OK! წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს, „ლოკომოტივის“ მცველ გურამ კაშიას წარმოგიდგენთ. როგორი მამაა გურამი, რამდენად იყო და არის ჩართული ქალიშვილის მოვლისა და აღზრდის პროცესში, რომელი მთავარი პრინციპით ზრდის მას და როგორ ატარებს დროს ერთად მამა-შვილი − ამ და სხვა თემებზე სიამოვნებით გვესაუბრა გურამი, რომელიც UNFPA Georgia-ს სოციალური კამპანიის − „კაცები ზრუნავენ“ ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. კამპანია ოჯახური კეთილდღეობისა და შვილებზე ზრუნვის საკითხებში მამებისა და მეუღლეების აქტიური ჩართულობის პოპულარიზაციას ემსახურება.
გურამ, თქვენ ჩართული ხართ UNFPA Georgia-ს სოციალურ კამპანიაში „კაცები ზრუნავენ“. მოგვიყევით, რამდენად აქტიურად მონაწილეობთ შვილის მოვლისა და აღზრდის პროცესში?
ვფიქრობ, მშობლებს შორის აუცილებლად თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდა. მშობლებმა უნდა გადასცენ მათ მთავარი ფასეულობები. ჩემს მამობას რაც შეეხება, ძალიან მსიამოვნებს მამის ამპლუაში ყოფნა და მინდა, მაქსიმალურად ვიყო ჩართული ნებისმიერ საკითხში, რაც ბავშვთან არის დაკავშირებული. ეს ეხება მოვლის პროცესს, მეცადინეობას, გართობას თუ ნებისმიერ სხვა თემას. მეც და ჩემი მეუღლეც უდიდეს დროს ვუთმობთ ალესანდრას აღზრდის პროცესს.
როცა ალესანდრა ძალიან პატარა იყო, მაშინაც აქტიურად მონაწილეობდით მისი მოვლის პროცესში?
აქაც, მე და ჩემი მეუღლე თანაბრად ვიყავით ჩართული. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ მამის ვალდებულებაა და აუცილებელია. მე თვითონ მსურდა ეს და მომწონდა, მინდოდა ეს გამოცდილებაც მიმეღო, რადგან მიმაჩნია, რომ აუცილებელია მამამაც გააკეთოს იგივე, რასაც დედა აკეთებს: გამოუცვალოს შვილს საფენები, აჭამოს, აბანაოს… თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, რომ ბავშვზე ზრუნვის ეს ნაწილიც გამევლო და მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ასე რომ, რაც ალესანდრას ეხება, ყველაფერში ჩართული ვარ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი შვილის გვერდით ყოფნა. მეგობრები ვართ, თუმცა ჩემი რიდიც აქვს. ოჯახში ყველაზე იშვიათად მე ვუბრაზდები და თუ ეს მოხდა, ესე იგი მართლა სერიოზულადაა საქმე − რაღაც ისეთი დააშავა, რაც განსაკუთრებით არ მოგვეწონა. თუმცა ასეთი ფაქტები უფრო და უფრო იშვიათად ხდება. ძალიან შეგნებული ბავშვია ალესანდრა და ალბათ, სწორად აღზრდილიც. ვფიქრობ, მე და ჩემმა მეუღლემ მისი აღზრდის სწორი გზა ავირჩიეთ.
თქვენი, როგორც მამის, თვალსაზრისით, ბავშვის აღზრდის მთავარი პრინციპები…
მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, რომ ჩვენი შვილი თავისუფალი ადამიანი იყოს. სწორედ ამიტომ ვაძლევთ სრულ თავისუფლებას, რათა თვითონ დაუშვას შეცდომები და ამ შეცდომებზე ისწავლოს, უკეთესი გახდეს. ჩვენ ავუხსნათ, რა არის სწორი და რა პირიქით − შეცდომა. ვფიქრობთ, ასე უკეთ გააანალიზებს, რა არის არასწორი და ასე, ნელ-ნელა წავა პროგრესისკენ. ალესანდრა კარგი მოსწავლეა და სხვათა შორის, სკოლაც ზრდის მას, როგორც ადამიანს. ბევრი რჩევის მიცემა არც გვიწევს, იოლია მასთან ურთიერთობა და ძალიან სასიამოვნო. ბედნიერებაა ალესანდრას მამობა.
საერთო რიტუალი ხომ არ გაქვთ მამა-შვილს?
აი, დილით გაღვიძება არის ნამდვილი ზეიმი შინ. მე ყავას ვსვამ, ეს მეთამაშება, ერთად ვსაუზმობთ. ეს არის ცხოვრება. დილით გაღვიძება ყველაზე დიდი დღესასწაულია.
მამას გეძახით?
მამას, მამიკოს. ძირითადად, „დედის“ (DAD) მეძახის. 3 წელი ვცხოვრობდით აშშ-ში და ასე მიეჩვია. მამა თუ დამიძახა, ესე იგი ჩემგან რაღაც სჭირდება.
მოგვიყევით, როგორი გოგოა ალესანდრა? რა აინტერესებს?
ჩვეულებრივი ბავშვია, მუდამ თავის თამაშებშია ჩართული. შინ როცა ვარ, ერთად ვუყურებთ მულტფილმებს, „დისნეის“ ფილმებს, რომელიც ძალიან უყვარს. ასე ვატარებთ დროს, როგორც ალბათ ბევრი ოჯახი. კარანტინის დროს ცოტა გაგვიჭირდა − ერთ სივრცეში ვიყავით გამოკეტილები, რთული პერიოდი იყო ჩვენთვის.
გურამ, პროფესიიდან გამომდინარე, ძირითადად მოგზაურობთ და სხვადასხვა ქვეყანაში გიწევთ ცხოვრება. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც სამშობლოში ხართ. აქაურ ცხოვრებაზე მოგვიყევით.
აქ განსხვავებული დღის რეჟიმი გვაქვს. ევროპაში და აშშ-ში დილით ადრე იწყება ცხოვრება, ჩვენთან − ფაქტობრივად, შუადღეს. ამ რეჟიმთან შეგუება ცოტა გამიჭირდა. საცობები და გადაადგილებაც ჭირს, ე.წ. კომენდანტის საათმა გააჩერა ყველაფერი. რამდენიმე თვეა ჩამოვედი და ჩემს მოხუც ბებიას, ფაქტობრივად, ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას პანდემიის გამო.
პროფესიულ ცხოვრებას რაც შეეხება, ვარჯიშზე ყოველდღე დავდივარ, შემდეგ შინ ვბრუნდები. ყველაფერი ისეა, როგორც სხვაგან. ერთადერთი ისაა, რომ აქაური ცხოვრების რიტმი უფრო შენელებულია.
დიდხანს გეგმავთ საქართველოში დარჩენას?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის შეიძლება ზაფხულში გამოჩნდეს ისეთი შეთავაზება, რომ უცბად შევიცვალო ადგილმდებარეობა. ახლაც მზად ვარ სიახლეებისთვის, კიდევ სიამოვნებით ვცდიდი უცხო ქვეყანაში თამაშს, უცხო კულტურაში ცხოვრებას. მე მგონია, რომ განსხვავებულ კულტურებში ცხოვრება და ინტეგრაცია მეხმარება, უკეთესი ადამიანი გავხდე. ამიტომ, თუკი იქნება კარგი შემოთავაზება, სიამოვნებით მივიღებ. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ისევ ევროპას ავირჩევდი. ამერიკა ძალიან შორსაა და დროის ცვალებადობამ იქ ყოფნის პერიოდში ფაქტობრივად დამაკარგვინა ოჯახთან და მეგობრებთან წვდომა. გამიჭირდა ძალიან, რადგან წელიწადი ისე გავიდა, შინ არ ვყოფილვარ, მაშინ, როცა ევროპაში მუშაობის დროს თვეში ერთხელ მაინც ჩამოვდიოდი თბილისში. ამიტომ, თუ წავედი, ისევ ევროპის რომელიღაც ქვეყანას ავირჩევ საცხოვრებლად და სამუშაოდ.
ახლა ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ აქ ყოფნით, ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან სიახლოვით. 14 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ძალიან მომენატრნენ ძმა, დედა, ბებია, ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც გავიზარდე. მინდა ახლა აღვიდგინო ის დრო, რომელიც დაგვაკლდა და პრაქტიკულად, მუდამ ერთად ვართ. ეს ძალიან სასიამოვნოა. ბავშვობის მეგობრების ყოლა და მათთან სიახლოვე დიდი ბედნიერებაა.
ალესანდრას უჭირს ხოლმე მოგზაურობა და საცხოვრებელი ადგილების ცვლა?
ყველაზე დიდი დისკომფორტი მისთვის სკოლების ცვლა იყო. 3 წლის იყო ალესანდრა, როცა ჰოლანდიაში დაწყებით სკოლაში შევიყვანეთ. სწავლა დაიწყო ჰოლანდიური ენით, შემდეგ აშშ-ში ინგლისურზე გადავიდა. ამერიკიდან წამოსვლა ძალიან განიცადა, ამიტომ ახლა თუ ისევ გადავწყვიტე სადმე წასვლა, ისეთი ადგილი უნდა ავარჩიოთ, სადაც ახალ ენასთან შეჩვევა არ მოუწევს და გაუმარტივდება გადასვლა. პანდემიისა და კარანტინის დროს, ამერიკაში მოგვიწია ყოფნა და თითქმის ყოველთვის ინგლისურად ლაპარაკობდა. აქ რომ ჩამოვედით, თავიდან ცოტა გაუჭირდა, შემდეგ აღიდგინა ქართული და აქაურობას, სკოლას, კლასელებს ძალიან შეეჩვია, შეუყვარდა, მეგობრები გაიჩინა. ახლა არ უნდა საქართველოდან წასვლა.
სად და როგორ ატარებთ ხოლმე თავისუფალ დროს?
დავდივართ და ვმოგზაურობთ საქართველოს მასშტაბით. შაბათ-კვირას ყაზბეგში, ასევე, კახეთში გვიყვარს მთელ ოჯახს გასვლა. მიყვარს დღის პირველ ნახევარში პატარა კაფეში ჯდომა და მეგობრებთან ერთად ყავის დალევა. ღამით გართობა არც მომწონს და არც არის სწორი ასეთი ცხოვრების წესი ფეხბურთელისთვის. ეს რეჟიმი ჩემთვის არ არის. ჩემი სიამოვნება და დროის სასიამოვნოდ გატარება შემოიფარგლება სახლთან ახლოს, საყვარელ კაფეში, უახლოეს ადამიანებთან ერთად, ყავის დალევით. ვსხედვართ 2-3 საათი და სასიამოვნოდ ვსაუბრობთ.
გურამ, მეუღლეზე მოგვიყევით…
ჩემი მეუღლეა თამთა გიგაშვილი. 19-20 წლის ვიყავით, როცა გავიცანი და შემიყვარდა. რამდენიმე წელიწადში დავქორწინდით და უკვე 11 წელია, ერთად ვართ. ჩემი კარიერის გამო, ისიც დამყვება ყველგან, სადაც მიწევს ცხოვრება. ერთად „დავწოწიალობთ“, ბედნიერები ვართ ერთად. ძალიან კარგი დედაა თამთა და ბევრ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მეორე ნახევრის ყოლა, რომელიც გვერდით ბოლომდე დაუდგება, გაამხნევებს, საჭირო დროს საჭირო სიტყვებს ეტყვის, რჩევას მისცემს. ჩემი წარმატება თამთას დიდი დამსახურებაა.
ტექსტი: თაკო გვაზავა