„ლილისი“ და „ნიბლე ლილისგან“ − დების მიერ წამოწყებული სტარტაპია, რომლის ძირითადი კონცეფცია ბუტიკური სტილის საწარმოა. „ლილისი“ უმაღლესი ტექნიკური აღჭურვილობის საწარმოო ხაზზე მუშაობს და მომხმარებელს მხოლოდ 100%-ით ნატურალურ პროდუქციას სთავაზობს. ტკბილეული მაღალი ხარისხის ქართული ნედლეულისგან მზადდება. ვარდისფერზოლიან ჯადოსნურ რვეულში შენახულ, ბავშვობის ნოსტალგიურ გემოებზე დღეს უფრო დეტალურად მისი დამფუძნებლები მოგვიყვებიან.
„ლილისის“ ძირითადად სამი მეგობარი მართავს:
ლიკა (ლილი) ხუნწარია, რომელიც პროდუქციის წარმოების მართვასა და კომერციას ხელმძღვანელობს;
ქეთევან ხუნწარია − უძღვება ფინანსებსა და ბიზნესის განვითარებას;
მერი ყვავილაშვილი კი მასტერკლასებსა და სანქუქებს კურირებს.
როგორ და როდის გაჩნდა „ლილისის“ დაარსების იდეა?
(ლიკა): მე და ქეთი დები ვართ, ხოლო მერიკო ჩვენი მეგობარია. კორპორაციულ ბიზნესში ჩვენი გამოცდილება წარმატებულ წლებს ითვლის. მე 5 წელი ლონდონში ვცხოვრობდი, სადაც გარკვეული პერიოდი ლონდონურ კაფეტერიაში ვმუშაობდი. მას მერე ოცნებად მექცა თბილისში ბუტიკური სტილის საკონდიტროს გაკეთება. ყოველთვის თან დამყვებოდა ჩვენი ბებოს ტკბილეულის სურნელი… ზიზი ბებო გასული საუკუნის 80-იან წლებში, ქალაქში ერთ-ერთი ცნობილი კონდიტერი გახლდათ. მის მიერ დატოვებული რეცეპტების რვეული, რომელიც ჯერ კიდევ გაჟღენთილი იყო საყვარელი და ნაცნობი ტკბილეულის სურნელით, „ლილისის“ დაარსების ინსპირაცია გახდა. ჩვენს ძირითად საფირმო კრემსაც ასე შერჩა სახელი − „ბებოს კრემი“. მახსოვს, ერთხელ მომხმარებელმა მხოლოდ კრემი გვთხოვა, უარი ვერ ვუთხარი და კონდიტერს მივმართე: „გთხოვ, ბებო გამოუტანე კონტეინერით“. მომხმარებელი ძალიან დაიბნა, მერე კი დიდხანს ვიცინეთ.
მახსოვს, ბებო რომ „ნაპოლეონს“ გამოაცხობდა და ჩაციებულ კრემს გადაუსვამდა, მაშინვე ბუთქუნა ჩაის ჭიქებით მივუსხდებოდით მაგიდას და იყო დიდი ბედნიერება. შემდეგ, დიდი ნოსტალგია გვქონდა ბებოსი და იმ დიდი, მრგვალი მაგიდის, ფანჯარასთან რომ იდგა…
„ლილისიმ“ თითქოს ბებოც გააცოცხლა… მუდამ მაინტერესებს, ნეტავ რა რჩევას მოგვცემდა… ალბათ დიდი სიყვარულით გაჟღინთა ეს რვეულები… სწორედ ბებოს რეცეპტურის გამოყენებით მოხდა რეტრო და ევროპული გემოების თანამედროვე სინთეზი და „ლილისის“ პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაც საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიიღო. ჩვენ უზომოდ მადლიერები ვართ თითოეული მომხმარებლის და ჩვენი მეგობრების, რომლებიც დღემდე გვერდში გვიდგანან.
(ქეთევანი): დაბადების დღე ივნისში მაქვს და ბებია ყოველთვის მარწყვის ტორტს მიცხობდა. არასოდეს დამავიწყდება ის გემოები… როდესაც საკონდიტროს დაარსების იდეა წამოვიდა, მე თავს ვიკავებდი ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო. მახსოვს, ლიკამ გამომიარა ჭიქაში ჩადებული კრემით და კოვზით, გავსინჯე და ცრემლები ვერ შევიკავე. ეს ის არის-მეთქი, ვუთხარი… „ბებოს კრემი“. წამითაც აღარ დავფიქრებულვარ, ისე გავყევი ლიკას ამ წამოწყებაში. ასე დაიწყო „ლილისი“… დღეს, საკონდიტროებით გაჯერებულ ბაზარზე ჩვენი ნიშა გვიჭირავს. ჩვენთან ყველაფერი ხელით მზადდება. ამის შენარჩუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
ამჟამად რამდენ ფილიალს ფლობთ და რამდენი თანამშრომელი ჰყავს თქვენს გუნდს?
(მერი): ოთხი თანამშრომლით დაწყებული ბიზნესი, დღეს უკვე, სამი წლის თავზე, გუნდში ორმოცზე მეტ თანამშრომელს ითვლის. „ლილისის“ დამფუძნებლების ბექგრაუნდი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ანტრეპრენერშიპი, მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება, კომერცია, სოციალური თერაპია და HR. ეს სინთეზი გვეხმარება კომპანიის ყოველწლიურ განვითარებაზე ზრუნვაში − როგორც პროდუქციის გამრავალფეროვნების, ასევე თანამშრომლების პროფესიონალიზმის ზრდისა და პროცესების სრულყოფის მიმართულებით.
რა სახის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს და რომელია მათგან ყველაზე მოთხოვნადი?
(მერი): „ლილისი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომლებიც კომპანიაში ეტაპობრივად განვითარდა. ჩვენი ბუტიკური სტილის საწარმოს ძირითადი მენიუ ტრადიციული ტკბილეულია, რომელსაც 2021 წლიდან მის შვილობილ
ბრენდ − „სანქუქი ლილისისგან“ დაემატა. „სანქუქიმ“ არსებული ნიშის გაფართოებისა და სადისტრიბუციო არხების ზრდის შესაძლებლობა მოგვცა. ასევე, შევძელით მომხმარებლისათვის საბავშვო, საფურშეტე და კორპორაციული ტკბილეულის ფართო, მრავალკომპონენტიანი ასორტიმენტის შეთავაზება, ხოლო სულ რაღაც 1 თვის წინ დავიმატეთ სხვადასხვა გულსართის ცომეული და პატარა კაფეტერია − „სა-უზმო ნიბლე ლილისისგან“, სადაც მომხმარებელს 15-ზე მეტი სახეობის ერბოკვერცხსა და საუზმეს ვთავაზობთ.
გვიამბეთ ტკბილეულის დამზადების ტექნოლოგიისა და სირთულის შესახებ.
(ქეთევანი): 2021 წლიდან „ლილისიმ“ HACCP-ის ლიცენზია მოიპოვა, რაც ჩვენი კომპანიის მაღალი ხარისხის სამეწარმეო კულტურაზე მეტყველებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებლის მიერ ჩვენი პროდუქტის სანდოდ მიჩნევაში. რაც შეეხება სირთულეს − ძალიან ბევრია. ფაქტობრივად, ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ, თუნდაც შეცდომებზე. ეს საქმე ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელთანაც ყოველდღიურ დიალოგში ვართ.
რა გზით ცდილობთ მომხმარებელს თავი დაამახსოვროთ?
(ლიკა): მომხმარებლისგან მიღებული გამოცდილება და უკუკავშირი ყოველდღიურად გვავითარებს. ვფიქრობ, ჩვენი დამოკიდებულებით და გამჭვირვალობით. თითქოსდა გაცვეთილი ნათქვამია, თუმცა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ტკბილეული მთელი გულით და დიდი სიყვარულით მზადდება. მგონია, რომ ამას მომხმარებელი გრძნობს და აფასებს.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენდამი მომხმარებლის ერთგულება?
(მერი): მუდმივად ვიკვლევთ მომხმარებლის საჭიროებებს და ვქმნით მათ მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქციას. ვემსახურებით პატივისცემით და ვამყარებთ მათთან გრძელვადიან ურთიერთობებს.
ნდობა, ალბათ, უპირველესია, ხოლო ნდობის მოსაპოვებლად მუდმივად ვზრუნავთ ხარისხზე. ტკბილეულთან ერთად, დავამატეთ აქსესუარები და ცომეული დაბადების დღისთვის. შესაბამისად, დღეს „ლილისი“-ში მომხმარებელს ყველაფერი ერთ სივრცეში შეუძლია შეიძინოს.
რას აკეთებთ ხარისხის შესანარჩუნებლად?
(ქეთევანი): ჩვენ ნატურალურ და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვიყენებთ. ჩვენი მიზანია სამომხმარებლო ბაზარზე, გრძელვადიან პერსპექტივაში შევქმნათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ისეთი ბრენდი, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული ქართული ტკბილეული, ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ბავშვობის გემოები ენატრება. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტები ხარისხთან მიმართებაში უცვლელია.
გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ. ქსელის გაფართოებას აპირებთ?
(ლიკა): უახლოეს მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მომართულია გუნდის გაძლიერებისკენ და ერთობლივი წარმატებისკენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმატებას აუცილებლად ვაზიარებთ, როგორც შიდა, ასევე CSR-პროგრამაში აქტიური ჩართულობით. წელიწადში სულ მცირე ორჯერ, ვცდილობთ ჩვენი მცირედი შენატანით დავეხმაროთ ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალებს. „ვარდისფერ ოქტომბერსაც“, ჩვენი მომხმარებლების სახელით, აუცილებლად პატარა კამპანიის სახით ვაკეთებთ. გვაქვს ამბიციური გეგმები, თუმცა ამას დროებით სიურპრიზად შევინახავთ. მანამდე კი, „ლილისი“-ში მუდამ გელით „ტკბილეული მთელი გულით“.
ბოლოს, მინდა დავამატო: მიუხედავად ბევრი გათენებული ღამისა და უამრავი გამოწვევისა, ბედნიერებაა, როცა ემსახურები და ავითარებ იმას, რაც გსიამოვნებს და გიყვარს. დღეს მე ბედნიერი ვარ… ყველა იმსახურებს საკუთარ წილ ბედნიერებას და მინდა ყველას მოვუწოდო − მიჰყევით თქვენს ოცნებას და სიყვარულით გაკეთებული ნებისმიერი საქმე გამოგივათ.
web: https://www.facebook.com/lilisi.ge/
Email: [email protected]
ტელ: 598 90 79 07
მის: ა.პოლიტკოვსკაიას ქ. #3
ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი
ფოტო: ალექსეი სეროვი