„მტერს ეშინია ჩვენი ერთობის“ – ზვიად გამსახურდიას ეს ფრაზა სრულად 26 მარტს გავიაზრე, როცა ქვეყანაში გამარჯვების სუნი იდგა, რამაც გარდაუვალი წარმატება გოლად აქცია და ერი ევროპის გზას გაუყენა. პირველად მქონდა ეროვნული სიხარულის ასეთი ხარისხის თანაგანცდა, რომელმაც მოიტანა იმედი, რომ ერთობას წინ ვერაფერი დაუდგება. მერე … მერე ისევ გავიყავით და აუცილებლად ისევ გავერთიანდებით, იმიტომ, რომ ენა, მამული, სარწმუნოება უდრის ერთობას! რუსუდან გოცირიძესთან საუბრის თემაც ერთობა, ახალი თაობის მოტანილი მუხტი, ღმერთი და თავისუფლებაა.
რუსუდან გოცირიძე: ქრისტიანული პერსპექტივიდან ეკლესია ნიშნავს კრებულს. ძალიან ვიწრო ქრისტიანული ჩარჩოდანაც კი რწმენა ნიშნავს ერთობას. ბევრი რელიგია გვაქვს და, ბუნებრივია, ერთი დეფინიცია არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი არის დაბრუნება და კავშირის აღდგენა უფალთან. ერთმა ქრისტიანმა წმინდანმა თქვა: თუ ბოროტებაში არსებობს ერთობა, მათაც ჰქონიათ სიკეთის ნაპერწკალიო. ერთობა იმდენად კეთილი და სათნო მოვლენაა, რომ შეუძლებელია ამ სიტყვის ხსენებაზე ვინმეს ჰქონდეს ცუდი რეაქცია, ან ვინმემ იფიქროს, რომ სიტყვა ერთობამ გააფუჭა, გაახუნა ფენომენი – ენა, მამული, სარწმუნოება. ერთობა არის სიკეთის ფენომენი, ერთობა არის ღვთიური ფენომენი და შეუძლებელია ამ სიტყვამ გაგაღიზიანოს, თუ გული ღია გაქვს.
ეს თაობა მიგვიყვანს აღთქმულ მიწაზე.
დღეს არ არის 1921 წელი, არც 1801 წელი – განსხვავებულ სამყაროში ვართ და ეს მიხარებს გულს, რომ მეზარბაზნეების ახალი თაობა შემოგვემატა. ვისაც ბიბლიურ ფენომენებზე უნდა იხალისოს და ამბობს, ეს განუვითარებელი ხალხის საკითხავიაო, ყველაზე იოლად წამოსაგები თემაა უდაბნოში 40 წელი სიარული. მანძილი, რომელიც ფეხით მოლაშქრემ 8 დღეში დაფარა. მოსეს რატომ დასჭირდა 40 წელი ეგვიპტიდან ქანაანამდეო, ამაზე ბევრი იცინეს. აქ ვხედავთ, ზუსტად რას ნიშნავს თაობების ცვლა. თაობას, რომელიც დაბადებულია მონობაში, შეიძლება გაუხარდეს გაპობილ ზღვაში გავლა – რა კარგია, სამშვიდობოს გავედითო, მაგრამ როგორც კი კუჭი მოუჭერს, ეგრევე იწყებს იმაზე წუწუნს, რომ იქ ხაშლამის ქვაბი გვედგაო – გამოსვლათა წიგნში წერია ეს ამბავი. ეს იმდენჯერ გამხსენებია, როცა მომისმენია – გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს მაღაზიები სულ სავსე რომ იყოო. ეს სულ ტრიალებს იმ ადამიანების გულებში, ვისაც თავისუფლების გემო არ გაუგიათ. ამიტომ იყო, რომ ვერ ეღირსა მონობაში დაბადებული თაობა ქანაანში შესვლას. თვითონ მოსეც ვერ შევიდა. ღმერთმა მხოლოდ მთის წვერზე აიყვანა და შორიდან დაანახვა აღთქმული მიწა. თავისუფლება ეს არის მდგომარეობა, რომელშიც უნდა შეხვიდე და რომელიც უნდა შეინარჩუნო. ამ ჭიდილში ვართ ამდენი ხანია და ვერ დავიჭირეთ თავისუფლება ეგვიპტეში დაბადებულმა თაობამ. 14 წლის ვიყავი 1989 წლის 9 აპრილს, მაგრამ მაინც მონობაში დაბადებულად მივიჩნევ თავს. ყოველ ჯერზე, როცა რამეზე ხმა უნდა ამოვიღო, იმდენ შიშთან მიწევს გამკლავება, აბა, ვინმე არ დავაზარალო, აბა, ეს არ მოხდეს. ამაზე არ ფიქრობს ჩვენი შვილების თაობა. სულ სხვანარად ესმით თავისუფლება. არ უწევთ საკუთარ თავთან ჭიდაობა, რომ გაბედონ.
ეს თაობა თავის შეცდომებს მოიტანს აუცილებლად, იმიტომ, რომ ადამიანური მოვლენაა შეცდომა. ბევრი რამე შეეშლებათ, ბევრ რამეს ისე არ გააკეთებენ, როგორც ჩვენ მოგვეწონება. ახლა კი გახარებულები შევცქერით ამ ჭრელაჭრულა ბავშვებს, მაგრამ მოვა დრო, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რაღაცები არ მოგვეწონება. მათი დროა, მათი გასავლელია ეს გზა. ბედნიერების განცდა მაქვს, რომ თუ აქამდე ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით. ეს ბავშვები მოიტანენ თავისუფლების, პასუხისმგებლობის და შრომის კულტურის ახალ ხარისხს. ეს ააშენებს ამ ქვეყანას, სხვანაირად არაფერი გამოვა. ესენი აუცილებლად მივლენ აღთქმულ მიწამდე და ჩვენ ყველა ვნახავთ, ამ ქვეყნის მშენებლობის საქმეში როგორ ჩადგებიან. ჩვენ ხან მივაშენეთ, ხან ჩამოვანგრიეთ, ზოგი ისეთი მივაშენეთ, რომ დღემდე წყალი ჩამოდის. ესენი ხარისხიანად ააშენებენ.
რელიგიური ჩარჩო
ეკლესიურობის და რელიგიის არასწორი გაგება გვაქვს. ეკლესიურობა რატომღაც აღიქმება უკრიტიკობად, ხმის ამოუღებლობად. ეს თაობა ბევრ რამეზე არ ჩუმდება და კითხვებს სვამს. ჰგონიათ, რადგან ინსტიტუციას აკრიტიკებენ, აუცილებლად ღმერთისგან შორს არიან. ეს რომ ასე არაა, აღდგომის ღამეს ჩვენ ეს ვნახეთ. უფრო მეტი სტერეოტიპები გვქონდა ამ თაობასთან დაკავშირებით, გვეგონა, რომ თაობამ, რომელიც კომპიუტერთან ზის, არც ისტორია იცის, არც ქართული ცეკვა და სიმღერა.
ხიდჩატეხილობა არ გვაქვს – თაობები არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ისეთი საოცრების მოწმეები ვართ, როგორ შეიძლება უიმედოდ ვიყოთ, არ გვაქვს ამის უფლება. ჩვენმა თაობამ ბევრი სიდუხჭირე გამოიარა, რაც ამ ბავშვებს არ უნახავთ. ჩვენ არსებულ მდგომარეობას ვადარებთ უარესს, ესენი – უკეთესს. ჩვენი შიშები და სიფრთხილეები და ამათი გამბედაობა იდეალური კომბინაციაა.
ყველა რელიგიას აქვს ეს საფრთხე და საცდური. როცა რელიგია და რწმენა-წარმოდგენები იბადება და ის არის თოთო და ავთენტური. მუჰამედმა როცა მიიღო ღვთიური გზავნილი, შეეშინდა, ვერც კი დაიჯერა, რომ ეს ღვთისგან იყო და გაიქცა. სანამ მისმა ძვირფასმა მეუღლემ არ უთხრა, რომ ღვთისგან იყო, ვერ დაიჯერა. მოსე როცა ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანის წინ იდგა, შეშინებული იყო, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მოციქულები – თითი ჩამაყოფინეთ ჭრილობაში, რომ დავიჯეროო. თომა კი გყავს ამოჩემებული, მაგრამ თომასნაირად იყო ყველა. პეტრემ საერთოდ უარი თქვა, არ ვიცნობ ვინ არისო. ყველა იმალებოდა, ყველა დამფრთხალი იყო, ყველა გაქცეული იყო. თავისუფლებაა, როცა დაეჭვების უფლებაც გაქვს, კითხვის დასმისაც. იოანე ნათლისმცემელმა, კაცმა, რომელმაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს მოსვლა და თქვა, მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოშიო, კაცები გამოუგზავნა ქრისტეს, მართლა შენ ხარ ვისაც ველოდებოდიო. ეჭვი შეეპარა, ვერ დაიჯერა, რომ ასეთი მშვიდობიანი, სიკეთიანი ამბის წინასწარმეტყველი იყო. ჩვენ გვინდა თეთრი რაშით იყოს რელიგია. ინსტიტუციას სჭირდება ფორმები, ფორმა არის ჩარჩო, ჩარჩო არის კანონი და კანონი არის შეზღუდვები.
ქართულ მეტყველებაში ფარისეველი დამაკნინებელი ფორმით გვაქვს – თვალთმაქცის მნიშვნელობა აქვს. ქრისტეს ეპოქაში ფარისევლობა ძალიან საპასუხიმგებლო იყო – ეს იყო რჯულში განსწავლული კასტა. ქრისტეს მოსვლის პერიოდია, იუდეა არის დაპყრობილი. ჩვენზე უკეთ ვინ იცის რას ნიშნავს იყო დაპყრობილი – ჩვენ თუ ეკლესიები შეგვითეთრეს, იქ ტაძარში იმპერატორის ქანდაკება დაუდგეს. ეს იყო არა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია, არამედ სულიერიც. რა ქნეს ფარისევლებმა? გადაწყვიტეს გაემკაცრებინათ კანონი, რომ ერი სულიერად არ შერყეულიყო. საშიშრობას როცა ვხედავთ, ვამკაცრებთ კანონებს. რელიგია როგორც კი ინსტიტუცია ხდება, როცა საფრთხეს ხედავს, კანონს ამკაცრებს. ამით ჰგონია იცავს იმ გულის გულს. სამწუხაროდ, ამ გამკაცრებით ცემენტდება გარეკანი. ვინც ამ გამკაცრებულ სისტემას იცავს, ჰგონიათ, რომ შიგნით აქვთ მომწყვდეული რწმენა, მაგრამ ეს რწმენა გარეთ გამოდის და ამ ჭრელაჭრულა ბავშვებში დადის. ამათ ტაძრის კარს ვერავინ დაუკეტავს, ქუჩაში დადგებიან და იქ იგალობებენ. ამათ არ აინტერესებთ კანონიკა. ხანდახან კანონებს და წესებს ვადარებ ყავარჯენს ან ჭოჭინას. როცა პატარა ხარ, რომ არ წაიქცე, ჭოჭინა გჭირდება. თუ ფეხი გაქვს მოტეხილი, ყავარჯენს უნდა დაეყრდნო, მაგრამ თუ 50 წლის ხარ და ისევ ჭოჭინა გჭირდება, ეგ აღარ არის ჯანსაღი. თუ არ ვითარდები, თუ სულიერი მოწიფულობა ფიქრით არ მოდის, თუ ყვავილისთვის წყლის დასხმას აგიკრძალავენ, გამხმარი ყვავილი გინდა გქონია და გინდა არა.
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე