OK! გაესაუბრა ქართველ ბიზნესლიდერ შორენა ასაბაშვილს, რომელმაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად წარმატებას მიაღწია და დაიმკვიდრა თავი აღნიშნული მიმართულებით. იგი ჩართულია ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის პროცესსა და სტარტაპების/ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებში.
რას ნიშნავს თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?
როდესაც ხარ ქალი ლიდერი, გაქვს მორალური ვალდებულება, იყო სტიმული ყველასთვის, იყო სამაგალითო და უფრო მეტ ქალს მისცე მოტივაცია, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობები, თავად დაგეგმოს და შექმნას საკუთარი მომავალი.
როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა? საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?
მე და ჩემი პარტნიორი − გიგა ფაიქიძე წლების განმავლობაში საფინანსო სექტორში ვმუშაობდით, სადაც საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვეთ. გიგამ გადაწყვიტა შეექმნა საკონსულტაციო კომპანია და როდესაც შემომთავაზა დამეტოვებინა არსებული სამსახური და მასთან ჩავრთულიყავი ამ წამოწყებაში, ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვგრძნობდი, რომ როგორც პირადი, ისე პროფესიული განვითარებისთვის ცვლილებები აუცილებელი იყო. ფაქტობრივად, არაფრიდან დავიწყეთ „ლოიალტეს“ შენება, რომელიც დღეს − არასრული 3 წლის შემდეგ, ასაქმებს 40-მდე პროფესიონალს, წარმოდგენილია 2 ოფისით (თბილისსა და ბათუმში), ფლობს 2 შვილობილ კომპანიას − დასაქმების პლატფორმას hiro.ge და განათლების ჰაბს erudio.
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…
როცა ტოპ-მენეჯმენტში ხარ, ყოველდღიურად გიწევს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ფიქრი და ზრუნვა, რაც საკმაოდ დიდ დროსა და ჩართულობას მოითხოვს, ეს კი, თავის მხრივ, დიდი ცდუნებაა, რომ პირადი ცხოვრებაც კი გარკვეულწილად კომპანიის განვითარებას მიუძღვნა. გარკვეულ მომენტში გიჭირს გამიჯნო სამსახური და პირადი ცხოვრება, რაც, ვფიქრობ, მთავარი გამოწვევაა. ყოველივე ეს განსაკუთრებული სიცხადით შევიგრძენით განვლილი პანდემიური 2020 წლის განმავლობაში, როცა სტანდარტულ საოპერაციო სირთულეებსა და ყოველდღიურობას დაერთო პანდემიისგან გაჩენილი გამოწვევები.
რას ნიშნავს თქვენთვის საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?
გარდა იმისა, რომ „ლოიალტე“ ქმნის სამუშაო ადგილებს, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სტარტაპებისა და ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებში, როგორიცაა: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამა „სტარტაპ მეგობრული“; „საქართველოს ბანკის“ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 4B, რომლის ფარგლებში კომპანიებს სრულიად უსასყიდლოდ ვაძლევთ რეკომენდაციებს, რჩევებს, ვუწევთ მომსახურებას სიმბოლურ ფასად, რათა სწორად აწარმოონ ბიზნესი, განვითარდნენ და, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.
მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?
2020 საკმაოდ რთული და ამავდროულად, ახალი გამოწვევებით სავსე წელი იყო. მიუხედავად ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდისა, კომპანიამ შეძლო ზრდის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, არა იმ მოცულობით, რაც დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში. მთავარ მიღწევად მაინც მივიჩნევთ იმას, რომ ერთი მხრივ, შევძელით ყველა თანამშრომლის შენარჩუნება და წლის მეორე ნახევრიდან გავაგრძელეთ ზრდა, როგორც ფინანსურად, ასევე გუნდის გაძლიერების თვალსაზრისით. დავამატეთ ორი ახალი მიმართულება: Loialte Strategy − ბიზნესის ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებული სერვისები, და Loialte Primo − დაფინანსების მოძიებაში მხარდაჭერა. 2020 წელი საინტერესო გამოდგა ჩვენი შვილობილი კომპანიებისთვისაც, კერძოდ − საგანმანათლებლო მიმართულებით დავაჩქარეთ გაციფრულება და სრულად ონლაინ და ლაივ-ტრენინგებზე გადავერთეთ. აღსანიშნავია, რომ ეს ისედაც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა პანდემიამ დააჩქარა. ზრდის წელი იყო დასაქმების პლატფორმა „ჰიროსთვის“− 2020 წლის ბოლოსთვის კომპანიის პორტფელში უკვე 100-ზე მეტი კომპანია ირიცხებოდა, რომლებიც სარგებლობენ „ჰიროს“ მომსახურებით. ასევე, „ჰირო“ ჩართული იყო CSR-კამპანიებში და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ სამსახურის მოძიებასა და შემდგომ გადამზადებაში. CSR-კომპანიების წარმატებით განხორციელებისთვის „ჰირო“ რამდენიმე მნიშვნელოვან კონკურსზეც იყო ნომინირებული შესაბამის ნომინაციაში.
როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?
მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ, ამჟამად უკვე აღარ გვიკვირს ქალი ხელმძღვანელ თანამდებობაზე კერძო თუ საჯარო სექტორში, დღემდე ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც ერთსა და იმავე თანამდებობაზე ქალებს ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მიიჩნევა, რომ გარკვეულ პოზიციებზე აუცილებლად მამაკაცები უნდა მუშაობდნენ და ა.შ. ასეთ გარემოში მუშაობა მუდმივ გამოწვევებთან არის დაკავშირებული − უწყვეტად უნდა იზრუნო, რათა იყო ზედმიწევნით კომპეტენტური, საუკეთესო, რომ შენი ადგილი დაიმკვიდრო, დაიმსახურო ნდობა, პატივისცემა და აღიარება.
3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…
რთულია გამოვყო მხოლოდ 3 რამ, რადგან მიზნის მისაღწევად მთელი რიგი უნარ-თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, განურჩევლად სქესისა. უბრალოდ, ქალს შესაძლოა სჭირდება უფრო მეტი ხასიათის სიმტკიცე, ბრძოლის უნარი და თავდაჯერებულობა, რადგან ჯერ ისევ გვიწევს დავანგრიოთ სტერეოტიპები.
შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?
შემიძლია ვთქვა, რომ ვდგავარ გზაზე, რომელიც მიმიყვანს იმ ეტაპამდე, როდესაც შევძლებ ამ ფრაზის გაფიქრებას, თუმცა გზა დიდია და მე მხოლოდ მის დასაწყისში ვარ.
ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?
წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად გარკვეულ გავლენას ახდენდა ჩემს გადაწყვეტილებებზე, ხასიათის ჩამოყალიბებასა და მოტივაციაზე, თუმცა შემიძლია გამოვყო ორი ადამიანი: დედა, რომელიც ყველა ეტაპზე მხარში მედგა ჩემს გადაწყვეტილებებში, მაძლევდა სტიმულს, რჩევებს, მამხნევებდა. ასევე, ჩემი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი − „ლოიალტეს“ თანადამფუძნებელი გიგა ფაიქიძე, რომელმაც მიბიძგა რადიკალურად შემეცვალა საკუთარი კარიერა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც შეცვალა ჩემი მომავალი. არ შემიძლია, მადლიერი არ ვიყო უკლებლივ ყველა იმ ადამიანისა, ვინც რაიმე გავლენა მოახდინა ჩემი, როგორც პიროვნების, ისე პროფესიონალის ჩამოყალიბებაზე.
შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?
რა თქმა უნდა, შეთავსებადია. მე ყოველდღე ვხედავ მაგალითებს, სადაც 3-4 შვილის დედები ახერხებენ იყვნენ წარმატებული ადამიანები, ჰქონდეთ საყვარელი საქმე და ოჯახი. ვფიქრობ, ადვილი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია.
გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?
პანდემიის პერიოდში შედარებით მეტი თავისუფალი დრო გაჩნდა, მაგრამ ყველაფერი, რითაც თავისუფალ დროს შევავსებდი, შეზღუდულია. ვცდილობ, თითოეული თავისუფალი წუთი გამოვიყენო ნაყოფიერად, ბოლო წლებში ხშირად ვკითხულობ ელექტრონულ წიგნებს, ასე არცერთ წუთს არ ვკარგავ − მაგალითად, ლოდინისას, ტრანსპორტირებისას. ასევე, ვმოგზაურობ, მიყვარს ახალი კულტურის, არქიტექტურის, კულინარიის გაცნობა; იშვიათად ვცურავ და ვცდილობ, ვივარჯიშო, თუმცა ახლა ესეც შეუძლებელია; და, რა თქმა უნდა, ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მეგობრებს ეკუთვნით, რადგან რისი კეთებაც გიყვარს, გაცილებით მეტ ბედნიერებას განიჭებს, როცა გვერდით მნიშვნელოვანი ადამიანები გყავს.
მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.
2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება კომპანიის ცნობადობის ზრდის თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ კომპანია უკვე განვითარების იმ ეტაპზეა, როცა შეგვიძლია ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენი მიღწევებისა და წარმატების ისტორიის შესახებ. გვინდა, ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავამსხვრიოთ მითი, თითქოს ხარისხიანი პროფესიული სერვისების მიღება აუცილებლად უცხოური კომპანიისგანაა შესაძლებელი. სამომავლო გეგმებში ბევრი ახალი სერვისის დამატებაც შედის, ასევე ვგეგმავთ გეოგრაფიული პენეტრაციის გაგრძელებას საწყის ეტაპზე საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ვგეგმავთ, ქვეყანას გავცდეთ და „ლოიალტეს“ სერვისები ექსპორტზე გავიტანოთ. 2021 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა Loialte Strategy-ის განვითარებას. ასევე, გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, რადგან ჩვენს სფეროში ტექნოლოგიები ძალზე მნიშვნელოვანია. ვაცნობიერებთ რა ამ გამოწვევას, ძალიან მალე ჩაეშვება „ლოიალტეს“ ციფრული მიმართულება, რომელიც მომხმარებელს ციფრულ ტრანსფორმაციასთან და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ სერვისებს შესთავაზებს. აქვე, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ წლის ბოლოსთვის კიდევ ერთი შვილობილი კომპანია დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ინოვაციური იქნება ქართული ბაზრისთვის (რომელიც ასევე ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული) და მომხმარებლებს ძალიან საჭირო მომსახურებას შესთავაზებს.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?
„იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას!“
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი