საუკეთესო გადაწყვეტილებად იმ ჩანაფიქრის განხორციელებას მიიჩნევს, რაც წლებია ჰქონდა. დღეს, კლინიკის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ კი თამამად შეუძლია თქვას, რომ არაერთ წარმატებასთან ერთად, ადამიანების დიდი ნდობა დაიმსახურა. „OK! ბათუმის“ სტუმარი კლინიკა „მედფემის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ექიმი, მეან-გინეკოლოგი ლელა ბიბილეიშვილია, რომლის მიზანი ახალგაზრდებზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ხელშეწყობაა. ამიტომაცაა, რომ „მედფემი“ დაარსების დღიდან არა მარტო დგას ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, არამედ ცდილობს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით გააღრმავოს ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნა. ასევე, იზრუნოს მოზარდთა განათლებაზე, რაც მათი სწორად განვითარებისთვის აუცილებელია. რას მიიჩნევს მისი, როგორც ექიმის მთავარ მისიად, რა ხდის „მედფემს“ გამორჩეულს და რა შესაძლებლობებს აძლევს კლინიკა ახალგაზრდებს – პასუხებს გაეცანით ჟურნალის ფურცლებიდან.
ერთი წელი გავიდა, რაც კლინიკა „მედფემი“ დააფუძნეთ. უკვე მოიპოვეთ საზოგადოების ნდობა. როგორი იყო ეს ერთი წელი და რას მიიჩნევთ ასეთი წარმატების მიზეზად?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკის დაფუძნება იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. უკვე 20 წელზე მეტია ექიმი ვარ, მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩემს პაციენტებთან, ვეხმარები ადამიანებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ამ წლების განმავლობაში ბევრი მადლიერი პაციენტი შემოვიკრიბე და სწორედ მათ მიბიძგეს, რომ შემექმნა სივრცე, სადაც მეტ გასაქანს მივცემდი ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას. ოცნებად მქონდა, დამეფუძნებინა კლინიკა, სადაც თითოეული ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობდა. ეს ერთი წელი კი სწორედ ამის დასტური აღმოჩნდა – გახსნისთანავე კლინიკა აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მუდმივად ვიღებთ პაციენტებს და ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე. „მედფემი“ გახდა სივრცე, სადაც სტრესის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება. როცა ამ ერთ წელზე ვფიქრობ, ირგვლივ უამრავი მოგონება ჩამიქროლებს ხოლმე. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთული იყო სასიამოვნო სიახლეებითა და ნაყოფიერი სამუშაო პროცესით. გუნდის შეკვრა, თანამოაზრეებისა და პროფესიონალების გვერდით დგომა საწყის ეტაპზე საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენი კლინიკა გამორჩეულად კომფორტული, და ასევე, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო აღმოჩნდა დღევანდელ სამედიცინო ინდუსტრიაში. სწორედ ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომა და საქმისადმი სიყვარული არის კლინიკის ერთ-ერთი წარმატების საიდუმლო. მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში ფეხის შემოდგმისთანავე, პაციენტი გრძნობს მზრუნველ დამოკიდებულებას, რაც პირველი შეხვედრიდან იწყება. თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. პროფესიონალიზმთან ერთად განსაკუთრებული მზრუნველობა – ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ნდობის მოპოვება ჩვენს პროფესიაში საკმაოდ რთულია. ჩემი პირადი მოღვაწეობის შედეგი მადლიერი პაციენტია, რაც დიდი გამარჯვებაა ექიმისთვის. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც თავისი ჯანმრთელობა მანდო.
თქვენი კლინიკა გამოირჩევა საგანმანათლებლო მიმართულებითაც. გვიამბეთ, რა შესაძლებლობებს სთავაზობთ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს…
კლინიკის დაფუძნებისთანავე ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ სამედიცინო სერვისების შეთავაზება, არამედ ისეთი სივრცის ჩამოყალიბება, სადაც ადამიანებს საშუალება მიეცემოდათ, მიეღოთ განათლება და მეტად გაცნობიერებულიყვნენ ისეთ საკითხებში, რაც მათი ინტერესის სფეროა. ამ დრომდე ჩვენს კლინიკაში არაერთი ექიმთა დახელოვნების ტრენინგი ჩატარდა. სამომავლოდ ვგეგმავთ საერთაშორისო მნიშვნელობის ტრენინგ კურსების ჩატარებას. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს სამედიცინო კომპანიასთან, შემოდგომიდან ვგეგმავთ პროექტის განხორციელებას, რომლის შესახებ ინფორმაციას მალე დავაანონსებთ.
ასევე, ზუსტად გაქვთ გააზრებული სოციალური პასუხისმგებლობა. ჩართული ხართ საინტერესო პროექტებში, პროგრამებში. გვიამბეთ აღნიშნულ გამოცდილებაზე…
ჩვენ ვზრუნავთ მოზარდთა განათლებაზეც. ეს კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ლექცია-სემინარები მოზარდებისთვის ფსიქოლოგიის, სწორი ბალანსირებული კვების და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ. ჩემი პირადი მიზანია, ხელი შევუწყო მოზარდთა სწორ განვითარებას, მათ დახმარებას, რადგან ჯანსაღი ფსიქიკა ჯანსაღი მომავლის საწინდარია. მიხარია, რომ შეხვედრების შემდეგ მოზარდებისგან დადებით უკუკავშირს ვიღებთ. ეს კი მოტივაციას გვაძლევს, გავაგრძელოთ მსგავსი შეხვედრები თავიანთი მოთხოვნების მიხედვით. ჩვენი კლინიკის კიდევ ერთი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უდიდესი წარმატებით შესრულდა, იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის მაღალმთიანი მოსახლეობის მემთეურთა ავადობის პროგრამა. პროგრამა გულისხმობდა სპეციალისტების ვიზიტებს მაღალმთიან აჭარაში აპარატურულ დიაგნოსტიკურ კვლევებთან ერთად. პროექტის ფარგლებში შევძელით გაგვესინჯა უამრავი პაციენტი. ვიზიტების განმავლობაში მათგან მივიღეთ უამრავი სითბო, მადლიერება. ეს ყველაფერი უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, რომ მთელი ენერგიით შევუდგეთ საქმიანობას.
რას მიიჩნევთ თქვენი, როგორც ექიმის მთავარ მისიად…
არ შემიძლია ამ საკითხზე ემოციების გარეშე საუბარი. დამეთანხმებით, ექიმის მთავარი მისია პაციენტის სწორი დიაგნოსტირება, მკურნალობის დაგეგმარება და გამოჯანმრთელებაა. გარდა ამისა, აუცილებელია პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ეს ორი უმთავრესი თვისებაა ღირსეული ექიმის პორტფოლიოში.მინდა აღვნიშნო, რომ ექიმი თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის ხარჯავს არა მარტო დიდ შრომას, რისთვისაც ის ხელფასს იღებს, არამედ ის გასცემს სულის ნაწილსაც. წლებია ამ ღირებულებებით ვცხოვრობ და სწორედ ასეთი გუნდის შემოკრება შევძელი. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან მოსული თითოეული პაციენტი თავს მშვიდად გრძნობს. გვენდობა და სჯერა, რომ პროფესიონალი ექიმების ხელშია, რომლებისთვისაც პაციენტის კეთილდღეობა ნომერ პირველი პრიორიტეტია.
„მედფემმა“ არაერთი სიახლე შესთავაზა საზოგადოებას. კავშირები დაამყარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგალითად, ამერიკის სამედიცინო კორპორაციასთან…
მართალია. ჩვენი კლინიკა საქართველოს პატარა, თუმცა მზიან ქალაქში მდებარეობს, მაგრამ ჩვენ ვცდებით საზღვრებს. კლინიკის შექმნისთანავე ასპარეზი საერთაშორისო ბაზრისკენ ავიღეთ, დავამყარეთ კავშირები წამყვან ორგანიზაციებთან, რათა მუდმივად ვყოფილიყავით მოვლენების ეპიცენტრში, არ გამოგვრჩენოდა სიახლეები და სამედიცინო სფეროს მიღწევები. „მედფემის“ არაერთი სიახლე, რომელიც თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს გულისხმობს მედიცინაში, ყოველთვის იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი. დღესდღეობით ფოკუსირებული ვართ, რომ კლინიკაში დავნერგოთ აქტუალური რეგენერაციული მედიცინის მეთოდები. ასევე, მუდმივად მიმოვიხილავთ სიახლეებს, ვესწრებით საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებს.
რატომ ირჩევენ „მედფემს“?
„მედფემს“ ირჩევენ პროფესიონალიზმისა და კომფორტული, ოჯახური გარემოს გამო. იმ ინოვაციებისა და სიახლეების წყალობით, რაც დღევანდელი მედიცინის გამოძახილია. „მედფემი“ ეს არის ჯანმრთელი მომავლის საწინდარი! ადგილი, სადაც ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით თითოეულ პაციენტს და ვცდილობთ, უმცირეს დროში, კვალიფიციური ექიმებისა და უმაღლესი ტექნოლოგიების წყალობით დავეხმაროთ გამოჯანმრთელებაში.
„მედფემის“ სამომავლო გეგმები და პერსპექტივები…
ერთ წელიწადში „მედფემმა“ ძალიან ბევრი წარმატება დაითვალა. ეს თითოეული ექიმისა და მენეჯმენტის დაუღალავი შრომის შედეგია. ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ, გვსურს სამომავლოდაც თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის გარანტი ვიყოთ! გვსურს დავნერგოთ ჩვევა ადამიანებში, გამოვუმუშაოთ კულტურა, რასაც პრევენცია ანუ პროფილაქტიკური გასინჯვები ჰქვია. გვინდა ჯანმრთელობა თითოეული ადამიანის პრიორიტეტი გახდეს. ეს ყველას დაეხმარება დაავადებების თავიდან აცილებაში. დაბოლოს, მინდა ვუსურვო ყველა ადამიანს ფიზიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკური კეთილდღეობა, ჯანსაღი სხეული და ლაღი გუნება-განწყობა. გვახსოვდეს, როცა ჯანმთელები ვართ, ცხოვრება სულ სხვა ელფერს იძენს.