ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტია, მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი კი მომავალი პირველი „პირველი ლედი“, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სრული განაკვეთით და თეთრი სახლის კედლებს გარეთ ანაზღაურებადი სამსახური აქვს. წარმატებული პროფესიული კარიერის პარალელურად საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის ჯო და ჯილ ბაიდენების სიყვარულის ისტორია. წყვილი 43 წლის განმავლობაში ერთად უმკლავდებოდა წინააღმდეგობებსა და დაბრკოლებებს, ერთმანეთის გვერდით იდგნენ ცხოვრების წარმატებულ და წარუმატებელ ეტაპებზე, იქნებოდა ეს მხიარულებითა და ბედნიერებით სავსე დღესასწაულები, თუ გამანადგურებელი დანაკარგის ფონზე არსებული პრობლემები.
როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, ჯო 33 წლის ამერიკელი სენატორი იყო, ხოლო ჯილი კოლეჯის 24 წლის მოსწავლე.
“მე ადრეულ ასაკში ვხვდებოდი ბიჭებს, რომლებიც ჯინსის შარვლებითა და სპორტული მაისურებით იმოსებოდნენ, როდესაც ჯო პირველად დავინახე, მას გრძელი ქურთუკი და კლასიკური ფეხსაცმელები ეცვა, იმ წამსვე გავიფიქრე, რომ შეუძლებელი იყო, ამ საქმიდან რამე გამოსულიყო.” – განაცხადა ჯილმა Vogue-თან საუბრისას.
“ის ჩემზე ცხრა წლით უფროსი იყო, პირველი პაემანი ფილადელფიაში, კინოთეატრში გვქონდა, როდესაც A Man And A Woman-ის ჩვენებას დავესწარით. სახლში ღამის პირველ საათზე დავბრუნდით, დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ როგორც იქნა ნამდვილ ჯენტლმენს შევხვდი.”
ხელის ხუთჯერ თხოვნის შემდეგ, წყვილი საბოლოოდ 1977 წლის 17 ივნისს დაქორწინდა. ჯილი ხშირად იხსენებს ადრეულ პერიოდს და აღნიშნავს, რომ მისი უზომო სიყვარულის მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრება სჭირდებოდა.
ჯო და ჯილი ორივე იმყოფებოდნენ ქორწინებაში დაოჯახებამდე. ჯოს პირველი მეუღლე და ქალიშვილი 1972 წელს ავტოკატასტროფაში გარდაიცვალნენ. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მას ქორწინებიდან ორი ვაჟიშვილი დარჩა.
“ჯო ხშირად იხსენებს იმას, რომ არ დავთანხმდი ქორწინებაზე, სანამ მეხუთედ არ მთხოვა ხელი. სინამდვილეში, მე ის თავიდანვე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ჯერ არ იყო შესაფერისი დრო ოჯახის შესაქმნელად. ძალიან მიყვარდა მისი შვილები და ვგრძნობდი, რომ საბოლოოდ, ეს იქნებოდა ის ქორწინება, რომელიც ნამდვილად გაამართლებდა, თუმცა გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ბიჭებს დაკარგული ჰყავდათ დედა, რის გამოც მძიმე ტრაგედია დაატყდათ თავს. ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე 100%-ით უნდა დავრწმუნებულიყავი.”
ჯოსა და ჯილს 1981 წელს ქალიშვილი სახელად ეშლი შეეძინათ, რამაც მომავალი პირველი ლედის განცხადებით მათ ოჯახს სრულყოფილება შესძინა. ჯილ და ჯო ბაიდენები იმ წყვილთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთის გვერდით არიან წარუმატებლობის და იმედგაცრუების პერიოდშიც კი. 1987 წელს, როდესაც ჯომ საპრეზიდენტო კანდიდატურა პირველად წარადგინა, ერთ-ერთი კამპანიის მსვლელობის დროს იცრუა და სხვა პოლიტიკოსის სიტყვები გაიმეორა. ჯო მოგვიანებით პლაგიატიზმში დაადანაშაულეს, რის გამოც მან საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.
1988 წელს ჯოს ტვინის ანევრიზმა დაუდგინეს, პოლიტიკოსმა ოპერაცია გაიკეთა, ხოლო რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პროფესიულ საქმიანობას, ჯო ხშირად იხსენებს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს და აღნიშნავს, რომ მეუღლი სდამსახურებით დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მისი მხარდაჭერის წყალობით გადადგა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები – “მან დამიბრუნა სიცოცხლე, მისი წყალობით მივხვდი, რომ არსებობდა შესაძლებლობა ჩემი ოჯახის მთლიანობა აღდგენილიყო.”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ჭკვიანი, განათლებული და მიზანდასახული ქალია. მან პირველად მუშაობა 15 წლის ასაკში, მინტანად დაიწყო – “ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რომ საკუთარი იდენტობა, საკუთარი შემოსავალი და საკუთარი კარიერა მსურდა.” – განაცხადა ჯილმა Vogue-თან საუბრისას.
2007 წელს მან დელავერის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო, 2009 წელს კი ჩრდილოეთ ვირჯინიის კოლეჯში ინგლისურის პროფესორად დაიწყო მუშაობა. 2019 წელს ჯილ ბაიდენმა გამოსცა საკუთარი წიგნი Where The Light Enters, სადაც ჯოსთან ურთიერთობის საწყის ეტაპზე საუბრობს.
“განქორწინებისგან მიღებული იმედგაცრუების შემდეგ აღარასდროს მსურდა მსგავსი ტკივილი მეგრძნო, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მე და ჯო ერთმანეთს ვხვდებოდით, წარსულის ფიქრები ახალ რეალობას ეწინააღმდეგებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ მე ის მიყვარდებოდა.”
ჯილ ბაიდენი წლების განმავლობაში სრული განაკვეთით მუშაობდა, ის აღნიშნავს, რომ ადამიანები ხშირად ეკითხებოდნენ აპირებდა თუ არა საქმიანობისთვის თავის დანებებას, რაზეც მან საზოგადოებას მსგავსი პასუხი გასცა.
“მასწავლებლობა არ არის ის, რასაც ვაკეთებ, ეს მე ვარ.”
“როდესაც ჯო ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ხალხი მეკითხებოდა, კვლავ ვაპირებდი თუ არა მასწავლებლობას, ამ დროს ჯო ჩემს გვერდით იყო და მითხრა – რა თქმა უნდა ჯილ, ეს ხომ შენ ხარ.”
1981 წლიდან მოყოლებული ჯილ ბაიდენმა პირველად შეწყვიტა პროფესიული საქმიანობა, რათა მეუღლეს საარჩევნო კამპანიაში დახმარებოდა. მისი სიტყვით გამოსვლა Democratic National Convention-ის დროს მალევე მოექცა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში და საზოგადოების დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა.
“სიყვარული აერთიანებს ოჯახს, ის ძალას გვმატებს და გვაიძულებს ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძნობა ცხოვრების მოულოდნელობებისგან ვერ დაგვიცავს, ის გვთავაზობს თავშესაფარს, სახლს. როგორ მოგვყავს დასუსტებული ოჯახი მთლიანობაში? – ისევე როგორც ერის მთლიანობას ვქმნით: სიყვარულით, გაგებით, გამბედაობითა და ურყევი რწმენით.”
3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები ჩატარდა და ჯო ბაიდენი ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა. ქვეყნის პირველი პირი თანამდებობას ოფიციალურად 2021 წლის 20 იანვარს დაიკავებს, შემდეგ კი მეუღლესთან და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი მან ძაღლთა თავშესაფრიდან წამოიყვანა, თეთრ სახლში გაემგზავრება და პროფესიულ საქმიანობას შეუდგება.