ადამიანის შესაძლებლობები რომ უსაზღვროა, ამაში ისიც გვარწმუნებს, რომ ყოველი ახალი დღე კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველ ტექნოლოგიურ სიახლეებს გვთავაზობს. ის, რაც წლების წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან წვდომა გვქონდეს ჩვენთვის სასურველ სიახლესთან. რა იქნება შემდეგი და განვითარების რომელ ახალ ეტაპებს უნდა ველოდოთ? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე ტექნობლოგერი თორნიკე ანდრიაძე გვიპასუხებს.
თორნიკე, თქვენი აზრით, რამდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიები განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება, რაც თუნდაც იმაშიც გამოიხატება, რომ ყველაზე მძლავრი მოწყობილობებიც კი საგრძნობლად პატარავდება ზომაში და ხდება ბევრად კომპაქტური და მოსახერხებელი ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ეს ყველაფერი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას იმისა, რომ თავადაც განვვითარდეთ ამ ტექნოლოგიებთან ერთად, ფეხი ავუწყოთ სიახლეებს და მივიღოთ თანამედროვე ადამიანის სახე.
როგორ ფიქრობთ, რა იქნება შემდეგი?
ვფიქრობ, მომავალი უფრო აუგმენტური რეალობისკენ მიდის. განვლილ წლებს რომ შევხედოთ, თავდაპირველად ძალიან დიდი ზომის კომპიუტერები იყო, შემდეგ შემცირდა ზომაში, გამოჩნდა ლეპტოპები, ტაბლეტები, მობილური ტელეფონები, ასევე საათები და სათვალეები, რომლებიც ყველაფრის საშუალებას გვაძლევს. მომდევნო ეტაპი კი იქით მიდის, რომ თითოეული მოწყობილობა შესაძლოა ვეღარც კი დავინახოთ, ანუ დაამონტაჟეს ადამიანის სხეულში. ყველაფრის მართვას შევძლებთ ჩვენსავე აზროვნებით, საშუალება გვექნება გავახანგრძლივოთ ადამიანის სიცოცხლე არა ფიზიკურად, არამედ ტექნოლოგიის სახით − ანუ შესაძლებელი გახდება ცნობიერების ატვირთვა, შევინახავთ ადამიანის მეხსიერებას და აზროვნებას ალგორითმის სახით.
თქვენი აზრით, რამდენად მართებულია ადამიანისა და ტექნოლოგიების ასეთი დოზით მიჯაჭვულობა?
თუ იცი, როგორ გამოიყენო სწორად ტექნოლოგიები, იქნები შეუჩერებელი, შეგეძლება მიიღო ინფორმაცია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მაგრამ თუ ვერ ხვდები, როგორ გამოიყენო სწორად, შესაძლოა მსხვერპლი გახდე ამ ტექნოლოგიური სიახლეების.
დღევანდელ რეალობაში ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს ამა თუ იმ ინფორმაციის უტყუარობა, მაგრამ უმეტესწილად, არ ვამოწმებთ წყაროებს და ხშირად ეს შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უზომოდ საფრთხილოა, რადგან ერთი არასწორი მოქმედებაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
გვესაუბრეთ ხელსაწყოების ხელმისაწვდომობაზე.
ყოველდღიურობაში ხელმისაწვდომი მოწყობილობა უკვე იმდენია, რომ ნებისმიერი ბიუჯეტის, მოთხოვნისა თუ გემოვნების ადამიანისთვის შეგვიძლია ვიპოვოთ მოწყობილობა, რომელიც მასზე იქნება მორგებული − დაწყებული ულტრაბიუჯეტური სმარტფონებიდან, დამთავრებული Ultra luxury Custom made ტელეფონებით, ლეპტოპებით, კომპიუტერებით, რომლებიც შეიძლება ღირდეს ათობით ათასი დოლარი. ასეთი კომპანიაა Caviar, რომელიც მოდიფიცირებას უკეთებს პირადად ადამიანის მოთხოვნებზე დაყრდნობით სასურველ მოწყობილობას.
რა მდგომარეობაა საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით?
საქართველოში ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. რასაკვირველია, უკეთესი ხელშეწყობა უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობაც საკმაოდ კარგია. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ისიც არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ „სილიკონ ველიზე“ ქართული კომპანიის პროექტი გავიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გვაქვს საკმაოდ ბევრი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მუშაობს თუნდაც აუთსორსზე. ასევე, ერთ-ერთი Software development კომპანია გახდა Epam-ის პარტნიორი საქართველოში. Epam კი არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპმენტკომპანია, რომელიც პარტნიორობს ისეთ ტექგიგანტებთან, როგორიცაა მაგალითად Microsoft. გარდა ამისა, ძალიან ბევრი სტარტაპია, რომელიც ცდილობს, სიახლე შემოიტანოს და ბაზარზე დანერგოს.
აღსანიშნავია, რომ გეიმინგის ინდუსტრიაშიც იდგმება ნაბიჯები. ამ მომენტისთვის ყველაზე საინტერესო თამაში − The way of wrath იქმნება, რომელზეც ორი ადამიანი მუშაობს ორი წლის განმავლობაში და იგი სრულიად განსხვავებულია აქამდე ჩვენთან შექმნილი სხვა თამაშებისგან, რადგან პროცედურულად გენერირებადი როლური თამაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშის ყოველი ახალი გავლა წინასგან განსხვავებულია.
ასევე, საქართველოში იქმნება ელექტრომობილების პროტოტიპები, და ძალიან ბევრი დაინტერესებული ბავშვია, რომლებიც ქმნიან თვითმყოფად რობოტებს.
დაბოლოს…
ვფიქრობ, ძალიან შორს შეგვიძლია წავიდეთ ყველა ამ მიმართულებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ყველა სიახლეს არა მარტო ფეხს უწყობს, არამედ ინოვატორიც კი არის სხვადასხვა პროექტის სახით. ტექნოლოგიები განვითარდება იქამდე, სადამდეც ადამიანის ფანტაზია გაწვდება.