ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებლებისა და ტელეწამყვანების – მარი კორინთელისა და ირაკლი ბაკურიძის არაჩვეულებრივ წყვილს. მარის და ირაკლის სიყვარულის ისტორია უკვე 14 წელს, ორ არაჩვეულებრივ შვილს, რამდენიმე ერთობლივ საქმიან პროექტსა და ბევრ სავსე ემოციას ითვლის. როგორ დაიწყო ირაკლისა და მარის სიყვარულის ამბავი, როგორი პარტნიორები არიან მეუღლეები და რა არის მათთვის ხანგრძლივი, ჰარმონიული ურთიერთობის მთავარი გასაღები – წაიკითხეთ მათთან ინტერვიუში.
ირაკლი, მარი, რამდენ წელს ითვლის თქვენი სიყვარულის ისტორია?
(ირაკლი): ჯამში 14 წელს, ოჯახი – 12-ს. 2010 წლის ნოემბერს გავიცანი მარი.
ვისი ინიციატივით დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
(მარი): ინიციატივას რაც შეეხება, ირაკლის ვერსიით, ჩემგან იყო ინიცირებული, მაგრამ მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.
(ირაკლი): ერთმანეთი გავიცანით „რა, სად, როდის“ თამაშის დროს. მარი გავიცანი თუ არა, ძალიან მომეწონა. ერთი საათი გავატარეთ ერთად და მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მერე უკვე მარიმ გადმოდგა ნაბიჯები.
(მარი): მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ფიქრობდა, რომ ურთიერთობის ინიციატივა აუცილებლად მამაკაცს უნდა გამოეჩინა. საბედნიეროდ, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, მაგრამ 23 წლის ასაკში მყარად ვიდექი ამ აზრზე და ნამდვილად არ გავრისკავდი ინიციატივას. თუმცა ერთ რამეში ორივე ვთანხმდებით: ერთმანეთის გაცნობის მომენტიდან ორივე მივხვდით, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი იწყებოდა. ჩემთვის ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ ბიჭთან დიდი და სერიოზული ამბავი მინდოდა. რატომ და რანაირად მოხდა ეს, ახლაც არ ვიცი, ეს შეგრძნება ჩემგან დამოუკიდებლად მოვიდა.
რა არის ჰარმონიული, გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის ბაზისი? როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი გასაღები?
(მარი): არ ვიცი, ვინ როგორ აღიქვამს ჰარმონიას. სტანდარტულად თუ შევხედავთ, ჩვენ ბევრსაც ვკამათობთ, ხშირად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და პირდაპირ ვეუბნებით ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებს. ვერ ვიტყვი, რომ არასდროს გვიჩხუბია და ხმისთვის არასდროს აგვიწევია. თუმცა ერთი რამაა, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი, მე ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ირაკლი მიყვარს. ძალიან გაბრაზებულიც ვყოფილვარ, მაგრამ იოტისოდენა ეჭვიც არ გამჩენია ჩემს გრძნობაში. სულ ვიცი, რომ ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. გამოდის, რომ პასუხი მარტივია – სიყვარულია ყველაფრის საფუძველი. მეორე ფაქტორად დავასახელებ საერთო ინტერესების არსებობას, რომელმაც გაახანგრძლივა და ჩვენ შორის სიყვარული მუდმივი გახადა. არასდროს გველევა სალაპარაკო, საერთო ინტერესები. ალბათ, ეს თანაკვეთის წერტილებიც არის მყარი ურთიერთობის საყრდენი.
(ირაკლი): ურთიერთობა მუდმივად იკვებება იმით, რომ ერთმანეთის პირად სივრცეს, ინტერესებსა და სურვილებს პატივს ვცემთ. არ დამდგარა ჩემთვის ისეთი მომენტი, როცა ეს ურთიერთობა შეიძლებოდა უინტერესო ან ერთფეროვანი გამხდარიყო. ბევრი საერთო და, ამავდროულად, ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესი გვაქვს და, შესაბამისად, სულ აღმოჩენებში ვართ.
თქვენ, გარდა იმისა, რომ ხართ ოჯახი, შეყვარებულები, ასევე ხართ საქმიანი პარტნიორები. ცოლ-ქმრის პარტნიორობაში სირთულე მეტია თუ კომფორტი?
(მარი): ორივე. კომფორტია მაქსიმალური ნდობა ერთმანეთის მიმართ. ბევრად უკეთ გვესმის ერთმანეთის გადაწყვეტილებები. ვიცი, რომ მუშაობის დროს არა თავის, არამედ ჩვენს საერთო ინტერესს ვემსახურებით. მაგრამ ამასთანავე, არის სირთულეებიც. ხშირად საქმე პირად ცხოვრებაში იჭრება. კიდევ ასეთი მომენტია: საყვარელი ადამიანისგან მითითება შეიძლება უფრო საწყენი იყოს, ვიდრე სხვა ადამიანისგან, რადგან შეიძლება პირადად მიიღო და არა საქმიან ჭრილში. მარტივი არ არის ცოლ-ქმარს შორის პარტნიორობა.
(ირაკლი): თუ წყვილი ორივესთვის საყვარელ საქმეს აკეთებს, პარტნიორობა ყველა შემთხვევაში გამართლებულია. როცა ორივეს თანაბრად უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებენ, ყველაფერი კარგად გამოდის. აი, უკვე ამდენი წლის თავზე ვთანხმდებით, რომ ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ და ვხვდები, ერთად რომ გავაკეთეთ, კიდევ უფრო კარგი გამოვიდა. ამით ამაყები ვართ და ჩვენს საქმეში ერთმანეთს ვავსებთ.
რომელია ის თვისებები, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ ერთმანეთში?
(მარი): ირაკლიში ყველაზე მეტად მიყვარს მისი საოცარი თანადგომის, თავგანწირვის უნარი. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩემი წინსვლისთვის, ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაიღოს და საკუთარ კომფორტზეც თქვას უარი. თუ იცის, რომ რთულ პროცესში ვარ, შეუძლია ყველაფერი გაააკეთოს, რომ მე ამ პროცესში სრულად ჩავერთო, მე მომაშორებს და თავად გადაიბარებს ყველანაირ საყოფაცხოვრებო, ყოფით საზრუნავებსა და მოვალეობებს. ძალიან ვაფასებ მის ამ თვისებას. ეს თანადგომა შეუფასებელია ჩემთვის. საკმაოდ ადრე, დილის 6 სთ-ზე ვდგები, ეს ირაკლისთვის არ არის ბუნებრივი რეჟიმი, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემზე გემრიელ ყავას ამზადებს, 6 საათზე თვითონაც დგება ჩემთან ერთად და მის მომზადებულ დილის ყავას ერთად ვსვამთ. ჩემთვის ეს თანადგომაც არის და უდიდესი კომფორტიც.
(ირაკლი): მარი არის ძალიან სანდო ადამიანი. არაფრის გამო არ იტყვის ტყუილს, სიმართლით ცხოვრობს. ძალიან პირდაპირია. მე არ ვარ ასეთი, უფრო დიპლომატიურად ვცდილობ ხოლმე საკითხების გადაჭრას. მარი ძალიან პატიოსანი ადამიანია და ჩემთვის ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია. ბავშვებთან ურთიერთობაშიც პირდაპირია. პატარაობისას, როცა ჭირვეულობდნენ, მე ვცდილობდი ნებისმიერი, მიხვეულ-მოხვეული გზით და საშუალებით მემოქმედა, ოღონდ დამეწყნარებინა, მარი კი პირდაპირ ეუბნებოდა: ეს ასე არ მოხდება. ქართლელია, პირდაპირ ეტყვის, გზას მოუჭრის და ცრუიმედებს არ მისცემს. მე დასავლელი, უფრო რბილხასიათიანი ვარ.
ეჭვიანი ხართ?
(ირაკლი): აი, ხომ ვთქვი კიდეც, იმდენად პატიოსანი და სიმართლის მოყვარე ადამიანია, უბრალოდ, ვერაფრით ვიეჭვიანებ. ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ ეჭვი არასდროს მიჩნდება და ადვილად მიმნდობი ადამიანი ვარ, მაგრამ უშუალოდ მარის მიმართ ნამდვილად არ მაქვს ეს განცდა.
(მარი): თანაცხოვრების დასაწყისში ძალიან ეჭვიანი ვიყავი, რაშიც ირაკლის მაშინდელი იმიჯი ხელს მიწყობდა. შემდეგ გადამიარა, დრო გავიდა, ცხოვრებამ ყველაფერი დაალაგა და ასეთ თემებზე აღარ ვფიქრობ.
კამათის შემდეგ ვინ დგამს შესარიგებლად პირველ ნაბიჯს?
(ირაკლი): ცალსახად მე!
(მარი): ყოველთვის მე ვარ, ვინც პირველ ნაბიჯს დგამს!
(ირაკლი): უკან დახევა მარის სტილი არაა. სულ რომ ბოდიშით დავამთავრო, ბოლო სიტყვა აუცილებლად მან უნდა თქვას.
(მარი): სამაგიეროდ მე წყენა ძალიან მალე გამდის, ხოლო ირაკლის დიდხანს ამახსოვრდება. როცა მინდება, რომ ყველაფერი დავივიწყოთ და ჩვეულ რეჟიმში გადავიდეთ, ირაკლი ჯერ კიდევ ნაწყენ პოზაში რჩება. ამიტომ მე ვდგამ პირველ ნაბიჯს, რომ ჩვეულ რელსებს დავუბრუნდეთ.
თქვენი რაიმე ტრადიცია, რიტუალი თუ გაქვთ?
(ირაკლი): სულ ორიენტირებული ვართ, სადმე გავიდეთ და ყოველდღიურობას გავერიდოთ, მხოლოდ ჩვენ ორნი. ძალიან გვიყვარს მარტოს მოგზაურობა.
(მარი): არიან წყვილები, რომლებიც სულ ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ. ეს ჩვენც, რა თქმა უნდა, გიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო მოგვწონს, მხოლოდ ჩვენ ორნი რომ გავიპარებით სადმე.
(ირაკლი): ძალიან გვჭირდება რამდენიმე თვეში ერთხელ 3-4 დღით განცალკევებით სადმე, თუნდაც საქართველოს ფარგლებში წასვლა და განტვირთვა, დასვენება, ერთმანეთისთვის დროის დათმობა. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარს ბავშვებთან დროის გატარება, ვცდილობთ, მეგობრული ოჯახი ვიყოთ და სრულფასოვნად ჩავერთოთ ჩვენი შვილების ცხოვრების თითოელ ეტაპში.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ერეკლე სიგუა