მარიამ ბერიძის პროფესიული გზა განსაკუთრებულად საინტერესო მათთვისაა, ვისაც ლიდერობის ძალისა და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობა აინტერესებს. მისი კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლიდერების მხარდაჭერასა და ბიზნესის წარმატებისკენ მიმართულ ინოვაციურ მიდგომებთან. მარიამი გვესაუბრება პროფესიული არჩევანისა და განვითარების გზებზე, ასევე Develor Georgia-ს საქმიანობის მნიშვნელობაზე ქართულ ბიზნესში.
მარიამ, როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა?
ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა სურვილმა, მხარი დამეჭირა ლიდერებისთვის, რათა მათ შესძლებოდათ ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. საკუთარი გამოცდილებით, რომელიც არაერთ კომპანიაში მივიღე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების, ლიდერშიფის გაძლიერებისა და ტვინწყობის (მაინდსეტის) ცვლილების გარეშე ვერც გუნდები და ვერც ორგანიზაციები ვერ მიაღწევენ წარმატებას და ვერ შესთავაზებენ თანამშრომლებს ღირსეულ სამუშაო გარემოს. სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივატორი, ამ სფეროში მემუშავა და კარიერა ტრენინგებისა და კონსულტაციის მიმართულებით დამეწყო.
Develor-ში მოხვედრამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი მოტივაცია, რადგან საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვის რეალური შანსი დავინახე. ჩვენ შევძელით ბიზნესისთვის შეგვეთავაზებინა შედეგებზე ორიენტირებული პროექტები, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენენ ორგანიზაციულ წარმატებაზე. დღეს, როცა ვხედავ ჩემი გუნდის მიერ გაწეული შრომის შედეგებს არაერთ კომპანიაში, საოცარი სიამაყე და ბედნიერება მეუფლება, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, შევძელით მიზნის მიღწევა და ქართულ ბიზნესში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება.
ამჟამად პროფესიული საქმიანობა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს არ არის მხოლოდ სამსახური – ეს არის ჩემი იდენტობის ნაწილი, საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ, და რომელიც რეალურად მაბედნიერებს. ჩემი სურვილია, ვიყო ისეთ გარემოში, სადაც ჩემი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოიყენება სხვების გაძლიერებისთვის. ამავდროულად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება, რათა ორივე მიმართულებით შევძლო სრულყოფილი განვითარება და ჰარმონიის მიღწევა.
წარმოგვიდგინეთ Develor Georgia, რა იყო მისი შექმნის მიზანი?
Develor Georgia-მ ქართულ ბაზარზე საქმიანობა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც კორპორაციული ტრენინგების სფერო აქტიურად ვითარდებოდა. თუმცა „დეველორის“ ხედვა ამ სფეროს ტრადიციული პრაქტიკების გადახედვასა და ბიზნესისთვის ინოვაციური, თანამედროვე და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების შეთავაზებას გულისხმობდა.
Develor-ი არის საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანია, რომლის წარმომადგენლობები უკვე 18 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანიას ევროპის ბაზარზე 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ხოლო Develor Georgia-ს ოფისი უკვე მე-9 წელია, რაც წარმატებით საქმიანობს საქართველოში. როდესაც Develor Georgia-ს საქმიანობა დავიწყეთ, კორპორაციული ტრენინგების მიმართ მოთხოვნა ქართულ ბაზარზე უკვე არსებობდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ სფეროს ახალი სტანდარტები შესთავაზა. „დეველორის“ გუნდი ქართულ ბიზნესს ევროპული სტანდარტის, ინდივიდუალურად ადაპტირებული პროგრამებისა და პრაქტიკოსი ტრენერების დახმარებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობს.
Develor Georgia რას სთავაზობთ საზოგადოებას? გვესაუბრეთ სერვისებზე.
Develor-ი კომპანიებს დღეს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს, რომლებიც მოიცავს მენეჯმენტისა და ლიდერობის განვითარებას, მომსახურებისა და გაყიდვების უნარებს, მოლაპარაკებების სტრატეგიებს, პიროვნული ზრდისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას, გუნდური მუშაობის გაძლიერებას, თამაშზე დაფუძნებულ ტრენინგებს, შეფასებისა და დიაგნოსტირების პროცესებს, ასევე კონსალტინგსა და ქოუჩინგს. თითოეული პროგრამა იქმნება ბაზრის კვლევებსა და კომპანიების მიმდინარე თუ პროგნოზირებულ გამოწვევებზე დაყრდნობით.
ევროპული ბაზარს ტრენინგებისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც საერთაშორისო კოლეგებთან ვურთიერთობ და მათი გამოცდილების გაზიარებას ვისმენ. „დეველორ საქართველოს“ მთავარი მისია მისი დაარსების დღიდან სწორედ ეს იყო – ქართული კომპანიებისთვის ეჩვენებინა, რომ ტრენინგი ქცევის ცვლილების ინსტრუმენტია და არამხოლოდ დროებითი შთაგონების წყარო. ხშირად მხოლოდ ემოციებით დატვირთული ტრენინგები მოტივაციას რამდენიმე დღით ტოვებს, ხოლო თანამშრომელი სამუშაო გარემოში კვლავ ძველ ქცევებს უბრუნდება.
„დეველორი“ ამ გამოწვევას ინოვაციური მიდგომებით პასუხობს – ჩვენი პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ გუნდები და ინდივიდები არა მხოლოდ შთავაგონოთ, არამედ რეალური ქცევითი ცვლილებების დანერგვაში დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ მათი ეფექტიანობა სამუშაო ადგილებზე.
Develor Georgia მე-9 წელია ქართულ ბაზარზეა, როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს?
Develor Georgia-სთვის გასული წლები იყო ზრდისა და განვითარების პერიოდი, სავსე გამოწვევებითა და წარმატებებით. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მაშინ, როცა ქართულ ბაზარზე კორპორაციული ტრენინგების კულტურა ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე იყო. ამ წლების განმავლობაში შევძელით არა მხოლოდ გავმხდარიყავით სანდო პარტნიორი არაერთი კომპანიისთვის, არამედ, ფაქტობრივად, შეგვექმნა სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული ტრენინგი.
რა თქმა უნდა, იყო გამოწვევებიც – ქართულ ბაზარზე ტრენინგების ღირებულებისა და სარგებლიანობის სწორად აღქმა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, თუმცა ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ დღეს ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად ხედავენ ტრენინგის საჭიროებას, როგორც ქცევის ცვლილებისა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის ინსტრუმენტს.
ამ წლების განმავლობაში Develor Georgia გახდა არა მხოლოდ ტრენინგების, არამედ ბიზნესის მხარდამჭერი პარტნიორი. ჩვენთვის თითოეული კლიენტის წარმატება ჩვენი წარმატებაა, და ეს მოტივაცია გვაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მომდევნო წლებში.
თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტენდენციაზე გვესაუბრეთ, დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობა დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა ორგანიზაციებისთვის. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ამ თემის აქტუალობა, რასაც ხელი შეუწყო გლობალურმა პანდემიამ, ეკონომიკურმა კრიზისებმა და სამუშაო გარემოს ცვლილებებმა. თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია მათ პროდუქტიულობასთან, მოტივაციასა და საერთო ეფექტიანობასთან, ამიტომ მისი მართვა არა მხოლოდ ადამიანის მხარდაჭერას, არამედ ბიზნესის წარმატებასაც გულისხმობს.
Develor International-მა შარშან ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ორგანიზაციებისთვის. კვლევის შედეგებით, ეს თემა ტოპსამეულში მოხვდა თანამშრომლების განვითარებისა და მოტივაციის ძირითად ფაქტორებში. კომპანიებმა გააცნობიერეს, რომ მენტალური ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც თანამშრომლებს, ისე ბიზნესს – ეს შეიძლება გამოიხატოს მოტივაციის დაქვეითებაში, თანამშრომლების გადინებასა და საბოლოოდ, გუნდების დემოტივაციაში.
თანამშრომლების მხარდაჭერა მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში არა მხოლოდ პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, არამედ ბიზნესისთვის გრძელვადიანი ინვესტიცია. კომპანიები, რომლებიც ქმნიან უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სარგებლობენ მოტივირებული, ლოიალური და პროდუქტიული გუნდებით. ეს შეიძლება იყოს ისეთი ინიციატივების დანერგვა, როგორიცაა სტრესის მართვის ტრენინგები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამები ან მოქნილი სამუშაო პირობები.
ჩვენ ვთავაზობთ ორგანიზაციებს ამ თემაზე ინოვაციურ პროგრამებს, რომლებიც ეხმარებიან მათ არა მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით, არამედ თანამშრომლების ქცევითი ცვლილებების ხელშეწყობაშიც. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა – ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა, რომელიც ხელს უწყობს როგორც ადამიანების, ისე ორგანიზაციების წარმატებას.
მარიამ, ცხოვრების ამ ეტაპზე რა მიგაჩნიათ წარმატების გასაღებად?
ამ ეტაპზე წარმატების გასაღებად მიმაჩნია ბალანსი – ბალანსი პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის, გადაწყვეტილებების მიღებაში გულწრფელობა და ღირებულებებისადმი ერთგულება. თუმცა, წარმატების მიღწევისთვის, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია მედეგობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავუმკლავდეთ გამოწვევებს, ვისწავლოთ შეცდომებზე და გავაგრძელოთ წინსვლა.
ამასთან, საკუთარი თავზე მუშაობა გადამწყვეტი ფაქტორია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ უნარების განვითარებას, არამედ ფსიქოლოგიურ სიძლიერესაც, რაც საშუალებას გვაძლევს, რთულ ვითარებებში ვიპოვოთ გამოსავალი ისე, რომ ზედმეტი სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
ვფიქრობ, აუცილებელია, ვიყოთ ღია ცვლილებების მიმართ, ავირჩიოთ სწორი პრიორიტეტები და მუდმივად ვეძებოთ განვითარებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები. ჩემთვის წარმატება არ არის მხოლოდ მიღწეული მიზნების რაოდენობა; ეს არის ის, თუ როგორ ვზრდით საკუთარ თავს პროცესში და როგორ ვახდენთ დადებით გავლენას ჩვენს გარემოზე.
ჩემთვის წარმატება არის იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარს და მჯერა, რომ მას შეუძლია დადებითი ცვლილებები მოიტანოს.
რა გიბიძგებთ, რომ განვითარდეთ და წინ იაროთ?
ჩემი მთავარი მოტივატორი არის პიროვნული, პროფესიული ზრდისა და გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენის სურვილი. ყოველთვის მჯეროდა, რომ განვითარება არა მხოლოდ პირადი წარმატებისთვისაა აუცილებელი, არამედ იმისთვის, რომ შევქმნა ღირებული შედეგები და დავეხმარო სხვებს თავიანთი მიზნების მიღწევაში.
მოტივაციას მაძლევს გამოწვევები – ის მომენტები, როცა მესაჭიროება ახალი უნარების სწავლა ან ახალ გზებზე ფიქრი. სირთულეების გადალახვა ჩემთვის არა მხოლოდ გამოცდილებაა, არამედ შანსი, გავხდე უფრო ძლიერი.
ამავდროულად, წინსვლის სტიმულს მაძლევს ჩემი პროფესია, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ადამიანებისა და ორგანიზაციების განვითარებასთან. როდესაც ვხედავ, როგორ იცვლება გუნდი ან ადამიანი ჩემი მუშაობის შედეგად, ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს, ვაკეთო ჩემი საქმე უკეთ და ვეძებო ახალი შესაძლებლობები.
უდიდესი მოტივატორია ჩემი ოჯახი, რომლის წევრები ყოველთვის გვერდში მიდგანან და მათი ეს მხარდაჭერა, ვფიქრობ, ფასდაუდებელი საჩუქარია ჩემთვის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და არ აღვიქვამ ამას როგორც გარანტირებულ მოცემულობას, ვფიქრობ, მადლიერების გარეშე ყოველგვარ წარმატებას ეკარგება ფასი.
სამომავლო გეგმები.
ჩემი სამომავლო გეგმები რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. პირველ რიგში, მინდა განვაგრძო პროფესიული განვითარება და გავიღრმავო ცოდნა ლიდერობისა და ფსიქოლოგიის სფეროებში. ჩემი მიზანია, გავხდე კიდევ უფრო ეფექტიანი კონსულტანტი, რომელიც შეძლებს ორგანიზაციებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში დახმარებას.
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია Develor Georgia-ს გაძლიერება, ახალი პროგრამების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაცია ქართულ ბიზნესში.
ბევრი პროქტი გვაქვს დაგეგმილი მომავალ წელს, როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ასევე ქართველი ტრენერების ჩართულობით და საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვხვდებით 2025-ს. ასევე, ვფიქრობ ახალი ინიციატივების წამოწყებაზე, რომლებიც განათლებისა და ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
ჩემთვის განვითარება და წინსვლა მუდმივი პროცესია, ამიტომ, რა გეგმებიც არ უნდა დავისახო, მთავარი მიზანი ყოველთვის იქნება იმ საქმის კეთება, რომელიც არა მარტო პირად, არამედ სხვებისთვის ღირებულ შედეგებს მოიტანს.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: მაკა მეგრელიძე