აგვისტო ყველამ რაჭაში გავატარეთ – მთელი თვე ვიღვიძებდით და ვიძინებდით შოვის ამბებით. უცნაური შეგრძნებაა – კიდევ ერთი მსხვერპლის პოვნა კარგი ამბავია. პატარა პრობლემებში ჩაკარგულებს გააზრებული არ გვაქვს, რა შედეგი მოაქვს კლიმატურ ცვლილებებს და ვცხოვრობთ ასე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე.
გიორგი გოცირიძე (გეოგრაფი, კომპანია „გეოგრაფიკის“ წარმომადგენელი) – ადამიანს და საზოგადოებას აქვთ თავიანთი წესები და, ისტორიულ-კულტურული პირობებიდან გამომდინარე, რაღაც წონასწორობამდე მიდის. ზოგი ქვეყანა გახსნილი, მოქნილი და განვითარებულია, ზოგი კი ნაკლებად. ბუნებასა და ლანდშაფტებსაც ახასიათებს თავისი წესები და წონასწორობა. როგორც ადამიანებში ქცევის წესების სისტემები ირღვევა, რევოლუციები ხდება, იმპერიები ინგრევა, ერები ქრება – ახალი წონასწორობები იქმნება და მერე ისევ ირღვევა, ასეა ბუნებაშიც – მთები წარმოიშობა, მერე ისინი ვრცლად სწორდება, ამასაც თავისი ქცევის წესთა ცვლა ახასიათებს. არსებობს მომენტები, როდესაც საზოგადოებრივი და ბუნებრივი წონასწორებები მუდმივად ერთმანეთთან კავშირშია და მნიშვნელოვანია, როცა კავშირები ერთმანეთთან წონასწორობაშიც არის. ეს არის მთავარი და საუკეთესო ათვლის წერტილი. აი, აქედან გამომდინარე, რა ვითარებაა ახლა: ბუნებრივი წონასწორობა (ანუ ქცევის წესები) რადიკალურად აირია – გლობალურმა დათბობამ გამოიწვია ტემპერატურული, ტენბრუნვის, ნალექბრუნვის, ქარების დინამიკის ცვლილება და ყველაფერ ამას დაერქვა კლიმატის ცვლილება – კოკისპირული წვიმა იქ მოდის, სადაც ადრე არ წვიმდა; თოვს იქ, სადაც არ თოვდა; გვალვაა იქ, სადაც გვალვა არ იყო – ჩვეული და დამკვიდრებული წონასწორობა აირია; და ახლა წარმოიდგინეთ, ბუნებრივი წონასწორობის არევის ფონზე საზოგადოების ქცევის წონასწორობაც არეულია. ქართული კონტექსტი როგორია ამ დროს – განათლების დაბალი დონე, თემთა და ინდივიდთა მაღალი ტემპერამენტი, ჩამოუყალიბებელი გეოპოლიტიკური გარემო – და ამის ფონზე აზრზე არ ვართ, სად რა ჩამოვარდება, როგორ ავარიდოთ ამას თავი. ბუნება ისე იცვლება, რომ არ ვიცით, როგორ იცვლება და არ ვიცით, რა ვქნათ. ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, დამკვიდრებული წონასწორობები თურმე აღარ მუშაობს. ჩვენც ავირიეთ, ბუნებაც აირია. ამ დიალექტიკურ-ფილოსოფიური ლოგიკიდან გადავალ კონკრეტულზე. დასახლების თავზე, რომელიც არსებობს უკვე რამდენიმე ათასი წელი, ვარდება მწვერვალი და მყინვარი ერთდროულად, რომელიც წუთებში გარდაიქმნება ღვარცოფად, გზაზე ანგრევს და კლავს ყველაფერს და ეს არ მომხდარა, რაც აქ ისტორიულად ადამიანები ბინადრობენ. ასეთი რამ არავის ახსოვს, იმიტომ, რომ არ მომხდარა. მყინვარმა დაიხია, დატოვა გამოფიტული მასალა, რომელსაც ის იჭერდა და ჩამოინგრა. ზემოთ რაც გაყინული კლდეები იყო, ისიც გალღვა და ჩამოინგრა. ადრე სულ თოვდა, ახლა წვიმს და ღვარცოფიც მაგიტომ გაჩნდა იქ, სადაც არ ჩნდებოდა, ანუ – ახალი ფხვიერი, გამოფიტული, ინერტული მასალა კოკისპირული წვიმის პირობებში იძენს დენით ხასიათს და მოდის ღვარცოფის სახით, რომელიც ანგრევს სოფლებს, კლავს ადამიანებს. ეს არის გლობალურ ცვლილებებში ჩვენი კავკასიური მოცემულობა და ადგილობრივი გამოვლინება. რა უნდა ვქნათ? სამწუხაროდ, სანამ კარგად გამოვიკვლევთ, მსხვერპლი კიდევ იქნება. გამოსავალი არის სასწრაფოდ, დაჩქარებულად და გადაუდებლად ყველაზე უარესი სცენარების არჩევა და მათზე ორიენტირება. საზოგადოებამ და სპეციალისტებმა უნდა აიღონ თავიანთ თავზე რაღაც ზღვრული, დასაშვები ხაზი-ნორმა, და ამის დადგენა-დამკვიდრება; შესაძლოა მეტი ფული დაგვიჯდეს, მაგრამ ბევრად ნაკლები ადამიანი დაგვეღუპება. უნდა აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, სანამ ჩვენ ზუსტად გავიგებთ რა ხდება, ზედაპირზე უკვე ჩანს, რომელი დასახლებები, ხეობები არის მარტივად მოწყვლადი და დაიწყო იქ პირველადი სასწრაფო გადაუდებელი სამუშაოები.
რომელი რეგიონია სახიფათო
სახიფათო ადგილი არც ვიცით რამდენია და სიტყვა „ბევრი“ ისე გვაშინებს, რომ დათვლასაც არ ვიწყებთ. ასიდან პირველი ათის გამოთვლა შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, შოვი ხუთეულშიც მოხვდებოდა, ალბათ. მესტია, მულახი, ღები, ყორულდაში, თრუსო, ხევი, დარიალი – ბევრი თემი და ხეობაა, სადაც სულ ახალ-ახალი, ადრე უცნობი გამოვლინებები გვხვდება. დევდორაკის გარდა ადრეული შეტყობინების სისტემა არ გვაქვს. ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარება დაწყებულია, მაგრამ ტემპი ასაჩქარებელია. რას გვაძლევს ადრეული შეტყობინების სისტემა – ინფორმაციას, რომ აქ მოთოვს, აქ გვალვა იქნება, აქ იწვიმებს და ფრთხილად იყავით. არსებობს ადრეული განგაშის სისტემებიც, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წუთს იძლევა, რომ ადამიანმა გაასწროს. ახლა არის ასარჩევი კარგი შუალედი – სად რას ვაყენებთ? იყიდო ძვირად ღირებული სისტემა, ჩამოიტანო, დაამონტაჟო, გასწავლონ ღილაკზე თითის დაჭერა, აჭერ ხელს ღილაკს, გარბიან ადამიანები და აღარავინ არ კვდება, ასეთი რამ არ ხდება, ეს არის ზღაპარი. გამოსავალი არის შემდეგი – იღებ ტოპსაშიშ ადგილებს, იმდენს, რამდენზეც გაგწვდება ეროვნული ბიუჯეტის შესაბამისი ნაწილი (ან ზრდი ამ ნაწილსაც), აკეთებ ზონირებას, ადგენ წითელ ზოლს, არკვევ, შეიძლება თუ არა საინჟინრო ნაგებობებით (დამბები, ამრიდები, ცხაურები, ხელოვნური სალექარები, ნაკადის გადამყვანები და ა.შ.) კატასტროფის არიდება. იქნება ადგილები, სადაც დამბები და ცხაურები არ უშველის. გასააზრებელია, რომ მხოლოდ გაფრთხილების სისტემა მსხვერპლისგან ვერ დაგვიცავს. დასახლებული ადგილის, მასში მყოფი ადამიანებისა და ქონების დაცვის პირველი საშუალება, იქ, სადაც ნაგებობა ვერ დაიჭერს დამანგრეველ ნაკადებს და თუ ადგილი ე.წ. წითელ ზონაშია (ანუ ნამდვილად დანგრევადია ნებისმიერი ნაკადით: კლდეზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა), არის განსახლება! ამის გარდა, ქვეყანაში მართავ ადრეული შეტყობინების სისტემებს, ხოლო იქ, სადაც ადამიანები მხოლოდ გადაადგილდებიან (ანუ გზები, ბილიკები, ქუჩები და ა.შ. – და არა იქ, სადაც ცხოვრობენ) დგება ადრეული განგაშის სისტემები. არის ადგილები, სადაც ზვავის გამო მხოლოდ ზაფხულში ცხოვრობენ. თუშეთ-ხევსურეთის მთა ცოტა უფრო წინდახედული აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთის თემები. თუშებს, როგორც ჩანს, წყალზე სიარული არ ეზარებოდათ და სულ თხემებზე აშენებდნენ სოფლებს. სადაც ხეობები გახსნილია, წყალია, მინდვრები და საძოვრები მეტია და იქ ადამიანი ჩადის და ისტორიულად ის ადგილებია, სადაც ბუნება უტევს. ყველა ბრტყელი ადგილი პრეისტორიული ღვარცოფების ადგილებია. რისთვისაა საჭირო არქელოგია, რომ ვიცოდეთ, აქ ოდესღაც სოფელი იყო და მერე ან ეკონომიკური ან ეკომიგრაციის მიზნით დაიცალა. ეკომიგრაციის მიზეზი არის ღვარცოფი ან მეწყერი, დრო რომ გადის, მიდიან ისევ ამ დგილებში, სახლდებიან და მერე ირკვევა, რომ აქ ადრე ყოფილა სოფელი. რა მოუვიდა ძველს – ამის ანალიზს არავინ აკეთებს. დაჩქარებულია დრო, რაც ადრე 10 ათას წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა 10 წელში ერთხელ ხდება. დევდორაკი 50 წელიწადში ერთხელ ვარდებოდა, ახლა 3 წელიწადში ერთხელ ვარდება.
საშიშია თუ არა რიკოთი
რიკოთის მშენებლობა რომ დაიწყო, ძალიან მიხაროდა. რა მაგარი გეოლოგიური დ გეო-ტექნიკური გათვლებია, რომ ჯერ გვირაბები არაა გაჭრილი, ესტაკადები კეთდება და წინასწარ იციან, რომ გვირაბის გათხრის დროს პრობლემა არ შეხვდებათ-მეთქი. შოკში ვიყავი სიხარულისგან. კრიტიკის უფლება მე ახლაც არ მაქვს. გაუთვალისწინებელი პრობლემა ყველა პროექტს შეიძლება ჰქონდეს. მე ვერ ვზომავ, რიკოთის გზაზე ეს დასაშვებ პროცენტში არის თუ გადასცდა, ვინაიდან არ ვფლობ სათანადო ინფორმაციას; თუ გადასცდა, ეს კატასტროფაა.
სათავგადასავლო ტურიზმი
არსებობს ალპინიზმი, სამთო ტურიზმი, ჯომარდობა, სამთო ველოსპორტი, ცოცვა, პარაპლანერიზმი – მთაში ხალხის დაბრუნებისა და მთის მდგრადი კომერციალიზაციის სეგმენტები არის სწორედ ეს – სათავგადასავლო ტურიზმი. სამთო-სათხილამურო რამდენიმე კურორტი გავაკეთეთ, მაგრამ საქართველომ რომ მდგრადი ეკოლოგიური ლანდშაფტური სტატუსი შეინარჩუნოს, ყველგან ტრასებს ვერ გააკეთებ, ამიტომ ორიენტაცია უნდა ავიღოთ ველური ბუნების მოყვარულ ხალხზე. საქართველოში შენ ტურისტს მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმროებით ვერ მოიზიდავ. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტი ადამიანი იფანტება ველურ ბუნებაში, საფრთხე უფრო იზრდება. საფრთხე ორნაირია – ერთია ის ადგილები, სადაც ადამიანები ბალიშებზე დებენ თავებს, მეორე – როცა ადამიანები გადაადგილდებიან მანქანით, ველოთი, ცხენით ან თუნდაც ფეხით და თუნდაც საფრიან ადგილებში. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული საფრთხეა. ახლა ვსაუბრობთ მეორეზე – აქაც დგინდება მარშრუტები და საფრთხეები, საზვავეა, სამეწყრეა – რანჟირებაა აქაც გასაკეთებელი, ისევე, როგორც დასახლებულ პუნქტებში. საფრთხეები, რა თქმა უნდა, ზუსტად არ გვაქვს განსაზღვრული, მაგრამ მთლად ნულიდანაც არ ვიწყებთ – ბევრი წელია მუშავდება შესაბამისი პროექტები, მიდის მსჯელობა დონორებთან ერთად, მაგრამ ახლა გვიჩვენა რეალობამ, რომ ეს ტემპი არის საერთოდ არარელევანტური. სწრაფადაა მისაღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ახლა უკვე პასუხისმგებელი პირების თავების მოქექვის დრო დადგა!
შესაცვლელია კანონმდებლობა
მდინარის კალაპოტი არის ის ადგილი, სადაც მდინარე ახლა მიედინება და მოაქვს ქვები. სადაც მდინარე მოძრაობს, იქ ბალახი არ ამოდის. მდინარეს აქვს ტერასები და მერე იწყება ფერდობები. მდინარის კალაპოტში რომ აშენება არ შეიძლება, გასაგებია. შოვში კოტეჯები იდგა პირველ ტერასაზე, რომელიც ასევე ძველი კალაპოტია და ამავდროულად პრეისტორიული ღვარცოფის გამოზიდვის ადგილი. ყველაფერს კალაპოტს ვერ დაარქმევ, ტერმინოლოგია რომ გასაგები გავხადოთ. დატბორვის ზონა შეიძლება შეეხოს კალაპოტსაც, ტერასებსაც და ფერდობებსაც; მაგალითად, ვერეს ხეობა. მთავარი პრობლემა იცით სადაა, კანონმდებლობით არაა სავალდებულო მგეგმარებელმა ჩაატაროს იმაზე მეტი კვლევა, ვიდრე მის ბიუჯეტშია გამოყოფილი და არც იმპერატიული მოთხოვნაა, რომელიმე ორმა აკეთოს 1000-წლიანი განმეორებადობის შესაბამისი მოდელირებები და ვალდებულია ენდოს არსებულ ღარიბ ცოდნებს. თუ ცოდნები არ არსებობს, მაშინ თვითონ უნდა დააფინანსოს ძალიან ძვირი კვლევა – მოდელირების გზით უნდა დადგინდეს დატბორვის ზონები. ამას მგეგმარებელს ვერ მოსთხოვ, რადგან სავალდებულო არაა. კანონია შესაცვლელი. კვლევა, მოდელირება და ზონირების რუკების იმპერატიულობა არის აუცილებელი გამოსავალი! რაც დაგეგმარების პროცესს გააძვირებს, სამაგიეროდ ადამიანები არ დაიღუპებიან.
მშენებლობასა და პროექტირებაზე ნებართვის გაცემა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს საკადასტრო ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესაბამისობების დადგენის გარდა სხვა ვალდებულებას, მაგალითად, მიმდებარე, გავლენის მატარებელი ყველა ფერდობის მდგრადობის შეფასება. ჩაატარო უძვირესი და უაზრო კვლევები – ესეც არაა გამოსავალი. დღეს, სამწუხაროდ, ყველაფერი დამოკიდებულია პროექტის შემსრულებლის კეთილსინდისიერებასა და პროფესიულ ეთიკაზე, რომელიც საკმარისი არ არის – ეს უნდა იყოს სტანდარტული ვალდებულება. არსებობს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებების ვალდებულებები, რომლებიც არასაკმარისია, ვინაიდან მონაცემები არ არის სანდო და, შესაბამისად, გამოდის ყველაფერი ზედაპირული და მიმოხილვითი. ღრმა კვლევების ჩატარების ეპოქა უნდა დაიწყოს და მართოს გარემოს დაცვის სააგენტომ, რომელსაც ბევრად მეტი რესურსი ესაჭიროება.
გამოსავალი
მოწყდებოდა თუ არა, წინასწარ ვერავინ ვერ გაიგებდა, მაგრამ შოვი რომ შეიძლება აღმოჩენილიყო დატბორვის ზონაში, ამის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა იყო და სხვა მსგავს, ჯერ არდანგრეულ ადგილებშიც არის.
დევდორაკის მერე სხვაგან წინასწარი შეტყობინებისა და განგაშის სისტემის დაყენებაზე დავიწყეთ ფიქრი, ჰესები და სხვა კერძო კომპანიები აყენებენ ამ სისტემას, დევდორაკამდე არავინ აყენებდა. პროცესი მიდის, მაგრამ ტემპი არაა მოვლენების ადეკვატური. ეს ტემპი უნდა ავაჩქაროთ და პარალელურად გადაუდებელი ღონისძიებების რეჟიმში რაღაცები უნდა ვაკეთოთ, რათა მსხვერპლი შევამციროთ. ასაწყობია სისტემა, საერთოდ როგორი კვლევები უნდა ჩატარდეს. ახლა გავარკვიეთ, რომ ბუნებამ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ დავნებდით, ტყვედ ვართ ჩავარდნილები. თან ამას არ ვაღიარებთ.
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი