რიდლი სკოტის რეჟისორობით მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმი House of Gucci ეკრანებზე მალე გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს მსოფლიო დონის ვარსკვლავები ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ.
მკვლელობის, სიგიჟის, გლამურისა და სიხარბის სენსაციური ისტორია კრიტიკოსების აზრით ამერიკელი ვარსკვლავის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი იქნება. მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ გადაღებული ფილმის პარალელურად, ადამ დრაივერი მალე მაყურებლის წინაშე კვლავ რიდლი სკოტის ისტორიულ დრამაში The Last Duel-ში შესრულებული როლით წარსდგება.
რამდენიმეწლიანი წარმატებული სამსახიობო კარიერის პარალელურად, ამერიკელი შემსრულებელი საკუთარ ადგილს მოდის ინდუსტრიაშიც იმკვიდრებს. 39 წლის ვარსკვლავი “ბარბერის” სუნამოს Hero-ს სახე გახდა.
ალბათ, ბევრი ადამიანისთვის დღემდე უცნობია ის ფაქტი, რომ ადამ დრაივერი ადრეულ ასაკში საზღვაო სამხედრო ძალების წევრი გახლდათ. მსახიობი ხშირად იხსენებს ჯარში მსახურობის პერიოდს და მუშაობის დროს მიღებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეც ღიად საუბრობს.
“ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ჯარისკაცსა და მსახიობს შორის დიდი განსხვავებაა. ჩემი აზრით, ამ ორ პროფესიას შორის უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. ერთ სამსახურში შენ რაღაცას განასახიერებ, თვალთმაქცობ, რომ ფსონი სიცოცხლე და სიკვდილია, ხოლო მეორე სამსახურში ეს ყველაფერი რეალურია.”
“ჯარში სწავლობ ადამიანის არსს. ამ დროს ხედავ თავგანწირვისა და მორალური გამბედაობის უამრავ მაგალითს. ხშირად, ცხოვრების დარჩენილ მონაკვეთში არ გეძლევა იმის საშუალება, რომ ასე დარწმუნებული იყოს შენს მეგობრებში, როგორც გუნდის წევრებში.”
საზღვაო ქვეითთა კორპუსში ადამ დრაივერმა ბევრი რამ ისწავლა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც მსახიობობის დროსაც გამოიყენა ეს არის ადამინებთან ერთად გუნდური მუშაობა საერთო მისიის შესასრულებლად და მიზნის მისაღწევად. დრაივერის აზრით, იმისთვის, რომ ნებისმიერი საქმე გაკეთდეს ეფექტურად, სხვებთან ერთად მუშაობის სწავლის პარალელურად უნდა გესმოდეს შენი კონკრეტული როლი დავალების შესრულებისას.
“მსახიობობა მაინც ინდივიდუალურ გამოხატულებას ეხება, ჯარისკაცის საქმე კი უფრო კონფორმიზმს. სამხედრო სამსახურში არსებობს სტრუქტურა, იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს ეფექტური და თანმიმდევრული. ამ სისტემის შეცვლა კი ჩვენ არ შეგვიძლია. თუ ჯარისკაცი კარგია თავის საქმეში, ის აუცილებლად გახდება პასუხისმგებელი პირი, მაგრამ ფილმების გადაღებების დროს, როდესაც ხალხი გარკვეულ დონეს აღწევს, მათ შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნილებები სხვებისაზე წინ წამოწიონ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდური მუშაობა გადაღებების დროსაც მიდის, მსახიობობა, როგორც პროფესია, კოლექტიური ძალისხმევისთვის არ არის შექმნილი.”
“გუნდური ძალისხმევა შედეგს უფრო ეფექტურს ხდის. ამ დროს გვერდით გყავს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ უფრო დიდი სურათისთვის. გუნდური მუშაობა შედეგსაც ორმაგად უკეთესს ხდის, თუ პასუხისმგებელმა პირმა იცის რა არის დავალების მიზანი. თუ ადამიანებმა არ იციან რას, რისთვის და როგორ აკეთებენ, მაშინ საქმე ჭიანურდება და უხარისხოდ კეთდება, ეს პროცესი კი ნელნელა დემორალიზაციას ემსგავსება, რაც დროის ფუჭი კარგვაა.”
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში მსახიობობას ადამ დრაივერი არც რეალურ პროფესიად და არც საარსებო წყაროდ არ მიიჩნევდა, გულის სიღრმეში ყოველთვის გრძნობდა, რომ მსახიობობა სურდა.
“რეტროსპექტრული თვალსაზრისით, ყოველთვის მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს პროფესია რეალურ სამსახურად ჩემთვის არასდროს არ ჟღერდა. Juilliard-ის კოლეჯი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც სწავლა მინდოდა, სანამ სამხედრო ძალებს შევუერთდებოდი. განსაკუთრებით მომწონდა ის ფაქტი, რო სკოლა ნიშნებს არ ანიჭებდა უპირატესობას და ყურადღებას ადამიანების შესაძლებლობებზე ამახვილებდა.”
ადრეულ ასაკში ადამ დრაივერი ყველასგან განსხვავებული გარეგნობით გამოირჩეოდა, ასაკის მატებასთან ერთად კი სოციალური მედიის მომხმარებლების აზრით ინტერნეტის სექს სიმბოლოდ იქცა. მსახიობი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი მის თვითშეფასებაზე ზეგავლენას არ ახდენს, რადგან სოციალური ქსელების არც თუ ისე დიდი მომხმარებელია.
მიუხედავად თავად მსახიობის დაბალი ინტერესისა, “ბარბერის” ახალი სუნამოს Hero-ს კამპანიის შემდგომ ადამ დრაივერის პოპულარობა სოციალურ მედიაში კიდევ უფრო გაიზარდა.
თანამედროვე მასკულინობის სურნელი, ახალი მამაკაცური სული და ცხოველთა სამეფოს ძალის გამოხატულება – ტრანსფორმაციისა და მეტამორფოზის ძიებაში მყოფი ახალი, თანამედროვე გმირი კაცი და მითიურ ქმნილებად ქცეული ადამ დრაივერი პერსონალური ტრანსფორმაციის ერთგვარი მეტაფორაა, რომელიც მამაკაცურობის ტრადიციულ სტერეოტიპებს იწვევს და გაძლევთ საშუალებას ტრანსფორმაციის პროცესში აღმოაჩიოთ თქვენი თავი.
„ჩვენი დამფუძნებელი ტომას ბარბერი იყო კაცი, რომელიც ყოველთვის პოულობდა ბალანსს, ის იყენებდა ძლიერ, თუმცა რომანტიკულ ცხენს ბრენდის სიმბოლოს წარმოსადგენად, რომელიც დღესაც არაერთხელ ხდება ჩვენი ინსპირაციის წყარო… ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო ადამ დრაივერთან მუშაობა. მასში არის რაღაც, რაც თანამედროვე მამაკაცურობას წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება ძალა იყოს დახვეწილი და ჰქონდეს ძლიერი ემოციური ფონი. იდუმალებითა და თავგადასავლებით მოყვარული Burberry-ის Hero არის სიძლიერისა და დახვეწილობის, ძალაუფლებისა და თანაგრძნობის, ათლეტოზმისა და შემოქმედების შერწყმა, რასაც ადამ დრაივერის ფენომენი შესანიშნავად გამოხატავს.”- Burberry-ის კრეატიული დირექტორი რიკარდო ტიში.