თითქმის 7 წელია, რაც „ჩვენი კვარტეტი“ დაარსდა. საფუძვლად ქართული სიმღერების სიყვარული უდევს და მთავარ იდეას, რომ ქუთაისს ღირსეული ანსამბლი ჰყოლოდა, დღემდე არ ღალატობს. ჟურნალი „OK! ქუთაისი“ „ჩვენი კვარტეტის“ გარეშე ვერ წარმოგვედგინა, ამიტომაც ირაკლი სირბილაძეს გავესაუბრეთ. კითხვაზე, თუ რომელი სიმღერა ასოცირდება ყველაზე მეტად საყვარელ ქალაქთან, ასე გვიპასუხა: „რადგან ცვალებადი ხასიათის ქალაქია, აკაკი წერეთლის ლექსს გავიხსენებ გადასარევ სიმღერაში: „აქ ზამთარი გაზაფხულს ჰგავს, ხან ზაფხულში ზამთარია. კეკლუც ქალის სადარია! მშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო“. როგორც აკაკიმ ჩაიფიქრა, ალბათ ასეთია ქუთაისზე სიმღერაც, რომელიც მის ცვალებად ხასიათს ყველაზე მეტად წარმოაჩენს“.
ირაკლი, გვიამბეთ „ჩვენი კვარტეტის“ შექმნის ისტორია.
ჩვენი ისტორია ასეთია – „ჩვენი კვარტეტი“ 2017 წელს იმ იდეით შეიქმნა, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს სიმღერა. ჩვენი ანსამბლის ყველა წევრი ბავშვობიდან ძალიან ახლოს არის სიმღერასთან და ყველას თავისი განათლება და პროფესიული გამოცდილება აქვს. სამწუხაროდ, ქალაქში ისეთი პერიოდი დადგა, რომ დიდხანს ვერცერთი ანსამბლი ვერ ძლებდა. იკრიბებოდნენ და შემდეგ იშლებოდნენ. ეს ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. თუ მთელი საქართველო თანხმდება იმაზე, რომ ქუთაისი ქართული ქალაქური სიმღერის სამშობლოა და სწორედ აქედან დაიწყო ბანტიანი გიტარის ტრადიცია, დებმა იშხნელებმა შემოიტანეს ეს კულტურა ქვეყანაში და მერე მართლაც ეპიდემიასავით მოედო მთელ ერს, არ შეიძლებოდა რომ ქუთაისში არ ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ოფიციალური სახით იმოღვაწებდნენ ამ ქალაქში.
ჩვენ არ გვინდოდა, რომ პირველივე ნაბიჯების შემდეგ დედაქალაქში გავქცეულიყავით. არავის ვამტყუნებ, თუმცა მიგვაჩნდა, რომ ქალაქს, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს, ამ საქმის ღირსეულად შემსრულებელი ადამიანები სჭირდებოდა. თუ როგორ გამოგვდის, ეს მსმენელმა შეაფასოს. ასევე, მომავალი თაობისთვის მაგალითის მიცემის ამბიციაც გვქონდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა შენი საქმით სხვას მაგალითს აძლევ. ჩვენი აზრით, ეს უფრო მეტად ფასობს და როცა ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი დიხამიძემ შეგვკრიბა, სწორედ ეს იყო პირველივე დღის იდეაც. ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ სანამ ამ სფეროში ვიქნებით, დავრჩებით ერთად მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქუთაისში.
გაგვაცანით „ჩვენი კვარტეტის“ წევრები და გვიამბეთ, საიდან დაიწყო თქვენი მეგობრობა?
„ჩვენი კვარტეტის“ წევრები არიან: გიორგი დიხამიძე – პირველი ხმა, მანუჩარ კობახიძე – მეორე ხმა და მუსიკალური ხელმძღვანელი, ირაკლი სირბილაძე – ბარიტონი, დავით ნემსვერიძე – ბანი.
უნივერსიტეტიდან ვმეგობრობდით მე და გიორგი, ასევე დათო. შემდეგ მანუჩარი გავიცანით და ისიც შემოგვიერთდა. შეკრებისთვის ყველაზე კარგი ადგილი, ერთმანეთთან სიმღერა რომ მოგვეწონება, არის ოჯახები, ქართული სუფრა და სტუმრად ყოფნა. სწორედ ასე გაჩნდა ეს იდეა და უკვე მეშვიდე წელია ერთად ვართ. 2 ოქტომბერს შევიკრიბეთ და 7 წელი სრულდება, რაც ქუთაისში ვმოღვაწეობთ.
თქვენი აზრით, რა არის თქვენი ანსამბლის წარმატების ფორმულა?
რამდენად წარმატებული ვართ, ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა ალბათ ყველა საქმეში წარმატების ფორმულა არის დიდი შრომა და ასევე რეპერტუარის, რომელსაც ასრულებ, გემოვნებით შერჩევა და მერე გემოვნებიანად შესრულება. არ არსებობს, რომ ამ ყველაფერმა სხივივით არ გაჭრას და საბოლოოდ მიზანს არ მიაღწიოს.
ძალიან ბევრი სიმღერა არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არის შემოქმედება, რომელიც დროს უძლებს და არის შემოქმედება, რომელიც დროს ვერ უძლებს. შესაბამისად, დროის გაძლების ამბავი ძალიან რთულია. მაღალი გემოვნება, საკუთარ თავსა და რეპერტუარზე დიდი შრომა, პასუხისმგებლობაა საჭირო. ორი ან სამი ადამიანიც კი რომ გისმენს და გიყურებს, რაღაცების უფლება ისე აღარ გაქვს, როგორც მანამდე გქონდა.
გვიამბეთ რეპერტუარის შესახებ. როგორ არჩევთ?
როგორც თქვენთან საუბრისას აღვნიშნე, რეპერტუარის შერჩევა ურთულესია. თითქმის ყველა ნაწარმოები, რომელიც თითოეული ქართველის გულთან ახლოსაა, ძალიან ბევრი ადამიანის მიერ უკვე ნამღერია. სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მაღალი ხარისხით აღარ იწერება სიმღერა, გვიწევს ისევ ჩვენს დიდ კლასიკოსებზე დაყრდნობა, როგორებიც იყვნენ: ბიძინა კვერნაძე, რევაზ ლაღიძე, ჯანო კახიძე, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, გია ყანჩელი… ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. აი, ამ ადამიანების დიდი და ღრმა შემოქმედებიდან ვარჩევთ, რადგან მათმა სიმღერებმა დროს გაუძლეს.
ჯანსუღ კახიძეს რომ შევეხოთ, გენიოსი გახლდათ. საკუთარ თავს კომპოზიტორსაც არ უწოდებდა, კინოსთვის, ფილმებისთვის საოცარ მუსიკას ქმნიდა. დღემდე ნებისმიერი ასაკის თაობაში ვხედავთ, როგორ მღერიან და უყვართ მისი შემოქმედება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი, რეპერტუარის შერჩევა ყოველთვის ასე ხდება.
სიახლეს რაც შეეხება, თუ სიმღერა ჩვენთვის მორგებული და მისაღები იქნება, შევასრულებთ. ყველაფერი არ შეიძლება იმღერო, არსებობს რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო. ძალიან დიდი სიფაქიზით ვარჩევთ. თანამედროვე კომპოზიტორების შემოქმედებაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. მაცაცო სებისკვერაძე, მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი, ლილიკო ნემსაძე და ძალიან ბევრი კომპოზიტორი, რომელიც დღესდღეობით მოღვაწეობს.
გვიამბეთ კონცერტების შესახებ.
ქუთაისში კონცერტი ძალიან განსხვავებულია. სიმღერის აკადემიის მიმართულებით ბევრ საღამოს ვაკეთებთ, სადაც ჩვენთან ერთდ ისეთი მომღერლები ჩამოგვყავს, რომლებიც ძალიან ბევრი წელია სცენაზე დგანან და მთელ საქართველოს შეაყვარეს თავი. თუმცა მათთვისაც კი განსაკუთრებულია ქუთაისელი მსმენელი, მათთან შეხვედრა და დამოკიდებულება, იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც არ გპატიობს. ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადებით და ვღელავთ. ძალიან სასიამოვნოა თბილი სიტყვების მოსმენა, ადამიანს მოტივაციისთვის შექება ძალიან სჭირდება ყველა საქმეში. თუმცა განსაკუთრებული მსმენელები არსებობენ, რომლებიც ზუსტად ხვდებიან და გეუბნებიან შენს ხასიათს და დამოკიდებულებას. აი, ამ ადამიანების კეთილი სურვილები და კრიტიკა ზრდის შემოქმედებას და ადამიანს. მე და ჩემს ბიჭებს სწორი, კრიტიკული მიდგომები და შენიშვნები არასდროს დაგვავიწყდება.
გაგვიმხილეთ სამომავლო გეგმები.
ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება, პირველ რიგში, ქუთაისს და მერე მთელ ქვეყანას. აქ ვართ, ვრჩებით, არსად მივდივართ და ყველაზე მთავარი ჩვენი საქმე – რეპერტუარის შეგროვება, სიმღერები, რომლებიც ჩვენს წარმოჩენას შეძლებს. ინტენსიურად ვეძებთ ძველ სიმღერებს, ვაკეთებთ ახლებურ ვარიანტებს. მთელი არსით და შეგნებით, 10 წლის იუბილესთვის ვემზადებით. პირველი საპასუხისმგებლო სოლო კონცერტი გაიმართება, რომელიც, რა თქმა უნდა, კლასიკურ სცენაზე შედგება ორკესტრის თანხლებით, ეს იქნება ჩვენი ძალიან დიდი სიტყვა საშემსრულებლო კარიერაში.
ქუთაისი…
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქის ტრადიციების, ისტორიის, წარსულის, ლიტერატურის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილა, საუბარი გამიჭირდება. ძალიან რთულია ამ ქალაქში ცხოვრება და მოღვაწეობა იმიტომ, რომ გაათმაგებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. რადგან ისეთი ადამიანების ტრადიციების გამგრძელებელი ხარ, რომლებიც განსაკუთრებულები იყვნენ. ამ ქალაქის სიყვარული თითოეულმა ქუთაისელმა თავისი თავდახრილი საქმის კეთებით და ღირსეული ცხოვრებით უნდა დაამტკიცოს. კულტურას რაც შეეხება, ეს ქალაქი ყველაზე გამორჩეულია და ჩვენ რომ აქ რაღაც პატარა როლი გვიკავია, პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გვიზრდის. ქუთაისი „ჩვენი კვარტეტის“ წევრებისთვის ყველანაირად ძვირფასია.
რას შეცვლიდით ამ ქალაქში?
მე ამ ქალაქში ზუსტად ვიცი, რაც უნდა შევცვალო და ზუსტად იმ საქმეს ვაკეთებ, რაც უნდა ვაკეთო, ამიტომ სხვას ვერაფერს შევცვლიდი. აუცილებლად ვეცდები, რომ ჩვენს სფეროში შევცვალოთ ბავშვთა სწავლება სიმღერის მიმართულებით. სხვა სფეროებს ვერ შევეხები. ალბათ ბევრი რამე მოგვწონს, ბევრი არა. თუმცა ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ მაღალი პასუხისმგებლობით და ბევრი რამე კარგისკენ წარიმართება.
მადლობას გიხდით თქვენ, წარმატებებს ვუსურვებ თქვენს ჟურნალს, ჩვენს ქალაქს და სრულიად ქვეყანას!
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე