„მე ვარ ადამიანი, რომელიც მზად არის სულ უყვარდეს“ დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, იშვიათად შეხვდები ადამიანს, ვისაც ყოველი დღისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, ყველა წყალობისთვის შეუძლია თქვას მადლობა. OK! ბათუმის სტუმარი მუსიკოსი მედეა მირიანაშვილია, ქალი, რომელსაც თავად სიყვარული და ამ სამყაროში ჩატეული ყველა ფერადი ემოცია უყვარს. ამბობს, რომ სწორედ ახლა არის მზად თქვას ის, რისი მოსმენაც საინტერესოა, თვალებში ჩახედოს ადამიანებს და სიყვარულზე უმღეროს დაუსრულებლად. მუსიკის გარეშე არც ერთი დღე არ უცხოვრია, ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობს თავს, როცა ჯაზს მღერის, ჯაზი აძლევს შესაძლებლობას თავისი შინაგანი სამყარო ზედაპირზე ამოიტანოს და ყველასათვის ხელშესახები გახადოს ის ემოციები, რაც მის ნამღერ თითოეულ ბგერას ახლავს. სხვა სურვილებთან ერთად, ყველაზე მეტად სურს აფხაზეთში, ზღვის პირას ჰქონდეს პატარა სახლი, საიდანაც ყოველდღე მუსიკის ხმა უნდა ისმოდეს.
რომელია ის სასიამოვნო სიახლე, რომელიც პირველად ჩვენს მკითხველს გაუმხილა, რომელ ორგოგოს შეხვდებოდა და რატომ, რა არის ის, რაც სურს, რომ სულ გაგრძელდეს მის ცხოვრებაში – ამყველაფერს გაეცანით OK! ბათუმის ინტერვიუდან.
სულ თან მდევი მუსიკა…
სამი წლის ვიყავი ლაპარაკი რომ დავიწყე, მაგრამ როგორც მეუბნებიან, სიმღერის დროს ტექსტებს არაჩვეულებრივად ვმღეროდი. პედაგოგ ემა აფხაზავასთან ვმეცადინეობდი მუსიკაში, ორი წლის ვიყავი, როცა უკვე დუეტში ვმღეროდი ჩემს სამი წლის დასთან, მირანდასთან. შეიძლება ითქვას, რომ ორი წლიდან მაქვს დიდ სცენაზე დგომის გამოცდილება. მართალია, როგორც ადრე, დღესაც ვღელავ გამოსვლის წინ, მაგრამ მუსიკა იმდენად ჩემია და იმდენად მძლავრად არის ჩემში, როცა სიმღერას ვიწყებ, ყველა ღელვა მავიწყდება. სიმღერა რომ დავიწყე, ყველა ბავშვი მუსიკალურ სკოლაში დადიოდა. ვინც მუსიკაზე არ დადიოდა, იმ ბავშვთან არ ვმეგობრობდი, იმდენად წარმოუდგენლად ითვლებოდა მუსიკისგან შორს ყოფნა. სოლოლაკში გავიზარდე, მაშინ ყველა ბინის ფანჯრიდან ფორტეპიანოს ხმა გამოდიოდა, მუსიკით იწყებოდა და მთავრდებოდა ყოველი დღე. მუსიკალურ სკოლაში ჩემი პედაგოგი არაჩვეულებრივი ქალბატონი ევა ლეზგიშვილი იყო, სწორედ მან შემაყვარა კლასიკური მუსიკა. ქალბატონ ევას დამსახურებაა ის, რომ დღეს მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე. როგორც პიანისტს ძალიან კარგი მონაცემები მქონდა, კონსერვატორიისთვის მამზადებდნენ. შევასრულე კიდეც მენდელსონის პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად, საკმაოდ რთული ნაწარმოები. ეტყობა ისე გადავიწვი, უარი ვთქვი კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებაზე, რასაც დღემდე ვნანობ. 17 წლის ასაკში ფილარმონიის სოლისტი გავხდი, ცნობილ მომღერლებთან ერთად, საქართველოს რეგიონები მოვიარეთ, უბედნიერესი დრო იყო ჩემთვის. თუმცა, ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ აფხაზეთის ომი დაიწყო… ამ დროს გავთხოვდი. ჩემს ქმარს მოსწონდა როცა ვმღეროდი, ამიტომაც, სალონურ საღამოებს ვაწყობდი. ჩვენს სახლს ხშირად მაიკო ორბელიანის სალონს ადარებდნენ. დღემდე გრძელდება ეს ტრადიცია, ვიკრიბებით ხელოვანი მეგობრები ჩვენთან სახლში, გვაქვს სცენა, როიალი, ვმღერით და წარმოვიდგენთ ხოლმე, რომ თეატრში ვართ.
მუსიკით მოყოლილი ამბავი…
მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ვინც მუსიკას ქმნის, ვთვლი, რომ სადღაც ზეცაშია, ღმერთთან ახლოს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის უკვე შექმნილია და იქმნება მუსიკა. სულ ახლახან, ბათუმში გამართულ საღამოზე, დათო ევგენიძის ჩემთვის შექმნილი მუსიკის პრემიერა შედგა. დათო ევგენიძის მუსიკა, თაკო მექვაბიძის არაჩვეულებრივი კაბა, ზღვის პანორამა, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები… ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ისტორიაში, ეს ერთ-ერთი საინტერესო და აღსანიშნავი დღე იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა სადღაც ძალიან ახლოს, ადამიანები ერთმანეთს ესვრიან, იღუპებიან, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს! სიყვარული და მუსიკა, რომელსაც შეუძლია ადამიანის სული განკურნოს.
თვისება, რომელსაც ყველა განსაცდელიდან გამოჰყავხართ…
მიყვარდა ისე, როგორც არავის, მეტკინა ისე, როგორც არასდროს, განვიცადე ისე, მეგონა ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ არ დავეცი და ყველა ტკივილიდან უფრო გაძლიერებულმა განვაგრძე გზა. ასეა, ადამიანებს გვგონია განშორებას ვერ გადავიტანთ, მაგრამ სულ უნდა გჯეროდეს, რომ ხვალ უფრო ბედნიერი იქნები. არ არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები, ყველა ადამიანი კარგია, თუკი ამას თვითონ დაიჯერებს.
შინაგანი გაბრწყინებისთვის…
კარგია, როცა გიყვარს. მე ვარ ადამიანი, რომელიც მზად არის სულ უყვარდეს, მე ვარ ქალი, რომელიც თავის პრინცს ელოდება. სიყვარულის ჩემი მთავარი შედეგი, ჩემი შვილია, იკა. მაგრამ, როგორც ქალი, სულ იმ ერთადერთს, ჩემთვის დაბადებულს ველი.
მადლიერების განცდა…
ყოველდღე მადლობას ვეუბნები მეგობრებს, რომ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში. მადლობა კოსმოსს, ბუნებას, მადლობა უფალს, მშობლებს, ჩემს დას, მირანდას. ყველაფერში, ყველა ადამიანში, პირველ რიგში, მშვენიერს ვხედავ. წვიმს, თოვს, ქარია თუ ფოთოლცვენა, ყველაფერი მშვენიერია. მახსოვს, 90-იან წლებში ძალიან გვიჭირდა, ვერ ვიტანდით ზამთრის გრძელ და ცივ დღეებს. ერთ წელს ვუთხარი ჩემს მეგობრებს, მოდი, ზამთარი შევიყვაროთ-მეთქი. მართლაც, საკუთარი თავი დავაჯერეთ, რომ ზამთარი გვიყვარს, მერე რა, რომ არ არის შუქი, გათბობა, შეგვიძლია გავერთოთ და ვიყოთ ბედნიერები. ასეც მოვიქეცით, შევიყვარეთ ზამთარი, ერთმანეთით გამთბარი დღეები სულ აღარ მოგვეჩვენა ცივად და უჟმურად. მთავარია, მოინდომო, გამოსავალს ყოველთვის მოძებნი. ბათუმური ემოციები…
ბათუმი ჩემთვის მუსიკაა… რამდენიმე ქალაქი მაქვს ამოჩემებული, ზალცბურგი, სადაც ყოველ წელს დავდივართ საოპერ ხელოვნების ფესტივალზე, ამისთვის ჩემს დას, არაჩვეულებრივ მუსიკოსს, მინდა მადლობა გადავუხადო, სულ მეპატიჟება დიდი მუსიკის ქალაქში. ბათუმის მსგავსად, ასევე ნიუ-იორკი, ლონდონი და მიუნხენია ჩემთვის მუსიკის ქალაქები. ყველა ბათუმელი საოცრად მუსიკალურია, ამ ქალაქში ყველა მღერის.
ჯაზი და თქვენ…
ჩემთვის ბედნიერებაა, რომ ვმღერი ჯაზს და ურთიერთობა მაქვს დიდ მუსიკოსებთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ დინი ვირსალაძეს, რომელთანაც პირველი ნაბიჯები გავიარე ჯაზში. დუეტიც გვაქვს, გვქონია რიგი კონცერტებისა თბილისში, საფრანგეთში და ლონდონში. დინისთან მუშაობა დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.
სასიამოვნო სიახლე, რომელსაც პირველი ჩვენი მკითხველი გაიგებს…
მართლაც, თქვენთან ვაჟღერებ ამ ინფორმაციას პირველად, იმედი მაქვს ეს ურთიერთობა შედგება. ბატონმა ვახტანგ გორდაძემ მიმიწვია ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდში ერთ-ერთ სოლისტად. ბედნიერებისგან დავხტოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ხშირად მომიწევს ამ ქალაქში ჩამოსვლა, რაც ორმაგად სასიამოვნო და სასიხარულოა ჩემთვის. სულ მინდა… ვიმღერო… სულ მინდა არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ჩემი მოსმენა სურთ. ყოველი დღე ხომ საჩუქარია, მინდა სულ ვუმღერო ადამიანებს, მათგან კი თბილი და მოსიყვარულე მზერა ვიგრძნო.
ვის და რას ეტყოდით ახლა…
შევხვდებოდი ორ დიდ მუსიკოსს, ორ გოგოს, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არიან ცოცხლები… მადლობას ვეტყოდი, იმისთვის, რაც შექმნეს. ვიტნი ჰიუსტონს და ემი უაინჰაუსს ვგულისხმობ, რომელთა გახსენებაზე სულ მეტირება. ძალიან მენანება ორივე, ძალიან… მათ კიდევ ბევრის შექმნა შეეძლოთ…
ამ ქვეყნად მოსვლა…
ღირდა და ამისთვის, ყოველი განცდისთვის, განსაცდელისთვის, ყოველი გამოწვევისთვის, ყოველი ტკივილისთვის, მადლობა უფალს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლე მშვენიერია.
ტექსტი: ნანა აბულაძე