17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში 95%-იანი დაფინანსებით ისწავლის − შეუძლებელია, ეს ინფორმაცია წაიკითხო და სიამაყის გრძნობით არ აივსო. ანასტასიას უკან საქართველოა, რომელიც ამაყობს მისით და დარწმუნებული ვარ, ანასტასიაც იამაყებს თავისი სამშობლოთი, უცხოელი სტუდენტების გვერდით.
ეს განცდა მაშინ გამიჩნდა, როცა ინტერვიუს ვწერდი მასთან. მან ასეთი რამ მითხრა: „არ სჯერათ, რომ დავბრუნდები, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის მინდოდა, ჩემს ქვეყანას გამოვდგომოდი. ამიტომაც ქმედებით დავამტკიცებ, რომ საქართველო ჩემთვის უპირველესია. ყველა ასე თუ ვიფიქრებთ და პირად მატერიალურ კეთილდღეობასაც დავთმობთ, მგონია, რომ იმ საქართველოს ავაშენებთ, რომელშიც ყველანი ერთად ბედნიერად ვიცხოვრებთ…“ საოცარი გოგოა ანასტასია. მჯერა, რომ მისი სინათლით სავსე თვალები ყველა გარემოს გაანათებს და სანამ სამშობლოში დაბრუნდება, მის ახალ თავგადასავლებში წარმატება ვუსურვოთ. თქვენ კი გთავაზობთ ინტერვიუს: მომავალი თაობა საქართველოდან-საქართველოსთვის…
მოკლედ მოგვიყევით თქვენ შესახებ.
დავიბადე, გავიზარდე ქუთაისში. ვსწავლობდი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში. პირველი კლასიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი და როცა მეკითხებოდნენ თავისუფალ დროს რას აკეთებო, პასუხი არ მქონდა, იმიტომ, რომ მუდამ რაღაცას ვაკეთებდი და თავისუფალი დრო არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მეგობრებთან ურთიერთობაზე არასოდეს ვამბობდი უარს. მერჩივნა ბავშვებთან ვყოფილიყავი და შემდეგ მთელი ღამე გამეთენებინა. მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ადამიანურ ურთიერთობებზე დადის და ამის მოკლება არაფრით არ შეიძლება.
ოჯახი…
გამიმართლა, რომ ასეთი საოცარი ოჯახი მყავს. ყოველთვის ყველაფერში ჩემ გვერდით დგანან. ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც ყველა ძალიან მიწყობდა ხელს და მგულშემატკივრობდა. უფრო იმას ნერვიულობდნენ, თუ ეს ამბავი არ გამოვა, ანასტასიას იმედგაცრუებას რა ვუყოთო.
დედის როლი თქვენს ცხოვრებაში…
დედას არასდროს არაფერი დაუძალებია ჩემთვის. ასეთი მიდგომა აქვს: ვცადოთ და თუ არ გამოვა, არა უშავს. ასე იყო სკოლის არჩევასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ იქ შედარებით გაძლიერებული სწავლება იყო, დედამ იფიქრა: მოდი, შევიყვან აქ და თუ ვერ აჰყვება სწავლების ამ პროგრამას, მაშინ ჩვეულებრივ სკოლაში გადავიყვანო. არ შეიძლება ბავშვს რაღაც დააძალო, რადგან შემდეგ მის მიმართ ინტერესი ეკარგება. არ მგონია არსებობდეს ისეთი ბავშვი, რომელსაც რაღაც არ აინტერესებს. მთავარია, მშობელმა ეს დაინახოს და სწორი მიმართულება მისცეს. მუსიკასა და ცეკვაზე შესვლა ჩემი ინიციატივა იყო. მორცხვი ბავშვი ვიყავი და დღეს მიმაჩნია, რომ სცენა ძალიან დამეხმარა ხასიათის ჩამოყალიბებაში − გამხსნა და თავდაჯერებულობა შემმატა.
ჰქონდა თუ არა სკოლას გავლენა თქვენს წარმატებაზე?
ჩემი მასწავლებლების დამსახურება იყო ამ ყველაფრის დაწყებაც და ბოლომდე მიყვანაც. სკოლაში სულ 300 ბავშვი ვსწავლობთ და ძალიან ოჯახური გარემოა. ჩვენთან კლასგარეშე საქმიანობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან მხოლოდ აკადემიური სწავლება არ არის ყველაფერი. ფიზკულტურაც მნიშვნელოვანია, ხელოვნებაც. მხოლოდ წიგნი ვერ გვასწავლის იმის პრაქტიკაში გამოყენებას, რაც ფურცლებზეა. დიდი გავლენა აქვს ჩემს სკოლას ჩემზე და მადლობა ყველა მასწავლებელს, რომლებიც დაუღალავად, მთელი გულით ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი წარმატებისთვის და ადამიანებად აღზრდისთვის.
ახალგაზრდებს პოლიტიკასთან გაკარება არ სურთ. ეს ცალკე დიდი პრობლემაა. თქვენ როდის მიხვდით, რომ დიპლომატია გაინტერესებდათ?
ჩემს სკოლაში სამოქალაქო განათლებას კარგად ასწავლიან. უკვე პატარა ასაკიდან ვხედავდი ამა თუ იმ სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემას. შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე ფიქრი როგორ შეიძლება მე, ერთმა ადამიანმა გამოვასწორო ის, რაც არ მომწონს. მოგვიანებით მოვიდა ფიქრები, რომ სადაც უნდა ვიყო, აუცილებლად უნდა გამოვადგე ჩვენს ქვეყანას. პირველი ეტაპი იყო იმაზე ფიქრი, რომ შესაბამისი განათლება უნდა მიმეღო. აქაც ჩემმა მასწავლებელმა იყოჩაღა, რომელიც მუდამ გვეუბნებოდა, რომ უნდა მოგვეძებნა საუკეთესო სასწავლებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენს მიზნებზე უარი არასდროს გვეთქვა. გავარკვიე, რომ პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით საუკეთესოა ჰარვარდის უნივერსიტეტი. მაგრამ იმდენად არარეალურად მესახებოდა ეს გეგმები, რომ თქმა მრცხვენოდა − ზედმეტად ამბიციური განაცხადი გამომდიოდა. ვერც დედაჩემს და ვერც ჩემს დამრიგებელს ვერ ვუთხარი. დავიწყე დამოუკიდებლად ყველაფრის მოკვლევა, მოძიება. ეს იყო ყველაზე დიდი ბარიერი − გაგვეგო, რა, როგორ, რა ფორმით უნდა გაგვეკეთებინა. რაც უფრო მეტს ვიგებდი, თუ როგორ სირთულეს ვეჭიდებოდი, მით უფრო მრცხვენოდა ჩემი ოცნების ხმამაღლა გაჟღერების. მაგრამ ხელი არ ჩავიქნიე, რადგან ასეთი დამოკიდებულება მქონდა − ვცდი, და თუ არ გამოვა, ე.ი. არ არის საჩემო. და რომ არ მეცადა, მთელი ცხოვრება ვინანებდი… შემდეგ იყო დიდი მზადების პროცესი. 30% მხოლოდ აკადემიური ნაწილი, დანარჩენი არის ლოგიკა და სწორი ანალიტიკური აზროვნება. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა იმის ფონზე, რომ ჩვენს განათლების სისტემაში სწავლების მსგავს ფორმაზე აქცენტი არ არის გამახვილებული. დიდ სტრესს გავუმკლავდი, დიდი შრომაც გავიღე, წელიწად-ნახევარი ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ თურმე ღირდა… ახლა აღარ არსებობს დაბრკოლება, რომელიც შემაჩერებს…
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა განათლების სფეროში?
- სახელმძღვანელოები და სწავლისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს. რასაც „გუგლში“ მოვიძიებ, ხუთ წამში არ უნდა ვიცოდე ზეპირად. აქცენტი უნდა გამახვილდეს ანალიზის უნარის გამომუშავებაზე.
- მასწავლებელზე მეტი ფინანსური გასაქანი ვის უნდა მისცე? − ადამიანი, რომელიც გიზრდის მომავალ თაობას. რაც უნდა იდეალური ქვეყანა შევქმნათ, თუ მომავალი თაობა არ დაახვედრე, შესაბამისი განათლებითა და მსოფლხედვით, ამ პროგრესს ვინ განავითარებს?
სამომავლო გეგმები…
ბაკალავრიატში ვისწავლი პოლიტიკურ მეცნიერებებს, შემდეგ ვაპირებ მაგისტრატურა გავაგრძელო დიპლომატიის მიმართულებით. დოქტორანტურაც ძალიან მინდა, რათა დასავლური ცოდნა ქართულ უნივერსიტეტებში გამოვიყენო და ვინმეს დაეხმაროს ჩემი გამოცდილება. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანას გამოვადგე და პირობას ვდებ − აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში.
ჩემი საქართველო…
იდეალური სიტუაცია შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ გავიაზრებთ ყველანი, რომ ჩვენი ძალისხმევის გარეშე არაფერი შეიცვლება. თუ არ გინდა, წადი. თუ გინდა აქ იცხოვრო და მხოლოდ საყვედურებს ამბობ, რატომაა სიტუაცია ასეთი, მოდი რა, შენც შენი საქმე კარგად აკეთე. ნუ ვეძებთ პასუხისმგებლობისგან გაქცევის გზებს. ნუ ვამბობთ მუდმივად იმას, რომ არაფერი გვეშველება. გვეშველება, თუ მოვინდომებთ! ნურც გმირების გამოჩენას ველოდებით − თავად უნდა გავხდეთ გმირები. ყოველთვის სხვას ვაბრალებთ ყველაფერს და უპირველესად ჩვენგან უნდა დავიწყოთ. ჩემთვის არ არსებობს ისეთი რამ, რაზეც უნდა ვთქვა, რომ არ გამომივა. აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა, თუკი მოვინდომებთ და მიზანს დავისახავთ. მიზანი დაისახე და იშრომე, იბრძოლე ამ მიზნის მისაღწევად, რადგან შეუძლებელი რაღაცები არ არსებობს.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე