთა ჰაერზე, უკეთებდნენ მასაჟებს და მხოლოდ კლინიკა ვერაფერს გახდებოდა, რომ არა მათი ამხელა სიყვარული და ძალისხმევა. ამ ისტორიამ იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ მოთხრობაც კი დავწერე.
როგორ ფიქრობთ, საქართველოში, ბოლო წლებში შეიცვალა თუ არა ადამიანების დამოკიდებულება შინაურ ცხოველებთან მიმართებით?
ვფიქრობ, რომ ძალიან შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება ბოლო წლებში, ბევრად უფრო ემპათიურები გახდნენ ცხოველების მიმართ, სახელმწიფომაც შეცვალა დამოკიდებულება და ბევრ ოჯახში გაჩნდა ოთხფეხა მეგობრები.
რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, როცა ადამიანი ცხოველს ირჩევს როგორც ოჯახის წევრს?
უდიდესი პასუხისმგებლობაა და, სამწუხაროდ, ხშირად ამას ვერ აცნობიერებენ ადამიანები. როცა ცხოველი ან ფრინველი მიგყავს სახლში, ნებაყოფლობით იღებ ვალდებულებას ემსახურო მას, ხშირ შემთხვევაში, როგორც კი ხვდებიან რამხელა ტვირთია, იცილებენ თავიდან და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ამდენი უსახლკარო ცხოველის არსებობისა ჩვენ ქუჩებსა და ეზოებში.
უკვე 40 წელია ბათუმში ცხოვრობთ და თავს ბათუმელად მიიჩნევთ, როგორი ქალაქია თქვენთვის ბათუმი, რა გაძლევთ ამ ქალაქში ძალას, შთაგონებასა და სიმშვიდეს?
ბათუმი ჩემთვის მთავარი ქალაქია. ქუჩებში რომ დავდივარ თითქოს ყველას ვიცნობ, ყველას ვესალმები, ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მიხარია ჩემს ქალაქში დაბრუნება, რომელსაც ჩემთვის სიმშიდე მოაქვს.
როგორ ფიქრობთ, ბათუმი კეთილი ქალაქია ცხოველების, თუნდაც ქუჩის ძაღლების მიმართ?
ბათუმი ისეთივე ქალაქია, ალბათ, როგორც ყველა ქალაქი საქართველოში – ზოგისთვის უსახლკარო ცხოველები ტვირთია, ზოგისთვის საზრუნავი. თუმცა დამოკიდებულება მაინც შეიცვალა და ადამიანები ბევრად მოწყვლადი გახდნენ ცხოველების მიმართ.
რას გრძნობთ, როცა შვილიშვილები ხედავენ ბებიას, რომელიც სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება ცხოველებს?
მათში დიდ აღფრთოვანებას იწვევს და ჩემი უფროსი შვილიშვილი უკვე ფიქრობს, რომ ცხოველების ექიმი გახდეს, ხალათიც კი უკიდია ჩემთან კაბინეტში, რათა, როცა მესტუმრება კლინიკაში, თავადაც ჩაერთოს პროცესებში.
რა გაკვეთილი გსურთ, რომ მომავალ თაობებს დაუტოვოთ?
გაკვეთილი არ ვიცი, თუმცა სურვილი მაქვს, რომ ადამიანებმა მეტი სიყვარული ისწავლონ, არ აქვს მნიშვნელობა ცხოველის, ერთმანეთის თუ ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ. რადგან, როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, ყველაზე უნივერსალური გასაღები ყველაფრის მიმართ მხოლოდ ეს გრძნობაა – გავცეთ და მივიღოთ უფრო მეტი სიყვარული.
როგორ ხედავთ კლინიკა „ჩაკის“ მომავალს, გიფიქრიათ უფრო დიდ ცენტრზე, ან თავშესაფარის გაკეთებაზე?
მჯერა, რომ კლინიკა „ჩაკის“ ძალიან დიდი მომავალი აქვს, უამრავი გეგმითა და მიზნით. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ამ დარგს ნამდვილად სჭირდება, რათა, როგორც ინფორმაციული ასევე ფუნქციური განვითარება ჰპოვოს ამ სფერომ ქვეყანაში. ბათუმში „ჩაკის“ ორი კლინიკა და სამი ზოომაღაზია ფუნქციონირებს. ჩვენი ზოომაღაზია და ვეტერინარული კლინიკა ინასარიძის 16 ა-ში, მეორე ფილიალი კი ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა 23-ში მდებარეობს, გვაქვს კიდევ ერთი ზოომაღაზია, რომელიც რურუას 3/13-ში დაგხვდებათ. მობრძანდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, სადაც დიდი ადამიანური სითბო და პროფესიონალი ექიმებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაგხვდებათ.
და ბოლოს, როგორ გსურთ რომ დაგიმახსოვროთ საზოგადოებამ, როგორც პროფესიონალი, როგორც ბათუმელი თუ როგორც ქალი, რომლის ცხოვრებაც ოთქფეხა მეგობრებმა შეცვალეს?
ყველაფერი ცოტ-ცოტა. იმას, რასაც ვაკეთებ ყველაფერში გულწრფელი ვარ. მჯერა, რომ ყველა გადარჩენილი სიცოცხლე ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ყველაზე მთავარიც, ალბათ, ეს არის ცხოვრებაში, შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორც ეს ჩემს ცხოვრებაში ჩაკიმ მოახდინა.















