მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი ჯილდო ის სიყვარული და ნდობაა, რასაც პაციენტებისა და მათი მშობლების მხრიდან მუდმივად გრძნობს. მიაჩნია, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ჯანსაღ გარემოს და სწორედ მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას უამრავი წელია. „OK! ბათუმის“ სტუმარია ექიმი-პედიატრი, ხოზრევანიძის კლინიკის ამბულატორიულ- დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხუხუნაიშვილი. განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ბათუმი და ამბობს, რომ ბათუმელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც უნდა შეძლო და ღირსეულად ატარო. მუდმივი განვითარება, პედიატრიაში ინოვაციური სიახლეების სამუშაო პრაქტიკაში დანერგვა მისი მთავარი ხელწერაა, რომელსაც წლებია არაერთ ახალგაზრდას უზიარებს და ცდილობს მათ კიდევ უფრო სიღრმისეულად დაანახვოს აღნიშნული მიმართულების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში.
პროფესიული განვითარების ეტაპები…
ბათუმში დავიბადე. დავამთავრე მე-9 საშუალო სკოლა, 16 წლისა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იყო ექიმად ჩამოყალიბების, პროფესიული ზრდის გრძელი, მრავალწლიანი გზა თბილისში, მოსკოვში, ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. ჩემი, როგორც ექიმის ჩამოყალიბებაში, გარდამტეხი გავლენა აშშ-ში, მეიოს კლინიკაში სტაჟირებამ მოახდინა, რომელიც 2012 წელს პროფესორ რობერტ ფიშერის ხელმძღვანელობით გავიარე. მეიოს კლინიკა ამერიკის კლინიკათა რეიტინგში უკვე წლებია პირველ ადგილს იკავებს, მისი წლიური ბიუჯეტი 8,3 მილიარდი დოლარია. ჩემი მეუღლე, შვილი და რძალიც ექიმები არიან. ჩემს პიროვნულ წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის მხარდაჭერა, რასაც ჩემი მეუღლისგან, ლევან კალოიანისგან ყოველთვის ვგრძნობ. მოღვაწეობა დავიწყე ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში(ამჟამად ბათუმის იაშვილის კლინიკა) ექიმ-პედიატრად, შემდეგ ვიყავი დეპარტამენტის უფროსი, მთავარი ექიმი, დირექტორი. ამჟამად ვმოღვაწეობ რეგიონის წამყვან – ხოზრევანიძის კლინიკაში, ვარ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-პედიატრი. ასევე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე, უცხოელ სტუდენტებს პედიატრიას ვასწავლი.
იყო ბავშვთა ექიმი, ნიშნავს?
პირველ რიგში, ფეხი უნდა აუწყო პედიატრიის თანამედროვე მიღწევებსა და გამოწვევებს. თანამედროვე პედიატრია მოიცავს ფიზიკურ, ემოციურ, ფსიქიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას 0-დან 18 წლამდე ასაკში, მათი სრული ჯანმრთელობის ხელშეწყობას. იყო პედიატრი, ჩემთვის ნიშნავს, პაციენტი მიიღო როგორც საკუთარი შვილი, მშობელი კი როგორც ოჯახის წევრი. ხშირად, დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს, დაღლილობა მავიწყდება, როცა კაბინეტის კარი იღება და ხელგაშლილი პაციენტი ჩემკენ ჩასახუტებლად შემორბის. ბავშვის უმანკოებაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, მისი ყველა დადებითი ემოცია თუ ტირილი ყოველთვის ძალიან წრფელია. ეს ბუნებრიობა ძალიან მიადვილებს ჩემს პაციენტებთან ურთიერთობას, დაღლილობას მიხსნის და მოტივაციას მმატებს.
თქვენი რეკომენდაცია მშობლებს, რათა მათ თავიდან აიცილონ შვილების სეზონური ვირუსები…
მსოფლიო ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის ვირუსებისგან ყველაზე ეფექტურ დაცვად სეზონური გრიპის ვირუსების აცრა რჩება. იმუნიზაცია იცავს თქვენს პატარას ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან. თუმცა, იმის მიუხედავად, აცრილი ხართ თუ არა გრიპზე, გარკვეული წესების დაცვა ცხოვრებას მაინც გაგიმარტივებთ. ასეთია ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები გრიპის პრევენციისთვის: ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით, თუ საპონი და წყალი მიუწვდომელია, ხელები დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი სანიტაიზერით, სურდოს დროს მხოლოდ ერთჯერადი ხელსახოცები გამოიყენეთ და გამოყენებისთანავე ურნაში გადაყარეთ, ავეჯის, იატაკის, სველი წერტილების ზედაპირები ხშირად გაწმინდეთ, ნაკლებად იკონტაქტეთ გრიპის მქონე ადამიანებთან და ავადმყოფობის დროს შეეცადეთ სახლში დარჩეთ. ასევე, არ არის რეკომენდებული ანტივირუსული პრეპარატების მიღება ექიმის რჩევის გარეშე.
დღეს რა გამოწვევები და პრიორიტეტებია პედიატრიაში?
პედიატრია ძალიან განვითარებადი დარგია და სტარტაპებიც ბევრი აქვს, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფ. ხელოვნური ინტელექტი, ბავშვის ჯანმრთელობის უწყვეტი მონიტორინგი, მობილური აპების დანერგვა, ტელემედიცინა, ინტეგრირებული სამედიცინო სისტემები – ამ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალია. ბავშვებში დაავადების დროული გამოვლენა გადამწყვეტია მაღალი რისკების შესარბილებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის დასახმარებლად, სტარტაპები ავითარებენ პედიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკას ვიზუალიზაციის ტექნოლოგიებიდან და სისხლის ტესტებიდან ხელოვნური ინტელექტისა და გენეტიკური ტესტირების ჩათვლით. მობილური აპლიკაციები უზრუნველყოფს წვდომას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე ისეთი მოწყობილობების საშუალებით, როგორიცაა სმარტფონები და სხვა ხელის მოწყობილობები. ჯანდაცვის დაწესებულებები იყენებენ ჯანმრთელობის მონიტორინგის აპებს, რათა პაციენტის მონაცემები შეაგროვონ. პედიატრები იღებენ ბავშვის ჯანმრთელობის განახლებულ კრიტიკულ მონაცემებს, ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა დაბადების დეპრესია, ახალშობილთა ენცეფალოპათია და ფილტვის დაავადებები, იწვევს სუნთქვის გაძნელებას ახალშობილებსა და დღენაკლულებში, რაც იწვევს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, პედიატრიული მოვლის ინდუსტრია იყენებს ჩვილ ბავშვთა „ჭკვიან“ ვენტილატორებს, მაღალი სიხშირის რხევადი ვენტილაციის (HFOV) აპარატებს. ეს ამცირებს გართულებებს და აუმჯობესებს გამოსავალს. მოწინავე ვიზუალიზაციის ტექნიკა პედიატრიაში იყენებს ვირტუალურ რეალობას (VR). ის ექიმებსა და ქირურგებს საშუალებას აძლევს ვიზუალურად წარმოაჩინონ სხეულის რთული სტრუქტურები, ამავდროულად, 3D ვიზუალიზაცია ექიმებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად შეისწავლონ ორგანოთა დეფექტები. პედიატრიული EHR – ბავშვების ჯანმრთელობის ციფრული ჩანაწერები ასახავს მათ ჯანმრთელობის ისტორიას, მათ შორის ვაქცინაციას, დაავადებასა და მკურნალობას. საკვების დანამატები (რკინა, იოდი, კალციუმი, ვიტამინი D, B12 და სხვ.) აუმჯობესებს ბავშვის ჯანმრთელობასა და იმუნიტეტს. ვიტამინები და მინერალები მთავარი ინგრედიენტებია ახალშობილთა რძესა და ახალშობილთა რძის ფორმულების შემადგენლობაში. ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემები აერთიანებს კლინიკის სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა სამედიცინო, ფინანსური, ადმინისტრაციული და იურიდიული სეგმენტები.
თავისუფალი დრო…
ვცდილობ ოჯახსა და მეგობრებთან ერთად გავატარო. მოგზაურობა ჩემი ჰობია, ახალი ქვეყნების ნახვა სერიოზული გამოწვევაა ჩემთვის. კარგი სიბრძნე აქვთ ჩინელებს: არავინ არ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც წასვლამდე იყო. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სიმდიდრე ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაა. აქვე გეტყვით, რომ გატაცებული ვარ უცხო ენების შესწავლით.
რა გხდით ყველაზე ბედნიერს?
ყველაზე ბედნიერს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებთან ურთიერთობა მხდის. ისინი ჩვენგან შორს, კალიფორნიაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. 3 შვილიშვილი მყავს: 15 წლის ელენე, 4 წლის ლევი და 1 წლის ნოა, ყოველ წელს ვსტუმრობთ მათ და ეს არის ყველაზე ბედნიერი დღეები.
რას ნიშნავს ბათუმი და ბათუმელობა თქვენთვის?
ბათუმი ნიშნავს ტრადიციას, ისტორიას, სიყვარულს, ბათუმელობა კი უდიდეს პასუხისმგებლობას. ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახები მე-19 საუკუნიდან ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ბათუმში და ძალიან ვამაყობთ ამით. ამ ქალაქში ყველგან უჩვეულო სურნელი ტრიალებს. ბათუმი ჩემთვის ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დატრიალებული მანდარინის ყვავილების სურნელია, ჩვენი ზღვისპირა პარკია, მაგნოლიებია, ჩემი საყვარელი ბათუმელებია. ტყუილად კი არ მოდის მისი ეტიმოლოგია სიტყვიდან „ბათუსი“, რაც ბერძნულად „ღრმას“ ნიშნავს. კარგად დაცულ ღრმა, ბუნებრივ ნავსაყუდელს, რომელიც ყველა ჭეშმარიტი ბათუმელის და მათ შორის ჩემი ცხოვრების ნავსაყუდელიცაა. როცა ქალაქიდან გავდივარ, ერთ კვირაში საოცარი ნოსტალგია მიპყრობს. ბათუმის ქუჩები მენატრება, ქალაქში დაბრუნებულს ზღვაში შეჭრილი ნახევარკუნძული საოცარ ემოციას მგვრის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო…
არაერთი ჯილდო და სიგელი მიმიღია. ვარ საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა პაციენტის დედა მოდის და გულწრფელ მადლობას მიხდის. ჩემი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჯილდო პატარების სიყვარულია, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ და მაბედნიერებს. ამ ცისქვეშეთში ყველა პატარა იმსახურებს ჯანსაღ გარემოს.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე