„გალერეა27“-ის დამფუძნებელი და დირექტორი
როგორ დაიწყეთ ბიზნესი? რამ მოგცათ ბიძგი და რა იქცა ინსპირაციად?
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ხელსაქმე. ვცდილობდი ხან ქსოვას, ხან ქარგვას ან კერვას. მოგვიანებით, აკადემიის ქსოვილების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ხუთმა მხატვარმა ქალმა ტექსტილის სახელოსნო „ლურჯი სახლი“ − LA MAISON BLEUE დავაარსეთ, რომელმაც 22 წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრებით უცხოელ მომხმარებელთა შორის. პარალელურად, მუდმივად მქონდა ინტერესი არა მარტო ტექსტილის, არამედ გამოყენებითი ხელოვნების სხვა სფეროების მიმართაც. შინ ბევრი საინტერესო ნიმუშიც მაქვს ქართული თუ უცხოური წარმოშობის, რადგან ვცდილობ ყველა ადგილიდან, სადაც მიმოგზაურია, რაიმე ხელნაკეთი ნივთი სამახსოვროდ მქონდეს. მიმაჩნია, რომ ეს ნივთები იმ ქვეყნისა თუ კუთხის კულტურის ნაწილს წარმოადგენენ და მოგონებების გასაცოცხლებლად შეუცვლელი სუვენირებია.
რვა წლის წინ გაჩნდა იდეა, ისტორიული ქარვასლის შენობაში კომერციული სივრცე შექმნილიყო. გადავწყვიტე, ეს შანსი გამომეყენებინა და ხელნაკეთი ნივთების მაღაზია-გალერეა გამეხსნა, სადაც ჩემს ნამუშევრებთნ ერთად, გამოყენებითი ხელოვნების სფეროს მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები იქნებოდა წარმოდგენილი და რომელიც განსხვავებული იქნებოდა ყველა მსგავსი, იმ დროისთვის არსებული მაღაზიებისგან − შინაარსითა და მაღალი სტანდარტით.
ისევ და ისევ იმიტომ, რომ მიმაჩნია, როცა ჩამოსული სტუმარი რაიმე სამახსოვრო ნივთს შეიძენს, თუნდაც პატარა სუვენირს, ის ჩვენი ქვეყნის კულტურაზე, გემოვნებასა და ტრადიციებზე უნდა მეტყველებდეს.
ასე, 2013 წლის ზაფხულში „გალერეა 27“-მა დაიწყო ფუნქციონირება.
რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე და რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?
ნებისმიერი ბიზნესის დაწყება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ჩემ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო სათუო საქმე იყო, რადგან არანაირი ბიზნესგანათლება არ მაქვს მიღებული. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 2012 წელს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისი ლიდერშიფის პროგრამის ფარგლებში ვიმოგზაურე, ძალიან ბევრ საინტერესო, გავლენიან, ბიზნესში ჩართულ ქალს შევხვდი, რამაც საკუთარი თავის რწმენა შემმატა, თვალნათლივ დამანახა, თუ რამხელა შესაძლებლობები იმალება თითოეულ ჩვენგანში. ამ მოგზაურობამ გარკვეული გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე, გამებედა ამ სრულიად ახალი საქმიანობის წამოწყება. ჩემ შემთხვევაში, ეს ალბათ ყველაზე დიდი სირთულე იყო, თუმცა პირველი ნივთის გაყიდვისთანავე დავრწმუნდი − იდეამ გაამართლა და იმედი მომეცა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
რა გასწავლათ გამოცდილებამ?
სახელოსნოს არსებობის განმავლობაში დიდი გამოცდილება შევიძინე სხვადასხვა კუთხით − დამკვეთებთან თუ კლიენტებთან ურთიერთობა, მათ სურვილებზე საკუთარი ხედვებისა და შესაძლებლობების მორგება, მათი აზრის გათვალისწინება, თუმცა არა კომპრომისის ხარჯზე.
ხოლო გალერეის დაარსების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასაკის მიუხედავად, არ უნდა შეუშინდე სიახლეებს! თუკი რომელიღაც საქმე გაინტერესებს, გულით გიყვარს, საკუთარ მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდები და თავდაუზოგავად შრომობ, ის საქმე აუცილებლად გამოგივა.
გყავთ ადამიანი, ქალი-ინსპირაცია, რომელიც სამაგალითოა თქვენთვის თავისი ბუნებით, შემართებით, საქმიანობით, გამოცდილებით?.. მსოფლიო ფიგურა ან იქნებ თქვენი ახლობელიც − ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა გავლენა იქონია თქვენზე მან? რა შეგძინათ მისმა რომელიღაც ცხოვრებისეულმა ნაბიჯმა ან ფრაზამ?
ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და დღესაც დგას ჩემ გვერდით ჩემი საქმიანობის ხელშესაწყობად: საკუთარი ოჯახი, მეგობრები და ასევე ჩემი შვილი, რომელიც უკვე თავად არის 2 შვილის დედა.
მაგრამ უპირველესად, დედაჩემი უნდა აღვნიშნო. ის არის ადამიანი, რომელიც ყველა ჩემს გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით ხვდება და მხარდაჭერას უცხადებს. 24 წლის ასაკში, როცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, მან ყველანაირად შემიწყო ხელი, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად (მით უმეტეს, რომ მაშინ მატერიალურადაც გვიჭირდა), რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე განმეხორციელებინა და ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში. იმ დროისთვის ეს საქციელი თითქმის გმირობის ტოლფასი იყო. ეს ახლაა ჩვეულებრივი ამბავი, როცა რამდენიმე პროფესიას ეუფლებიან, მაშინ კი ზოგიერთ ჩემს ახლობელს არ ესმოდა, რა საჭიროა მეორე უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი.
და ჩემთვის მაგალითი, ე.წ. როლ-მოდელი, ისევ და ისევ დედაჩემია − როგორც პიროვნება, როგორც მშობელი, საოცრად პოზიტიური და ამავე დროს, ძლიერი ადამიანი. მისგან დღესაც ბევრ რამეს ვსწავლობ. იმედია, მეც ასეთივე დედა ვარ ჩემი შვილისთვის − მუდამ გვერდით მდგარი და დასაყრდენი ნებისმიერ სიტუაციაში.
2011 წელს მიწვეული ვიყავი სტამბოლში კონფერენციაზე, სადაც პირველად აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო, ბიზნესში აქტიურად ჩართული ქალია. იქ გავიცანი ის ქალებიც, რომელთან ერთადაც 2014 წელს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ (შემდგომში უკვე ფედერაცია) დავაარსეთ. ჩემთვის ფედერაციის წევრობა ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მეძლევა საშუალება მუდმივად ურთიერთობა მქონდეს ძალიან ძლიერ, საინტერესო ქალებთან, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან, არ უშინდებიან სირთულეებს და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს. მათგან ძალიან ძლიერი ენერგეტიკა მოდის. ჩემთვის ფედერაციის წევრობა არის ინსპირაცია იმისა, რომ უფრო მეტის მისაღწევად დაუღალავად ვიშრომო. ფედერაციის მთავარი მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი მოტივირება და შთაგონება, საკუთარი თავის რწმენის ჩანერგვაა, და თუ ჩვენ ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯით მაინც წავიწიეთ წინ, ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა.
რას ურჩევდით ქალებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ?
ქალებს ვურჩევდი, უფრო მეტად გამბედავები იყვნენ, ნუ შეუშინდებიან სირთულეებს. ირწმუნონ საკუთარი ძალების. მიმაჩნია, რომ დღეს ქალები გამოვირჩევით უფრო მეტი მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით, ვიდრე მამაკაცები. ამიტომ მგონია, რომ უფრო მეტი ქალის ჩართვა ბიზნესში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ცნობიერება ჯერ კიდევ ძალიან დაბალ დონეზეა. ამას ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს და მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ თაობები გაიზარდნენ საბჭოთა კავშირში, სრულიად სხვა რეალობაში. მგონია, რომ ჩვენი შვილების თაობა უფრო მაღალ სტანდარტს დააწესებს, თუმცა ამას წლები დასჭირდება. მიმაჩნია, რომ თუკი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ყოველთვის უნდა ავიმაღლოთ ხმა ნებისმიერი უსამართლობის, ნებისმიერი კანონდარღვევის წინააღმდეგ. უნდა ვისწავლოთ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. მე თავად ვცდილობ ამ გზით ვიარო. გაჩუმება და გვერდით გადგომა აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ სრულფასოვანი სახელმწიფოს აშენებას.
როგორ ახერხებთ გაანაწილოთ დრო ოჯახსა და საქმიანობაზე?
გალერეის დაარსებამდე, მთელი ჩემი დრო და ენერგია მხატვრობას ხმარდებოდა. სამწუხაროდ, ამ ბიზნესის წამოწყებამ ძალიან შეცვალა ჩემი რეჟიმი. გული მწყდება, რომ ნაკლები დრო მრჩება საკუთარი საყვარელი საქმიანობისთვის, მაგრამ ვცდილობ დრო ისე გავანაწილო, რომ შემოქმედებითი მოთხოვნილება დავიკმაყოფილო. ძალიან მიყვარს ჩემს სახელოსნოში ყოფნა, რომელიც მაღაზიის მიმდებარედ, იმავე ისტორიულ შენობაშია. აქ თავად სახლიც შთაგონების წყაროა. ვმუშაობ ბატიკისა და შიბორის ტექნიკაში და ვატარებ ვორქშოფებს მსურველთათვის ჩემს ულამაზეს აივანზე.
მყავს 2 მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელთა გაჩენამ ასევე ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრების ნირი. ვცდილობ მათაც არ მოვაკლო ყურადღება, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო და ვიყო საყვარელი ნონო (როგორც უმცროსი შვილიშვილი მეძახის).