4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, უელსის პრინცესამ განცხადება გაავრცელა.
ემოციურ ვიდეომიმართვაში ქეით მიდლტონმა ონკოლოგიურ დაავადებასთან მებრძოლ ადამიანებს მხარი დაუჭირა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. ვიდეოჩანაწერს თან ახლდა გასული წლის იანვარში მარსდენის საავადმყოფოში ქეითის ვიზიტის კადრები. შინდისფერ კაბაში გამოწყობილი უელსის პრინცეს აპაციენტებს და მათ ახლობლებს ესაუბრება.

„ჩემი ფიქრები მათთანაა, ვისაც კიბო დაუდგინეს, ვინც მკურნალობს ან დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ონკოლოგიური დაავადება უამრავი ადამიანის ცხოვრებას ეხება. არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ მათ ოჯახებს, მეგობრებსა და მომვლელებსაც“, – აღნიშნა ქეითმა.

პრინცესამ აღიარა, რომ დაავადებასთან ბრძოლა რთული და საშიში იყო და ბედნიერებაა, როდესაც ამ დროს გვერდით გყავს ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ და ბრძოლისთვის შთაგაგონებენ.
„ყველამ, ვინც ეს გზა გაიარა, იცის, რომ არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები, მაგრამ ასევე არის ძალის, სიკეთისა და ღრმა კავშირის მომენტები. დღევანდელი დღე შეხსენებაა ზრუნვის, გაგებისა და იმედის მნიშვნელობის შესახებ. გთხოვთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ“, – ციტირებს Daily Mail ქეით მიდლტონის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარში კენსინგტონის სასახლემ გამოაცხადა, რომ ქეით მიდლტონს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრინცესას ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა და ქიმიოთერაპია დაიწყო. მარტში საზოგადოებამ ქეით მიდლტონის ვიდეომიმართვა იხილა, სადაც პრინცესამ აღნიშნა, რომ მკურნალობის პროცესში იმყოფება და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

2024 წლის ზაფხულში ქეითი საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა და უიმბლდონზე გამოჩნდა. პრინცესას ხალხი დიდი სიხარულითა და ოვაციებით შეეგება. 2025 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დაავადება რემისიის ფაზაში გადავიდა. 2025 წლის გაზაფხულიდან ქეით მიდლტონი თანდათან საჯარო ცხოვრებას დაუბრუნდა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა












