რა უფრო საინტერესოა თქვენთვის , როგორც მკითხველისთვის? კითხვები, რომლებიც წიგნის კითხვისას გებადებათ თუ პასუხები? ჩემთვის ყველაზე დიდი ლიტერატურული ექსტაზი სწორედ იქ იწყება, სადაც კითხვები იბადება – აი, იმ ზღვარზე, სადაც ტექსტი ხელს მიშლის, ვიყო მშვიდად. აქ იწყება აზროვნებაც და გადაფასებაც. სწორედ ამ ლტოლვამ ჩამაგდო ჟურნალისტიკაში, მაგრამ წლების გამოცდილებამ მანახა, რომ არაფერია იმაზე ამაღელვებელი, როდესაც კითხვებს საკუთარ თავთან სვამ. ეს ალბათ ყველაზე საშიში და, ამავდროულად, ყველაზე თავისუფალი პროცესია. წიგნი, უბრალოდ, გზამკვლევია საკუთარ თავში მოგზაურობისას. რა დაგხვდება შიგნით – დიქტატორი თუ გმირი, მხდალი თუ რევოლუციონერი, გარეწარი თუ შემოქმედი – ეს უკვე შენზეა. წიგნი მხოლოდ მაშინ შეასრულებს დაკისრებულ მისიას, როდესაც საკუთარ თავს ცეცხლს გაუხსნი, სანგრებიდან წამიერად ამომძვრალ შიშებს დაამარცხებ და საკუთარ გონებაში მცხოვრებ დიქტატორს დაამხობ. ეს არის ლიტერატურა. არა როგორც თავშესაფარი, არამედ როგორც წინააღმდეგობის მარში საკუთარ თავში. სწორედ ეს ბადებს ცვლილებებს, ინდივიდუალური გადაფასება კი საბოლოოდ საზოგადოებრივ ცნობიერებასაც შეცვლის. სწორედ ლიტერატურის გავლენაზე ვისაუბრეთ ტორესა მოსთან, მწერალთან, რომლისთვისაც ლიტერატურა მუდმივი შინაგანი ამბოხია.
შენი აზრით, დღეს რა როლი და რა გავლენა აქვს ლიტერატურას საზოგადოებაზე? და როგორ შეიცვალა ეს გავლენა წლების განმავლობაში?
ადამიანებს გვამოძრავებს ამბები, რომლისაც გვჯერა. ქვეყანა, პირველ რიგში, ამბავია, რომელსაც ქმნის ხალხი და გადასცემს თაობიდან თაობას. ამბები კი მხოლოდ ისტორიული წყაროებით ან ისტორიის სახელმძღვანელოებით არ იქმნება. ამ გაგებით ზოგადად ხელოვნებას გაცილებით ღრმა გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე. ეს გავლენა ზოგჯერ ნეგატიურიც შეიძლება იყოს, როდესაც ლიტერატურაში ან ხელოვნების სხვა მიმართულებაში შექმნილი სახე-ხატი ცვლის ისტორიულ სიმართლეს. თუ ლიტერატურა ისტორიულ ამბებს ეხება, ის მათ მწყობრ, მიზეზშედეგობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ ამბად გადააქცევს და ხშირად იდეურ საფუძველსაც მოუძებნის. თუმცა ეს ლიტერატურისთვის საუკუნეების განმავლობაში აკიდებული ტვირთი უფრო იყო, ვიდრე უპირატესობა. ეს გავლენა გამოწვეული იყო იმით, რომ კინოს განვითარებამდე ლიტერატურა ერთ-ერთი მთავარი მედიუმი იყო, რომელიც ამბებს ქმნიდა და მილიონობით ადამიანს აწვდიდა. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ, მაგალითად, მე-19 საუკუნის ლიტერატურულ კლასიკად მიჩნეული ტექსტები თავიდანვე წიგნებად იწერებოდა, რეალურად კი მათი უმრავლესობა გაზეთებისა და ჟურნალებისთვის იქმნებოდა და გაგრძელებებით იბეჭდებოდა პერიოდიკაში. ზოგჯერ მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცემოდა წიგნად. მათ დაახლოებით იგივე ფუნქცია ჰქონდათ, რაც თანამედროვე დროში სერიალებს. კინოს და ტელევიზიის განვითარებასთან ერთად ლიტერატურას ჩამოშორდა ეს ტვირთი. დღეს ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ ვიფიქროთ მკითხველზე, ვიფიქროთ თავად ლიტერატურაზე, გავერთოთ მისით, ვითამაშოთ, ამიტომ თანამედროვე მწერალს შეუძლია იყოს უფრო ნაღდი, უფრო ნამდვილი. დღეს ლიტერატურის გავლენა მეორადი უფროა. ლიტერატურა ცალკეულ ადამიანებს აფიქრებს, აზროვნებისკენ უბიძგებს, შთააგონებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ. დღეს ლიტერატურის გავლენა მცირდება მასაზე, თუმცა ის გავლენას ინარჩუნებს მათზე, ვისი ძალისხმევაც ჯამურად ქმნის რეალურ ცხოვრებას – მეცნიერებზე, პოლიტიკოსებზე, სცენარისტებზე, პროდიუსერებზე, რელიგიურ ლიდერებზე და ა.შ. დღეს ლიტერატურა შთამაგონებელი უფროა, ვიდრე პირდაპირ გავლენის მომხდენი და ეს მწერალს მეტ თავისუფლებას აძლევს.
როგორ შეიძლება ლიტერატურამ შეცვალოს ან ჩამოაყალიბოს ადამიანების სოციალური შეხედულებები?
ლიტერატურას შეუძლია გიბიძგოს აზროვნებისკენ, დაგანახოს სამყარო სხვა თვალით, დაგაფიქროს არა მხოლოდ იმაზე, თუ ვინ ხარ, არამედ იმაზეც, ვინ შეგიძლია იყო. ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძალა არა სამყაროს ხსნაში, არამედ იმის გაფიქრებაშია, რომ ადამიანი არ არის მოცემულობა, ადამიანი არის პოტენციალი, რომელიც შეიძლება რეალიზდეს და ამ პოტენციალის დიაპაზონი ძალიან ფართოა. ნამდვილი ლიტერატურა არასოდეს გაძლევს მზა პასუხს, ის მხოლოდ გიბიძგებს პასუხის ძიებისკენ. ლიტერატურა არის ველი, რომელშიც შეიძლება აზროვნება და განუსაზღვრელია, ამ აზროვნების პროცესში რას აღმოაჩენ საკუთარ თავში.
შეგიძლია გაიხსენო კონკრეტული ნამუშევრები, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრი რეალურად შეცვალა? მე, მაგალითად, მახსენდება ორუელის „1984“, წიგნი ,რომელიც 50-იან წლებში დაიწერა და სრული სიზუსტით იმეორებს ჩვენს ახლანდელ ყოფას. მისი შექმნაც ხომ რაღაცამ განაპირობა და უკვე შექმნილ ტექსტს კი აუცილებლად უნდა ჰქონოდა გავლენა იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. და ამ სტილის ნამუშევრები არაერთია მსოფლიო ლიტერატურაში…
არის წიგნები, რომლებიც დაიწერა, როგორც გაფრთხილება, მაგრამ წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. მაგალითად კაფკას „პროცესი“. მას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ არაერთ ქვეყანაში ის ზუსტად ამ სახით და ფორმით განხორციელებულიყო. აქ ისევ საკუთარი თავი უნდა გავიხსენოთ, ჩვენი დღევანდელი რეალობა და მართლმსაჯულების სისტემა. საკმარისია ნებისმიერ სასამართლო პროცესს დაესწროთ და აღმოაჩენთ, რომ კაფკას პროცესში ხართ. ამ წუთას სამოცამდე „იოზეფ კ.“ გვყავს პატიმრობაში. ამას გარდა, არსებობს წიგნები, რომლებსაც თუ ბავშვობაში მოედე, გაგიმართლა და მეტი შანსი გაქვს შემდეგ და შემდეგ, ძალაუფლებამ და მომხვეჭელობამ არ გაგაგიჟოს. ზოგადად კი მგონია, რომ ამ თვალსაზრისით საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე. ეს წიგნები ყველას გამორჩება ხოლმე, როცა მნიშვნელოვან ლიტერატურაზე საუბრობენ, არადა მათი გავლენა გაცილებით დიდია და მთელი ცხოვრება მიგყვება. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტერატურა ვერ აზღვევს ადამიანებს, რადგან საკმარისზე მეტი წიგნია დაწერელი საიმისოდ, რომ არასოდეს მომხდარიყო ჰოლოკოსტი, არ ეარსება ისეთ ქვეყნებს, როგორებიც თანამედროვე ჩრდილოეთ კორეა და რუსეთია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ ჰარი პოტერზე აღზრდილ თაობებს არცერთ ქვეყანაში არ ჩაუბარებიათ ძალაუფლება. ამ მხრივ, ვფიქრობ, საინტერესო მომავალი გველოდება, მაგრამ ცხადია, ეს ვერაფრის გარანტია ვერ იქნება.
აუცილებლად უნდა შევეხოთ თემას: ლიტერატურა როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტი… მარიო ვარგას ლიოსა ერთ-ერთ ესეში ამტკიცებს, რომ ლიტერატურა, რომელიც იდეებს ემსახურება უფრო მეტად, ვიდრე ადამიანურ სიმართლეს, რისკავს, იქცეს პროპაგანდად. როგორ ფიქრობ, მწერალმა როგორ უნდა გააერთიანოს მისი სოციალური პასუხისმგებლობა და მხატვრული თავისუფლება ისე, რომ ლიტერატურა არ გადაიქცეს დოგმატურ განაცხადად?
ჩემი აზრით, ეს ქათმის და კვერცხის დილემას ჰგავს, რომელი იყო პირველად? ვფიქრობ, ლიტერატურა და პროპაგანდა ერთდროულად დაიბადნენ. ლიტერატურას არასოდეს უარსებია იმ ცდუნების გარეშე, რომ ინსტრუმენტად გამოეყენებინათ. ვფიქრობ, ამბების თხრობა თავდაპირველად სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ, დაგვერწმუნებინა სხვები რაღაცაში. მაგალითად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ კონკრეტულ პოლიტიკურ რეალობაში დაიწერა შეკვეთით და მას პროპაგანდისტული მიზანი ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებით ვიცით, რომ შოთას თუკი ამ ტექსტში რამე არ გამოუვიდა, ესაა პროპაგანდისტული ტექსტი. ლიტერატურა თავისი არსით პროპაგანდისთვის სრულიად უვარგისი რამ არის და თუ პროპაგანდის მცდელობაში ნამდვილი ლიტერატურა დაიბადა, როგორც წესი, საპირისპიროდ. ლიტერატურა ჩემთვის არ არის მცდელობა, სხვებს გავაგებინო ის, რაც უკვე ვიცი. ლიტერატურა ჩემთვის არის მცდელობა, რომ ჩემს გონებაში ჩამოყალიბდეს აზროვნების პროცესი. მნიშვნელობა არ აქვს, ლიტერატურას ვწერ თუ ვკითხულობ, ორივე შემთხვევაში ამას მხოლოდ აზროვნების პროცესისთვის ვაკეთებ. თუ მინდა საკუთარი თავის შესახებ რაღაც გავიგო, ამისთვის ლიტერატურა მჭირდება. ჩვენთვის რეალობა ბუნდოვანია, ამიტომ მუდმივად ვეძებთ ტექსტს, რომელიც მოგვცემს ბიძგს, რომ აზროვნების პროცესი დავიწყოთ. სხვანაირად აზროვნება ადამიანების უმრავლესობას არ გვიყვარს, რადგან ეს საშიშია. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ რასაც საკუთარ თავში იპოვი, მოგეწონება. მაგალითად, არც ისე სასიამოვნოა, შენს თავში იპოვო ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯანი, ან თეიმურაზ ხევისთავი, ჯაყო ჯივაშვილი და მარგო, ან სულაც ისეთი წინააღმდეგობრივი კაცი, როგორიც ჯონ სილვერია. აზროვნება საშუალებას არ გაძლევს დარჩე იმად, ვინც მოცემულ მომენტში ხარ, არადა, თუ არ წაიკითხავ, შეგიძლია მთელი ცხოვრება მშვიდად გააგრძელო ნებისმიერ მათგანად ყოფნა. ამის გარეშე ერთგვარ მთვლემარე კმაყოფილებაში შეგიძლია იცხოვრო, სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, რაც საუკეთესო გზაა, რომ რეალურმა ცხოვრებამ, უბრალოდ, გვერდით ჩაგიაროს. პროპაგანდისტული ლიტერატურა ამის საპირისპიროა და ზუსტად ამიტომ ის ყოველთვის უფრო მეტი იწერება. მისი ამოცანაა, როგორც კი რაღაც შეგაწუხებს და შანსი გაგიჩნდება, აზროვნების საშიშ და მტკივნეულ გზაზე შეაბიჯო, გამზადებული ფორმულები მოგაწოდოს, დაგამშვიდოს და კვლავ მთვლემარე მდგომარეობაში დაგაბრუნოს. ამიტომ პროპაგანდა ყოველთვის ყველასთვის მარტივი, სასარგებლო და გასაგებია, თუმცა დროს გაჰყვება ხოლმე, რადგან დრო აუცილებლად იცვლება. მას თან მიჰყვება ყველაფერი, რაც მან მოიტანა, ადამიანის არსი და ძირითადი კითხვები კი იგივე რჩება. ასე იყო აქამდე, არაფერი მაფიქრებინებს, რომ ეს ოდესმე ასე აღარ იქნება.
გაიხსენე წიგნი, რომელმაც შენს პირად ხედვებსა და ღირებულებებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა?
ამ კითხვაზე პირველი ყოველთვის ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“ მახსენდება. ვფიქრობ, ამ ტექსტმა ორ რამეზე იქონია ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი გავლენა: 1. ანტიმარქსისტი ვარ; 2. არასოდეს ვექცევი ნივთების, სოციალური მდგომარეობის და საბანკო ანგარიშის ტყვეობაში, რადგან დამარწმუნა, რომ თავისუფლება თუ გინდა, პირველ რიგში, მინიმუმამდე უნდა დაიყვანო შენი დამოკიდებულება ასეთ რამეებზე. მაგრამ თუ ლიტერატურულ ტექსტებზე მიდგება საქმე, ერთს ვერ ვიტყვი, უფრო ჩამონათვალი გამომივა, მათი ნაწილი კი ასე გამოიყურება: „განძის კუნძული“, „პეპი გრძელიწინდა“, „პატარა პრინცი“, „სიბრძნე სიცრუისა“, „ვეფხისტყაოსანი“, „ნაცარქექია“, „ბეჭდების მბრძანებელი“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“, მოთხრობები შერლოკ ჰოლმსზე.
როგორ ფიქრობთ, რომელი ტექსტი უნდა წაიკითხოს ყველა ახალგაზრდამ საქართველოში და რატომ?
ლიტერატურასთან დაკავშირებით სიტყვებს „ყველამ“ და „უნდა“ არ ვიყენებ, თუმცა სურვილით ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იკითხოს „ვეფხისტყაოსანი“, არა როგორც ცოდნის წყარო და სასკოლო სავალდებულო საკითხავი, არამედ როგორც წიგნი, რომელიც შეგიძლია სიამოვნებით იკითხო მთელი ცხოვრების განმავლობაში და არასოდეს გექნება წაკითხული იმ გაგებით, რა გაგებითაც ვამბობთ ხოლმე წიგნზე, რომ წაკითხული გვაქვს, გავიგეთ და აღარ მივუბრუნდებით. ეს მნიშვნელოვანი მგონია ბევრი გაგებით, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ვფიქრობ, თუ რამე უპირატესობა აქვს ამ ქვეყანაში დაბადებას, ეს არის შესაძლებლობა, იკითხო ეს გენიალური ქმნილება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ამ პლანეტაზე დაბადებული ადამიანების უმრავლესობა ხომ ისე მოკვდება, შანსიც კი არ ექნება, ადამიანურ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ტექსტი წაიკითხოს. მხოლოდ ამიტომ ვფიქრობ ხოლმე, რომ ნებისმიერი ქართველის სავალალო შეცდომაა მისი წაუკითხაობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი, რომელსაც ამ ქვეყანაში დაბადებული, ამ ენაზე მოლაპარაკე ყველა ადამიანი ვიღებთ და მისი გამოტოვება წარმოუდგენელი შეცდომა მგონია. როგორც ვთქვი, ლიტერატურასთან მიმართებით სიტყვებს „ყველა“ და „უნდა“ არ ვიყენებ ხოლმე, მაგრამ თუ „ვეფხისტყაოსანს“ არ კითხულობ, ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, ამ ქვეყანაში რა გინდა, აქ რატომ ცხოვრობ? ამ ქვეყანაში დაბადებას რა აზრი ჰქონდა მაშინ? ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ არის ამ ქვეყნის არსებობის მიზეზიც და გამართლებაც, რადგან დანარჩენი რაც არ უნდა აიღო, ყველაფერს იპოვი სადმე სხვაგანაც, არა მხოლოდ ტოლ-სწორად, არამედ უკეთესსაც, ერთადერთი სიმაღლე, რაც, უბრალოდ, განუმეორებელია, „ვეფხისტყაოსანია“ და ამის გამოტოვებისთვის ნებისმიერი ადამიანი ცოდოა.
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი