პანდემია − მსოფლიო გამოწვევა, რომლის სტატისტიკის უკან უამრავი ადამიანის ისტორიაა. სწორი დიაგნოსტიკა და პროფესიონალები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. OK! წარმოგიდგენთ „მედ დიაგნოსტიკას“ − მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მსოფლიოში წარმატებული ქართველი მეცნიერებით დაკომპლექტებულ მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიას.
მაშინ, როცა მომატებულ „კოვიდ“-სტატისტიკას და გადავსებულ საავადმყოფოებს ვუყურებთ, იშვიათად ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ღამეებს ათენებენ, საკუთარ შვილებს ვერ ხედავენ და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იბრძვიან – ებრძვიან სიკვდილს. სწორი მკურნალობისთვის სწორი დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია. ბოლო წლის განმავლობაში არაერთხელ დაგვჭირვებია სწრაფი, ან PCR-ტესტის აღება. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნიმუში მისი აღებიდან ლაბორატორიაში მიტანამდე უნდა იცავდეს ე.წ. ცივი ჯაჭვის პრინციპს. მხოლოდ ყველა ეტაპის ზედმიწევნით დაცვით სწორი და უტყუარი პასუხის მიიღება. გადავწყვიტეთ, თქვენთვის კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა „მედ დიაგნოსტიკა“ – ლაბორატორია, რომელიც პანდემიის დაწყების პირველსავე დღიდან მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებს საკუთარ საქმეს, და ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ. OK! გაესაუბრა „მედ დიაგნოსტიკაში“ მომუშავე ქართველ ექიმებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ უხილავ მტერთან ბრძოლის პროცესში.
ელენე აბზიანიძე, ეპიდემიოლოგი
როგორია პანდემიის დროს მუშაობა? ხომ არ დაიღალეთ?
დავიღალე, კი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა. პანდემიის დროს მუშაობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ძალიან ხშირად გამითენებია ღამე სამსახურში ისე, რომ მეორე დღესაც შეუსვენებლად ვმუშაობდი.
როგორია ეპიდემიოლოგის ცხოვრება? არ გეშინიათ, რომ ოჯახში ვირუსის გავრცელების წყარო შესაძლოა თქვენ იყოთ?
საკმაოდ რთული სიტუაციაა ამ მხრივ. პანდემია რომ დაიწყო, დიდი წინააღმდეგობის წინაშე დავდექი ოჯახის მხრიდან. შინ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ფიქრობდა, რომ ამ დროს უნდა მემუშავა. შესაბამისად, ვცხოვრობდი მარტო, მათგან იზოლირებულად. მიუხედავად იმისა, რომ გაიდლაინით დადგენილ უსაფრთხოების ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავდი და ვიცავ, რაც ინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, იზოლაცია მაინც საჭირო იყო. მაშინ ცოდნაც ნაკლები იყო აღნიშნულ ვირუსზე.
როგორი იყო პირველი ემოცია, როდესაც „კოვიდის“ შესახებ შეიტყვეთ?
ძალიან ცუდი გრძნობა დამეუფლა, როდესაც გავიაზრე, რომ პანდემია იწყებოდა. ასეთ რთულ ვითარებაში ვიყავით და არ გვქონდა საკმარისი ინფორმაცია ამ ვირუსის შესახებ. ამდენად, ჩვენ ვებრძოდით ისეთ უხილავ მტერს, რომლის შესახებ ჯერ არაფერი იყო ჩვენთვის ცნობილი. ყოველივე ეს ძალიან რთული და მძიმე გახლდათ, თუმცა მე არ ვგრძნობდი შიშს, რადგან სრულიად გაცნობიერებული ვიყავი ჩემს საქმიანობასა და მოვალეობაში. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და უზომოდ დიდი ბედნიერება მეუფლება თითოეული გადარჩენილი სიცოცხლის საპირწონედ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი ადამიანის იმედი ვარ, დიდი სტიმული მენიჭება.
რას ეტყოდით თქვენს პაციენტებს?
ვეტყოდი, რომ ერთად უნდა დავდგეთ და უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ქვეყანა გადავარჩინოთ. თუ სულ მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. გთხოვთ, ეს გამოვიყენოთ და ერთად ვიბრძოლოთ. თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც უზომოდ დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში. აიცერით – ვაქცინა გვიცავს!
გიორგი ჩილინგარაშვილი, ეპიდემიოლოგი
დაიღალეთ?
ფსიქოლოგიურად დამღლელი იყო… ასევე, 5 თვე შინ არ მივსულვარ, საკარანტინო სივრცეში ვათენებდი და ვაღამებდი, ვინაიდან ხანშიშესული მშობლები, პატარა ძმა მყავს და მეშინოდა, ვირუსი არ მიმეტანა მათთვის.
პანდემიის დაწყებისთანავე, ჩართული ვიყავი საკარანტინო სივრცეებსა და „კოვიდ“-სასტუმროებში მუშაობის პროცესში. ჩემი კარიერული განვითარება დროებით შევაჩერე, რადგან საკმაოდ რთული სიტუაცია იყო და არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა შემდეგი დღე. კიდევ ერთი გამოწვევა იყო ის, რომ პაციენტების ინფორმირება სწორად მოგვეხდინა და დაგვეცვა ყოველგვარი რეგულაცია.
რას ურჩევდით ადამიანებს?
ყველას ვურჩევდი, აიცრან, რადგან ვაქცინა გვიცავს.
მერაბ კალანდაძე, ეპიდემიოლოგი
დაიღალეთ?
რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ადამიანებს ვეხმარებით.
რთულია პირველ ხაზზე ბრძოლა?
რასაკვირველია. მყავს ოთხი შვილი და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მეც დავინფიცირდე, რის თავიდან ასაცილებლად ყველა რეგულაციას ვიცავ. ყველას მოვუწოდებ იმავეს და ვურჩევ, აიცრან, რადგან თითოეული ვაქცინა მუშაობს.
ჩემი შვილების გადმოსახედიდან ძალიან რთულია, ვერ ხედავდნენ მამას ხშირად, თუმცა როდესაც გაიზრდებიან, მიხვდებიან, რომ ჩვენ, ექიმები, თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა მათ ჰქონდეთ კეთილი მომავალი და იყვნენ ჯანმრთელები. შესაბამისად, რაც პანდემია დაიწყო, მას შემდეგ ვცდილობთ ვიყოთ ხალხის გვერდით.
დავით მარგიშვილი, ექიმი
გაიხსენეთ, როგორ დაიწყო პანდემია.
„კოვიდი“ საქართველოში ნელ-ნელა შემოვიდა, თუმცა მივხვდი, რომ წინ დიდი ბრძოლა გველოდა და მივიღე გადაწყვეტილება, ბოლომდე ჩავრთულიყავი ამ პროცესში, რაც, ვფიქრობ, გამომდის კიდეც.
რთულია, იყოთ ეპიდემიოლოგი ამ სიტუაციაში?
სანამ უშუალოდ მექნებოდა შეხება ამ საკითხთან, ვფიქრობდი, რომ არ იყო რთული. თუმცა ნამდვილად რთული აღმოჩნდა არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. რადგან მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ფსიქოლოგიურად მძიმე უამრავი საკითხის ზღვარზე სიარული. ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება, რომელსაც მკურნალობასთან ერთად, გვერდით დგომა სჭირდება.
დაიღალეთ?
სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე და მეგონა კიდეც, რომ ამაზე რთული აღარაფერი იქნებოდა, რადგან ეს იყო უამრავი უძილო ღამე და დღე, როდესაც ოჯახის წევრებს ვერ ვხედავდი, რის გამო გადავედი მენეჯმენტის სფეროში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ისეთი რთული არ ყოფილა, როგორიც შემდგომ, და მიფიქრია კიდეც, რომ დამენებებინა თავი ამ საქმისთვის, თუმცა ჩემი კოლეგები მაძლევდნენ იმედსა და სტიმულს, რამაც აქამდე მომიყვანა.
ქეთევან მექვაბიძე, ეპიდემიოლოგი
დაიღალეთ?
ცოტა, რა თქმა უნდა, დავიღალეთ, განსაკუთრებით ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში, მაგრამ გუნდური მუშაობით ყველაფერი შევძელით.
თქვენს საქმიანობაში ყველაზე რთული რა არის?
ყველაზე რთული არის ის, რომ ჩვენ გვიწევს ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც პანიკაში არიან. შესაბამისად, არა მარტო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, არამედ მათთან ფსიქოლოგიური კუთხითაც ვმუშაობთ.
გიორგი მექვაბიძე, ეპიდემიოლოგი
დაიღალეთ?
რა თქმა უნდა, დაღლილი ვარ. იყო რთული მომენტები, როდესაც საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, რის გამო ბევრი უძილო ღამე გამოვიარეთ.
პანდემიის დასაწყისში მუშაობისას რას გრძნობდით?
დიდი სურვილი მქონდა, ქვეყანას და ხალხს დავხმარებოდი, რის გამო ჩავერთე უხილავ მტერთან ბრძოლაში, რადგან ვიაზრებდი, რომ ერთ დღესაც შესაძლოა, ეს ვირუსი ჩემს ოჯახსაც შეხებოდა.
ალბათ, თვეები გადიოდა ისე, რომ ჩემს ოჯახის წევრებს ვერ ვხედავდი. ძალიან რთული იყო, თუმცა ღირდა იმ ყველაფრისთვის, რაც გავაკეთეთ.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი