მას შემდეგ, რაც 1908 წელს ჰენრი ფორდმა Ford Model T გამოსცა, მანქანების ინდუსტრიაში ყველაზე დიდი რევოლუცია დაიწყო. ავტომობილების ხელმისაწვდომობა და მასიურად წარმოების შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნული კომპანია თავს იწონებდა, ეფუძნებოდა იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომელიც ჰენრი ფორდმა ამ ინდუსტრიაში დაგეგმა.
დღეს ტექნოლოგიების დახმარებით უკვე შესაძლებელია ელექტრომანქანების წარმოება, ჰიბრიდული სისტემის ძრავებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების შექმნა. თუმცა, როგორც ბევრი აღნიშნავს, ტექნიკურ პროგრესთან ერთად, მანქანის მართვა ნაკლებად ინტერაქციულიც შეიძლება გახდეს და განწყობა, რომელიც საკუთარ ავტომობილთან ერთად ნამდვილი თავგადასავლების მოწყობას თან სდევს, შესაძლოა გაუფერულდეს.
ამ თემაზე მსჯელობისთვის, გადავწყვიტე ბლიცინტერვიუ ჩამეწერა მრბოლელ დათა ქაჯაიასთან, რომელიც საქართველოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია.
როდესაც ავტომობილების ინდუსტრიის განვითარების დინამიკას აფასებთ, როგორ ფიქრობთ, რა იყო პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც ეს ინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა?
ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლედ, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ეს ინდუსტრია, მოიაზრება უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოების ღვედი, უსაფრთხოების ბალიში.
შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ კონკრეტული ავტომწარმოებელი ან ავტომობილი, რომელიც თქვენი აზრით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყოველთვის ნაბიჯით წინ უსწრებს სხვებს?
ჩემი აზრით, დღესდღეობით, ავტომობილი, რომელიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყოველთვის ნაბიჯით უსწრებს სხვებს, არის TESLA.
როგორც ავტომრბოლელი, რომელიც ტრეკზე სიარულის დროს ყოველთვის საკუთარი უნარების იმედზე ხართ, როგორ ფიქრობთ, ტექნოლოგიური პროგრესი ხომ არ აჩლუნგებს მძღოლის უნარებს და მეტნაკლებად ათანაბრებს მას სხვა მძღოლებთან? იმის გათვალისწინებით, რომ მართვა სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება?
პროფესიონალ მძღოლს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი მანქანა ვერ აჩლუნგებს, უბრალოდ, მოყვარულ მძღოლს აძლევს საშუალებას, რომ პროფესიონალს მაქსიმალურად მიუახლოვდეს სპორტული შედეგით.
არის რაიმე ისეთი, რაც გინდათ ავტომობილს შეეძლოს, მაგრამ არ შეუძლია?
ამასთან დაკავშირებით, ჩემი ფანტაზია უსაზღვროა…
შეგიძლიათ ჩამოთვალოთ სამი ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული ავტომობილი?
1.ROLLS-ROYCE
2.TESLA
3.AUDI