ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ამის შესახებ მსახიობის მეუღლემ, ემა ჰემინგ-უილისმა პოდკასტ „Conversations With Cam“-ში ისაუბრა.
![]()
ბრიუს უილისს 2023 წლის დასაწყისში ექიმებმა ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ემას თქმით, 70 წლის მსახიობი საკუთარ დიაგნოზს ვერ აცნობიერებს. ეს გამოწვეულია იშვიათი ნევროლოგიური ფენომენით – ანოზოგნოზიით, რომლის დროსაც ტვინი, თითქოს ინფორმაციას ბლოკავს და ადამიანი დაავადებას ვერ აცნობიერებს.
„ეს ამ დაავადების მახასიათებელია. ბრიუსი სიმპტომებს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს და ნამდვილად მიხარია, რომ თავისი დიაგნოზის შესახებ არაფერი იცის“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ბრიუს უილისის ოჯახმა 2022 წელს განაცხადა, რომ აფაზიის დიაგნოზის გამო მსახიობი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ უილისის მდგომარეობა აფაზიიდან ფრონტოტემპორალურ დემენციაში გადაიზარდა. ექიმებმა მსახიობის ოჯახის გააფრთხილეს, რომ დაავადება განუკურნებელია და პროგრესირებს.

დიაგნოზის დასმიდან დღემდე ბრიუს უილისი სიყვარულითა და მზრუნველობით არის გარშემორტყმული. მან მეტყველების უნარი თითქმის მთლიანად დაკარგა, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გზები მაინც იპოვა – მსახიობი ამას ჟესტებით, შეხებითა და სახის გამომეტყველებით ახერხებს. ემა აღნიშნავს, რომ ბრიუსი კვლავ ცნობს თავის შვილებს, შვილიშვილებს და მას.

შეგახსენებთ, რომ ბრიუს უილისმა სამსახიობო კარიერა ტელევიზიასა და თეატრში ეპიზოდური როლებით დაიწყო, თუმცა ნამდვილი წარმატება 1985 წელს მოიპოვა, როდესაც სერიალში „მთვარის შუქზე“ მთავარი როლი მიიღო. ამ როლისთვის მან ემის და ოქროს გლობუსის პრემიები მოიპოვა. საკულტო ფილმში „კერკეტი კაკალი“ შესრულებულმა ჯონ მაკკლეინის როლმა მსახიობს მსოფლიო აღიარება მოუტანა. წლების განმავლობაში მან კიდევ მრავალი საკულტო პერსონაჟი შექმნა, რომლებსაც მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს.

მსახიობს ორი ქორწინებიდან ხუთი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც მამას მუდმივად მხარში უდგანან.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „მის ტვინს მეცნიერებს გადავცემთ“ – ბრიუს უილისის ოჯახი მსახიობის გარდაცვალებისთვის ემზადება












