გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ სამ ახალგაზრდას ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებიდან, რომლებსაც სჯერათ გენდერული თანასწორობის, სურთ მოახდინონ ცვლილებები თავიანთ თემში და ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს, ექნებათ ხელმისაწვდომობა ყველა იმ ინფორმაციასა თუ სერვისზე, რაც მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების, ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
სამივე მათგანი თავისი თემისა და რეგიონის აქტიური ახალგაზრდაა. ისინი თანატოლებს უზიარებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, აძლევენ მათ მაგალითს, თუ როგორ დაამსხვრიონ მითები ღრმად ფესვგადგმული სოციალური ნორმების შესახებ, უმაღლებენ მოტივაციას საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად, და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, გზას უხსნიან გოგონებისა და ბიჭების წინსვლისთვის განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს.
სამცხე-ჯავახეთი – ნინო ტყემალაძე, 17 წლის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი სმადა
ახალგაზრდებს სოფელში ნაკლები განვითარების საშუალება გვაქვს ნებისმიერი კუთხით. განათლების მიღების ერთადერთი გზა სკოლაა, დანარჩენი არავითარი წრე არ არის, მათ შორის არაფორმალურიც. ვისაც მეტად უნდა სწავლა და არ ყოფნის საგაკვეთილო პროცესი, მათთვის უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები, რათა უფრო მეტად განვითარდნენ. ვისურვებდი, ახალგაზრდებს გვქონდეს სოფლებში არაფორმალური სივრცე, სადაც თავს მოვიყრიდით და სხვადასხვა თემას განვიხილავდით, გამოცდილებას გავუზიარებდით ერთმანეთს. ახალგაზრდებს ვურჩევ, თვითონვე არ მოიქციონ თავი და საკუთარი ცხოვრება ჩარჩოებში, გამოვიდნენ თავიანთი კომფორტის ზონიდან, საკუთარი ნაჭუჭიდან და რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დააგროვონ. თუ მოვინდომებთ, ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად შეგვიძლია ნებისმიერი საქმის გაკეთება. ჩემი აზრით, პრიორიტეტი რომელიღაც საქმეში მამაკაცი არ უნდა იყოს.
გენდერული თანასწორობა ჩემთვის არის ქალისა და მამაკაცის უფლებრივი თანასწორობა, როდესაც არ არსებობს ზღვარი, ჩარჩო, რომ ქალმა უნდა გააკეთოს ეს, ან მამაკაცმა უნდა გააკეთოს ის − იქნება ეს ფიზიკური სამუშაო თუ საოჯახო საქმეები. მინდა გავხდე ექიმი, რადგან საქართველოს სჭირდება მედიცინის კარგი მუშაკები. თბილისში ვაპირებ გამოცდების ჩაბარებას, მაგრამ ბოლოს მაინც დავუბრუნდები ჩემს მხარეს, თუმცა ჩემი ჰობია ფეხბურთი. ზაფხულში თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ ფეხბურთს. თავიდან მოყვარულის დონეზე ვთამაშობდით ხოლმე სკოლები. რაც გასულ წელს ადიგენის გოგონათა ნაკრების გუნდი შეიკრა, მიმიწვიეს და იქ ვთამაშობ. გოგონებისა და ბიჭების საფეხბურთო ტურნირები ერთად არ ტარდება. მხოლოდ ახალგაზრდულ შეხვედრებზე ვეთამაშებით ერთმანეთს. ერთხელ, სკოლის თამაშზე ბიჭების გუნდები ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ისე მოხდა, რომ ჩვენი ფეხბურთის გუნდის მეკარე ვერ მოვიდა, მასწავლებელმა მე შემიშვა და მომიწია ბიჭებთან ერთად თამაში. თავიდან ალმაცერად მიყურებდნენ, მაგრამ ბოლოს მაყურებლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ჩემით და მასწავლებელიც გაოცებული იყო ჩემი მეკარეობით.
ქვემო ქართლი – აქბარ მახმუტოღლი, 15 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი
ვარ ჩემი სკოლის აქტიური მოსწავლე, ვმონაწილეობ პროექტებში, რათა საკუთარ თემში, ჩემს საზოგადოებაში რაღაცები შევცვალო. ვიბრძვი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რათა ყველანი ვიყოთ თანასწორნი, რადგან ყველანი თანასწორნი ვიბადებით. გენდერული თანასწორობა მამაკაცისა და ქალის თანასწორობაა. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ხედავენ პრობლემას და ჩუმდებიან, არაფერს აკეთებენ ამის საწინააღმდეგოდ. სკოლებში ხდებოდა ისე, რომ მასწავლებლები, სანამ მე და სხვები ჩავატარებდით აქტივობებსა და პროექტებს, არჩევდნენ გოგოსა და ბიჭს და სხვადასხვანაირად ექცეოდნენ მათ. მაგალითად, ბიჭებს მათემატიკის უფრო რთულ მაგალითს აძლევდნენ, ხოლო გოგონებს − უფრო მარტივს, რომ ვითომ გოგონებს არ შეუძლიათ ამის ამოხსნა. გენდერული სახის დისკრიმინაცია მხოლოდ სკოლებში არ ხდება. ვფიქრობ, შემთხვევები ახლაც არის, მაგრამ წინანდელთან შედარებით შემცირებულია. ეს, ცხადია, მხოლოდ ჩემი აქტიურობით არ ხდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი თაობა უფრო ცვლის ამ ყველაფერს. რაღაცის შეცვლა მაშინ არ უნდა დავიწყოთ, როდესაც ჩვენ შეგვეხება ეს პრობლემა.
ჩვენ პრობლემის გარკვევა და გადაჭრა უნდა დავიწყოთ სხვის მაგალითზე. ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს თავზე კი არა, სხვებზეც რომ ვიფიქროთ, უკეთესი იქნება ჩვენი მომავლისთვის. ხშირად ტელევიზორში ვუსმენ ახალ ამბებს, რათა ვიცოდე რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, ასეთ რაღაცებში ჩართულობა ბავშვობიდან უნდა იწყებოდეს. სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულზე მინდა გამოცდები ჩავაბარო უნივერსიტეტში. მსურს თავადაც შევქმნა ახალი პროექტები, იმიტომ, რომ ამ ყველაფერში იბადება პრობლემის გადაჭრის ახალი გზები.
ჩემს თანატოლებს ვურჩევ, იყვნენ აქტიურები, არ გაჩუმდნენ, როდესაც პრობლემებს ხედავენ, მუდმივად იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში. როდესაც გსურს რაღაცის კეთება, ბავშვობიდან უნდა დაიწყო. თუ ძალიან გინდა, თავისუფლად გააკეთებ. ვოცნებობ, მომავალში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი იყოს. თავისუფლება მიყვარს და მინდა მეც და ჩემი საზოგადოებაც თავისუფალი ვიყოთ. დედამიწაზე ერთხელ მოვდივართ და უნდა ვიცხოვროთ თავისუფლად.
იმერეთი – სალომე ტორაძე, 18 წლის, ქუთაისი
დღესდღეობით საზოგადოებაში არსებობს ბევრი პრობლემა, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია და მნიშვნელოვანია მომავალი იყოს უფრო ნათელი და უკეთ გაკვლეული ახალი თაობისთვის. თუ თითოეული ადამიანი საკუთარ მაქსიმუმს გააკეთებს, ვფიქრობ, შედეგი აუცილებლად დადგება.
გამოცდებს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვაბარებ, ქუთაისში. თუმცა, მინდა უცხოეთში გავაგრძელო სწავლა. გამოცდებს სამართალზე ვაბარებ, ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ეს სფერო − საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში ერკვევი, იცი, როგორ უნდა მოიქცე ქვეყანაში და შემდეგ სხვასაც ასწავლი ამას. ჩვენ, ახალგაზრდა თაობა, ვართ თავისუფლები და გვაქვს მეტი შესაძლებლობა. გვინდა ვიპოვოთ საკუთარი თავი ამ ცხოვრებაში, ჩვენი უფლებები იყოს დაცული, უპირველესად, ჩვენს ქვეყანაში და შეგვეძლოს საკუთარი თავის თვითრეალიზება. როდესაც არ შეგიძლია თვითრეალიზება, ვერ იქნები თავისუფალი. ამას, უპირველეს ყოვლისა, გაცნობიერება და განათლება სჭირდება, იმიტომ, რომ განათლების გარეშე თავისუფლება არ მოდის.
ცვლილებები ახალგაზრდებიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ, რომ უფროს თაობას უკვე ჩამოყალიბებული აქვს აზრი და ვერ შევცვლით, თუმცა შეგვიძლია გარკვეული ინფორმაცია გავუშვათ და მოვუწოდოთ იმისკენ, რომ გენდერული უთანასწორობა აღმოვფხვრათ, მაგრამ მაინც, ასე თუ ისე, ქვეცნობიერში ჩარჩენილი აქვთ ძველი ქმედებები. ამიტომაც, უფრო მეტად ახალგაზრდებთან უნდა ვიმუშაოთ. ახალგაზრდებს ვურჩევდი, გამოვიდნენ სახლებიდან, უპირველესად იმიტომ, რომ ბუნებასთან კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვურჩევდი, დაკავდნენ სპორტული აქტივობით, რადგან ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ენერგია გააღვიძო საკუთარ თავში, დეპრესიულ ფიქრებს არ აჰყვე, რაც ძალიან გავრცელებულია ახლა, ბევრს აქვს პანიკური შეტევებიც, ჩემს მეგობრებსაც ჰქონიათ. შინ ჩაკეტვამ იცის ეს ყველაფერი. „კოვიდის“ შემდეგაც და ისედაც, არ გვაქვს ჩვენ კონტაქტი გარემოსთან, ძირითადად, ვცდილობთ კომპიუტერით გავაკეთოთ ყველაფერი, შინიდან, ოღონდ გარეთ არ გავყოთ თავი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შინ მშვიდად ვისხდეთ.
გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (ქვემო ქართლი), „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი).
ანანო მოქია, 20 წლის, ლანჩხუთი, გურიის რეგიონი
სოფელში დავასრულე სკოლა და როცა უკვე გადავედი თბილისში და გავხდი სტუდენტი, მივხვდი, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო ჩვენ შორის − ახალგაზრდებს შორის. ჩვენთან ახალგაზრდებს ბევრი კომპლექსი აქვთ, თუნდაც პრეზენტაციის, კომუნიკაციის უნარების… ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით, რაც შეიძლება, სკოლიდან მოყოლებული, ბავშვმა ეტაპობრივად გაიაროს, რათა ჩამოყალიბდეს.
მივხვდი, რომ მეც ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა და საკუთარ თავს ვასწავლე, როგორ გავმკლავებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ახალგაზრდებს იმაზე დროის ხარჯვა არ მოუწევთ, რაც გარემომ უნდა ასწავლოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან ხელშეწყობა: სკოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოსი, თავისთავად. ხშირად ვამბობ, რომ თუ ჩვენამდე არ მოდის პრობლემა, ვერ ვიაზრებთ მას. თუნდაც ძალადობის შემთხვევებში, თუ ერთ-ერთი ჩვენგანი ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდა, ვერ მიხვდება, რომ მსხვერპლია. როცა უკვე იწყებ სხვისი ცუდისა და კარგის გააზრებას, მიხვდები, რომ ის არის მსხვერპლი და უნდა დაიწყო ცვლილებები, მაშინ უკვე იაზრებ ამ თემის მნიშვნელობას და აქტუალურობას.
სანამ ჩვენამდე არ მოვა პრობლემა, გვგონია, რომ არც არსებობს. ყველამ უნდა ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რომ წვლილი შევიტანოთ საკუთარი საზოგადოების წევრის, მეგობრის, უმცროსი ან უფროსი ადამიანის განვითარებაში. შესაძლოა ბიძგი არ მისცე და არ დაეხმარო, მაგრამ ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. ახალგაზრდებს ვურჩევ, უპირველესად საკუთარ თავში იპოვონ ძალა და არ ეძებონ ეს სხვა ადამიანებსა და გარემოში. საკუთარ თავს უნდა მისცე იმის მოტივაცია, რომ რაც გინდა და რისი მიზანიც გაქვს, მუდმივად ისწრაფოდე მისკენ. მეც საკუთარ თავს ყოველდღე ამას ვუმეორებ: თუ გინდა გახდე შენი საქმის პროფესიონალი, ამისთვის ძალიან რთული გზა უნდა გაიარო. მინდა ვიყო ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს სხვების დახმარებას, იქნება საკუთარი საქმის პროფესიონალი.
გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (ქვემო ქართლი), „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი).
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით პროექტის მონაწილეებს და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ევროკავშირის შეხედულებებს.
ფოტოები: დინა ოგანოვა/UNFPA