ბებიები და ბაბუები – ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება და უპირობო სიყვარულის საუკეთესო მაგალითები არიან… ალბათ, არაფერია იმაზე ამაღელვებელი, მონაწილეობდე შენი საყვარელი შვილის შვილის აღზრდაში და არაფერია იმაზე გულისამაჩუყებელი, გრძნობდე, როგორ უსაზღვროდ უყვარხარ შენს ბებიას და ბაბუას.
ამბობენ, ბავშვობა მაშინ სრულდება, როდესაც ბებია და ბაბუ აღარ არიანო. მინდა ყველა ბავშვს ვუსურვო, რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეთ გვერდით საყვარელი ბებიები და ბაბუები.
ჟურნალ OK სიამოვნებით წარმოგიდენთ ახალგაზრდა და წარმატებულ ბებია-ბაბუებს, რომლებიც თავიანთი შვილიშვილებისთვის არ იშურებენ სითბოს და სიყვარულს. რომლებისთვისაც ეს სტატუსი, ცხოვრების ყველა სხვა სტატუსზე გამორჩეული და ამაღელვებელია.
ეკა მამალაძე
მიუხედავად დროის დეფიციტისა, ვცდილობ ვიყო მოსიყვარულე და ყურადღებიანი ბებია, მივცე რაც მთავარია – სიყვარული.
ბებიობა საოცარი გრძნობაა. მე სხვადასხვა ასაკში მომიწია მეგრძნო ბებიობა. პირველად ბებია 18 წლის წინ გავხდი. ასაკის მატებასთან ერთად მეც და ჩემი დამოკიდებულებაც იცვლება. მომდევნო შვილიშვილებმა უფრო დამხვეწეს და, შეიძლება ითქვას, ნამდვილ ბებიად მაქციეს.
ჩემი საყვარელი ბებია ცაბუ, შეიძლება ითქვას, დედობას მიწევდა, მისთვის ბებიაც არ დამიძახია. ის იყო ყველაფრის მაგალითი ჩემთვის, ოჯახის წესიერების, ტრადიციების, სტუმარმასპინძლობის და სტუმართმოყვარეობის. ვცდილობ მეც ისეთი თავდადებული ბებია ვიყო ჩემი შვილიშვილების მიმართ, როგორიც ის იყო ჩემთვის.
ზურა გეწაძე
ბაბუობა არაჩვეულებრივი გრძნობაა, არცერთ სხვა გრძნობას არ ჰგავს. ვფიქრობ, კარგი ბაბუა ვარ, სანდრო და დათა მგონი კმაყოფილები არიან. როცა შვილიშვილები სახლში არიან, მეტი სიხარული და მხიარულებაა. ჩემი დროის გარკვეული ნაწილი მათთან ურთიერთობას და თამაშს მიაქვს, რაც მგონი მე უფრო მსიამოვნებს, ვიდრე მათ.
ორივე ბაბუა კარგად მახსოვს, ერთი ქიმიკოსი იყო, მეორე – ფინანსისტი. ორივეს თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთან. ხშირად მანებივრებდნენ. ბაბუებს დიდი გავლენა ჰქონდათ ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.
ინგა გრიგოლია
მას შემდეგ, რაც ნინია დაიბადა, ჩემს გულში ისეთმა სიყვარულმა იფეთქა, რაც აქამდე არ განმიცდია. მისი ყველა გამოძრავება, მისი ყოველი ხმის ამოღება უდიდეს სიხარულს მანიჭებს. მთელი ჩემი ცხოვრება ახლა მისითაა მოცული. რეალურად ახლა და ახლა უფრო შევედი ბებიის როლში, თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი. ახლა სულ ვფიქრობ, როგორი გოგო იქნება, რა ინტერესებით იცხოვრებს… არანორმალური სიყვარულია, ძალიან მინდოდა, რომ გოგო ყოფილიყო, ჟღალთმიანი, ცოტა წითური და ზუსტად ასეთია ჩემი ნინია.
მინდა, რომ ის დრო, რომელიც ჩემს შვილს ვერ დავუთმე იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი და მას უფრო ბებია ზრდიდა, ჩემს შვილიშვილს დავუთმო. ფიზიკურადაც კი შევიცვალე, საგანგებოდ მისთვის დავიკელი წონა, რომ უფრო ენერგიული და უფრო აქტიური ვიყო, მინდა მისთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორი ბებიაც დედაჩემი იყო ჩემი შვილისთვის.
მას შემდეგ, რაც ეს პატარა გოგო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტად დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა ჯობია ჩემი შვილიშვილისთვის, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დავიწყე ისეთი ნივთების შეძენა, რაც მას სჭირდება, უფრო მეტად ორიენტირებული გავხდი მასზე. 2023 გამორჩეულად ბედნიერი წელია ჩემთვის, დადგა თუ არა 2023 წელი, 4 იანვარს გაჩნდა ნინია. წელს მისი პირველი ახალი წელია და მინდა იყოს ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა და გადართული ვარ მთლიანად მასზე, ჩემს გულსა და ტვინში ახლა მხოლოდ მას უკავია ადგილი.
მე მყავდა ძალიან კარგი ლოლა ბებია, რომელიც არანორმალურად მიყვარდა და ჩემი ბავშვობის ყველა ლამაზი მოგონება სწორედ მას და ჩემს სოფელს უკავშირდება. როდესაც გარდაიცვალა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მართლა მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობა. სანამ ბებიაჩემი ცოცხალი იყო, სოფელიც მიყვარდა, იქ ჩასვლაც მიყვარდა, მასზე მზრუნველობაც მიყვარდა. თვალებს რომ ვხუჭავ ხოლმე და ბავშვობის მოგონებებს ვიხსენებ, სულ მახსენდება ჩემი ლოლა ბებია, ზაფხული და ის დღეები, რაც მასთან გამიტარებია. მინდა ვიცოცხლო ძალიან დიდხანს, რომ ჩემმა შვილიშვილმაც მიიღოს ჩემგან ის სიყვარული, რაც მე მაქვს მიღებული ჩემი ბებიისგან.
გია ჯაჯანიძე
ვფიქრობ, რომ იდეალური ბაბუა ვარ, არასოდეს არ ვაწუხებ ჩემს შვილიშვილებს, არ ვთხოვ არაფერს, არაფერს არ ვავალებ, თუკი რაიმე სურთ, ვცდილობ ყველა სურვილი შევუსრულო. ძალიან მეგობრული და შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს.
ბაბუობა აუხსნელი გრძნობაა, შვილიშვილში ხედავ თითქოს შენს თავს, შენს ქმედებას, იმდენად შენია, ვერაფრით ვერ ავხსნი, რა გრძნობაა, ძალიან მასშტაბურია, მოიცავს როგორც სიხარულს, სიყვარულს, განცდას, დარდს, ყველაფერს…. მათდამი მაქვს თანაგრძნობის განცდა, რომ უნდა გაიზარდონ, უნდა იწვალონ, რამდენი თავგადასავალი უნდა ჰქონდეთ, რამე არ დაუშავდეთ, ვერ მოუყრი თავს, რომ ეს ყველაფერი გადმოსცე და ლოგიკურად ახსნა.
ბაბუობას ჩემი ცხოვრება არ შეუცვლია, ისევ ისე ვცხოვრობ, ვმუშაობ, შეცვალა ის, რომ მომიტანა მეტი სიხარული, ყოველი მათი ჩემთან მოსვლა არის დიდი ბედნიერება. შვილიშვილებმა უფრო გააორმაგეს ეს ჩემი თანდაყოლილი სიხარულისა და ბედნიერების განცდა.
ბაბუაჩემი საოცარი ადამიანი იყო. როდესაც მე დავიბადე, არ ჰქონდა თოფი, რომ გაესროლა, ამიტომ მოიტანა ნერგი და ყოველ წელს ჩემს სახელზე ხეს რგავდა. ბაბუა რომ გარდაიცვალა, იმ წელს გავხდი 7 წლის, მამამ მოიტანა ნერგი და მითხრა, ბაბუას ტრადიციას ახლა მე გავაგრძელებო. სანამ წამოვიზრდებოდი, მამაჩემი მარგვევინებდა ხეს და დღემდე მაქვს ეს ტრადიცია, ჩემს დაბადების დღეზე ვრგავ ხეს. გამოდის, რომ 61 ხე მაქვს დარგული. ეს ტრადიცია ბაბუამ დამიტოვა, მთელი ცხოვრება მემახსოვრება, ისეთი ბაბუა მყავდა.
მაკა ზამბახიძე
იმდენად მოულოდნელად მოგვევლინა მიქაელი, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 38 წლის ასაკში ბებიობა, მაგრამ ძალიან გამაბედნიერა, კიდევ უფრო გამაახალგაზრდავა და საოცარი ემოციებით ამავსო. საოცარ სახელებს ვუგონებ და მთავარი სახელი, რამაც პოპულარობა მოუპოვა მიქაელს, ეს არის „ქოქოსი“. იმდენად აიტაცა ხალხმა ეს სახელი და მოეწონათ, რომ ბევრმა მისი ნამდვილი სახელი არც იცის.
მიყვარს მასთან დროის გატარება, ახლა სამწუხაროდ ვერ ვნახულობ დუეტ „ჯორჯიას“ პირველი სოლო კონცერტის სამზადისის გამო და მხოლოდ ვირტუალურად ვტკბები. ვცდილობ ბედნიერი და ლაღი ბავშვი იყოს. ამაში ხელს მიწყობს მუსიკა, სიმღერა, მინდა იყოს კეთილი და უყვარდეს ადამიანები.
მე საოცარი ბებია მყავდა. ჩვენს ურთიერთობაზე ლეგენდები დადიოდა. ის ცხოვრობდა მხოლოდ ჩემი სიყვარულისთვის, არანორმალურად ვუყვარდი, მხოლოდ ეს ერთი ბებია მყავდა და მეც უზომოდ მიყვარდა. როდესაც არ მინდოდა ხოლმე სახლში წასულიყო, ტანსაცმელებს ვუმალავდი. ვერ პოულობდა, რჩებოდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად და ჩემ გარშემო ყველას საოცრად უყვარდა. ერთი სიცოცხლის არჩევანი რომ მქონდეს, ბებიას გავაცოცხლებდი. ის ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო და ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული. მთელი ბავშვობა ჩემს კონცერტებს წინა რიგებში ესწრებოდა და წარმომიდგენია, მისი შვილიშვილი ახლა რომ ენახა, რა სიხარულითა და სიამაყით სავსე იქნებოდა.
მევლუდ მელაძე
ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ბაბუა ვარ, კარგი და ცუდი ბაბუა გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ურთიერთობა ჩამოყალიბდება. ჯერ ჩემი შვილიშვილი პატარაა იმისთვის, ვიცოდე როგორი ბაბუა ვარ. ჯერ რეალურად ვერც აღვიქვამ, რომ ბაბუა ვარ. განსხვავებული შეგრძნებაა, არ ჰგავს არც სიყვარულის ფორმით და არც სხვა ფორმით შვილებთან ურთიერთობას, ახალი გამოცდილებაა, ახალი შეგრძნებებია, ჯერ ამ ყველაფრის გაცნობის ეტაპზე ვარ.
ბაბუაჩემი შარშან 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჩემთვის იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება იყოს ადამიანი მშრომელი, პატიოსანი და დამოუკიდებელი. მთელი ცხოვრების მანძილზე არავისგან, არც შვილებისგან, არც შვილიშვილებისგან არაფერი არ მოუთხოვია. ვუყვარდით ისე, რომ ამით არ გვაწუხებდა, ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის და იყო მაგალითი, რომელიც იყო ბროლის. ძალიან ფაქიზი. ძალიან სიღრმისეული.
ვფიქრობ, რომ მეც ასეთი ბაბუა ვიქნები, იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მირჩევნია ყველაფერი ისე ვაკეთო, რომ არავის არაფერი არ მოვთხოვო. ალბათ ესაა, უპირობო სიყვარულს რასაც ეძახიან, როცა შენ გიყვარს და სანაცვლოდ არაფერს არ ითხოვ.
სალომე კობალაძე
ბებიობა საოცარი გრძნობაა, უსაზღვრო სიყვარულის, თუმცა შვილებისაგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები პასუხისმგებლობით, მეტი გართობითა და განებივრებით. აქტიური ბებია ვარ, მგონი ხანდახან ზედმეტადაც, თუმცა ახლა იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ ბავშვებს, თვითონაც ძალიან დაკავებულები არიან. ბებიობამ ჩემი ცხოვრება გაახალისა… დამემატა ბედნიერებისა და სასიამოვნო ზრუნვის მიზეზი.
მე წილად მხვდა ბედნიერება, ორივე ბებიას მოვსწრებოდი, პირველი გოგო შვილიშვილი ვიყავი და ძალიან მანებივრებდნენ… ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა ბებიების ზრუნვით, სიყვარულით, სიკეთითა და სითბოთი სავსე. უზომოდ მადლიერი ვარ მათი, ძალიან მინდა მეც ისეთივე ბებია ვიყო ჩემებისთვის, როგორიც თავად მყავდა.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი